Facebook Twitter

საქმე №080210016001276749

საქმე №ას-759-710-2017 3 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კ. ძ.-ე (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. გ.-ე (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხისა და სხვა ფიზიკური პირების მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 15 მარტს, 11:00 საათზე, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.

6. 2017 წლის 15 მარტს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელიც სასამართლო სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე გაფრთხილებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-78-ე მუხლების შესაბამისად. სასამართლო უწყება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს და ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს – მეუღლის მამას (სიმამრს) 2017 წლის 23 თებერვალს (ს.ფ.238).

7. აპელანტმა თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს არ აცნობა.

8. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა უარი განაცხადა დაუსწრებელი გადაწყვეეტილების გამოტანაზე, საქმის განხილვის გადადებაზე და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

9. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი, მესამე ნაწილებისა და 229-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საფუძვლიანია.

10. სსსკ-ის 46-ე მუხლის მეორე ნაწილისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის არსებითად განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

12. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლოს არ განუმარტავს, თუ რა მისამართზე გაუგზავნა აპელანტის წარმომადგენელს სასამართლო უწყება. რეალურად წარმომადგენლის მისამართი მითითებულია შესაგებელში, სააპელაციო საჩივარში. რაც შეეხება მისი სიმამრისათვის უწყების ჩაბარებას, აღნიშნული პირი ცხოვრობს სხვა მისამართზე და მის მიერ უწყების მიღება წარმომადგენლისათვის საპროცესო დოკუმენტის ჩაბარებად არ უნდა შეფასებულიყო. შესაძლოა, მას არც სცოდნოდა უწყების ჩაბარების მნიშვნელობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

15. ამდენად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

16. სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

17. დასახელებული ნორმის მიხედვით, სარჩელი შეიძლება განუხილველად დარჩეს იმის შემდეგაც, რაც მიიღება წარმოებაში. აღნიშნული დასაშვებია, თუ სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი ცნობილი გახდება სარჩელის ან სხვა სახის საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ. კანონის აღნიშნული დანაწესი ვრცელდება კერძო საჩივრის მიმართაც, ვინაიდან ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

18. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით, რის შემდეგაც გამოვლინდა, რომ არსებობს კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

19. სსსკ-ის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

20. კანონის მითითებული დანაწესი განსაზღვრავს საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც მხარეს შეუძლია, კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს სასამართლო განჩინების კანონიერება. აღნიშნული ნორმის თანახმად, კერძო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს 12 დღეში იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს გადაეცემა გასაჩივრებული სასამართლო განჩინების დასაბუთებული ასლი. ამასთან, დასახელებული ვადა იმპერატიული ხასიათისაა, რაც ნიშნავს, რომ მისი გასვლის შემდეგ მხარე კერძო საჩივარს ვეღარ წარადგენს და ვერც აღნიშნული საპროცესო ვადის აღდგენის ან გაგრძელების მიზნით სასამართლოს ვერ მიმართავს.

21. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინების ასლი კანონის მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა მოპასუხის წარმომადგენელს მის მიერ რწმუნებულებასა და კორესპონდენციებში მითითებულ მისამართზე (ს.ფ. 86, 135) და ჩაბარდა ოჯახის სრულწლოვან წევრს, სიმამრს 2017 წლის 19 აპრილს.

22. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

23. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები შეიძლება ჩაბარდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. აღნიშნული დასაშვებია, როდესაც ადრესატი სასამართლო გზავნილის მიტანის მომენტში მის მიერ მითითებულ მისამართზე არ იმყოფება. ასეთ შემთხვევაში, მხარის ნაცვლად, სასამართლო გზავნილის მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის ჩაბარება საპროცესო დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.

24. ამდენად, მოპასუხის წარმომადგენლისთვის გაგზავნილი დოკუმენტები ადრესატისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს მიუხედავად იმისა, რომ ისინი წარმომადგენელს ჩაბარდა არა პირადად, არამედ მის ოჯახის სრულწლოვანი წევრის მეშვეობით.

25. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

26. შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 20 აპრილს და სადავო საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა მხარეს ჰქონდა 1 მაისის ჩათვლით. მოპასუხემ კი კერძო საჩივარი წარადგინა 2017 წლის 25 მაისს, კანონით დადგენილი ვადის მნიშვნელოვანი დარღვევით.

27. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

28. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, სააპელაციო სასამართლოს გზავნილი მოპასუხის წარმომადგენელს გაეგზავნა მის მიერვე დაფიქსირებულ მისამართზე და ჩაბარდა მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს – სიმამრს, რაც დასტურდება აღნიშნული პირის მინაწერით სასამართლო გზავნილზე. ანალოგიურად, ამავე პირს ჩაბარდა მოპასუხის წარმომადგენლისათვის იმავე მისამართზე გაგზავნილი სასამართლო უწყება, რომლითაც სააპელაციო პალატამ შეატყობინა მხარეს 2017 წლის 15 მარტს, 11:00 საათზე პროცესის დანიშვნის ფაქტი და განუმარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები. ამავე უწყებაზე ფიქსირდება მოპასუხის წარმომადგენლის მისამართიც (ს.ფ. 238).

29. ამდენად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტები, რომ სააპელაციო სასამართლოს არ განუმარტავს, თუ რა მისამართზე გაუგზავნა აპელანტის წარმომადგენელს სასამართლო უწყება. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენლის სიმამრი ცხოვრობს სხვა მისამართზე და შესაძლოა, მას არც სცოდნოდა უწყების ჩაბარების მნიშვნელობა.

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის წარმომადგენელს სსსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი სიმამრის სხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტს მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილია აღნიშნული პირის მიერ წარმომადგენლის მისამართზე მიღებული ორი გზავნილი.

31. სააპელაციო სასამართლოს გზავნილისა და უწყების მოპასუხის წარმომადგენლისათვის ჩაბარების ფაქტზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ მის სიმამრს არ ესმოდა საპროცესო დოკუმენტის ჩაბარების მნიშვნელობა, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი.

32. საკასაციო სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში, როდესაც დადგენილად ითვლება მოპასუხის წარმომადგენლისათვის სააპელაციო პალატის სხდომის შესახებ უწყების კანონის დაცვით ჩაბარების ფაქტი, მოცემული კერძო საჩივრის არსებითად განხილვის შემთხვევაშიც მას დაკმაყოფილების პერსპექტივა ვერ ექნებოდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი, მესამე ნაწილებით, 229-ე მუხლის მეორე ნაწილით და აპელანტის არასაპატიო გამოუცხადებლობის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი კანონიერად დატოვა განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. ძ.-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური