Facebook Twitter

საქმე №330210114569798

საქმე №ას-813-761-2017 31 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „კ.-ი“ (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ.–ი (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ სახელფასო დავალიანების – 30 000 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება და მოპასუხემ დაასაქმა იგი საქმის მწარმოებლის თანამდებობაზე 2 თვის ვადით. მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, თუმცა მოპასუხეს ანაზღაურება არ გადაუხდია.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 16063 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2017 წლის 10 მარტის განჩინებით ამავე სასამართლოს 2016 წლის 20 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით განსაზღვრული საპროცესო ვადა გაუგრძელდა 10 დღით განჩინების ასლის მისთვის გადაცემიდან.

7. აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით აპელანტს საპროცესო ვადა კვლავ გაუგრძელდა 10 დღით განჩინების ასლის მისთვის გადაცემიდან.

9. სსსკ-ის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2017 წლის 18 აპრილის განჩინება 2017 წლის 3 მაისს ჩაჰბარდა აპელანტის მენეჯერს, ამრიგად, აპელანტს განჩინება ჩაბარდა საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

10. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სსამართლომ მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 4 მაისს და ამოიწურა 2017 წლის 15 მაისს. ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი უნდა შეევსო 2017 წლის 15 მაისის ჩათვლით. აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

11. სსსკ-ის 59-ე, 63-ე მუხლების, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

13. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აპელანტმა წარუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები საზოგადოების მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ. სსსკ-ის 48-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეეძლო, გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მხარისათვის, მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატას არ შეუფასებია წარდგენილი დოკუმენტები. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლოს არაერთხელ მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და მოითხოვა ხარვეზის შესახებ სასამართლო გზავნილების მის მისამართზე გაგზავნა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა უგულებელყოფილ იქნა, კორესპონდენცია გაეგზავნა კვლავაც აპელანტს, რამაც გაართულა ხარვეზის გამოსწორების პროცესი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

16. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

17. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტს დაუდგინა ხარვეზი, დაავალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 642,52 ლარის გადახდა და კანონით დადგენილი წესით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა. ამავე სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განჩინებით სსსკ-ის 48-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რადგან მხარეს არ ჰქონდა წარდგენილი სათანადო მტკიცებულებები. აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით.

18. აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და კვლავ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ უკიდურესად მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო.

19. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 7 დღით და განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

20. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

21. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

22. დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება. ამასთან, თუ სასამართლო უწყებას ან გზავნილს გაუგზავნის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს სამუშაო ადგილის მიხედვით, გზავნილი კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიიჩნევა მაშინაც, როდესაც იგი მიიღო არა უშუალოდ ადრესატმა, არამედ შესაბამისი ორგანიზაციის სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა. ასეთი პირი ვალდებულია, თავისი ხელმოწერით დაადასტუროს სასამართლო გზავნილის ჩაბარება და გადასცეს იგი ადრესატს.

23. მოცემულ საქმეზე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა აპელანტი საზოგადოების მენეჯერს 2017 წლის 3 მაისს (ტომი 2, ს.ფ 39).

24. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

25. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 4 მაისიდან და ამოიწურა ამავე წლის 10 მაისს, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მისთვის არ მიუმართავს.

26. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

27. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ ზემოაღნიშნული გარემოება წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას.

28. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს აპელანტის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

30. ამდენად, მითითებული ნორმით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.

31. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა თავისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაასაბუთა მძიმე ფინანსურ მდგომაროებაზე მითითებით. აღნიშნულის სამტკიცებლად წარადგინა ამონაწერი სამი საბანკო დაწესებულებიდან, რომელთა თანახმად აპელანტს ანგარიშზე თანხა არ ერიცხება, ასევე, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომ აპელანტს ერიცხება გადასახდელად 50879,42 ლარი.

32. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ აღნიშნული გარემოება კანონის მითითებული დანაწესის გამოყენებისა და მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების უტყუარ წინაპირობას არ წარმოადგენს. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე აპელანტის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ სარწმუნო ინფორმაციის მიღება ვერ ხერხდება, რის გამოც სააპელაციო პალატამ აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სავსებით სწორად არ გადაუვადა.

33. რაც შეეხება აპელანტის წარმომადგენლის მითითებას, რომ ხარვეზის გამოსწორების ხელშემშლელი ერთ-ერთი პირობა გახდა სასამართლოს მხრიდან მხარის მოთხოვნის უგულებელყოფა, საჭირო დოკუმენტები გაგზავნოდა არა უშუალოდ აპელანტს, არამედ მის წარმომადგენელს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო უფლებამოსილია კორესპონდენცია გაუგზავნოს როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს. შესაბამისად, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით თავად მხარისათვის გაგზავნა ხარვეზის გამოუსწორებლობის საპატიო მიზეზად ვერ განიხილება.

34. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „კ.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე