Facebook Twitter

საქმე №330210013316775

საქმე №ას-797-746-2017 14 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ჭ.-ა

მოსარჩელეები – ც. ა-ე, გ. ლ-ე, ა-ე, მ. ა.-ი, ნ. ო.–ი, მ. გ.-ე, მ. მ.-ე, დ. ნ.–ი, ლ. ა.-ი, კ. ი.–ი, რ. ტ.-ი, ნ. ხ.-ე, ი. რ.-ი, ზ. უ.-ი, ი. ხ.-ი, გ. ხ.-ე, ლ. ა.-ი, მ. დ.-ი, ჯ. დ.-ი, ბ. დ.-ი, რ. ჩ.-ი, ნ. ფ.-ი (შემდგომში – მოსარჩელეები)

მოპასუხეები – გ. მ.-ე, ე. ს.-ა, ლ. ჭ.-ა, ნ. ო.-ე, გ. ლ.-ა, გ. ჭ.-ა (შემდგომში – მოპასუხე ფიზიკური პირები) სს „ჰ.-ა“ (შემდგომში – მოპასუხე სააქციო საზოგადოება), შპს „ბ.-ი“ (შემდგომში – მოპასუხე პირველი შეზღუდული პასუხისმგებელი საზოგადოება), შპს „ბ.-“ (შემდგომში – მოპასუხე მეორე შეზღუდული პასუხისმგებელი საზოგადოება)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულებებისა და კრების ოქმების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვეს, ბათილად იქნას ცნობილი: ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობისა და მოპასუხე სააქციო საზოგადოებას შორის 2011 წლის 5 მაისს გაფორმებული მემორანდუმი ჩარჩო ხელშეკრულება ბიზნეს თანამშრომლობის შესახებ, 2011 წლის 2 ნოემბერს დადებული დავალების ხელშეკრულება საინვესტიციო წარმომადგენლობითი მომსახურების შესახებ; ამავე მხარეებს შორის გაფორმებული დავალების ხელშეკრულება; 2012 წლის 30 ივნისს ამავე ამხანაგობასა და მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას შორის დადებული დავალების ხელშეკრულება საინვესტიციო-წარმომადგენლობითი მომსახურებისა და მშენებლობის წარმოების შესახებ; ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებსა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობას შორის 2012 წლის 24 მაისს გაფორმებული მემორანდუმი ბათილად იქნას ცნობილი 2013 წლის 25 იანვრის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის დამფუძნებელთა კრების ოქმი; აეკრძალოს მოპასუხე ფიზიკურ პირებს, მათ შორის კერძო საჩივრის ავტორის მამას, ამხანაგობის წარმომადგენლობითი და მმართველობის ფუნქციის განხორციელება ამხანაგობის არსებობის მანძილზე.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, ქ.თბილისში 11987 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობის საკუთრებას. მოსარჩელეები წარმოადგენენ ამხანაგობის წევრებს, რაც დასტურდება ამხანაგობის 2006 წლის 21 აგვისტოს სადამფუძნებლო ხელშეკრულებით და წილის ნასყიდობის ხელშეკრულებებით.

3. 2011 წლის 5 მაისს ამხანაგობის სახელით ერთ-ერთმა მოპასუხე ფიზიკურმა პირმა მოპასუხე სააქციო საზოგადოებასთან გააფორმა მემორანდუმი ჩარჩო ხელშეკრულება ბიზნეს თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულება ბათილია, რადგან ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, ამხანაგობის მმართველობის ორგანოა სადამფუძნებლო კრება და ამხანაგობის თავმჯდომარე, ხოლო 5.2 მუხლის თანახმად, ამხანაგობის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე ერთობლივად წარმოადგენენ ამხანაგობას. სადავო მემორანდუმზე ხელს აწერს მხოლოდ ერთი თავმჯდომარე. შესაბამისად, ხელშეკრულება ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. გარდა აღნიშნულისა, მემორანდუმი გაფორმებულია ამხანაგობის წევრების ყოველგვარი ნებართვის გარეშე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) მე-10 მუხლის, მესამე ნაწილი სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს იცავს უფლების ბოროტად გამოყენებისგან. სადავო გარიგება სსკ-ის 54-ე, და 59-ე მუხლების საფუძველზე ასევე ბათილია.

4. 2011 წლის 2 ნოემბერს ამხანაგობის სახელით ამავე მხარეებს შორის გაფორმდა დავალების ხელშეკრულება. 2011 წლის 2 ნოემბერს კი, გაფორმდა დავალების ხელშეკრულება საინვესტიციო წარმომადგენლობითი მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, ამხანაგობის სახელით მოქმედმა პირებმა მოპასუხე სააქციო საზოგადოებას მისცეს უფლებები, ემოქმედა ამხანაგობის სახელით, მათ შორის, ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის უფლებამოსილება, რისი უფლებაც არ გააჩნდათ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობას სკ-ის 935-ე, 712-ე, 714-ე, 932-ე და 54-ე მუხლების შესაბამისად.

5. 2012 წლის 30 ივნისს ამხანაგობის სახელით იმავე წარმომადგენელმა და მეორე მოპასუხე შპს-მ გააფორმეს დავალების ხელშეკრულება საინვესტიციო წარმომადგენლობითი მომსახურებისა და მშენებლობის შესახებ. 2012 წლის 24 მაისს ამხანაგობასა და მოპასუხე შპს-ებს შორის გაფორმდა ჩარჩო ხელშეკრულება ბიზნეს თანამშრომლობის შესახებ. ხელშეკრულებების თანახმად, ამხანაგობის სახელით მოქმედმა პირებმა მოპასუხე შპს-ებს მისცეს უფლებები, ემოქმედათ ამხანაგობის სახელით, მათ შორის მიანიჭეს ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის უფლებამოსილება, რისი უფლებაც არ გააჩნდათ. მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ აღნიშნული გარიგება ბათილია სსკ-ის 935-ე, 712-ე, 714-ე, 932-ე, 54-ე მუხლების შესაბამისად. ასევე, ბათილია 2013 წლის 25 იანვრის ამხანაგობის დამფუძნებელი კრების ოქმის, რადგან ამხანაგობის წევრების არ იყვნენ გაფრთხილებულები სათანადო წესით, არ შემოწმდა კრების უფლებამოსილება, კრების ოქმს ხელს აწერს არადამფუძნებელი წევრები და ის ადამიანებიც, რომლებიც არ არიან ამხანაგობის წევრები. კრების ოქმით საკუთრების უფლება გაუუქმდათ ამხანაგობის ორ წევრ მოსარჩელეს, რაც კანონსაწინააღმდეგოა.

6. მოსარჩელეთა მოსაზრებით, მოპასუხე ფიზიკურ პირებს ამხანაგობის წარმომადგენლობითი და მმართველობითი ფუნქციის განხორციელება ამხანაგობის მოქმედების ვადაში უნდა აეკრძალოთ, რადგან მათ არაერთხელ დაარღვიეს ამხანაგობის წევრების უფლებები და საკუთარი გადაწყვეტილებებით ზიანი მიაყენეს ამხანაგობას.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო ხელშეკრულებები დადებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულებები გაუქმდა მხარეების შეთანხმებით. 2013 წლის 25 იანვრის კრება მოწვეულ იქნა და ჩატარდა დადგენილი წესების შესაბამისად. ამხანაგობის წევრებს გაეგზავნა შესაბამისი მოსაწვევები და კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ამხანაგობის ნებას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოპასუხე ფიზიკური პირებისათვის ამხანაგობის არსებობის მანძილზე წარმომადგენლობითი და მმართველობის ფუნქციის განხორციელების აკრძალვის შესახებ, დანარჩენ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხე ფიზიკურმა პირება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინებით აპელანტ გ. ჭ.-ას გარდაცვალების გამო საქმის წარმოება შეწყდა შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობაში ზემოაღნიშნული აპელანტი მოთხოვნას აფუძნებდა იმ ფაქტზე, რომ წარმოადგენდა ამხანაგობის გამგეობის წევრს, შესაბამისად, როგორც გამგეობის წევრი ის ითხოვდა, უარი ეთქვათ მოსარჩელეთათვის 2013 წლის 25 იანვრის ამხანაგობის დამფუძნებელთა კრების ოქმის ბათილად ცნობაზე.

11. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა მოცემულ შემთხვევაში არ უშვებს უფლებამონაცვლეობის შესაძლებლობას. შესაბამისად, არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის პროცესუალური საფუძველი.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გარდაცვლილი მოპასუხის შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

13. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ 2017 წლის 2 მაისს იშუამდგომლა სააპელაციო პალატის წინაშე მამის გარდაცვალების გამო სხდომის გადადების შესახებ მის მიერ სამკვიდროს მიღებამდე, თუმცა მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს აზრით, გამგეობის წევრობა მემკვიდრეობით არ გადადის. აღნიშნულის მიუხედავად, თუ სასამართლო სამომავლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას და დააკმაყოფილებს მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნას, სასამართლო დააკისრებს კერძო საჩივრის ავტორს სასამართლო ხარჯების გადახდას, როგორც გარდაცვლილი აპელანტის მემკვიდრეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 272-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.

16. დასახელებული ნორმა ადგენს საქმის წარმოების შეწყვეტის წესს ისეთ შემთხვევაში, როდესაც საქმის მონაწილე მხარე გარდაიცვლება, ხოლო დავის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, მის სანაცვლოდ უფლებამონაცვლის ჩართვას კანონი არ უშვებს.

17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია გარდაცვლილი მოპასუხისა და აპელანტის შვილის კერძო საჩივარი სააპელაციო პალატის განჩინებაზე, რომლითაც დადგინდა, რომ მოპასუხის გარდაცვალების შემდეგ საპროცესო უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია.

18. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ გარდაცვლილი მოპასუხე სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობდა იმ საფუძვლით, რომ წარმოადგენდა გამგეობის წევრს. მისი დავაში ჩართვა გამართლებული იყო გამგეობის წევრის უფლებამოსილების განხორციელებით.

19. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორს, მოპასუხის გარდაცვალების შემდეგ მისი შესაძლო მემკვიდრე გამგეობის წევრის პოზიციას ავტომატურად ვერ დაიკავებს, რადგან აღნიშნული სტატუსი არჩევითია. შესაბამისად, გარდაცვლილი მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეობის განხორციელება შეუძლებელია საქმის მატერიალურ-სამართლებრივი თავისებურებიდან გამომდინარე.

20. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სასამართლოს მიერ სამომავლოდ მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მას დაეკისრება სასამართლო ხარჯების გადახდა.

21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, რადგან საქმის წარმოება ზემოთ მითითებული აპელანტის გარდაცვალების გამო მართებულად შეწყდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ჭ.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე