საქმე №ას-184-173-2017 31 მარტი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი, შემკვეთი ან სამინისტრო) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან მენარდე) მიმართ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს _ 10 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 20 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა #337 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ახორციელებდა მოსარჩელის სამხედრო მოსამსახურეთა კვებას. ხელშეკრულების საერთო ღრებულება განისაზღვრა 600 000 ლარით. მენარდემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, 2013 წლის 16 ივლისის #102 და 2013 წლის 5 სექტემბრის #377-01 აქტებით დაერიცხა პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე მას გაეგზავნა შეტყობინება და ეთხოვა მისი გადახდა, თუმცა, მენარდეს მოთხოვნა არ შეუსრულებია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია. 2013 წლის 16 ივლისის #102 აქტი არასწორად იქნა შედგენილი შემკვეთის მიერ, რადგანაც #337 ხელშეკრულების 8.1.1. პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებული იყო უზრუნველეყო იგი საჭირო სამზარეულოთი, ინვენტარითა და მოწყობილობა-დანადგარებით, ხოლო საველე პირობებში _ საველე სამზარეულოთი, სამზარეულოს დანადგარითა და ტექნიკური მომსახურებით. ამავე ხელშეკრულების 8.1.3 პუნქტით მასვე ევალებოდა უზრუნველეყო მენარდე ელექტრომატარებელი დანადგარებით, წყალმომარაგებითა და სხვა კომუნალური მომსახურებით. საქმეში არ არის წარმოდგენილი კვებითი მომსახურების დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოპასუხის განმარტებით, შემკვეთს სრულად აქვს ანაზღაურებული ივლისის მომსახურება, ანუ მას სრულად აქვს მიღებული შესრულება, რაც მოთხოვნის არსებობას გამორიცხავს. 2013 წლის 16 ივლისის #102 აქტი თანდართული წერილით უკან დაუბრუნა მოსარჩელეს მოპასუხემ მხარემ და აცნობა, რომ მასში დაფიქსირებული დარღვევა არ იყო კომპანიის დანაშაული და გამოსასწორებელი, ამავე წერილით მოეთხოვა შემკვეთს ხარისხიანი კვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა, თუმცა, შემკვეთს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მენარდეს შემკვეთის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს _ 1 000 ლარის გადახდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემკვეთმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მხარეთა შორის 2013 წლის 20 ივნისს გაფორმდა #337 ხელშეკრულება მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმადაც, აპელანტმა აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურება. გაზრდილი კერძების რაოდენობითა და საკვები მრავალფეროვნებით, რაც გულისხმობდა რამდენიმე სახეობის სხვადასხვა კერძის შეუზღუდავი რაოდენობით მიწოდებას, დღეში სამჯერ, საკუთარი კვების პროდუქტებითა (ტრანსპორტირებითა და შენახვის პირობების დაცვით) და მომსახურე პერსონალით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის #31, 2017 წლის 26 სექტემბრის #560, 2013 წლის 20 ივნისის #629 ბრძანებებისა და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების 15.1. პუნქტის თანახმად, თუ მოსარჩელე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენდა მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (კერძოდ, მენიუ- განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯრით გათვალისწინებული ნორმის არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა) მოპასუხის წინასწარი შეტყობინების გარეშე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით;
1.2.2. 2013 წლის 16 ივლისის #102 აქტის თანახმად, გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის #849 ბრძანების საფუძველზე შემოწმებული იქნა ქ.დედოფლისწყაროში დისლოცირებული ს/ნ-10248-ის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმებული იქნა სადილისთვის მომზადებული კერძების საგემოვნო თვისებები. მენიუში საერთოდ არ იყო გაწერილი ხილი, საკონდიტრო ნაწარმი გაიცემოდა დღეგამოშვებით. სასადილოს შენობა არ არსებობდა, სამზარეულო მოწყობილი იყო კონტეინერში, სადაც იყო სივიწროვე, არ ჰქონდათ წყლის გამაცხელებელი. სასადილო დარბაზი მოწყობილი იყო კარავში სამზარეულოდან მოშორებით. საწყობი განლაგებული იყო საავტომობილო კუნგებში, არ გააჩნდათ საკმარისი რაოდენობის მაცივრები პროდუქტების შესანახად, რის გამოც თევზი და ხორცი ინახებოდა ერთად, არ ხდებოდა საწყობის გაგრილება. სამხედრო მოსამსახურეთა კვების უზრუნველყოფა არ ხორციელდებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 20.06.2013 წლის #629 ბრძანების მიხედვით. აქტს ხელს აწერდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები _ ოფიცრები: ნ-ი, ფ-ია, ხოლო მოპასუხის მხრიდან _ სასადილოს მენეჯერი დ-ი;
1.2.3. ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულება ეკისრებოდა მოსარჩელეს, კერძოდ, ხელშეკრულების 8.1.1. პუნქტის თანახმად - შემკვეთი ვალდებული იყო უზრუნველეყო მიმწოდებელი სამხედრო ნაწილებში არსებული სამხედრო მოსამსახურეთა ერთდროული კვებისათვის საჭირო სამზარეულოთი, სამზარეულო ინვენტარითა და სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარებით, საველე პირობებში - კვების საჭიროების შემთხვევაში, საველე სამზარეულოთი და საველე სამზარეულოს დანადგარის ტექნიკური მომსახურებით. შესაბამისად, 2013 წლის 16 ივლისის #102 აქტში მითითებული ხარვეზები სამზარეულოს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით აპელანტის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევად არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო. რაც შეეხებოდა აქტში დაფიქსირებულ დარღვევას მენიუსთან დაკავშირებით, 2013 წლის 20 ივნისს გაფორმებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #337 ხელშეკრულების 15.1. პუნქტის თანახმად, იგი სწორედ აპელანტის ვალდებულების დარღვევად განიხილებოდა. ამ უკანასკნელს კი, საქმეში არსებული 2013 წლის 16 ივლისის #102 აქტის საპირისპიროდ, რაიმე მტკიცებუოლება, რაც ვალდებულების შესრულების ფაქტს დაადასტურებდა, არ წარუდგენია. იგი მიუთითებდა, რომ არსებობდა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ერთი პროდუქტის მეორეთი შეცვლის ნორმები. ხილი გამოიყენებოდა კომპოტში, ფლავებში, თუ იმ დღის მენიუში აღმოჩნდებოდა კომპოტი ან ბრინჯის ფლავი, შესაბამისად, ხილი ვერ იქნებოდა თავისუფალ გაცემაში და გამოყენებული იქნებოდა კერძებსა და სასმელში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის #31, 2017 წლის 26 სექტემბრის #560, 2013 წლის 20 ივნისის #629 ბრძანებულებების თანახმად კი (რომლებითაც მხარეთა შეთანხმებისამებრ უნდა განხორციელებულიყო სამხედრო მოსამსახურეთა კვების უზრუნველყოფა), საერთო საჯარისო სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების პირობებში ნორმის მიხედვით ითვალისწინებდა ყოველდღიურ მენიუში ხილის არსებობას და საკონდიტრო ნაწარმის ყოველდღიურად გაცემას.
1.2.4. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ, 2013 წლის 5 სექტემბრის #337-01 აქტით, მომსახურების არაჯეროვანი შესრულების გამო, მენარდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს _ 10 000 ლარის გადახდა. მითითებული თანხა მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადახდილი არ აქვს ;
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. მოპასუხის მხრიდან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #337 ხელშერულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების დადგენის მიუხედავად, სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, #337 ხელშეკრულების დადებისას მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, რომლის შემცირებისას არ იქნა გათვალისწინებული მხარეთა თავისუფალი ნების არსებობის ფაქტი. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო ვალდებულია მოახდინოს საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა, შეფასება, რაც გამოიხატება მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, სახელშეკრულებო ძირითადი ვალდებულებისა და განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის ურთიერთ თანაფარდობის შეფასებით, რაც კონკრეტულ გადაწყვეტილებაში არ არის ასახული.
1.4.2. საგულისხმოა, რომ მოპასუხე არ უარყოფს ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას. უფრო მეტიც, მას სადავოდ არ გაუხდია ხელშეკრულების 15.1 პუნქტი. მოწინააღმდეგე მხარის მითითება პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით ნიშნავს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების აღიარებას. ასეთ შემთხვევაში მხარე იურიდიულად დაეთანხმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს, რომელიც ერთჯერადად ერიცხება მოჭრილი თანხის სახით დამრღვევს. ეს ფაქტი სასამართლოს ართმევდა შესაძლებლობას, შეემოწმებინა მისი გონივრულობა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის ფარგლებში.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით საშუალებებს, რომელთაგან პირველს გირავნობა (სკ-ის 254-ე მუხლი) და იპოთეკა (სკ-ის 286-ე მუხლი), ხოლო მეორეს _ პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია (სკ-ის 416-ე მუხლი) განეკუთვნება. მითითებულთაგან ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საშუალებას სწორედ პირგასამტეხლო წარმოადგენს და იგი მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სკ-ის 417-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით. განსხვავებით ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ საჭიროებს მხარეთა წინასწარი შეთანხმების არსებობას, პირგასამტეხლო ყოველთვის სახელშეკრულებო პირობად გვევლინება. ზიანის ანაზღაურების სახელშეკრულებო პირობის ერთადერთი გამონაკლისია ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას პროცენტზე შეთანხმება (სკ-ის 403-ე მუხლი), თუმცა, ეს შემთხვევა სახეზე არ გვაქვს. მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოდგენს აბსოლუტურ დათქმას და სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს, რაც მოცემულ შემთხვევაში, განხორციელდა მართლზომიერად, სასამართლომ დაიცვა ის მართლზომიერი ბალანსი, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა, ხოლო, მეორე მხრივ, შენარჩუნებულ იქნა კრედიტორის ინტერესები.
1.6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, სწორადვე დაადგინა მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები და სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე დაყრდნობით მართებულად შეამცირა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რომელიც თანაზომიერია დარღვეული ვალდებულებისა (პირგასამტეხლოს შემცირებისა და სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის განმარტების თაობაზე იხ. სასამართლო პრაქტიკა: სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).
1.7. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პირგასამტეხლოს შემცირების/გონივრული ოდენობის განსაზღვრის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცველად დატოვების თაობაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური