საქმე №130210016001507624
საქმე №ას-756-707-2017 31 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ. ნ.-ე (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.-ი“ (შემდგომში – მოპასუხე საზოგადოება), მ. ნ.-ე (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – თანამესაკუთრედ ცნობა, იპოთეკის ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ორი უძრავი ნივთიდან ½-ისა და 1/3-ის მიკუთვნება, ასევე, მოპასუხეებს შორის აღნიშნული ქონების მის კუთვნილ წილზე დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 1984 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაშია მოპასუხესთან. ქორწინების პერიოდში მეუღლეებმა შეიძინეს უძრავი ნივთი, ხოლო 2013 წელს მოპასუხემ მემკვიდრეობით მიიღო ბინა, რომელიც ასევე მეუღლეთა თანასაკუთრებაა, ვინაიდან მისი მეორე სართული მათ ააშენეს ერთად.
3. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სადავო ქონებიდან მისთვის წილის მიკუთვნება მოპასუხესა და კრედიტორს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებების შესაბამისად, სადავო ნაწილში ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველია.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხე საზოგადოებამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას სადავო ქონება საჯარო რეესტრში ირიცხებოდა მოპასუხის სახელზე, შესაბამისად, ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ, უძრავი ქონების 1/2-ის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის ნაწილში დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში კი ეთქვა უარი, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ასევე, უარი ეთქვა მოსარჩელის შუამდგომლობას, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას 2017 წლის 19 აპრილს, 12:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე – მოპასუხე საზოგადოება, რომელიც საქმის განხილვაზე მიწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამასთან, გამოუცხადებელ მხარეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.
8. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მხარემ – აპელანტმა, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
9. სსსკ-ის 372-ე მუხლის, 387-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების, 230-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ (სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). მოწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ დაადგენს, რომ მხარისათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.
10. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დაადგინა, რომ მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილებული იყო კანონით დადგენილი წესით, თუმცა, მოპასუხე საზოგადოების წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. ამასთან, გამოუცხადებელ მხარეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.
11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით, 74-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაადგინა, რომ 2017 წლის 27 იანვარს სასამართლო უწყება ჩაბარდა მოპასუხე საზოგადოების წარმომადგენელს. ამდენად, ითვლება, რომ სასამართლო უწყება ჩაბარდა თავად მხარეს.
12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, დადგენილად უნდა ჩაითვალოს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარსა და ახსნა-განმარტებაში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელისა და მოპასუხის ქორწინების პერიოდში განხორციელდა მოპასუხის მიერ მემკვიდრეობით მიღებული სახლის კაპიტალური რეკონსტრუქცია. იპოთეკის ხელშეკრულებების დადებისას მოპასუხე საზოგადოებამ არ იცოდა და ვერც ეცოდინებოდა იპოთეკით დატვირთულ უძრავ ნივთებზე მოსარჩელის უფლებების შესახებ.
13. ამასთან, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საჭიროა კიდევ ერთი პირობის არსებობა, კერძოდ, აპელანტის (სააპელაციო მოსარჩელის) მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს (ასაბუთებდეს) აპელანტის მოთხოვნას.
14. სსსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა მიხედვით, სააპელაციო პალატამ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა ზემოაღნიშნული დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ეს გარემოებები, ამავე კოდექსის 180-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 185-ე, 312-ე და 1160-ე მუხლებიდან გამომდინარე, იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
15. სსკ-ის 1160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. აღნიშნული ნორმით დაცულია შემძენის ინტერესი იმ მეუღლის პრეტენზიისაგან, რომელიც საჯარო რეესტრში ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული არ იყო, თუმცა, მას აღნიშნული უფლება გააჩნდა რეგისტრირებული ქორწინების პირობებში ქონების შეძენის საფუძვლით.
16. სსკ-ის 1160-ე, 185-ე და 312-ე მუხლებთან ერთობლიობაში განხილვის გზით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების შეძენისას და ასეთი ნივთის უფლებრივად დატვირთვისას კანონი იცავს მხოლოდ კეთილსინდისიერი შემძენის (იპოთეკარის) ინტერესებს ქონების თანამესაკუთრედ არარეგისტრირებული მეუღლის პრეტენზიისაგან.
17. სსკ-ის 1160-ე მუხლის ხსენებული რედაქცია 2007 წლის 29 ივლისის ცვლილების შედეგად ჩამოყალიბდა და აღნიშნულ ცვლილებასთან ერთად საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის დამდგენ 312-ე მუხლს დაემატა მე-3 და მე-4 ნაწილები, სადაც განმტკიცებულია საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრის უფლების ნამდვილად მიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემძენმა იცოდა ქონებაზე სხვა უფლებამოსილი პირის არსებობის თაობაზე. მართალია, 1160-ე მუხლი მეუღლეთა საერთო ქონების განკარგვის წესს განსაზღვრავს კეთილსინდისიერების პრინციპზე მითითების გარეშე, მაგრამ კეთილსინდისიერების ფაქტის არსებითი მნიშვნელობა უძრავ ქონებაზე უფლების მოპოვებისას რეგლამენტირებულია 312-ე მუხლში, გარდა ამისა, ნებისმიერი სახის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისათვის მხარეთა მიერ კეთილსინდისიერების პრინციპით მოქმედების ვალდებულებას ადგენს სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების დროს გარიგება ნამდვილად მხოლოდ შემძენის კეთილსინდისიერების პირობებში მიიჩნევა (სუსგ 16.03.2016წ. საქმე №ას-7-7-2016).
18. სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველი ნორმები იცავს იპოთეკარის უფლებებსაც, რადგან ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკარი წარმოადგენს იმ უფლების შემძენს, რომლითაც მას სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში შეუძლია თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ იპოთეკით დატვირთული ნივთიდან.
19. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარში აპელანტი არ უთითებს იპოთეკარის არაკეთილსინდისიერების შესახებ ფაქტობრივ გარემოებებზე. მეტიც, სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა განმარტა, რომ სადავო იპოთეკის ხელშეკრულებების დადებისას ბანკმა არ იცოდა და ვერც ეცოდინებოდა იპოთეკით დატვირთულ უძრავ ნივთებზე მოსარჩელის უფლებების შესახებ.
20. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის რეჟიმში სააპელაციო პალატა დადგენილად ვერ მიიჩნევს იპოთეკარის არაკეთილსინდისიერების ფაქტს. ეს გარემოება კი გამორიცხავს განსახილველ სარჩელზე მოსარჩელის (აპელანტის) ნამდვილი იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებას, რაც სადავო იპოთეკის ხელშეკრულებების შესაბამის ნაწილებში ბათილად ცნობასა და უძრავი ნივთების ამ წილების უფლებრივი ტვირთისაგან გათავისუფლებაში მდგომარეობს.
21. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველი სასარჩელო მოთხოვნები სსსკ-ის 180-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი მოთხოვნებია. მითითებული ნორმის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა და, რაც ყველაზე მთავარია, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის. ამდენად, აღიარებითი მოთხოვნის არსებითი დამახასიათებელი ნიშანია იურიდიული ინტერესი, ანუ სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც სურს დაინტერესებულ პირს. იმ შემთხვევაში, თუ აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგი ვერ დადგება, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება გაუმართლებელია.
22. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთაც აღინიშნა, აპელანტი არ მიუთითებს იპოთეკარის არაკეთილსინდისიერების დამადასტურებელ ფაქტობრივ გარემოებებზე, ამ ვითარებაში, უძრავი ნივთის 1/3 წილზე მოსარჩელის (აპელანტის) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ეს შედეგი (იპოთეკის ხელშეკრულების 1/3 ნაწილში ბათილობა) ვერ მიიღწევა. ამავე მიზეზით არ არსებობს არც მეორე უძრავი ნივთის 1/2 ნაწილზე იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის კანონით განსაზღვრული წინაპირობა (იპოთეკარის არაკეთილსინდისიერება).
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
24. კასატორის მოსაზრებით, მისი ინტერესი ირღვევა იმის გამო, რომ სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მისი ქონება ითვლება იპოთეკით დატვირთულად მოპასუხე საზოგადოების მიერ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. საჯარო რეესტრში სადავო ქონება დატვირთულია იმავე ბანკის მიერ, ამდენად, მოპასუხე საზოგადოება იპოთეკარად ვერ ჩაითვლება. სადავო ქონებაზე ყადაღა არაკანონიერია, კასატორი თავად აგებს პასუხს საკუთარ ვალებზე და სასამართლოს მცდელობა ბანკის დასაცავად არაკანონიერია.
25. მხარემ მიიჩნია, რომ მეუღლეთა თანასაკუთრება შესაძლებელია ერთი მეუღლის სახელზე იყოს რეგისტრირებული, ამის შესახებ ბანკი ვალდებული იყო, გაერკვია და შემდეგ დაედო ხელშეკრულება სესხზე.
26. კასატორი სააპელაციო სასამართლოში პროცესს ესწრებოდა პირადად. მან მოითხოვა მეუღლესთან მორიგება და თანხმობა განაცხადა, სარჩელი დაკმაყოფილებულიყო. სააპელაციო პალატამ კი საერთოდ იგნორირება გაუკეთა ამ ფაქტს და არც განჩინებში არ ახსენა. ამავდროულად, მოპასუხე საზოგადოების გამოუცხადებლობის გამო, მოსარჩელემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება, რა დროსაც სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სარჩელი საფუძვლიანი იყო და მოსარჩელისათვის მეუღლის ვალის არსებობა ცნობილი არ ყოფილა.
27. განსახილველ სარჩელში მოსარჩელე სრულიად კანონიერად ითხოვდა 1/3 წილის გამოყოფას სადავო სახლიდან, რადგან კასატორის მამასთან ერთად დამატებითი სართულის დაშენებაში მოსარჩელეც მონაწილეობდა. გაუგებარია რა საფუძველით არ ჩათვალა სასამართლომ დაშენების გეგმა მტკიცებულებად მაშინ, როდესაც აღნიშნულს მოპასუხეც დაეთანხმა.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
29. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
30. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის საფუძველზე დაადგინა სააპელაციო საჩივარსა და ახსნა-განმარტებაში მითითებული გარემოებები, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის ქორწინების პერიოდში განხორციელდა მოპასუხის მიერ მემკვიდრეობით მიღებული სახლის კაპიტალური რეკონსტრუქცია. იპოთეკის ხელშეკრულებების დადებისას მოპასუხე საზოგადოებამ არ იცოდა და ვერც ეცოდინებოდა იპოთეკით დატვირთულ უძრავ ნივთებზე მოსარჩელის უფლებების შესახებ.
31. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მხარის მოთხოვნას, რის გამოც სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
32. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო მისი, როგორც მოპასუხის თანხმობა სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მხარის მოსაზრებით, მან იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა სხვა საბანკო დაწესებულებასთან და არა მოპასუხე საზოგადოებასთან. ამავდროულად, კასატორმა ჩათვალა, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
35. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
36. უპირველესად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი შეიტანა არა იმ მხარემ – მოსარჩელემ, რომლის მოთხოვნაც გასაჩივრებული განჩინებით არ დაკმაყოფილდა, არამედ მოსარჩელის მეუღლემ და, ამავდროულად, საქმეში მოპასუხის სტატუსის მქონე პირმა. მისი პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოში მოპასუხე საზოგადოების გამოუცხადებლობისას სააპელაციო პალატას უნდა დაეკმაყოფილებინა სააპელაციო საჩივარი, რადგან მოპასუხემ აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა.
37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეში მოპასუხის სტატუსით მონაწილეობდა როგორც მოსარჩელის მეუღლე და კასატორი, ისე საბანკო დაწესებულება, რომლის სასარგებლოდაც იყო დატვირთული იპოთეკით სადავო უძრავი ქონება. შესაბამისად, მხოლოდ ერთი მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა მის დაკმაყოფილებას ვერ გამოიწვევდა.
38. დასაშვებ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება მხარის არგუმენტი, რომ იპოთეკის ხელშეკრულება სადავო ქონებაზე გააფორმა არა მოპასუხე საზოგადოებამ, არამედ სხვა ბანკმა. აღნიშნული მოსაზრების საპასუხოდ თავად კასატორი განმარტავს, რომ ამჟამად მოპასუხე საზოგადოებამ შეიერთა თავდაპირველი კრედიტორი ბანკის პასივები და აქტივები, ამდენად, მისი უფლებამონაცვლე და მოთხოვნის მქონე პირია.
39. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, ასევე, მოსარჩელე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიოდ გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შეფასება.
40. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს, როგორც სასამართლო პრაქტიკის დამდგენი ინსტანციის მიერ დამკვიდრებულ შემდეგ განმარტებაზე, რომელიც სადავო საკითხს ეხება:
41. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.
42. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომელსაც საქმის განხილვის თარიღი კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც აცნობა სასამართლოს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე. სასამართლოში მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს, რასაც შედეგად მოჰყვება მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
43. ამასთან, თუ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, სასამართლოს შეუძლია, სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, დამატებითი გამოკვლევის გარეშე, მიიჩნიოს დამტკიცებულად. სასამართლო სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების შემდეგ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს, თუ ჩათვლის, რომ აპელანტის მოთხოვნა საჩივარში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს იურიდიულად შეესაბამება.
44. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნები აღიარებითი ხასიათისაა. სსსკ-ის 180-ე მუხლი კი აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობას უკავშირებს. მნიშვნელოვანია, რომ თუ აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგი ვერ დადგება, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება გაუმართლებელია.
45. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულ გარემოებებთან ერთად აპელანტს არ მიუთითებია იპოთეკარის არაკეთილსინდისიერებაზე, შესაბამისად, უძრავი ქონების წილებზე მოსარჩელის (აპელანტის) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება სადავო იპოთეკის ხელშეკრულების გასაჩივრებულ ნაწილში ბათილობას არ გამოიწვევდა, რის გამოც აპელანტს მართებულად ეთქვა უარი.
46. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
47. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
48. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (სუსგ ) და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
49. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
51. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. ნ.-ის მიერ 2017 წლის 31 მაისს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ვ. ნ.-ეს (პირადი №…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300463150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. ნ.-ის მიერ 2017 წლის 31 მაისს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი