Facebook Twitter

№ ას-684-655-2016 30 იანვარი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ხ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ლ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. ხ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ლ-ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს 0,3%-დან 0,001%-მდე შემცირება და ნოტარიუს დ. ო-ის მიერ 2012 წლის 4 მაისს გაცემულ №… სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა იმგვარად, რომ სესხის ძირითადი თანხა შემცირდეს 3402 აშშ დოლარამდე, ხოლო პირგასამტეხლო - 0,3%-დან 0,001%-მდე.

2. მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 3 თებერვალს მასსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხისაგან 3 თვის ვადით ისესხა 15 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 5% სარგებლით. ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა პირველი თვის სარგებელი 750 აშშ დოლარი.

3. მოსარჩელემ მიუთითა, რომ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

4. 2011 წლის 11 თებერვალს ცვლილება შევიდა 2011 წლის 3 თებერვლის ხელშეკრულებაში და სესხის ძირითადი თანხა განისაზღვრა 17 500 აშშ დოლარით. შესაბამისად, გაიზარდა ყოველთვიური სარგებლის ოდენობა 875 აშშ დოლარამდე. მსესხებელმა ახალი ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაიხადა სარგებელში სხვაობა - 125 აშშ დოლარი.

5. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან დარჩენილი 2 თვის სარგებელი გადაიხადა 2011 წლის 11 მარტსა და 2011 წლის 11 აპრილს, რაზეც მოპასუხემ 2014 წლის 18 ივლისს გასცა ხელწერილი.

6. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა სათანადო წესით არ გაგრძელებულა და მოსარჩელემ მოპასუხეს ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გადაუხადა 14 350 აშშ დოლარი.

7. მოსარჩელემ მიუთითა ნოტარიუს დ. ო-ის მიერ 2012 წლის 4 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე, რომლის მიხედვით, მოპასუხე ითხოვს მოსარჩელისაგან სესხის ძირითად თანხას - 17500 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებაზე - 4725 აშშ დოლარს, ასევე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს აღსრულებამდე - 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

8. მოსარჩელემ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს განაკვეთის 0,001%-მდე შემცირების შემთხვევაში 2011 წლის 11 მაისიდან დღემდე პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხა შეადგენს 252 აშშ დოლარს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი თანხიდან 252 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს პირგასამტეხლოს თანხაში, ხოლო დარჩენილი 14 098 აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს სესხის ძირითად თანხას და სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული დავალიანება უნდა შემცირდეს 3 402 აშშ დოლარამდე.

9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება გაფორმებული არ ყოფილა სამი თვის ვადით, ვინაიდან იმავე ხელშეკრულების თანახმად, პროცენტის გადახდა გაგრძელდებოდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

10. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა დავა კონკრეტულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებასა და სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებით, თუმცა სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, მხარემ დაკარგა ამ ნაწილში დავის უფლება.

11. მოპასუხის განმარტებით, პირგასამტეხლოს შემცირება 0,001%-მდე არ გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან და ეწინააღმდეგება ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას.

12. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნოტარიუს დ. ო-ის მიერ 2012 წლის 4 მაისს გაცემულ №… სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლო 0,3%-დან შემცირდა 0,03%-მდე; მოსარჩელის მიერ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა შემცირდა 17 128 აშშ დოლარამდე.

13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება.

15. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით მიუთითა შემდეგი:

16. 2011 წლის 3 თებერვალს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხისაგან მიიღო 15000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა სამი თვით, სარგებელის ოდენობა შეადგენდა ყოველთვიურად 5%-ს - 750 აშშ დოლარს. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს სესხის თანხის მიღებისთანავე წინასწარ გადაუხადა პირველი თვის საპროცენტო სარგებელი, შემდგომი გადახდის თარიღებად განისაზღვრა 3 აპრილი და 3 მაისი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ბ… ქ. №…-ში (ს/კ …). 2011 წლის 11 თებერვალს მხარეთა შეთანხმებით ცვლილება შევიდა 2011 წლის 3 თებერვლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხა განისაზღვრა 17500 აშშ დოლარით, სარგებელი - 875 აშშ დოლარით, სარგებლის თანხის სხვაობა - 125 აშშ დოლარი მოსარჩელემ გადაიხადა სესხის თანხის მიღებისთანავე.

17. 2012 წლის 4 მაისს ნოტარიუსმა დ. ო-ემ გასცა №… სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც განისაზღვრა მოვალის - მოსარჩელის ფულადი ვალდებულების მოცულობა კრედიტორის - მოპასუხის მიმართ. კერძოდ, 2011 წლის 8 ივლისის მდგომარეობით შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 22 225 აშშ დოლარით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა იყო 17500 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 4 725 აშშ დოლარი, აგრეთვე, დამატებით სანოტარო აქტის აღსრულებამდე (იპოთეკის საგნის რეალიზაციამდე) სესხის ძირითად თანხასა და პროცენტის თანხაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო - 0,3% ყოველ დღეზე (რაც გაგრძელდება ამ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების დაწყების დღემდე).

18. სასამართლომ, სააღსრულებო ფურცლის შინაარსის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ მისი გაცემის დროისათვის მოსარჩელეს სარგებელთან დაკავშირებით დავალიანება არ გააჩნდა.

19. სალაროს შემოსავლის ორდერების თანახმად, სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდგომ მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 12 475 აშშ დოლარი, რომელიც მთლიანად ჩაითვალა პირგასამტეხლოს თანხაში. კერძო აღმასრულებლის, რ. ს-ის მიერ გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების გაგზავნისას მოვალეს - მოსარჩელეს განემარტა, რომ მას მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის, 17 500 აშშ დოლარისა და 8 თვის სარგებლის თანხის გადახდა (თვეში 875 აშშ დოლარი) 7000 აშშ დოლარის ოდენობით. მოვალეს განემარტა, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდებოდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია. აღნიშნული პერიოდიდან (2014 წლის 9 ოქტომბერი) შეწყდა მოსარჩელეზე პირგასამტეხლოს დაკისრება.

20. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში განთავსებულ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებულ იქნა მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელის მიერ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით და, რომლის დავის საგანს წარმოადგენდა მხარეთა შორის არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული დავალიანების გაუქმება, უსაფუძვლო გამდიდრების წესებით მოპასუხისათვის ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნება. მითითებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

21. სააპელაციო პალატის მითითებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2011 წლის 3 თებერვალს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელეს გადასახდელი აქვს რვა თვის სარგებელი 7000 აშშ დოლარი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხი არ იყო 3-თვიანი და მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა გადაეხადა მხოლოდ 3 თვის სარგებელი.

22. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ვადის გასარკვევად, ერთი მხრივ, სახეზე იყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სესხი გაიცა 3 კალენდარული თვის ვადით, ხოლო, მეორე მხრივ, - კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, მიღებული იმავე მხარეთა შორის ნაწარმოებ დავაზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული დავალიანების გაუქმებისა და ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების მოთხოვნით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ამ გადაწყვეტილებით ერთმნიშვნელოვნად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა, რომ სესხი არ იყო 3-თვიანი და, რომ მხოლოდ 3 თვის სარგებელი უნდა გადაეხადა მოსარჩელეს მოპასუხისათვის.

23. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ვადა გაგრძელდა 8 თვემდე. სწორედ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ სესხი იყო 3 თვის ვადით დადებული და, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა გადაეხადა მხოლოდ სამი თვის სარგებელი.

24. სააპელაციო პალატამ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე და, იმავე მხარეთა შორის არსებულ და გადაწყვეტილ დავაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული სესხის ხელშეკრულება დაიდო არა 3, არამედ - 8 თვის ვადით.

25. პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება პირგასამტეხლოს ოდენობის 0,3%-დან 0,03 %-მდე შემცირების თაობაზე.

26. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობები წარმოიშვა 2011 წლის 3 თებერვალს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე აღნიშნულ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე. ამასთან, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოსარჩელეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შეუსრულებია.

27. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2012 წლის 4 მაისისათვის (სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროს) მოვალეზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა 4725 აშშ დოლარს და მისი დარიცხვა გრძელდებოდა 2014 წლის 9 ოქტომბრამდე, ანუ კიდევ 888 დღე, რაც დღეში 52,5 დოლარის გათვალისწინებით შეადგენდა 46 305 აშშ დოლარს, ჯამში კი - 51 030 აშშ დოლარს. მოპასუხის განმარტებით, მან პირგასამტეხლოს ანგარიშში ჩათვალა მხოლოდ 12 475 აშშ დოლარი.

28. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გათვალისწინებით და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, დადგენილად მიიჩნია, რომ სესხის ძირითადი და გადაუხდელი თანხა შეადგენდა 17 500 აშშ დოლარს; 2012 წლის 4 მაისს, სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროს, მოსარჩელეს სარგებლის დავალიანება საერთოდ არ გააჩნდა. შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელში მოთხოვნის მოცულობა განისაზღვრა მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის და მისი დაუბრუნებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს თანხით; აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელემ გადაიხადა 14350 აშშ დოლარი; რაც შეეხება პირგასამტეხლოს, აღნიშნული თანხიდან 12475 აშშ დოლარი ჩაითვალა პირგასამტეხლოს ანგარიშში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა კანონშესაბამისად შემცირდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 0,03%-მდე და არ არსებობდა მითითებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

29. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება, რომლითაც პირგასამტეხლო 51030 აშშ დოლარი შეამცირა 0,03%-მდე, რაც თანხობრივად შეადგენდა 5103 აშშ დოლარს.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდგომ, მოსარჩელეს გადახდილი ჰქონდა 12 475 აშშ დოლარი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მას უნდა დაკლებოდა პირგასამტეხლო - 5103 აშშ დოლარი, 8 თვის სარგებელი - 7000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 372 აშშ დოლარი კი უნდა გამოკლებოდა სესხის ძირითად თანხას - 17 500 აშშ დოლარს, რის შემდეგაც მოსარჩელეს საბოლოოდ გადასახდელი დარჩებოდა 17 128 აშშ დოლარი.

31. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე, 417-ე მუხლებით და უდავოდ მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო გამოითვლებოდა გადასახდელი პროცენტიდან, რომელიც მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა გადაუხდელი პროცენტის 0,3%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე მუხლებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შეთანხმებული (შემდგომში კი დაკისრებული) პირგასამტეხლო სამართლიანი და გონივრული უნდა იყოს და კეთილსინდისიერების პრინციპს უნდა ემყარებოდეს.

32. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კანონშესაბამისად, გონივრულად და სამართლიანად იქნა შემცირებული პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი და განისაზღვრა მისი ოდენობა გადაუხდელი თანხის 0,03%-ით.

33. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

34. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, გასცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს და მოსარჩელეს დააკისრა დამატებითი თანხის - 8 თვის სარგებლის 7000 აშშ დოლარის გადახდა, ისე რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული დავალიანების შემცირება, სადაც 8 თვის სარგებელი საერთოდ არ არის ნახსენები და არც მოპასუხე მხარეს აღუძრავს შეგებებული სარჩელი. გამომდინარე იქედან, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ სარგებლის დარიცხვა ვერ მოხდება, თუ მხარეებმა სათანადო წესით ცვლილება არ შეიტანეს ხელშეკრულებაში, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული 7000 აშშ დოლარიც უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითად თანხაში.

35. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაეკისრა 8 თვის სარგებლის გადახდა, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან აღნიშნულ გადაწყვეტილებაში 8 თვის სარგებელი ნახსენებია მხოლოდ ერთხელ, შემდეგი ფორმულირებით: 2014 წლის 9 ოქტომბერს კერძო აღმასრულებელმა რ. ს-ემ მოვალე მ. ხ-ს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და განუმარტა, რომ მ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ძირი თანხის 17 500 აშშ დოლარისა და სარგებლის 8 თვის თანხის (თვეში 875 აშშ დოლარი) სულ 7000 აშშ დოლარის გადახდა“, სხვა გრაფაში ან სხვა კონტექსტში 8 თვის სარგებელი არსად ფიქსირდება და ვერც დაფიქსირდებოდა, რადგან სადავო იყო ნოტარიუს დ. ო-ის მიერ 2012 წლის 4 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი და არა - კერძო აღმასრულებელ რ. ს-ის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. კასატორის განცხადებით, არცერთ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, რომ მოსარჩელეს 8 თვის სარგებლის გადახდა ეკისრებოდა.

36. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ დასკვნებს. კერძოდ, 4.13 პუნქტში აღნიშნულია, რომ „მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ვადა გაგრძელდა 8 თვემდე“, ასევე, 4.15 პუნქტში კონკრეტულად არის მითითებული, რომ „სესხი, რომელიც დაიდო მხარეთა შორის, იყო არა 3 თვის ვადით, არამედ 8 თვის ვადით დადებული“ ანუ, რადგან ხელშეკრულება დაიდო 2011 წლის 3 თებერვალს, მასზე სარგებლის დარიცხვა უნდა შეწყვეტილიყო 8 თვის შემდეგ - 2011 წლის 3 ოქტომბერს.

37. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული 8 თვის სარგებლის გადახდა დააკისრა მოსარჩელეს, ამასთან, მიუთითა, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროს მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ სარგებელთან დაკავშირებით დავალიანება არ გააჩნდა და სწორედ ამის გამო არ იყო მითითებული სარგებელი სააღსრულებო ფურცელში, მაშინ როდესაც სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2012 წლის 4 მაისს, მაგრამ სასამართლოს მიერ დაკისრებული 8 თვის სარგებელი არის 2011 წლის თებერვლიდან ამავე წლის ოქტომბრამდე დარიცხული სარგებელი.

38. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე უსამართლოდ შეამცირა პირგასამტეხლო მხოლოდ 0,03%-მდე, რადგან კრედიტორის მხრიდან განზრახ ხდებოდა დროის გაჭიანურება სესხის ძირითად თანხაზე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დარიცხვის მიზნით და მისი ოდენობა უნდა შემცირდეს 0,001 %-მდე.

39. კასატორი ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო გამოითვლებოდა გადასახდელი პროცენტის 0,3%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. თუ პირგასამტეხლო ანგარიშდებოდა გადასახდელი 8 თვის სარგებლიდან - 7000 აშშ დოლარიდან, მაშინ, მისი მოსაზრებით, პირგასამტეხლოს ოდენობა 51300 აშშ დოლარი ვერ იქნებოდა.

40. საკასაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არაფერია ნათქვამი მოპასუხის ხელწერილზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ყოველი თვის 5 რიცხვში იხდიდა სარგებელს 875 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ხელწერილი გაცემულია 2014 წლის ივლისის თვეში, ხოლო სააღსრულებო ფურცელი კერძო აღმასრულებელს წარდგენილი აქვს 2014 წლის ოქტომბრის თვეში. კასატორმა აღნიშნა, რომ, თუ კრედიტორი ადასტურებდა 18 ივლისამდე სარგებლის სრულად გადახდას, 8 თვის სარგებლის დარიცხვა ვერ მოხდებოდა, რადგან 2014 წლის ივლისიდან 2014 წლის ოქტომბრამდე 8 თვე საერთოდ არ არის.

41. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

42. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 იანვრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

43. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მაისის განჩინების ის ნაწილი, რომლითაც უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხის 17 128 აშშ დოლარამდე შემცირების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

44. საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელისთვის 2011 წლის 3 თებერვალს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8 თვის სარგებლის - 7000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების, აგრეთვე, პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება 0,3%-დან 0,03%-მდე, ნაცვლად 0,001%-სა. საკასაციო სასამართლო კასატორის თითოეულ პრეტენზიას განიხილავს ცალ-ცალკე.

45. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

46. საკასაციო პალატა თვლის, რომ სარგებლის დაკისრების ნაწილში კასატორის მიერ წარმოდგენილია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

47. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განჩინება ამ ნაწილში იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.

48. ზემოაღნიშნულ საკითხზე განჩინების მიღებისას, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში განთავსებული, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, იმავე მხარეებს შორის ნაწარმოებ დავაზე და მიუთითა აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2011 წლის 3 თებერვალს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს გადასახდელი აქვს რვა თვის სარგებელი 7000 აშშ დოლარი, სახელდობრ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლის თანახმად, სესხი არ იყო 3-თვიანი და მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა გადაეხადა მხოლოდ 3 თვის სარგებელი. ასეთი დასაბუთებითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ვადა გაგრძელდა 8 თვემდე.

49. საკასაციო სასამართლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესწავლის შედეგად, მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ სესხის ხელშეკრულების ვადა არ იყო 3-თვიანი და, მაშასადამე, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ვადა გაგრძელდა 8 თვემდე.

50. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც, თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. დასახელებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შინაარსს (იხ. სუსგ №ას-824-790-2016, 2016 წლის 23 დეკემბერი).

51. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პრეიუდიციული ძალის მქონე არ არის გადაწყვეტილების/განჩინების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ყველა გარემოება, ასევე, პრეიუდიციული ძალა არ ვრცელდება ამ ფაქტების სამართლებრივ შეფასებაზე. ეს საკითხი უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, სასამართლოს მიერ დადგენილი რომელი ფაქტები ამართლებს სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებულ დასკვნებს (იხ. სუსგ №ას-341-326-2016, 21 ოქტომბერი, 2016 წელი).

52. საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიმართავს 2015 წლის 17 მარტის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლის დავის საგანს წარმოადგენდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული დავალიანების გაუქმება, უსაფუძვლო გამდიდრების წესებით მოპასუხისათვის ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნება.

53. კანონიერ ძალაში შესული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელე განმარტავდა, რომ მას სრულად ჰქონდა გადახდილი სესხის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი, ხოლო 2011 წლის 3 მაისიდან - ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ კრედიტორისათვის გადახდილმა თანხამ შეადგინა 13825 აშშ დოლარი (ს.ფ. 51). მოპასუხის განმარტებით კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ასევე პირგასამტეხლო, შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლის გაცემით შეწყდა პროცენტის დარიცხვა, მაგრამ გაგრძელდა პირგასამტეხლოს დაკისრება. მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხა აკლდებოდა არა ძირ თანხას, არამედ - პირგასამტეხლოს (ს.ფ. 52).

54. მოცემულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებული ვალდებულებები ჯეროვნად არ შესრულებულა მოსარჩელის მიერ, რის გამოც არ არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი (ს.ფ. 57). ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა 2011 წლის 3 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 21-ე მუხლზე, რომლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება წყდება: ა) მხარეთა მიერ ვალდებულებათა სრულად შესრულებით; ბ) აუქციონზე იპოთეკის საგნის რეალიზაციის ან იპოთეკარის საკუთრებაში მისი გადასვლის შედეგად; გ) მხარეთა შეთანხმებით; დ) ამ ხელშეკრულებით და/ან კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 30-ე მუხლზე, რომლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისა და სანოტარო წესით დადასტურებისთანავე და იგი ძალაშია მხარეთა მიერ ვალდებულებათა სრულად შესრულებამდე (ს.ფ. 58).

55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ ხელშეკრულება სათანადო წესით არ გაგრძელებულა და ხელშეკრულების ვადა გავიდა 2011 წლის 3 მაისს.

56. საქალაქო სასამართლომ მოცემული მსჯელობა განავითარა და აღნიშნა, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდეგ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის გადარიცხულმა თანხებმა შეადგინა 12475 აშშ დოლარი, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ 2011 წლის 3 მაისიდან მოპასუხისთვის 32375 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი არ დასტურდებოდა, ხოლო საქმეში არსებული 2014 წლის 18 ივლისით დათარიღებული მოპასუხის ხელწერილი ასეთ მტკიცებულებად ვერ მიიჩნეოდა, რადგან მასში არ იყო მითითებული, თუ რა პერიოდზე იყო საუბარი. საქალაქო სასამართლომ გამოთქვა ვარაუდი, რომ, შესაძლოა, მოპასუხე მიუთითებდა სააღსრულებო ფურცლის ამოწერამდე პერიოდზე, რადგან სააღსრულებო ფურცლის მიხედვით სარგებელთან დაკავშირებით დავალიანება არ არსებობდა, მოსარჩელეს გააჩნდა მხოლოდ ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს დავალიანება. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელწერილი სწორედ ამ გარემოებას ადასტურებდა უტყუარად. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის განმარტება, რომ სესხი იყო სამი თვის ვადით და მოსარჩელეს მოპასუხისთვის ხელშეკრულების თანახმად უნდა გადაეხადა მხოლოდ სამი თვის სარგებელი. აღნიშნული დასკვნის შემდგომ საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ფულადი გზავნილები უნდა ჩათვლილიყო პირგასამტეხლოდ ვადაგადაცილებისთვის და არა - ძირითად თანხად. საბოლოოდ, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება არ დასტურდებოდა საქმეში არსებული მტკიცებულებებით, შესაბამისად, არ არსებობდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული დავალიანების გაუქმების საფუძველი.

57. საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოს არც უმსჯელია და არც დაუდგენია, თუ რამდენი თვის სარგებელი უნდა გადაეხადა მოსარჩელეს. კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა ძირითადად მიმართულია იქითკენ, რომ მოსარჩელეს მხოლოდ სამი თვის სარგებელი არ ჰქონდა გადასახდელი, რადგან ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დარიცხვას.

58. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომლის თანახმადაც, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2011 წლის 3 თებერვალს დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს გადასახდელი აქვს რვა თვის სარგებელი 7000 აშშ დოლარი და, შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ვადა გაგრძელდა 8 თვემდე.

59. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე 2012 წლის 4 მაისს ნოტარიუს დ. ო-ის მიერ გაცემულ №… სააღსრულებო ფურცელზე, რომლითაც განისაზღვრა მოვალის - მოსარჩელის ფულადი ვალდებულების მოცულობა კრედიტორის - მოპასუხის მიმართ. კერძოდ, 2011 წლის 8 ივლისის მდგომარეობით შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 22 225 აშშ დოლარით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა იყო 17500 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 4 725 აშშ დოლარი, აგრეთვე, დამატებით სანოტარო აქტის აღსრულებამდე (იპოთეკის საგნის რეალიზაციამდე) სესხის ძირითად თანხასა და პროცენტის თანხაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო - 0,3% ყოველ დღეზე (რაც გაგრძელდება ამ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების დაწყების დღემდე).

60. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დასტურდება, რომ მოსარჩელეს 2011 წლის 8 ივლისის მდგომარეობით სესხზე სარგებელი არ ერიცხებოდა, შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ უნდა დაეკისროს სესხზე 8 თვის სარგებლის სახით 7000 აშშ დოლარის გადახდა.

61. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

62. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით პრეიუდიციული წესით დადგენილად მიიჩნია ისეთი ფაქტები, რომლებიც რეალურად არ ყოფილა დადგენილი აღნიშნულ საქმეზე, შესაბამისად, სასამართლომ ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი სამართლებრივი დასკვნა სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე.

63. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის რვა თვის სარგებლის - 7000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში მოკლებულია დასაბუთებას და უნდა გაუქმდეს.

64. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის, აგრეთვე, სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების ფარგლებს, კერძოდ, მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს 0,3%-იდან 0,03%-მდე შემცირება არ არის საკმარისი და ითხოვს მის დამატებით შემცირებას 0,001%-მდე.

65. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ №ას-536-512-2016, 4 ოქტომბერი, 2016 წელი).

66. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ №ას-536-512-2016, 4 ოქტომბერი, 2016 წელი).

67. სასამართლოს სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, უფლება აქვს დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

68. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი).

69. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას პირგასამტეხლოს 0,03%-მდე შემცირების ნაწილში და მიუთითებს, რომ, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მოვალის მიერ არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანი თანაზომიერია პირგასამტეხლოს ოდენობასთან, შესაბამისად, არ არსებობს მისი დამატებით შემცირების საფუძველი.

70. საკასაციო სასამართლო მოსარჩელის ყურადღებას მიაქცევს იმაზე, რომ მისივე განმარტებით პირგასამტეხლოს 0,001%-მდე შემცირების შემთხვევაში მას დაეკისრება 252 აშშ დოლარის გადახდა, რაც 17500 აშშ დოლარის სესხის დაბრუნების ვადის დარღვევასთან მიმართებით არ შეიძლება ჩაითვალოს თანაზომიერად.

71. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად(იხ. სუსგ №ას-1158-1104-2014, 2015 წლის 6 მაისი).

72. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ნიშნულამდე პირგასამტეხლოს შემცირებით პირგასამტეხლო დაკარგავს თავის ძირითად პრევენციულ და ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

73. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები №ას-671-637-2015, 2015 წლის 14 აგვისტო; №ას-466-448-2016, 2016 წლის 7 სექტემბერი).

74. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება,

75. საკასაციო პალატამ მოცემული გადაწყვეტილების წინა პუნქტებით დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკისრა მოსარჩელეს რვა თვის სარგებელი - 7000 აშშ დოლარი.

76. საკასაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

77. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს განჩინების 4.5, 4.23 და 4.24 პუნქტებზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებაა, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდგომ მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 12475 აშშ დოლარი და, ამასთან, შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 5103 აშშ დოლარს.

78. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილ 12475 აშშ დოლარს უნდა დააკლდეს პირგასამტეხლო 5103 აშშ დოლარი და დარჩენილი 7372 აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს სესხის ძირ თანხას - 17500 აშშ დოლარს, რის შემდეგაც საბოლოოდ მოსარჩელეს გადასახდელი დარჩება სესხის ძირითადი თანხა - 10128 აშშ დოლარი.

79. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

80. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე საკასაციო საჩივრით ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტს, რომლითაც უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და მის მიერ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხის 17128 აშშ დოლარამდე შემცირების თაობაზე.

81. ვინაიდან მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მას მოპასუხის სასარგებლოდ დაკისრებული სესხის ძირითადი თანხა შეუმცირდა 10128 აშშ დოლარამდე, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2883,92 ლარის გადახდა (მოსარჩელეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად შეუმცირდა სესხის ძირითადი თანხა 7372 აშშ დოლარით. მას სარჩელით მოთხოვნილი ჰქონდა სესხის ძირითადი თანხის 14098 აშშ დოლარით (3402 აშშ დოლარამდე) შემცირება. შესაბამისად, დაკმაყოფილდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის 52% და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სამივე ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5546 ლარის 52%-ის - 2883,92 ლარის გადახდა).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მაისის განჩინების ის ნაწილი, რომლითაც უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-2 (მ. ხ-ის მიერ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა შემცირდეს 17 128 აშშ დოლარამდე) და მე-3 (მ. ლ-ეს მ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილი - 497.61 ლარი) პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. მ. ხ-ის მიერ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა შემცირდეს 10128 აშშ დოლარამდე;

5. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი;

6. მ. ლ-ეს (პ/ნ: …) მ. ხ-ის (პ/ნ: …) სასარგებლოდ დაეკისროს მ. ხ-ის მიერ სამივე ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5546 ლარის 52% - 2883,92 ლარის გადახდა;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე