Facebook Twitter

საქმე №ას-1149-1105-2016 31 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ვ-9" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ს-ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - შპს „G-2"

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. ს-იმ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ვ-9"-ისა და შპს „G-2"-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 252 536 ლარის გადახდა, ხოლო უძრავი ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ვ-9"-მ და შპს „G-2"-მა. ასევე, შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. ს-იმ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ვ-9"-ისა და შპს „G-2"-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გ. ს-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სარჩელის დაკმაყოფილებისა და საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ვ-9“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 252 536 ლარის გადახდა; გ. ს-ის სარჩელი შპს „G-2"-ისათვის თანხის დაკისრებისა და უძრავი ქონების საწესდებო კაპიტალში შეტანის თაობაზე მოპასუხეებს შორის 2012 წლის 20 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა; ასევე, განაწილდა პროცესის ხარჯები; დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; შპს „G-2"-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ვ-9"-ისა და შპს „G-2"-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გ. ს-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ს-ის სარჩელზე შპს „G-2"-სათვის შპს „ვ-9“-სთან ერთად სოლიდარულად თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა; გ. ს-ის შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შპს „ვ-9"-სა და შპს „G-2"-ს შორის 2012 წლის 20 სექტემბერს დადებული გარიგება უძრავი ქონების საწესდებო კაპიტალში შეტანის თაობაზე; შპს „ვ-9“-ს გ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 252 536 ლარის გადახდა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ვ-9"-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით შპს „ვ-9“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინება დარჩა უცვლელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მიღებულ უნდა იქნას დამატებითი გადაწყვეტილება და კერძო საჩივრის ავტორს დაეკისროს საქართველოს უზენაესის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

13. მითითებული ნორმით კანონმდებელი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ ძირითადი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, რომლითაც მოწესრიგდება სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებული, გადასაწყვეტი საკითხები.

14. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შპს „ვ-9“-ს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით შპს „ვ-9“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინება დარჩა უცვლელი;

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კერძო საჩივრისათვის, შეადგენს 50 ლარს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებული საკითხი არ გადაწყვეტილა, არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი წინაპირობა, კერძოდ, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინების საფუძველზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 261-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებაზე მიღებულ იქნას დამატებითი გადაწყვეტილება;

2. კერძო საჩივრის ავტორს შპს „ვ-9“-ს (ს/კ: …) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა;

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე