Facebook Twitter

საქმე №ას-179-168-2017 10 მაისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. ბ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. დ-ი (მოსარჩელე), ქ. გ-ე (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ი. დ-ის სასარგებლოდ 5 064,5 აშშ დოლარის, ხოლო ქ. გ-ის სასარგებლოდ _ 3 617,5 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე, იპოთეკის საგნის კრედიტორთა თანასაკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის/დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ი. დ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ბ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მოვალე) მიმართ მოპასუხისათვის 9 157 აშშ დოლარისა და სარჩელის აღძვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს _ 0,07%-ის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სასამართლოს სარჩელით მიმართა ქ. გ-ემაც (შემდგომში _ მესამე პირი, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) თავდაპირველი მოპასუხისათვის სესხის ძირი თანხის _ 6 910 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს _ სარჩელის აღძვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე გადასახდელი თანხის 0,07%-ის დაკისრების მოთხოვნით.

კრედიტორებმა, ვალდებულების შესრულების მიზნით, ასევე მოითხოვეს იპოთეკის საგნის (ქ.ქუთაისში, ჭ--ის გამზირის #7ბ/45-ში მდებარე ქონება) მათთვის თანასაკუთრებაში გადაცემა.

1.3. მოსარჩელის/მესამე პირის მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

1.3.1. 2012 წლის 15 ნოემბერს მოსარჩელესა და მოვალეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადასცა 7 000 აშშ დოლარი, თვეში 5% სარგებლის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა სამი თვით, ასევე, გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.3%. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საცხოვრებელი სახლი. მოპასუხე ერთი წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად იხდიდა პროცენტს, მხოლოდ 2014 და 2015 წელს არ გადაუხდია არც სარგებელი და არც ძირი თანხა;

1.3.2. მესამე პირის განმარტებით, 2012 წლის 15 ნოემბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა მოპასუხესთან. ხელშეკრულების საფუძველზე სესხის სახით გაიცა 5 000 აშშ დოლარი, სარგებელი განისაზღვრა ყოველთვიურად სესხის 5%-ით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა _ 3 თვით. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოც _ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0.3%. მოპასუხის ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მისი საცხოვრებელი სახლი. 13 თვის განმავლობაში მოვალე კეთილსინდისიერად იხდიდა პროცენტს, მხოლოდ 2014 და 2015 წელს არ გადაუხდია არც სარგებელი და არც ძირი თანხა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის ნაწილობრივ შემწყვეტი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელები არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს მიღებული აქვს სამი თვის სარგებელი _ 1 050 აშშ დოლარი, 2013 წლის 15 მარტიდან კი, ყოველთვიურად 350-350 აშშ დოლარი, რამაც ჯამში შეადგინა 3 500 აშშ დოლარი. ამჟამად დასაბრუნებელი დარჩა ძირი თანხა _ 3 500 აშშ დოლარი, რაც შეეხება მესამე პირს, მოვალეს მის მიმართაც აქვს გარკვეული ვალდებულება შესრულებული, კერძოდ, გადახდილი აქვს სამი თვის სარგებელი _ 750 აშშ დოლარი, 2013 წლის 15 მარტიდან კი, ყოველთვიურად 250-250 აშშ დოლარი, ასევე, დამატებით 1 000 აშშ დოლარი, სულ კრედიტორს დაუბრუნდა ძირი თანხიდან 3 250 აშშ დოლარი და დასაბრუნებელი დარჩა ძირი თანხიდან 1 750 აშშ დოლარი. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, იგი უნდა შემცირდეს 0.05%-მდე, ამასთანავე, პირგასამტეხლოს დაკისრების ვალდებულება თანხის სრულად გადახდამდე არ უნდა დაეკისროს მას. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხემ უარყო იპოთეკის საგნის კრედიტორთათვის თანასაკუთრებაში გადაცემა, რადგან აღნიშნულს ჭირდება საჯარო რეესტრისათვის ერთობლივი განცხადებით მიმართვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელისა და მესამე პირის სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა, მოვალეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7 541 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს _ ძირი თანხის 0,07%-ის გადახდა სარჩელის აღძვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მოვალეს მესამე პირის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 5 629 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს _ ამ თანხის 0,07%-ის გადახდა სარჩელის სასამართლოში წარდგენის დღიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე. კრედიტორთა სასარგებლოდ დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით, დადგინდა მოპასუხის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (ს/კ #03.04.07.0--.01.0...) მოსარჩელისა და მესამე პირისათვის თანასაკუთრებაში გადაცემა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს 0,05%-მდე შემცირების ხარჯზე მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის _ 7 541 აშშ დოლარის 5 064,5 აშშ დოლარით, ხოლო მესამე პირის სასარგებლოდ დაკისრებული 5 629 აშშ დოლარის _ 3 617,5 აშშ დოლარით განსაზღვრა, ხოლო ვალდებულების შესრულების მიზნით, იპოთეკის საგნის კრედიტორთა თანასაკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ 5 064,5 აშშ დოლარის, ხოლო მესამე პირის სასარგებლოდ _ 3 617,5 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე, იპოთეკის საგნის კრედიტორთა თანასაკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2012 წლის 15 ნოემბერს, კრედიტორებსა და მოვალეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 7 000 აშშ დოლარი, ხოლო მესამე პირისგან _ 5 000 აშშ დოლარი. სესხისათვის განისაზღვრა ყოველთვიური სარგებელი 5% და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო _ ძირითადი თანხის 0,3% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. სესხის ვადა განისაზღვრა სამი თვით. ხოლო ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისში ი.ჭ--ის გამზირი #7, სართული 3, ბინა 45, ს/კ #03.04.07.0--.01.0....;

1.2.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 4.2 მუხლით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ დავალიანების დაფარვისას პირველად დაიფარებოდა პირგასამტეხლო, სარგებელი და ბოლოს ძირი თანხა. ხელშეკრულების მეექვსე თავით მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების პირობების სისტემატურად დარღვევის შემთხვევაში, იპოთეკარის განცხადების საფუძველზე, აღნიშნული ქონება გადავიდოდა კრედიტორის საკუთრებაში;

1.2.3. მოვალემ მოსარჩელეს ვალის სანაცვლოდ გადაუხადა სულ 4 550 აშშ დოლარი, ხოლო მესამე პირს _ 3 250 აშშ დოლარი;

1.2.4. კრედიტორებმა სარჩელით შეამცირეს პირგასამტეხლოს ოდენობა და ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის 0,3%-ისა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის დაკისრება მოითხოვეს, რაც თვეში 2,1%-ს შეადგენს;

1.2.5. მოპასუხეს ძირი თანხა უნდა დაეფარა 2013 წლის 15 თებერვალს, რაც არ განუხორციელებია, შესაბამისად, სარჩელის სასამართლოში შეტანამდე ვადაგადაცილებულმა დღეების რაოდენობამ შეადგინა 894 დღე.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სასამართლოებმა, მართალია, კრედიტორთა სასარგებლოდ გადახდილი თანხიდან პირგასამტეხლო 0,07%-ის შესაბამისად იანგარიშეს, თუმცა, მოვალე ფარავდა ძირ თანხას, ხოლო პირგასამტეხლო თავდაპირველი ვალდებულების შესაბამისად იყო დაანგარიშებული, რასაც შედეგად კრედიტთა უსაფუძვლო გამდიდრება მოჰყვა. კასატორმა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა შესაბამისი აღრიცხვა-ანგარიში, თუმცა, პალატას იგი არც კი შეუფასებია;

1.4.2. სააპელაციო სასამართლომ განჩინების დასაბუთებისას მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილებები სასამართლოს საძიებო სისტემაში არ მოიპოვება;

1.4.3. უძრავი ქონების კრედიტორთა საკუთრებაში გადაცემის თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებისას სასამართლომ ასევე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი თითქოსდა ერთგვაროვანი პრაქტიკა მოიშველია, თუმცა, საკასაციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება სხვა საკითხს შეეხება, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლად მიჩნევას განაპირობებს, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი;

1.4.4. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, იპოთეკის საგნის იპოთეკარის საკუთრებაში გადაცემა მისი ცალმხრივი განცხადების საფუძველზე დაშვება, აღნიშნული დათქმა ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის დანაწესს, რადგანაც ნორმა დასაშვებად მიიჩნევს მხარეთა ერთობლივი განცხადების არსებობას მარეგისტრირებელ ორგანოში.

1.5. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელ ძირითად ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი, რომლის ძალითაც, მსესხებელს ეკისრება ნასესხები თანხის დაბრუნება, თავის მხრივ, უდავოა, რომ სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ სესხის სარგებელზე და ამავდროულად, მოთხოვნის უზრუნველყოფა განხორციელდა, როგორც სანივთო (სკ-ის 286-ე მუხლი) ისე _ ვალდებულებითი საშუალებით (სკ-ის 417-ე მუხლი). პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ თავად შეამცირა რა მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებით-სამართლებრივი საშუალებიდან ნაწარმოები თანხის ოდენობა, სააპელაციო პალატამ სწორად არ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით და სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის პირობებში (როდესაც სესხი სარგებლიანი იყო, რომლის მიმართაც კრედიტორს ამოძრავებდა შემოსავლის მიღების ინტერესი), დარღვევის თანაზომიერად სწორად მიიჩნია შემცირებული ოდენობით პირგასამტეხლო _ 0,07% (რაც თვეში 2,1%-ს შეადგენდა). რაც შეეხება თავად სესხსა და ვალდებულების დარღვევის გამო იპოთეკის საგნის კრედიტორთა თანასაკუთრებაში გადაცემის საკითხს, ამ შემთხვევაში პალატა ყურადღებას იმ უდავო გარემოებაზე გაამახვილებს, რომ თუნდაც კასატორის მეირ შემოთავაზებული გაანგარიშებით იქნას გამოთვლილი ვალდებულება, უდავოა, რომ იგი ჯეროვნად არაა შესრულებული, ანუ მოვალეს კრედიტორებისათვის სრულყოფილად არ აუნაზღაურებია ნასესხები თანხა და მისი სარგებელი, სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის ძალით, უზრუნველყოფილი კრედიტორი უფლებამოსილია, დარღვეული ქონებრივი უფლების რესტიტუცია იპოთეკის საგნის ხარჯზე განახორციელოს, რაც სრულად ექცევა იპოთეკის უფლების მარეგულირებელ ნორმათა დანაწესებში, თავის მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ სანივთო სამართლებრივი უზრუნველყოფის საშუალების განკარგვით ვალდებულების შესრულებისას, მიუხედავად იმისა, ამ განკარგვის შედეგად ამონაგები თანხა ფარავს ვალდებულებას თუ აღემატება მას, შესრულების გზით ვალდებულება შეწყვეტად განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები განსხვავებულად შეთანხმდებიან ხელშეკრულებაში (იხ. სკ-ის 301-ე (11) და 427-ე მუხლები). ამგვარ შეთანხმებაზე კასატორი არ მიუთითებს, შესაბამისად, იგი ვერც საკასაციო მსჯელობის საგანი გახდება. რაც შეეხება მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ იპოთეკის საგნის გადაცემის წესზე მხარეთა წერილობითი შეთანხმება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პალატა მას არ იზიარებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-300 (1) მუხლის არსებული რედაქცია, მართლაც ადგენს ქცევის იმგვარ წესს, როდესაც იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალე გააჭიანურებს ვალდებულების შესრულებას, ამ შემთხვევაში იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუკი კრედიტორი (იპოთეკარი) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ მარეგისტრირებელ ორგანოს (მსგავს რეგულაციას ითვალისწინებდა სესხის ხელშეკრულების დადების პერიოდში მოქმედი სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილი). მოცემულ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ უზრუნველყოფის საგნის კრედიტორისათვის გადაცემის გზით ვალდებულების შესრულებაზე, რაც თავისთავად არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას, ამ უფლების რეალიზაციის წესის შეფასებისას რომც გავიზიაროთ კასატორის არგუმენტები, ეს თავად უზრუნველყოფის სანივთო საშუალების ნამდვილობაზე გავლენას ვერ იქონიებს, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებათა განკარგვის გზით ვალდებულების შესრულების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. მაგ: სუსგ-ებები: №ას-285-269-2011, 3 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-1283-1538-09, 25 მაისი, 2010 წელი; №ას-219-211-2012, 15 აპრილი, 2013 წელი; №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი), რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, კასატორი კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცველად დატოვების თაობაზე. კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გ. გ-ის მიერ 04.03.2017წ. #1488612854 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 446,74 ლარის 70% _ 1 012,718 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ა. ბ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს გ. გ-ის მიერ 04.03.2017წ. #1488612854 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 446,74 ლარის 70% _ 1 012,718 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური