Facebook Twitter

საქმე №330210016001250238

საქმე №ას-846-790-2017 31 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. გ.-ე (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. უ.-ე (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო უძრავი ნივთი აღრიცხულია მის სახელზე, თუმცა ფართს ფლობს და, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებს მოპასუხე.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრება დაკარგა დანაშაულებრივი გზით, რის შესახებაც მოსარჩელისათვის ცნობილი იყო. ამდენად, ეს უკანასკნელი კეთილსინდისიერ შემძენს არ წარმოადგენს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 387-ე მუხლის პირველი ნაწილით, 229-ე მუხლით და დაადგინა, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და მისი წარმომადგენელი, მოწინააღმდეგე მხარემ კი მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო უწყება პროცესის დანიშვნის შესახებ აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა სსსკ-ის 70-ე მუხლისა და 73-ე მუხლის პირველი ნაწილის დაცვით, სასამართლო სატელეფონო შეტყობინებით.

8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტს თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს. შესაბამისად, მისი გამოუცხადებლობა უნდა შეფასდეს, როგორც არასაპატიო.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

10. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. აღნიშნული სხდომის შესახებ აპელანტის წარმომადგენელს სატელეფონო შეტყობინებით აცნობა მოსამართლის თანაშემწემ. წარმომადგენელმა საპასუხოდ განუმარტა, რომ იმავე დღეს წარმომადგენელი მონაწილეობდა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში საპატიმრო ვადის გაგრძელების თაობაზე საქმის განხილვაში, რის გადადებასაც იგი ვერ შეძლებდა.

11. კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა გურჯაანის რაიონული სასამართლოს უწყება სისხლის სამართლის საქმეზე აპელანტის წარმომადგენლის დაბარების შესახებ, რომლის თანახმად პროცესი დანიშნული იყო 2017 წლის 17 მაისს, 13:00 საათზე.

12. აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოგვიანებით წარმოადგენდა ცნობას იმის შესახებ, რომ მონაწილეობა მიიღო ზემოაღნიშნულ პროცესში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

15. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

16. ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

17. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განუხილველად დატოვებს სააპელაციო საჩივარს.

18. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ყველა ელემენტი, კერძოდ: 1. აპელანტი სასამართლო სხდომაზე მიწვეულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით; 2. მხარის გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნა არასაპატიოდ; 3. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ აპელანტი მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მოცემული სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2017 წლის 17 მაისს, 9:30 საათზე, ხოლო აპელანტის წარმომადგენელი ადვოკატის სტატუსით მონაწილეობდა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 2017 წლის 17 მაისს, 13:00 საათზე დანიშნულ პროცესში საპატიმრო ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

20. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

21. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

22. მოცემულ შემთხვევაში აპელანტის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მას სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, თუმცა პროცესზე გამოუცხადებლობის თაობაზე მხოლოდ ზეპირი ფორმით სატელეფონო საუბრისას აცნობა მოსამართლის თანაშემწეს.

23. უპირველესად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებაზე, რომლის შესაბამისად სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე.

24. საქმის მასალებიდან ირკვევა და არც აპელანტი არ უარყოფს, რომ სადავო პროცესის შესახებ სატელეფონო უწყებით აპელანტის წარმომადგენელს ეცნობა 2017 წლის 27 აპრილს. მისივე განმარტებით, მან ამ დროისათვის უკვე იცოდა სისხლის სამართლის საქმის განხილვის დანიშვნის თაობაზე, თუმცა საქმის განხილვის გადადების მოთხოვნით სააპელაციო პალატისათვის წერილობითი შუამდგომლობით არ მიუმართავს, შესაბამისად, სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა, კანონით დადგენილი წესით ემსჯელა პროცესის გადადების წინაპირობებზე. ასევე, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ აპელანტის წარმომადგენელი გამოცხადდა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და მონაწილეობა მიიღო პროცესში.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის წარმომადგენელს შესაძლებლობა ჰქონდა, 9:30 საათზე გამოცხადებულიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში და თავად ეშუამდგომლა პალატის წინაშე საქმის გადადებაზე, რაც ხელს არ შეუშლიდა სამ საათზე მეტი ინტერვალით დაშორებულ დრომდე რაიონულ სასამართლოში გამოცხადებას.

26. ამავდროულად, მხარეს არ მიუთითებია, რა გახდა ხელშემშლელი მიზეზი თავად აპელანტისათვის, გამოცხადებულიყო პროცესზე და დაეცვა საკუთარი ინტერესები, თუნდაც მხოლოდ საქმის განხილვის გადადების მოთხოვნის წარდგენის გზით.

27. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

28. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. გ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟის გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე