Facebook Twitter

№ ას-799-766-2016 8 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. თ-ე (მოსარჩელე გ. თ-ის უფლებამონაცვლე)

II საკასაციო საჩივრის ავტორები - ქ. თ-ე, ე. ლ-ი (მოსარჩელე გ. თ-ის უფლებამონაცვლები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს...“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება

I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მიუღებელი სარჩოს - 24 322 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება

დავის საგანი – სარჩოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ. თ-ემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს…ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ბოლო სამი წლის მიუღებელი სარჩოს ერთობლივი თანხის 19 722 ლარის, ასევე, 2013 წლის სექტემბრის თვიდან ყოველთვიურად 1125 ლარის გადახდის დაკისრება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

2. მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში ელმავლის მემანქანედ. 1983 წლის 3 ნოემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული საწარმოო ტრავმის შედეგად, მოსარჩელემ დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 90%-ით. იგი 1984 წლის იანვრის თვიდან მოპასუხისაგან ყოველთვიურად იღებს საწარმოო ტრავმის სარჩოს. ბოლო სამი წლის განმავლობაში სარჩოს ოდენობა შეადგენდა თვეში 407,87 ლარს. მოპასუხის მიერ გაცემული სახელფასო ცნობის თანახმად, ელმავლის მემანქანის ყოველთვიური ხელფასი შეადგენს: 2010 წლის მაისიდან 687,69 ლარს; 2011 წლის 1 მარტიდან - 1050 ლარს, 2012 წლის 30 მარტიდან - 1150 ლარს; 2012 წლის 1 დეკემბრიდან - 1250 ლარს. მოსარჩელის მტკიცებით, ელმავლის მემანქანის ხელფასის ზრდის მიუხედავად საწარმოო ტრავმის სარჩოს ოდენობა მოპასუხეს მისთვის არ გაუზრდია. შესაბამისად, მოსარჩელემ მიუთითა, რომ სამი წლის მანძილზე მოპასუხემ მას დააკლო და არ მისცა ჯამში 19 722 ლარი.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნა უსაფუძვლოა სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი არ ითვალისწინებს დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების წესს. ამასთან, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება. ახალი წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ყოველთვიური სარჩო გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის განჩინებით მოსარჩელის გარდაცვალების გამო შეჩერდა საქმის წარმოება უფლებამონაცვლის დადგენამდე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს განჩინებით საქმის წარმოება განახლდა, მოსარჩელე შეიცვალა მისი უფლებამონაცვლეებით და მოსარჩელეებად დადგინდნენ თ. თ-ე, ქ. თ-ე და ე. ლ-ი (შემდგომში - „მოსარჩელეები“, „კასატორები“).

6. მოსარჩელეებმა დაზუსტებული სარჩელით მოითხოვეს თავდაპირველი მოსარჩელის მიერ მიუღებელი სარჩოს 24 322 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სარჩოს გადახდა 24 322 ლარი საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით (მათ შორის, ქ. თ-ისა და ე. ლ-ის სასარგებლოდ თანხის 2/3 ნაწილი სოლიდარულად, ხოლო თ. თ-ის სასარგებლოდ თანხის 1/3 ნაწილი).

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოსარჩელეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

11. მოსარჩელემ, რომელიც მოპასუხე კომპანიაში მუშაობდა ელმავლის მემანქანედ, 1983 წლის 3 ნოემბერს მიიღო საწარმოო ტრავმა და დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 90%-ით.

12. მოსარჩელე 2013 წლის აგვისტოს მონაცემებით იღებდა საწარმოო ტრავმის პენსიას 407,87 ლარის ოდენობით. 2010 წლის მაისიდან ელმავლის მემანქანის ხელფასი შეადგენს 687.69 ლარს, 2011 წლის 1 მარტიდან -1050 ლარს, 2012 წლის 30 მარტიდან - 1150 ლარს, 2012 წლის 1 დეკემბრიდან - 1250 ლარს.

13. მოსარჩელე გარდაიცვალა 2013 წლის 31 დეკემბერს. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 3 ივლისის სამკვიდრო მოწმობების თანახმად, მოსარჩელის, როგორც მამკვიდრებლის, სამკვიდროს 2/3 წილი თანაბარწილად მიიღეს ქ. თ-ემ და ე. ლ-მა, ხოლო თ. თ-ემ მიიღო სამკვიდროს 1/3 წილი.

14. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი იყო არა სარჩოს დაწესება, არამედ - უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშება. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში კვლევისა და შეფასების საგანი იყო სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეთა სასარგებლოდ, მოპასუხისათვის გაზრდილი (გადაანგარიშებული) სარჩოს დაკისრების მართლზომიერება.

15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასებულიყო, თუ რა დრომდე იყო ძალაში რჩენის ვალდებულება, კონკრეტულად უნდა დადგენილიყო, არსებობდა თუ არა მარჩენალდაკარგული მოსარჩელეებისათვის, მოქმედი მემანქანის ხელფასის მიხედვით, სარჩოს გადაანგარიშების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

16. სააპელაციო პალატის განმარტებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მართებულად უნდა შეფასებულიყო, თუ როდემდე იქნებოდა ვალდებული მარჩენალი, ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფი პირები, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. განსახილველ დავაში, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება დადგა 1983 წელს, როდესაც, საწარმოს ბრალით, მიღებული ტრავმის შედეგად, მისმა მემანქანემ, 55 წლის ასაკში (ტომი 1, ს.ფ. 12) დაკარგა შრომის უნარი 90%-ით და ამის გამო ვეღარ შეასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, პრეზუმირებულია, რომ მემანქანე იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც იმხანად მოქმედი შრომის კოდექსის (1973 წლის 28 ივნისის რედაქციით) მიხედვით, მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა.

17. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ მოპასუხეს აღიარებული ჰქონდა ვალდებულება, მის მიერ მიყენებული ტრავმის გამო, მარჩენალდაკარგული მოსარჩელეებისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდაზე, რასაც ასრულებდა კიდეც, აღნიშნულ ფაქტზე მხარეები არ დავობდნენ. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დაუსაბუთებელი იყო სასარჩელო მოთხოვნა, სარჩენის სასარგებლოდ, სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე, მოქმედი მემანქანის ხელფასის ცვლილების საფუძველზე, რადგან მარჩენალი გარდაიცვალა 2013 წელს, 85 წლის ასაკში. სააპელაციო პალატის განმარტებით, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, იგი იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე და სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული, ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფი პირები. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის საფუძველზე, საწარმოს - ზიანის მიმყენებელს სარჩოს მიცემის ვალდებულება უნდა შეესრულებინა მანამდე, ვიდრე საწარმოს ბრალით დაზარალებული თანამშრომელი იქნებოდა ვალდებული, ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფნი, ანუ ეხადა სარჩო სარჩენი პირებისათვის.

18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში საწარმოს მიერ აღებული ვალდებულება მისი ბრალით დამდგარი ზიანის ანაზღაურების ნაწილში სრულდებოდა მარჩენალის სიცოცხლეში, როდესაც ამ უკანასკნელმა საწარმოს ბრალით დაკარგა შრომის უნარი და - მისი გარდაცვალების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, ცხადი იყო, რომ 85 წლის ასაკში, ელმავლის მემანქანედ ვეღარ იმუშავებდა პირი.

19. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე გარდაცვალებამდე იღებდა საწარმოო ტრამვის შედეგად დანიშნულ სარჩოს. მარჩენალდაკარგული მოსარჩელეებისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება მოცემულ შემთხვევაში მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავაც ეკისრებოდა საწარმოს, თუმცა, 2010-2012 წლებში გაზრდილ ხელფასებზე მისადაგებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული, რის გამოც, უნდა დაკმაყოფილებულიყო სააპელაციო განაცხადი და გაუქმებულიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელე თ. თ-ემ და მოსარჩელეებმა ქ. თ-ემ და ე. ლ-მა შეიტანეს საკასაციო საჩივრები და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

21. კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოება დაიწყო მათი მამის, გ. თ-ის, სარჩელის გამო, რომელიც ითხოვდა მოპასუხე ორგანიზაციისაგან ყოველთვიურად მიღებული სარჩოს გადაანგარიშებას ხელფასის ცვლილების შესაბამისად. შესაბამისად, მისი გარდაცვალების შემდეგ, საქმეში უფლებამონაცვლეებად ჩართული მისი შვილების, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეების, მოთხოვნასაც სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენდა სწორედ ის მიუღებელი შემოსავალი, რაც მამკვიდრებელს ეკუთვნოდა, მაგრამ არ მიუღია. მოსარჩელეებს არ მოუთხოვიათ სარჩო მარჩენალის დაკარგვის გამო. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

22. ასაკობრივ ცენზთან დაკავშირებით, კასატორებმა აღნიშნეს, რომ არც სასამართლოს მიერ მოხმობილი სამოქალაქო კოდექსის ნორმა და არც შრომის კოდექსი მსგავსი ურთიერთობის დასარეგულირებლად კონკრეტულ ასაკს არ აწესებს. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინებებით მოსარჩელე თ. თ-ისა და მოსარჩელეების ქ. თ-ისა და ე. ლ-ის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

27. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თავდაპირველი მოსარჩელის (აწ გარდაცვლილი გ. თ-ის) მიერ სარჩელით მოთხოვნილი იყო საწარმოო ტრავმის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის გამო დანიშნული სარჩოს გადაანგარიშება და ბოლო სამი წლის (2010-2013 წლების) მიუღებელი სხვაობის მოპასუხისთვის დაკისრება.

28. დადგენილია ასევე, რომ განსახილველ დავაში მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება დადგა 1983 წელს, როდესაც, საწარმოს ბრალით, მიღებული ტრავმის შედეგად, მან 55 წლის ასაკში დაკარგა შრომის უნარი 90 %-ით. სადავო არ არის, რომ საწარმოს მიერ აღებული ვალდებულება, მისი ბრალით დამდგარი ზიანის ანაზღაურების ნაწილში სრულდებოდა მოსარჩელის სიცოცხლეში.

29. საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას, 85 წლის ასაკში, გარდაიცვალა მოსარჩელე და მის უფლებამონაცვლეებად საქმეში ჩაბმულ იქნენ პირველი რიგის მემკვიდრეები, შვილები, რომლებმაც მოითხოვეს იმ მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისთვის დაკისრება, რაც, მათი მოსაზრებით, მამკვიდრებელს ეკუთვნოდა, მაგრამ არ მიუღია.

30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელის უფლებამონაცვლეების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არსებითად სწორია მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლი - ზიანის ანაზღაურების საფუძველი დაზარალებულის გარდაცვალებისას). ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევით, აღნიშნულს არსებითად არ უმოქმედია საქმის განხილვის შედეგზე.

31. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ დავაში სასამართლოს შეფასების საგანია არა მარჩენალის გარდაცვალების გამო სარჩენის სასარგებლოდ საწარმოსთვის დაკისრებული სარჩოს ოდენობის გადაანგარიშების (სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის მიხედვით), არამედ საწარმოო ტრამვის შედეგად მუშაკისათვის მიყენებული ზიანის გამო მისთვის დანიშნული სარჩოს მიუღებელი სხვაობის გარდაცვლილი მოსარჩელის უფლებამონაცვლე მემკვიდრეების სასარგებლოდ ანაზღაურების დაკისრების მართებულობა. აღნიშნული საკითხი კი უნდა შეფასდეს სამოქალაქო კოდექსის 408, 992-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, რაზეც დადგენილია უზენაესი სასამართლოს მყარი პრაქტიკა.

32. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელის სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მართებულად შეფასდეს, თუ რა დრომდეა იქნებოდა ვალდებული ზიანის მიმყენებელი გადაეხადა კომპენსაცია დაზარალებულისათვის, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, კონკრეტულად უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა დაზარალებულისათვის (მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის მემკვიდრეთათვის) მოქმედი ელმავლის მემანქანის ხელფასის მიხედვით, ზიანის ასანაზღაურებლად თანხის გადაანგარიშების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში (იხ. მაგ. სუსგ №ას-1220-1145-2015, 3 ივნისი, 2016 წელი) აღნიშნულია: ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, პრეზუმირებულია, რომ დასაქმებული იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც იმხანად მოქმედი შრომის კოდექსის (1973 წლის 28 ივნისის რედაქციით) მიხედვით, მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, ცხადია, დაზარალებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა, დაზარალებულისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავაც ეკისრება საწარმოს. გაზრდილ ხელფასზე მისადაგებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება კი ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული. ამრიგად, ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დაზარალებული დასაქმებულის სასარგებლოდ სარჩოს გადახდის ვალდებულება საწარმოს ეკისრება დაზარალებულის სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო გაზრდილი სარჩოს გადაანგარიშება მისი საპენსიო ასაკის მიღწევამდეა შესაძლებელი.

34. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზარალებული (თავდაპირველი მოსარჩელე) ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომიდან (1983 წელი) მოპასუხისგან ყოველთვიურად იღებდა სარჩოს, ხოლო მოქმედი მემანქანის გაზრდილი (გადაანგარიშებული) ხელფასის გათვალისწინებით სარჩოს მოთხოვნით მან სასამართლოს მიმართა 2013 წელს, 82 წლის ასაკში. ამრიგად, არ არსებობდა საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მის მიერ 2010-2013 წლების გაზრდილი სარჩოს მოთხოვნისა და, შესაბამისად, მოსარჩელის უფლებამონაცვლეების სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

35. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

36. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ სუსგ-ები №ას-1220-1145-2015, 3 ივნისი, 2016 წელი; №ას-789-746-2015, 22 იანვარი, 2016 წელი, სადაც განმარტებულია დაზარალებული დასაქმებულისთვის გაზრდილი (გადაანგარიშებული) კომპენსაციის ანაზღაურების წესი და სამართლებრივი წინაპირობები), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. თ-ის, ქ. თ-ისა და ე. ლ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ. თ-ის, ქ. თ-ისა და ე. ლ-ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე