საქმე №ას-835-781-2017 1 აგვისტო, 2017 წელი
. ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ვ.-.“
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. რ.-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა, თანხის დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. რ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ვ.-.-ს“ მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლის, თანხის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
შპს „ვ.-.-მ“ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ნ. რ.-ისათვის 50000 აშშ დოლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. რ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შეწყდა ნ. რ.-სა და შპს "ვ.-"-ს შორის 2007 წლის 16 მაისს გაფორმებული N.. ხელშეკრულება. შპს "ვ.-"-ს ნ. რ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 57 000 აშშ დოლარის გადახდა. შპს "ვ.-"-ს, ნ. რ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 38 230 ლარის გადახდა. მიუღებელი შემოსავლის სახით 22 800 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შპს "ვ.-"-ს შეგებებული სარჩელი ნ. რ.-ისათვის 50 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინებით შპს „ვ.-.-ს“ და ნ. რ.-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ვ.-.-მ“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინებით შპს „ვ.-.-ს“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2017 წლის 12 ივლისს შპს „ვ.-.-ს“ დირექტორმა გ.კ.-მა წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულებები და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟჲს გადახდის გადავადება ან ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 5 დღით.
საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით შპს „ვ.-.-ს“ დირექტორ გ.კ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, შპს „ვ.-.-ს“ დირექტორ გ.კ.-ს პირადად ჩაბარდა 2017 წლის 17 ივლისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ვ.-.-ს“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი კასატორ შპს „ვ.-.-ს“ დირექტორ გ.კ.-ს პირადად ჩაბარდა 2017 წლის 17 ივლისს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, იხ. ტ.2, ს.ფ.284). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 18 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 24 ივლისს, ვინაიდან 22-23 ივლისი იყო არასამუშაო დღეები – შაბათი-კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ვ.-.-ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი