საქმე №ას-75-71-2017 31 მარტი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „მ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ან მყიდველი) მიმართ და მოითხოვა საქონლის ღირებულების _ 130 000 ლარის, პირგასამტეხლოს _ 2 600 ლარისა და საბანკო გარანტიის საფუძველზე მიღებული თანხის _ 6 220 ლარის ანაზღაურება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 8 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, რომლის პირობებიც დაზუსტდა 2013 წლის 15 ნოემბერს და საბოლოოდ მოსარჩელეს მოპასუხისატვის უნდა მიეწოდებინა 303 000 ლარის ღირებულების საქონელი. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოსარჩელემ შეასრულა სრულად და გააფორმა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები. მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ საქონლის ღირებულების ნაწილი _ 173 000 ლარი, ხოლო დავალიანება შეადგენს 130 000 ლარს. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, გამყიდველის მიერ წარდგენილ იქნა ასევე საბანკო გარანტია, რომლით გათვალისწინებული თანხაც _ 6 220 ლარი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო შემძენმა, რადგანაც ხელშეკრულება გამყიდველს არ დაურღვევია. გარდა ამისა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე ვალდებულების დარღვევისას, მოპასუხე ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულია აანაზღაუროს 2 600 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ გამყიდველმა ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა. ხელშეკრულების მე-10 პუნქტით განსაზღვრულია შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი, რომლის დაცვაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება. ამ თვალსაზრისით საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტები: საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშ-ფაქტურა და სხვა. საყურდაღებოა, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების საწინააღმდეგოდ განხორციელებული შესრულება, რადგანაც საქონელი იყო უხარისხო, უკან დაუბრუნდა გამყიდველს, ხოლო პროდუქციის იმ ნაწილის ღირებულება, რომელიც ჯეროვნად იქნა მიწოდებული, წარმოადგენდა არა 173 000, არამედ _ 166 617 ლარს და ეს თანხა ანაზღაურებულია. მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა გამოიხატა იმაში, რომ შემძენს საქონელი დადგენილ ვადაში არ მიუწოდებია, შესაბამისად, ხელშეკრულების 16.6 პუნქტზე დაყრდნობით მას დაეკისრა პირგასამტეხლო 6 060 ლარის ოდენობით, თუმცა, მიუხედავად შეტყობინების გაგზავნისა, მას ეს თანხა არ აუნაზღაურებია, რის გამოც, ამავე ხელშეკრულების 11.2 პუნქტზე დაყრდნობით, მოპასუხემ, როგორც საბანკო გარანტიის ბენეფიციარმა, გარანტისაგან მოითხოვა და მიიღო დარიცხული პირგასამტეხლო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წ;ოს 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს აპელანტის სასარგებლოდ დაეკისრა 74 285,71 ლარის, ასევე, პირგასამტეხლოს _ 1 485,72 ლარის ანაზღაურება.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. ვიდრე საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის კვლევას შევუდგებოდეთ, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს შეფასების საგანზე. განსახილველი დავის საგანს ნასყიდობის საგნის ღირებულების, ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოსა და ბენეფიციარის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული პირგასამტეხლოს დაკისრება წარმოადგენს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რა სარჩელი, სააპელაციო პალატამ გამყიდველის სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის (ნივთობრივი ნაკლის არმქონე) შესაბამისი შესრულების პროპორციული ღირებულების ანაზღაურებისა და ანაზღაურების დაყოვნების გამო შემძენისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. რაც შეეხება საბანკო გარანტიის საფუძველზე ბენეფიციარის მიერ ჩათვლილ თანხას, ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს.
1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი არ ეთანხმება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას და საკასაციო საჩივრის პრეტენზიებს სწორედ სამართლის ნორმათა დარღვევაზე აფუძნებს. საკასაციო შედავების საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე:
1.2.1. 2013 წლის 8 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #707 ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და დანართი #1-ის შესაბამისად, შემძენისათვის მიეწოდებინა საქონელი (ზამთრის საცვალი და წინდა). ხელშეკრულების მოქმედება განისაზღვრა 2013 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით;
1.2.2. ხელშეკრულების 3.1 პუნქტით, მისაწოდებელი საქონლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 311 000 ლარს და მოიცავდა მიმწოდებლის ყველა ხარჯს. საქონლის ერთეულის ფასი და რაოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების დანართი #1-ით;
1.2.3. 2013 წლის 15 და 19 ნოემბრის შეთანხმების ოქმებით შეტანილ იქნა ცვლილება ხელშეკრულების დანართ #1-ში და მისაწოდებელი საქონლის ოდენობის შესაბამისად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 303 000 ლარით. ხელშეკრულების დანართი #1-ის შესაბამისად, ერთი ერთეული ზამთრის საცვლის ღირებულება შეადგენდა 13 ლარს;
1.2.4. ხელშეკრულების 10.1. პუნქტით განისაზღვრა გამყიდველის მიერ საქონლის გადაცემისა და მყიდველის მიერ მისი მიღების დადასტურების წესი: მიღება დასტურდებოდა ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით. 10.2 პუნქტით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში, საქონლის მიწოდების თარიღად ჩაითვლება შემსყიდველისათვის საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თარიღი. 10.3 პუნქტით კი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი საქონლის საბოლოო მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარმოადგენდა და ანგარიშსწორების ვალდებულებას არ წარმოშობდა. 10.4 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს საქონლის ან მისი ნაწილის მიღებაზე და მათ ანაზღაურებაზე თუ:
- იგი უხარისხოა (მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის შეუსაბამო);
- მიწოდებულია ხელშეკრულებაში ან/და მოთხოვნაში (შეკვეთაში) მითითებულ რაოდენობაზე მეტი ოდენობით (ნამეტის ფარგლებში);
- მიწოდებულია ხელშეკრულებაში ან/და მოთხოვნაში (შეკვეთაში) მითითებულ რაოდენობაზე ნაკლები;
- სრული მოცულობით არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;
- ხარვეზების გამოსწორება შეუძლებელია;
- კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
1.2.5. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება განხორციელდა 2 ეტაპად. პირველი ნაწილის თანხა _ 166 617 ლარი შემძენმა გადაიხადა სრულად.სადავოს წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ 2013 წლის 18 და 26 დეკემბერს მიწოდებული საქონლის ღირებულების (10 500 ცალი ზამთრის საცვალი) ანაზღაურების საკითხი, რომელზეც გაფორმებულია დროებითი შენახვის აქტები #136, #142. დროებითი შენახვის #136 აქტის თანახმად, გამყიდველმა 2013 წლის 8 ნოემბრის #707 ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველს მიაწოდა 70 ტომარა ზამთრის საცვალი, რაზეც მიმღებსა და მიმწოდებელს შორის გაფორმდა დროებითი შენახვის აქტი. 2013 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული #142 დროებითი შენახვის აქტის თანახმად კი _ 37 ტომარა ზამთრის საცვალი, რაზეც მიმღებსა და მიმწოდებელს შორის ასევე გაფორმდა დროებითი შენახვის აქტი. გამყიდველის მიერ მყიდველის სანივთე ბაზაზე ჯერ 7 000 ერთეული, ხოლო შემდეგ _ 3 500 ერთეული საქონლის შეტანას, რომელიც ბაზის საცავში დასაწყობდა და შედგა დროებითი შენახვის აქტი ადასტურებს მოპასუხის 2014 წლის 2 დეკემბრის წერილი;
1.2.6. მიწოდების შემდეგ მოხდა ზამთრის საცვლების გადარჩევა. 6 000 ცალი იყო ხარისხიანი, ხოლო 4 500 _ პატარა ზომის. აღნიშნული პროდუქცია მოპასუხემ დაუბრუნა მიმწოდებელს, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 21 თებერვლის #39 აქტის თანახმად, სანივთე ბაზის პირველი შენახვის ქვეგანყოფილების საცავიდან მოსარჩელის წარმომადგენელმა გაიტანა დროებით შენახვაზე დადებული 10 500 ერთეული ზამთრის საცვალი.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს დაუშვა, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა-შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. ვინაიდან კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ მათ სავალდებულო ძალა გააჩნიათ.
1.4. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მყიდველს არ შეიძლება დაეკისროს ნასყიდობის საგნის ღირებულების ანაზღაურება იმ პირობებში, როდესაც მას ქონება (ნასყიდობის საგანი) საკუთრებაში არ გადასცემია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელ ძირითად ნორმას სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ ნასყიდობა სინალაგმატური, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე _ მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. ნორმის პირველი ნაწილი ადგენს გამყიდველის ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ ნასყიდობის საგნის, ისე _ ამ საგანზე ნამდვილი უფლების გადაცემით (მაგ: ნივთის პირდაპირი მფლობელისაგან გამოთხოვის უფლება). კანონი ნასყიდობის ნამდვილობისათვის რაიმე შეზღუდვას არც ერთი ხსენებული წესის მიმართ არ ადგენს და როგორც ერთ, ისე _ მეორე შემთხვევაში (ბუნებრივია, მხარეთა შეთანხმების პირობებში) გამყიდველის მხრიდან ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს. სწორედ ამ წესის დაცვის შემდგომ წარმოეშვება გამყიდველს შემძენისაგან საპასუხო შესრულების (ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება (იხ. სუსგ-ებები: №ას-793-760-2016, 20 იანვარი, 2017 წელი; №ას-671-642-2016, 20 იანვარი, 2017 წელი). ნასყიდობა, როგორც სახელშეკრულებო სამართლის ერთ-ერთი კერძო ინსტიტუტი, ვალდებულების შესრულების თვალსაზრისით, წესრიდგება სახელშეკრულებო სამართლისათვის კანონით დადგენილ ყველა იმ ზოგად რეგულაციასთან ერთობლიობაში, რომლებიც ვალდებულების შესრულების სტანდარტს ადგენენ. ამ მხრივ, მხედველობაშია მისაღები სამოქალაქო კოდექსის უზოგადესი პრინციპი, რომლის თანახმადაც ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სკ-ის 361.2 მუხლი). კანონის მოხმობილი დანაწესი ადგენს სამოქალაქო ურთიერთობისათვის მახასიათებელ შესრულების პრინციპს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კოდექსი ძირითადად ორიენტირებულია ვალდებულების შესრულებაზე, რის გამოც, სამართლის თეორიაში დამკვიდრდა გაბატონებული შეხედულება კრედიტორის მოთხოვნების კლასიფიკაციისა, რომელთაგან პირველს შესრულების, ხოლო მეორეს _ ზიანის ანაზღაურების, ე.წ. მეორადი მოთხოვნები ეწოდება. სწორედ ვალდებულების შესრულების აუცილებლობიდანაა ნაკარნახევი სამოქალაქო კოდექსში დამკვიდრებული ხელშეკრულებიდან გასვლის ინსტიტუტიც (სკ-ის 352-ე და 405-ე მუხლები) და საკითხის მარეგულირებელი დანაწესების სისტემურ ანალიზს მივყავართ დასკვნამდე, რომ კრედიტორს, თუკი არ არსებობს პატივსადები ინტერესი, უპირატესად ევალება ვალდებულების შესრულებაში მოვალისათვის ხელშეწყობა, მათ შორის დამატებითი ვადის დაწესების გზით, რათა მიღწეულ იქნას სახელშეკრულებო შეთანხმების საგანი (შესრულების მოთხოვნა). ამ მხრივ, კანონი თავად ადგენს კეთილსინდისიერების სტანდარტს, რაზეც სააპელაციო სასამართლომაც მიუთითა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში (სკ-ის 8.3 და 115-ე მუხლები), თუმცა, სასამართლო წესით საქმის განხილვისას უპირობოდაა გასათვალისწინებელი საპროცესო სამართლით დადგენილი პრინციპები, რომელთაგან ერთ-ერთი დისპოზიციურობაში ვლინდება. სამოქალაქო საპრიცესო კოდექსის მე-3 მუხლიდან გამომდინარე, მხარე არა მხოლოდ დარღვეული უფლების დაცვის ფარგლებშია აღჭურვილი შესაძლებლობით მიმართოს სასამართლოს, არამედ, თავადვე განსაზღვრავს დავის საგანს იმგვარად, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს მასში, მხარის დისპოზიციური ნების ფარგლბეში სასამართლომ უნდა დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები და მათი სწორი იურიდიული კვალიფკაციის შედეგად გადაწყვიტოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა.
1.5. განსახილველ შემთხვევაში, როგორც სარჩელის, ისე _ სააპელაციო საჩივრის შესწავლით დასტურდება, რომ მოსარჩელე ძირითადად ხელშეკრულების შესრულების და არა მეორადი მოთხოვნის წარმომშობ ფაქტებზე მიუთითებს. მას სასამართლო წესით არ უთხოვია მყიდველის დავალდებულება, მიიღოს ნასყიდობის საგანი ან/და მიღებულად ჩაითვალოს იგი. აღნიშნულის პარალელურად დადგენილია და მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია კასატორის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით განხორციელებული შესრულების (ნასყიდობის საგანი) მისთვის დაბრუნების ფაქტი, შესაბამისად, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად, მყიდველი გავიდა ხელშეკრულებიდან გამყიდველის მიერ შესრულების ვადის დარღვევის გამო და მხარეთა შორის განხორციელდა რესტიტუცია _ მოსარჩელეს დაუბრუნდა ვადის დარღვევით მიწოდებული საქონელი. ხელშეკრულებიდან კრედიტორის გასვლა მოსარჩელეს სადავო არ გაუხდია (შესაბამისად, მის მიერ ამ უფლების გამოყენების მართლზომიერების კვლევას საკუთარი ინიციატივით ვერ შეუდგება საკასაციო პალატა) და არც იმგვარ ფაქტებზე მიუთითებია, რასაც სამოქალაქო კოდექსი შესრულების გზით ვალდებულების შეწყვეტად განიხილავს (მაგ: სკ-ის 434-ე მუხლით განსაზღვრული დეპონირება). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის არც ერთი ნორმა არ ადგენს გასვლის გზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში პირის დავალდებულებას, შეასრულოს ვალდებულება. კანონის სხვაგვარი განმარტება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას დაარღვევს და გამოიწვევს და ერთ-ერთი მხარის უსაფუძვლო გამდიდრებას. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტისა და გამყიდველის ქონებრივი რესტიტუციის გამო არ არსებობს მყიდველისათვის იმ საქონლის ღირებულების დაკისრების წინაპირობა, რომელზეც მას საკუთრების უფლება არ გადასცემია.
1.6. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხს, პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილშიც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. განსახილველი ნორმიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ანაზღაურების წინაპირობად განიხილება ვალდებულების დარღვევა. ამავე კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის ძალით კი, კრედიტორს პასუხისმგებლობა (ნასყიდობის სამართლებრივი ბუნებიდან გამოდმინარე, მხარეები ერთმანეთის მიმართ წარმოადგენენ როგორც კრედიტრორს, ისე _ მოვალეს) წარმოეშობა თუ იგი არ იღებს იმ შესრულებას, რომლის ვადაც დამდგარია. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კრედიტორმა (ამავდროულად მოვალემ) უარი განაცხადა ნაკლის არმქონე იმ შესრულების მიღებაზეც, რომელიც ვადის დარღვევით განახორციელა გამყიდველმა, შესაბამისად, მას არც ანაზღაურების ვალდებულება წარომოშობია, რაც სავსებით გამორიცხავს პირგასამტეხლოს მყიდველისათვის დაკისრებას.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადის ნაწილში (სარჩელის დაკმაყოფილებისა და პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში) არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, ამასთანავე, რადგანაც არ იკვეთება მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევის ან სხვა საპროცესო ნორმათა დარღვევის გამო საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის დაბრუნების წინაპირობები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, პალატა უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება: ვინაიდან უდავოა, რომ გამყიდველმა დაარღვია ვალდებულება, ხოლო მყიდველმა უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე, ამასთანავე, დააბრუნა ვადის დარღვევით გადაცემული ნასყიდობის საგანი, შესაბამისად, არ არსებობს მისთვის ნასყიდობის საფასურისა და პირგასამტეხლოს დაკისრების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.
2. სასამართლო ხარჯები:
2.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2015 წლის 16 ნოემბრის განჩინებით აპელანტს (მოსარჩელე) გადაუვადა სახელმწიფო ბაჟის _ 5 552,8 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. უდავოა, რომ კასატორი, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაცია, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების გათავლისწინებით კი, ამ ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 3 788,57 ლარს (იხ. სსკ-ის 39.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, 41.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და 391.3 მუხლი).
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 5 552,8 ლარისა და საკასაციო საჩივარზე გადასახდელი 3 788,57 ლარის, სულ _ 9 341,37 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. შპს „მ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებისა და პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „მ-ის“ სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, 2013 წლის 8 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #707 ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. შპს „მ-ს“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.11.2015წ. განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 5 552,8 ლარისა და საკასაციო საჩივარზე გადასახდელი 3 788,57 ლარის, სულ _ 9 341,37 ლარის გადახდა.
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური