საქმე № 330210016001454901
საქმე №ას-734-687-2017 7 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ა.–ი (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ.-ა (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო უძრავი ნივთი ირიცხება მის სახელზე. აღნიშნულ ბინაში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეჭრილია მოპასუხე და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია, სადავო ბინაში შესახლდა გლდანის გამგეობის ხელმძღვანელის ნებართვით, თუმცა შემდგომში აღნიშნული ფართის პრივატიზების უფლება არ მიეცა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლით, მე-60 მუხლის მეორე ნაწილით, 61-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 5 აპრილს და ამოიწურა 2017 წლის 19 აპრილს.
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა სააპელაციო საჩივრით ფოსტას მიმართა 2017 წლის 21 აპრილს, ხოლო საჩივრის შეტანის უკანასკნელი ვადა ამოიწურა 2017 წლის 19 აპრილს.
8. სსსკ-ის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი – 150 ლარის ოდენობით.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
10. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების მიღების შემდეგ აპელანტი გაეცნო საქმის მასალებს და აღმოაჩინა, რომ საქმეს არ ერთვოდა ხელწერილი მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ. მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების ამსახველი დოკუმენტები კი, საქმეში წარმოდგენილია.
11. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება.
12. მხარემ განმარტა, რომ სადავო გადაწყვეტილება ჩაიბარა 2017 წლის 10 აპრილს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეიტანა ამავე წლის 21 აპრილს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
14. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
16. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.
17. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.
18. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).
19. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი კანონით დადგენილი წესით ეცნობა და მისი წარმომადგენელი ესწრებოდა კიდეც გამოცხადებას.
20. საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აპელანტი ან მისი წარმომადგენელი კანონით დადგენილ ვადაში მართლაც გამოცხადდა სასამართლოში და მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი. მითითებული ფაქტის დადასტურება აპელანტი მხარის მოვალეობას წარმოადგენდა.
21. ამდენად, სსსკ-ის 369-ე, 2591 მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის (2017 წლის 5 აპრილის) მომდევნო დღიდან – 2017 წლის 6 აპრილიდან. აღნიშნული ვადა ამოიწურა 2017 წლის 19 აპრილს, ხოლო მხარემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2017 წლის 21 აპრილს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.
22. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული განჩინების ასლის მისაღებად საქალაქო სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება არ შეუსრულებია.
23. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მხარის მითითება, რომ სასამართლოს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა უნდა აეთვალა მისთვის სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღიდან – 10 აპრილიდან. გარდა იმისა, რომ მხარემ სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა მის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების 2017 წლის 10 აპრილს ჩაბარების ფაქტი და აღნიშნულის შესახებ მტკიცებულება არც საქმეში არ წარმოდგენილა, სააპელაციო სასამართლო სადავო 14-დღიან ვადას 2017 წლის 10 აპრილიდან ვერ აითვლიდა, რადგან ამ დროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე უკვე გასული იყო. აღნიშნული კი, როგორც ზემოთ უკვე მიეთითა, სააპელაციო საჩივრის ვადის 30-ე დღიდან ათვლის საფუძველია.
24. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ა.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე