საქმე №330210015973145
საქმე №ას-794-743-2017 31 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ.-ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ 8025 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების საფუძველზე, მოპასუხემ მისგან იყიდა 22178 ტონა თხევადი აირი, რომელზეც გამოიწერა და მყიდველის მიერ დადასტურდა შესაბამისი სასაქონლო ზედნადებები. წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები და მიღება-ჩაბარების აქტები წარმოადგენს შესასრულებელი ვალდებულების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომელიც ამავდროულად ადასტურებს საქონლის მიწოდების ფაქტს. მოპასუხისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 59620 ლარი, საიდანაც გადახდილია 51595 ლარი, ხოლო დავალიანების ოდენობაა 8025 ლარი.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2013 წლის 17 ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოსარჩელემ არ შეასრულა. მოსარჩელემ მას მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი ოდენობის საქონელი, თუმცა ამგვარი შემთხვევისათვის საჭირო შეთანხმების ოქმი არ გაფორმებულა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო 22.178 ტონა თხევადი აირი და მისი ღირებულების ნაწილი – 8 025 ლარი არ გადაუხდია.
7. 2013 წლის 2 მაისს მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №240 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მისაწოდებელი საქონლის ღირებულება განისაზღვრა 12500 ლარით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა – 5000 კგ-ით, ხოლო ერთეულის ფასი – 2,50 ლარით.
8. 2013 წლის 17 ივლისს მხარეებმა გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №405 ხელშეკრულება 5000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების თაობაზე, მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა იყო 2000 კგ, თითოეული ერთეულის ფასი კი – 2,50 ლარი.
9. 2013 წლის 20 სექტემბერს და 2014 წლის 15 იანვარს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №579 და №18 ხელშეკრულებები, თითოეული ხელშეკრულებით მისაწოდებელი საქონლის ჯამური ღირებულება იყო 28 000 ლარი, თითოეული ხელშეკრულებით მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა – 10 000 კგ, ხოლო ერთეულის ფასი – 2,80 ლარი.
10. განსახილველ შემთხვევაში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ დასახელებული ხელშეკრულებების ფარგლებში საქონლის მიწოდების და მისი ღირებულების გადახდის ფაქტი. მხარეები არც იმ გარემოებას ხდიან სადავოდ, რომ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის გარდა, მოპასუხემ მოსარჩელისაგან ზეპირი შეთანხმების ფარგლებში მიიღო თხევადი აირი, მხარეებს შორის სადავოა ზეპირი გარიგების ფარგლებში მიღებული საქონლის ოდენობა და ფასი.
11. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგი სახით: ხელშეკრულების დადებისა და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხეს ეკისრება ვალდებულების შესრულების ფაქტის ან იმ გარემოებათა არსებობის მტკიცება, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას.
12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემგდომში – სსკ) 477-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არის კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. იგი ორმხრივ მავალდებულებელი, ანუ სინალაგმატური გარიგებაა, რაც გამოიხატება, ერთი მხრივ, გამყიდველის ვალდებულებაში, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო, მეორე მხრივ, მყიდველის ვალდებულებაში, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
13. მოსარჩელის მიერ მხარეთა შორის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დასტურად წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები და მიღება-ჩაბარების აქტები.
14. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზეპირი გარიგების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებულია 3.210 ტონა თხევადი აირი, რისი ღირებულება უნდა განისაზღვროს 8025 ლარით. აღნიშნულის შესახებ ზეპირი გარიგება სასამართლომ დადებულად ჩათვალა საქმეში წარმოდგენილი ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე.
15. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
16. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდებისას გამოყენებული უნდა იქნეს სასაქონლო ზედნადები, გარდა სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების (№III-06 დანართი) და ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (№III-09 დანართი) მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა. ამავე ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, ზედნადები ივსება ელექტრონულად, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის გადაზიდვის დაწყებისთანავე.
17. სააპელაციო პალატამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“, „კ“, „მ“ და „პ“ ქვეპუნქტებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ზედნადების მე-5-მე-7 სვეტებში იწერება საქონლის რაოდენობა, ერთეულის ფასი და საქონლის ფასი; ზედნადების მე-15 სტრიქონში იწერება მყიდველის (მიმღების) ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-17 სტრიქონში – მყიდველის (მიმღების) ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; თუმცა, მე-14–მე-18 სტრიქონების შევსება სავალდებულო არ არის.
18. დასახელებულ ნორმათა ანალიზით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასაქონლო ზედნადები არის საქონლის ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მიწოდებული საქონლის ოდენობას და მის ფასს. ამასთან, სასაქონლო ზედნადების სავალდებულო რეკვიზიტს არ წარმოადგენს მყიდველი (მიმღები) ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. შესაბამისად, აპელანტის მიერ მითითებული არგუმენტით საქმეში არსებული სასაქონლო ზედნადებების მტკიცებულებითი ძალა ვერ ქარწყლდებოდა და ისინი საქმეში წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებთან და მხარის აღიარებასთან (ზეპირი გარიგების ფარგლებში საქონლის მიწოდებასთან მიმართებით) ერთობლიობაში წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სადავო მიწოდების განხორციელების დამადასტურებელ მტკიცებულებებს. გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც მხარეებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ერთი კილოგრამი თხევადი აირის ღირებულება 2.5 ლარიდან 2.8 ლარამდე მერყეობდა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზეპირი გარიგების ფარგლებში მიწოდებული თხევადი აირის ერთეულის ფასი მართებულად განისაზღვრა 2.5 ლარით.
19. სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
20. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით.
21. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ კანონის თანახმად შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მოვალის სურვილზე. არსებობს უამრავი ფაქტორი, რამაც შესაძლოა, განაპირობოს მოვალის მიერ ამ საბუთის მიუღებლობა, მაგალითად, მისი წინდაუხედაობა, პარტნიორის მიმართ გადამეტებული ნდობის არსებობა და ა.შ. საბოლოოდ, ეს ფაქტორები უკავშირდება მხარის რისკს და მთლიანად განაპირობებს მისი პასუხისმგებლობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. იგივე შეიძლება ითქვას სსკ-ის 431-ე მუხლზეც, რომლის თანახმად მოვალეს შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია, მოითხოვოს სავალო დოკუმენტის დაბრუნება ან გაუქმება. ასეთი დოკუმენტის გაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, მოვალეს უფლება აქვს, მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილია. ყველა მითითებულ შემთხვევაში კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას.
22. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულად ჩაითვალა საქონლის მიწოდების ფაქტი, მოპასუხის მხარეზე გადავიდა ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება. ნიშანდობლივია, რომ რაიმე მტკიცებულება, რაც მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ ზეპირი გარიგების ფარგლებში მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდის ფაქტს დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
24. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ, მიწოდებული თხევადი აირის მოცულობის მტკიცების მიზნით, წარადგინა სასაქონლო ზედნადებები და მიღება-ჩაბარების აქტები, რასაც დაეთანხმა მოპასუხე. შესაბამისად, დასახელებული ფაქტი სასამართლომ შეაფასა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 131-ე მუხლის კონტექსტში.
25. კასატორმა ყურადღება გაამახვილა როგორც პირველი, ასევე, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების სხდომის ოქმებზე, სადაც მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების ნაწილს, სასაქონლო ზედნადებებს და მიუთითებს, რომ წარმოდგენილ ზოგიერთ აქტში საერთოდ არაა მითითებული არც ხელშეკრულების რეკვიზიტები, არც თარიღი, არც მიწოდებული პროდუქციის მოცულობა და ღირებულება. მეტიც, მოპასუხე მიუთითებდა, რომ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით არ დასტურდება პროდუქციის მოპასუხისათვის გადაცემის ფაქტი, რადგან არც ერთ სასაქონლო ზედნადებს არ აქვს მოპასუხის წარმომადგენლის ხელმოწერა ან ბეჭედი. აღნიშნული კი გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მითითებული დოკუმენტაცია მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. ზემოთ დასახელებული მოცემულობა სააპელაციო სასამართლოს მიერ სსსკ-ის 131-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას არ იძლევა. სააპელაციო პალატა ვალდებული იყო, სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლებზე დაყრდნობით, სათანადოდ გამოეკვლია და შეეფასებინა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ისე მიეღო გადაწყვეტილება.
26. კასატორის მოსაზრებით, თუ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე თხევადი აირის გარკვეული რაოდენობის მიწოდების ფაქტი, გაურკვეველია როგორ განსაზღვრა მიწოდებული პროდუქტის ღირებულება, როცა საქმეში წარმოდგენილ მთელ რიგ აქტებში მითითებულია მხოლოდ პროდუქციის მოცულობა და არა ღირებულება. საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო, სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სათანადოდ გამოეკვლია და შეეფასებინა, თუ რის საფუძველზე ახდენდა მოსარჩელე ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების განსაზღვრას და დაანგარიშებას, ნამდვილად არსებობდა თუ არა ფასზე მხარეთა შეთანხმება.
27. ამდენად, კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება, პირველ ყოვლისა, მიღებულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, არ არის საკმარისად დასაბუთებული და არგუმენტირებული, რაც იძლევა მისი გაუქმების სამართლებრივ საფუძველს. ასევე, არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველიც.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
29. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
30. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო 22.178 ტონა თხევადი აირი და მისი ღირებულების ნაწილი – 8 025 ლარი არ გადაუხდია.
31. 2013 წლის 2 მაისს მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №240 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მისაწოდებელი საქონლის ღირებულება განისაზღვრა 12500 ლარით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა – 5000 კგ-ით, ხოლო ერთეულის ფასი – 2,50 ლარით.
32. 2013 წლის 17 ივლისს მხარეებმა გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №405 ხელშეკრულება 5000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების თაობაზე, მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა იყო 2000 კგ, თითოეული ერთეულის ფასი კი – 2,50 ლარი.
33. 2013 წლის 20 სექტემბერს და 2014 წლის 15 იანვარს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №579 და №18 ხელშეკრულებები, თითოეული ხელშეკრულებით მისაწოდებელი საქონლის ჯამური ღირებულება იყო 28 000 ლარი, თითოეული ხელშეკრულებით მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა – 10 000 კგ, ხოლო ერთეულის ფასი – 2,80 ლარი.
34. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ დასახელებული ხელშეკრულებების ფარგლებში საქონლის მიწოდებისა და მისი ღირებულების გადახდის ფაქტი. მხარეები არც იმ გარემოებას ხდიან სადავოდ, რომ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის გარდა, მოპასუხემ მოსარჩელისაგან ზეპირი შეთანხმების ფარგლებში მიიღო თხევადი აირი, მხარეებს შორის სადავოა ზეპირი გარიგების ფარგლებში მიღებული საქონლის ოდენობა და ფასი.
35. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზეპირი გარიგების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებულია 3.210 ტონა თხევადი აირი, რისი ღირებულება უნდა განისაზღვროს 8025 ლარით. აღნიშნულის შესახებ ზეპირი გარიგება სასამართლომ დადებულად ჩათვალა საქმეში წარმოდგენილი ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე.
36. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განსაზღვრა სადავო პროდუქციის ოდენობა, მისი ღირებულება და ასევე არასწორად ჩათვალა, რომ მოპასუხემ დაადასტურა პროდუქციის მისათვის გადაცემის ფაქტი.
37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
39. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია ზეპირი გარიგებით მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის სადავო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებულ სააპელაციო პალატის მსჯელობის საწინააღმდეგოდ.
41. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად იხელმძღვანელა მხარეთა მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შეთანხმებული ერთი კილოგრამი თხევადი აირის ღირებულებით, რომელიც 2.5 ლარიდან 2.8 ლარამდე მერყეობდა. ამასთან, სააპელაციო პალატამ სადავო პროდუქციის ღირებულება განსაზღვრა არა მაქსიმალური ან თუნდაც საშუალო ოდენობით, არამედ მინიმალური სტანდარტით – 2,5 ლარით.
42. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად იხელმძღვანელა სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
43. მითითებული ნორმით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადგენად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, ხელწერილით, თანხის გადარიცხვის დოკუმენტით და სხვა (სუსგ 15.11.2011წ. საქმე №ას-988-1021-2011).
44. გასაჩივრებული განჩინებით ამგვარი წერილობითი მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება მართებულად დაეკისრა მოპასუხეს, ვინაიდან სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
45. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლით დადგენილი წესით, სარჩელზე შესაგებლის წარდგენის გზით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, სადავოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხის მიერ დაგვიანებით წარდგენილი პრეტენზია ამა თუ იმ გარემოების შესახებ მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
46. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და კასატორმა სარწმუნოდ ვერ გააქარწყლა ის გარემოება, რომ მხარეთა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მიიღო სადავო პოდუქცია, რისი ღირებულების ანაზღაურების ფაქტი შესაბამისი წერილობითი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა.
47. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
48. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
49. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
50. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი