№აs-755-706-2017 11 ივლისი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "ა.დ." (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი :
1. ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტსა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი კასატორი, შემსყიდველი, შემკვეთი ან ბენეფიციარი) და შპს „ბ,ჯ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მიმწოდებელი, მენარდე ან პრინციპალი) შორის 2013 წლის 12 დეკემბერს ნარდობის ხელშეკრულება დაიდო {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის,შემდეგში სსკ-ის, 629-ე მუხლის პირველი ნაწილი}.
2. მენარდემ 2014 წლის 30 მარტამდე ქ. თბილისში, მარტივი ტიპის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნების მოწყობისა და აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების შესრულების ვალდებულება იკისრა. ხელშეკრულების ღირებულება 1 549 999,98 ლარით განისაზღვრა.
3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „სადაზღვევო კომპანია ა.ჯ–მა“, რომლის უფლებამონაცვლეც მოგვიანებით სს „ა.დ.“ (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, სადაზღვევო კომპანია ან გარანტი) გახდა, 2013 წლის 26 დეკემბერს გასცა სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია (შემდეგში: საბანკო გარანტია) 500 000 ლარზე, რომელიც 2013 წლის 26 დეკემბრიდან 2013 წლის 30 აპრილის ჩათვლით მოქმედებდა. იმავე დღეს, გარანტორმა ხელმეორედ გაცემული საბანკო გარანტიით გარანტიის მოქმედების ვადა 2014 წლის 1 მაისიდან 2014 წლის 1 ივლისის ჩათვლით გააგრძელა, გარანტიის სხვა პირობები უცვლელად დარჩა {სსკ-ის 879-ე და მომდევნო მუხლები}.
4. გარანტმა პრინციპალის მიერ პროექტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისათვის გადახდილი თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა. ამასთან, ბენეფიციარის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი მოთხოვნა გარანტს უნდა წარდგენოდა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში. მოთხოვნის წარდგენად ჩაითვლებოდა წერილობითი მოთხოვნის უშუალოდ გარანტისათვის ჩაბარება. მოთხოვნის ელექტრონულად, ფაქსით ან სხვა საშუალებით წარდგენა არ დაიშვებოდა.
5. 2013 წლის 27 დეკემბერს, შემკვეთმა მენარდეს ავანსი, 500 000 ლარი, მისი მომსახურე ბანკის (სს „რ.ბ.“) ანგარიშზე ჩაურიცხა.
6. ნარდობის ხელშეკრულების შესრულებას უზრუნველყოფდა 2013 წლის 31 დეკემბერს სს „პ–ის“ 500 000 ლარზე გაცემული საავანსო გადახდის გარანტიაც. გარანტია მოქმედებდა 2014 წლის 2 მაისის ჩათვლით. მისი ძალაში შესვლა მხარეებმა დაუკავშირეს სს „პ–ში“ პრინციპალის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე საავანსო თანხის ჩარიცხვის დღეს {სსკ-ის 884-ე მუხლი}. 2013 წლის 31 დეკემბერს, მოსარჩელემ მენარდეს სს „პ.ბ–ში“ არსებულ საბანკო ანგარიშზე საავანსო თანხა ჩაურიცხა {იხ. ს.ფ. 31}.
7. მენარდემ მხოლოდ 516 882,92 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა.
8. მოსარჩელემ მოპასუხეს (გარანტს) 2014 წლის 3 ივნისსა და იმავე წლის 15 ივლისს გაუგზავნა წერილობითი მოთხოვნა 483 117,08 ლარის გადახდის შესახებ {სსკ-ის 885-ე მუხლი} წერილები გარანტს 2014 წლის 15 ივლისს ჩაჰბარდა.
9. 2014 წლის 19 აგვისტოს, მოპასუხემ უარი განაცხადა საგარანტიო თანხის გადახდაზე, იმ მოტივით რომ ბენეფიციარის მოთხოვნა არ შეესაბამებოდა გარანტიის პირობებს და მოთხოვნა წარდგენილი იყო ვადის დარღვევით {სსკ-ის 887-ე მუხლი}.
10. 2014 წლის 8 ოქტომბერს, ბენეფიციარმა სარჩელი აღძრა გარანტორის წინააღმდეგ, საბანკო გარანტიის საფუძველზე თანხის დაკისრების მოთხოვნით. მისი მტკიცებით, მენარდემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შესაბამისად, მის მიერ გადახდილი ავანსი ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას, რის გამოც, შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს საგარანტიო თანხის ანაზღაურება 483 117,08 ლარის ოდენობით უნდა დაჰკისრებოდა.
11. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ მენარდემ გარანტიის ფარგლებში გადარიცხული საავანსო თანხა აითვისა მიზნობრივად, კერძოდ, მოახმარა სამშენებლო სამუშაოებს. შესაბამისად, შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების მიხედვით მის მიერ გაცემული გარანტია უნდა გაქვითულიყო. გარდა ამისა, მოპასუხის მტკიცებით, საგარანტიო თანხის ანაზღაურების მოთხოვნა წარდგენილ იქნა გარანტიის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, რაც გამორიცხავდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 879-ე, 880-ე, 885-ე და 887-ე და 51-ე მუხლები.
13. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
13.1. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მოწმის ჩვენება, რომლითაც დასტურდებოდა მოსარჩელის 2014 წლის 3 ივნისის წერილის მოპასუხისათვის იმავე დღეს ჩაბარება.
13.2. უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა, რომ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება უნდა გაქვითულიყო გარანტიის საფუძველზე ჩარიცხული საავანსო თანხიდან;
13.3. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ 2013 წლის 26 დეკემბერს გაცემული საბანკო გარანტიები არ ითვალისწინებდნენ საგარანტიო თანხის შემცირებას სამუშაოების შესრულების პროპორციულად.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
14.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ საბანკო გარანტიის ნაწილში პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იყო, რაც ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა; გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ დასაშვები მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა გარანტიის მოქმედების ვადაში გარანტისათვის მოთხოვნის წარდგენა {სსკ-ის 885-ე მუხლის მეორე ნაწილი}.
15. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით. საკასაციო პრეტენზიები წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტში მითითებული პრეტენზიების ანალოგიურია.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
18.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18.2. განსახილველ შემთხვევაში, საბანკო გარანტიის საფუძველზე თანხის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 879-ე მუხლი {საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე}. მართალია, საბანკო გარანტიის გაცემა და მისი ნამდვილობა სადავო არ არის, მაგრამ ის შედეგი, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მაინც ვერ მიიღწევა, რადგან სახეზეა მოთხოვნის გამომრიცხველი ის გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 885-ე მუხლის მეორე ნაწილით, კერძოდ, დარღვეულია საბანკო გარანტიის საფუძველზე ფულადი თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნის წარდგენის ვადა.
18.3. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოთხოვნა გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდის შესახებ მოპასუხეს წარედგინა არა 2014 წლის 3 ივნისს, როგორც ამას მოსარჩელე ამტკიცებს, არამედ 2014 წლის 15 ივლისს, გარანტიით გათვალისწინებული ვადის დამთავრების შემდეგ. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
18.4. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს წარმოადგენდა იმ ფაქტების დამტკიცება, რომ მისი, როგორც ბენეფიციარის მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები, შეესაბამებოდა გარანტიის პირობებს და ისინი გარანტისათვის წარდგენილი იყო გარანტიით განსაზღვრულ ვადაში.
18.5. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ სარჩელზე დართულ 2014 წლის 3 ივნისის წერილზე, რომლითაც ის მოპასუხისგან, პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 483 117.08 ლარის ანაზღაურებას ითხოვდა. მართალია, დასახელებული დოკუმენტზე დასმულია სადაზღვევო კომპანიის ბეჭედი, თუმცა, წარმოდგენილი დოკუმენტით დგინდება მხოლოდ წერილის შექმნის და არა სადაზღვევო კომპანიისთვის მისი ჩაბარების თარიღი, იგივე ითქმის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 2014 წლის 3 ივნისის რეესტრზეც, რომლითაც არ დგინდება სადავო წერილის სადაზღვევო კომპანიისთვის კასატორის მიერ მითითებული თარიღით ჩაბარების ფაქტი. სადავო წერილის მოპასუხისათვის 2014 წლის 3 ივნისს ჩაბარების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად მოწმის, (მოსარჩელის თანამშრომლის) გ. ყ–ის ჩვენება ვერ გამოდგება, რადგანაც მოპასუხემ აღნიშნული მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ სასამართლოს წარუდგინა მოსარჩელისგან მიღებული სადავო წერილების ასლები, რომლებიც ადასტურებდნენ წერილების 2014 წლის 15 ივლისს მიღების ფაქტს. ამ დასკვნას ისიც ამყარებს, რომ წერილებისთვის მინიჭებული ნუმერაცია თანმიმდევრულია, კერძოდ, 3 ივნისის წერილის ნომერია 14/1522, ხოლო 15 ივლისის წერილის ნომერი კი 14/1523-ია. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი სადაზღვევო კომპანიის კანცელარიის ელექტრონული ბაზიდან, საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელისგან გაგზავნილი რაიმე სახის კორესპონდენცია სადაზღვევო კომპანიაში 2014 წლის 3 ივნისს არ შესულა.
18.6. ამრიგად, ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის მატარებელმა მოსარჩელემ დასაშვები მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა გარანტიის მოქმედების ვადაში გარანტისათვის მოთხოვნის წარდგენა. სსკ-ის 889-ე მუხლი ჩამოთვლის იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც საბანკო გარანტიიდან გამომდინარე გარანტის პასუხისმგებლობა შეწყდება. საბანკო გარანტიაში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ გარანტიიდან გამომდინარე გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე წყდება. საბანკო გარანტიაში საგანგებო დათქმა ამის თაობაზე არ არის აუცილებელი. ბენეფიციარის მიერ დაგვიანებით წარდგენილი მოთხოვნა, სსკ-ის 887-ე მუხლის მიხედვით, არ უნდა დაკმაყოფილდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება გარანტიით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო.
18.7. რაც შეეხება ბენეფიციარის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საბანკო გარანტიის პირობებთან შესაბამისობას, ამ გარემოების კვლევა და შეფასება ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სამართლებრივ სურათს ვერ შეცვლის.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-562-871-09, 2009 წლის 20 ოქტომბრის განჩინება, №ას-1189-1149-2016, 2017 წლის 16 იანვრის განჩინება).
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3 მუხლებით და
დაადგინა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი