საქმე № 330210017001825208
საქმე №ას-933-873-2017 31 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ი.-ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტო“ (შემდგომში – მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების უვადოდ გაგრძელებულად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ ხელშეკრულების უვადოდ გაგრძელებულად აღიარების შესახებ.
მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე, რაზეც მან შეიტანა კერძო საჩივარი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.
განმცხადებლის მოთხოვნა:
5. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ მის მიერ იჯარით აღებულ სადავო ფართში ინახება ფარმაცევტული საწარმოს მანქანა-დანადგარები, მზა პროდუქცია და ა.შ, რის გამოც მოითხოვა ფართზე ყადაღა-აკრძალვის განხორციელება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინებით განცხადებას უარი ეთქვა განსახილველად მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლით, 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, 193-ე მუხლით და დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის მიმართ ხელშეკრულების უვადოდ გაგრძელებულად აღიარების მოთხოვნით სარჩელის განსახილველად მიღებაზე, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით დარჩა ძალაში.
8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იგი არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს უზრუნველყოფის ღონძიების გამოყენება-არგამოყენების საკითხზე, რადგან სსსკ-ის 193-ე მუხლის შესაბამისად, განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს ამ სარჩელის განმხილველი სასამართლო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა არ უშლის ხელს მხარეს, თავიდან მიმართოს სასამართლოს სარჩელით პირველი ინსტანციისა და საააპელაციო სასამართლოების განჩინებებში მითითებული გარემოებების (დასკვნების) გათვალისწინებისა და აღმოფხვრის შემთხვევაში. შესაბამისად, მოსარჩელემ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით უნდა მიმართოს საქმის განმხილველ პირველი ინსტანციის სასამართლოს.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის განცხადება არ უნდა იქნეს მიღებული განსახილველად, რამდენადაც არ არსებობს მისი დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
11. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დადგენილების საფუძველზე სადავო ფართი სიმბოლურ თანხად – 1 ლარად იყიდა სსიპ ქ.თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელიც მოსარჩელის ნებართვის გარეშე დაეუფლა ფართს, სადაც განთავსებული იყო მოსარჩელის კუთვნილი ძვირადღირებული ქონება. უნივერსიტეტმა დაისაკუთრა მოსარჩელის სახსრებით გაყვანილი კომუნიკაციები და მოსარჩელისათვის მიყენებული ზარალის გაანგარიშება ამჟამად ვერ ხერხდება. შესაბამისად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ არსებობს ყადაღა-აკრძალვის განხორციელების აუცილებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. უპირველესად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრის დასაწყისში განთავსებულია მინაწერი, რომ კერძო საჩივარი ეხება სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმას.
14. საგულისხმოა, რომ მოსარჩელეს სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარი ეთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განჩინებით.
15. აღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელის კერძო საჩივარი განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ და 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით მხარეს უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
16. სსსკ-ის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
17. ამდენად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი იმ მინაწერის ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ეხება სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის კანონიერებას დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
18. საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის წინამდებარე სარჩელის გამო საქმის წარმოება დასრულებულია, შესაბამისად, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების შეტანის ორგვარ პროცედურას: 1. მოსარჩელე უფლებამოსილია, ამგვარი განცხადებით სასამართლოს მიმართოს სარჩელის შეტანამდე, რასაც უთუოდ უნდა მოჰყვეს კანონით დადგენილ ვადაში სარჩელის წარდგენა; 2. მოსარჩელეს შეუძლია სარჩელის ან თუნდაც მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მოთხოვნა საქმის განხილვის დასრულებამდე. მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ემსახურება მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. ისეთ შემთხვევაში კი, თუ საქმის წარმოება დასრულდა და სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გაუმართლებელი და უკანონოა.
20. ასევე, დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება სსსკ-ის 193-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს ამ სარჩელის განმხილველი სასამართლო განცხადების შეტანიდან ერთი დღის ვადაში, მოპასუხისთვის შეუტყობინებლად. აღნიშნული ნორმა მიანიშნებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების შეტანა უკავშირდება სასამართლოში საქმის განხილვას და დასაშვებია იმ პერიოდში, როდესაც საქმის წარმოება მიმდინარეობს.
21. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ წარმოდგენილ სასარჩელო განცხადებაზე საქმის წარმოება არ მიმდინარეობს. კანონიერ ძალაშია შესული სასამართლო განჩინება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, მიეღო და განეხილა მოსარჩელის მოთხოვნა წარმოებაში არარსებული სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფაზე.
22. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ი.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე