გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-33-კს-03 17 სექტემბერი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2003წ. 24 იანვრის განჩინებით შეწყვიტა წარმოება ფიზიკური პირების, შპს “.. ..ის” თანამშრომლების: მ. ლ-ის, დ. მა-ის, დ. მ-ის და თ. მ-ის სარჩელისა გამო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998წ. 25 დეკემბრის ¹1-3/797 ბრძანების მე-2 პუნქტის და 1999წ. 25 ოქტომბრის ¹3/752 ბრძანების ბათილად ცნობის, ზედმეტად გადახდილი თანხის 4662 აშშ დოლარის და გადახდილი თანხიდან სხვაობის 253 აშშ დოლარის დაბრუნების, რენტგენისა და ფლუროგრაფიის კაბინეტის შენობის გადაფასების თაობაზე.
ზემოთ მითითებულ განჩინებაზე ფიზიკურმა პირებმა მ. ლ-ემ და თ. მ-ემ კერძო საჩივარი წარადგინეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში და მისი გაუქმება მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ შეცდომაში შეიყვანა მოსარჩელეები და ისე შეწყვიტა საქმე. კერძოდ, აიძულა ისინი უარი ეთქვათ თავიანთ სასარჩელო განცხადებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 15 მარტის განჩინებით მოსარჩელე ფიზიკური პირების შპს “.. ..ის” თანამშრომლების მ. ლ-ის და თ. მ-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა შემდეგი საფუძვლით:
სასამართლო კოლეგიამ მოსარჩელე ფიზიკური პირების წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, რომელმაც სარჩელზე უარი განაცხადა, გასაჩივრებული განჩინებით საქმის წარმოება შეწყვიტა. 2003წ. 24 იანვრის სასამართლო სხდომაზე კოლეგიის მიერ დასმულ შეკითხვაზე მოსარჩელე ფიზიკური პირების მ. ლ-ის, დ. მა-ის, დ. მ-ის და თ. მ-ის და ასევე მოსარჩელე პირის შპს “.. ..ის” წარმომადგენელმა გ. ბ-მა განმარტა, რომ მოცემულ სხდომაზე მხოლოდ შპს “.. ..ის” დაზუსტებული სარჩელი უნდა ყოფილიყო განხილული. ამასთან, მიუთითა, რომ მოსარჩელე ფიზიკურ პირთა მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე იგი მ. ლ-ის, დ. მა-ის, დ. მ-ის და თ. მ-ის მიერ აღძრულ სარჩელზე უარს ამბობდა.
სასამართლო კოლეგიამ გ. ბ-ის უფლებამოსილების გამორკვევის შემდეგ მიიღო განჩინება ფიზიკური პირების შპს “.. ..ის” თანამშრომლების მ. ლ-ის, დ. მა-ის, დ. მ-ის და თ. მ-ის მიერ აღძრულ სარჩელზე წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზეაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შპს “.. ..ის” თანამშრომლების მ. ლ-ის და თ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შპს “. ..ის” თანამშრომლების მ. ლ-ის, დ. მა-ის, დ. მ-ის და თ. მ-ის სარჩელის წარმოებით შეწყვეტისას მართებულად გამოიყენა სსკ-ს 172-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი, რადგან მოსარჩელეთა წარმომადგენელმა, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა სარჩელზე უარის თქმის უფლებამოსილება, სასამართლოს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე უარი თქვა სარჩელზე, რაც დაფიქსირებულია სასამართლო სხდომის ოქმში. სხდომის ოქმზე მოსარჩელეებს შენიშვნები არ წარუდგენიათ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას, რომ შპს “.. ..ის” მიერ თბილისის საოლქო სასამართლოში 2002წ. 20 მაისს წარდგენილი დაზუსტებული სარჩელი შპს “.. ..ის” თანამშრომლების მ. ლ-ის, დ. მა-ის, დ. მ-ის და თ. მ-ის მიერ თბილისის საოლქო სასამართლოში 2002წ. 23 იანვარს წარდგენილი სარჩელის დაზუსტებას წარმოადგენდა და თვლის, რომ ეს იყო სხვადსხვა პირის მიერ წარმოდგენილი ორი დამოუკიდებელი სარჩელი. ამდენად, სრულიად ლიგიკური იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ დასმული შეკითხვა მათ წარმომადგენელთან, თუ რომელი სარჩელი უნდა განეხილა სასამართლოს _ ფიზიკური პირების სარჩელი თუ იურიდიული პირის _ შპს “.. ..ის” სარჩელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელეები შეცდომაში არ შეუყვანია. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლომ სრულად დაიცვა და სათანადოდ შეამოწმა სსკ-ს 98-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და ისე შეწყვიტა საქმე წარმოებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “.. ..ის” თანამშრომლების მ. ლ-ის და თ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 იანვრის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.