საქმე #ას-378-352-2017 10 ივლისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ. პ-ის, ს. პ-ის, დ. პ-ის, ც. პ-ისა და ო. რ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე _ ე. თ-ის სარჩელის გამო, გ. პ-ის, ს. პ-ის, დ. პ-ის, ც. პ-ისა და ო. რ-ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება, ხოლო, ს. პ-ის მოთხოვნის ნაწილში იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა;
2017 წლის 11 მაისის განჩინებით სასამართლომ გაიზიარა კასატორთა შუამდგომლობა და დაკისრებული საპროცესო მოვალეობათა შესრულების ვადა მხარეებს გაუგრძელდათ 5 დღით;
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორებმა სასამართლოს მომართეს განცხადებით და წარმოადგინეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი, ასევე, სახელმწიფო ბაჟის _ 300 და 50 ლარის (საკასაციო სასამართლოს განსახილველად გადმოცემული ჰქონდა ასევე მოპასუხეების კერძო საჩივარი, რომელზეც შესაბამისი ხარვეზი იყო დადგენილი და დაკისრებული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის მოტივით, 2017 წლის 8 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად. აღნიშნულის შესახებ მხარეებს ეცნობათ სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, იხ. საქმის მასალები) ჩარიცხვის ქვითრის ასლები.
2017 წლის 8 ივნისის განჩინებით, იმ მოტივით, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი იყო ასლი სახით (არ პასუხობდა სსსკ-ის 135-ე და 178.21 მუხლების მოთხოვნებს), სასამართლომ გააგრძელა საპროცესო ვადა 2 დღით და დაავალა კასატორებს სახემწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების დედნის სახით წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება ადრესატებს გაეგზავნათ ფოსტოთ მათ მიერ მითითებულ მისამართზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 74-ე და 75-ე მუხლების პირველი ნაწილების შესაბამისად, ჩაბარდათ 2017 წლის 28 ივნისს. ამავე დღეს (როგორც კონვერტზე დასმული საფოსტო ბეჭდით ირკვევა) კასატორებმა: გ., დ. და ც. პ-ეებმა, ასევე, ო. რ-ემ წერილობით მომართეს სასამართლოს და ვინაიდან საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ განჩინების შეჩერების თაობაზე, უარი განაცხადეს საკასაციო საჩივარზე და მოითხოვეს მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო წესით საქმის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლების შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.
რაც შეეხება განმცხადებელთა შუამდგომლობას გადახდილი სახელმწფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, საქმის განხილვის ამ ეტაპზე დააკმაყოფილოს იგი, რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს დოკუმენტები არ არის დედნის სახით წარმოდგენილი, რაც მათი ნამდვლობის შემოწმებას გამორიცხავს, ამავდროულად, თუკი კასატორები ამ განჩინების ჩაბარებიდან კანონით დადგენილი წესითა და ვადაში მომართავენ სასამართლოს (სსსკ-ის 261-ე მუხლი) და წარმოადგენენ შესაბამის მტკიცებულებებს, პალატა შეამოწმობს გადახდილი ბაჟის დაბრუნების კანონიერების საკითხს.
ს. პ-ის საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მას ზემოხსენებული უფლებით სხვა განმცხადებლების მსგავსად, არ უსარგებლია, ამასთანავე, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაგზავნილი ხარვეზის გამოსწორების შესახებ განჩინება არ ჩაიბარა ადრესატის ოჯახის ქმედუნარიანმა წევრმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი ჩაბარებულად მიიჩნევა 2017 წლის 28 ივნისს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა დაიწყო ამავე წლის 29 ივნისს და ამოიწურა 30 ივნისს, მხარეს ამ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც, ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ს. პ-ის მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 83-ე, 272-ე, 372-ე, 378-ე, 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. პ-ის, დ. პ-ის, ც. პ-ისა და ო. რ-ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და სახელმწფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება გ. პ-ის, დ. პ-ის, ც. პ-ისა და ო. რ-ის საკასაციო საჩივარზე ე. თ-ის მიმართ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინებაზე.
3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
4. კასატორთა შუამდგომლობა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდეს.
5. დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო ს. პ-ის მოთხოვნის ნაწილში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ბ. ალავიძე