საქმე № 130210015001000943
საქმე №ას-800-749-2017 14 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. მ.–ი (შემდგომში – მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს. ქ.-ე (შემდგომში – მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საშუამავლო ბიუროს მეშვეობით, ისესხა 15 000 დოლარი, თუმცა, მოპასუხემ და შუამავალმა, რომელიც მოსარჩელის მეუღლე აღმოჩნდა, შესთავაზეს, „იპოთეკის ხელშეკრულების მარტივი ფორმის, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადება“.
3. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ ისარგებლა იმით, რომ მოსარჩელისათვის არ იყო ცნობილი ზემოაღნიშნული გარიგების სამართლებრივი შედეგი და, სესხის ხელშეკრულების ნაცვლად, მხარეთა შორის გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, ბინის ფასად მიუთითეს 20 000 აშშ დოლარი. ფაქტობრივად, შუამავლისათვის გადახდილი თანხის, სამი თვის პროცენტისა და სხვა ხარჯის გამოკლების შემდეგ მხარემ მიიღო 14 900 დოლარი.
4. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ 2014 წლის 23 მაისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით წარმოადგენს თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებას, რის გამოც ცნობილ უნდა იქნეს ბათილად.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ნასყიდობის ხელშეკრულება ცნობილ იქნა ბათილად და დადგინდა, რომ მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რაც გაასაჩივრა მოპასუხემ სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა მოსარჩელემ.
8. ამავე სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განჩინებით საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 5 დღის ვადაში მოსარჩელის მიერ საჩივრის ავტორის სახელზე გაცემული მინდობილობის წარდგენა საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მითითებით.
9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საჩივარი შეიტანა მოსარჩელის მეორე წარმომადგენელმა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 93-ე, 96-ე მუხლების თანახმად, 2017 წლის 3 აპრილს წარმოდგენილ საჩივარზე თანდართულია მეორე წარმომადგენლის სახელზე გაცემული დაცვის ორდერი, რომლითაც მას ენიჭება უფლება, წარმოადგინოს მოსარჩელის უფლებები და ინტერესები ყველა ინსტანციის სასამართლოში ერთი წლის განმავლობაში.
10. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, წარმომოდგენელს ენიჭება უფლება, განახორციელოს მარწმუნებლის ინტერესების დაცვა, თუმცა რიგ შემთხვევაში კანონი ადგენს სავალდებულო ფორმას, კერძოდ, წარმომადგენლის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრება მოითხოვს სპეციალური უფლებამოსილების ქონას, რაც პირდაპირ უნდა იქნეს მითითებული მხარის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
11. მოცემულ შემთხვევაში მეორე წარმომადგენლის სახელზე გაცემული დაცვის ორდერით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მას მოსარჩელის მიერ მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, გაასაჩივროს სასამართლოს ნებისმიერი აქტი. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარმოდგენილ უნდა იქნეს მოსარჩელის მიერ მეორე წარმომადგენლის მიმართ გაცემული რწმუნებულება, რომლითაც მას მინიჭებული ექნება გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილება.
12. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განჩინებით საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 25 აპრილს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით სააპელაციო პალატას წარედგინა მოსარჩელის წარმომადგენლის (შემდგომში – მეორე წარმომადგენელი) განცხადება. აღნიშნულ დოკუმენტს დაერთო რწმუნებულება, რომლითაც მოსარჩელის სახელით მითითებული განცხადების ავტორს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გადაანდო მოსარჩელის სხვა წარმომადგენელმა (შემგდომში – პირველი წარმომადგენელი).
14. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2017 წლის 25 აპრილს საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი განცხადება ხარვეზის შევსებად ვერ ჩაითვლება, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 440-ე მუხლის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ ადვოკატთა ერთიან სიაში გადამოწმების შედეგად დადგენილია, რომ, მართალია, პირველი წარმომადგენელი ირიცხება ადვოკატთა ერთიან სიაში, თუმცა მხოლოდ სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. ამდენად, იგი ვერ განახორციელებდა წარმომადგენელობით უფლებამოსილებას სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სამოქალაქო წარმოების საქმეებზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველ წარმომადგენელს, სსსკ-ის 440-ე მუხლის შესაბამისად, შეზღუდული აქვს სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენელობითი უფლებამოსილების განხორციელება, მის მიერ უფლებამოსილების გადანდობა მეორე წარმომადგენლისათვის სააპელაციო წარმოების მიმდინარეობისას და ამგვარი მინდობილობის წარმოდგენა, ვერ იქნება სასამართლოს მიერ მიღებული და შეფასებული, როგორც საჩივარზე ხარვეზის შევსება.
15. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, 2017 წლის 25 აპრილის განცხადება ვერ იქნება ხარვეზის შევსებად მიჩნეული, ამასთან, საჩივრის ავტორის მიერ არ წარმოდგენილა დამატებით არანაირი დოკუმენტაცია ხარვეზის შევსების მიზნით, შესაბამისად, სსსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე მოსარჩელის საჩივარი 2017 წლის 7 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
17. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეტოვებინა განუხილველად წარმოდგენილი საჩივარი, ვინაიდან მეორე წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა პირველი წარმომადგენლის მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობა, რომლითაც მიანიჭა ყველა საჭირო უფლებამოსილება, ემოქმედა მარწმუნებულის სახელით. ამავდროულად, პირველ წარმომადგენელს გააჩნდა მესამე პირისათვის გადანდობის უფლებაც. ხარვეზის დადგენის პერიოდში მოსარჩელესთან მეორე წარმომადგენლის კომუნიკაცია ვერ მოხერხდა, რადგან მოსარჩელე საზღვარგარეთ იმყოფება, თუმცა კერძო საჩივრის წარდგენის მომენტისათვის მოსარჩელემ კანონის მოთხოვნათა დაცვით გასცა მინდობილობა მეორე წარმომადგენლის სახელზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
19. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სახელით მისი წარმომადგენლის მიერ შეტანილ საჩივარს ამავე სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 5 დღის ვადაში მოსარჩელის მიერ საჩივრის ავტორის სახელზე გაცემული მინდობილობის წარდგენა საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მითითებით.
20. ხარვეზის განჩინება გაეგზავნა მეორე წარმომადგენელს და ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს – დას 2017 წლის 21 აპრილს, რაც სააპელაციო პალატამ ხარვეზის შესახებ განჩინების თავად მხარისათვის ჩაბარებად ჩათვალა, რადგან ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით საჩივარი დატოვა განუხილველად.
21. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოსარჩელის საჩივარი წარდგენილ იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ, რადგან საჩივარი შეიტანა მოსარჩელის მეორე წარმომადგენელმა და თავისი უფლებამოსილების დასადასტურებლად საჩივარს დაურთო მხოლოდ ორდერი. სსსკ-ის 98-ე მუხლით გათვალისწინებული ისეთი სპეციალური ხასიათის უფლებამოსილების განსახორციელებლად კი, როგორიც სასამართლო განჩინების გასაჩივრებაა, მინდობილობაში სავალდებულოა მარწმუნებლის მიერ წარმომადგენლისათვის აღნიშნული უფლების მინიჭების შესახებ პირდაპირი მითითება.
22. ამდენად, მხარეს მართებულად დაუდგინდა ხარვეზი, თუმცა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინება სააპელაციო პალატას უნდა გაეგზავნა არა სათანადო უფლებამოსილების არმქონე მეორე წარმომადგენლისათვის, არამედ თავად მოსარჩელისათვის. შესაბამისად, ხარვეზის დადგენის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს და აღნიშნული ჩაბარებიდან ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა საჩივრის განუხილველად დატოვებას ვერ გამოიწვევს.
23. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება მოსარჩელის საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, რა დროსაც საქმის განმხილველმა სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს კერძო საჩივარზე მოსარჩელის მეორე წარმომადგენლის მიერ დართულ მინდობილობაზე (ტომი 3, ს.ფ.112).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. მ.–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ნ. მ.–ის საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე