საქმე №ას-888-828-2017 1 აგვისტო, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ა. ბ.-ე, დ. ბ.-ე, ე. ბ.-ე და მ.მ.-ა
მოწინააღმდეგე მხარე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ა. ბ.-ის, დ. ბ.-ის, ე. ბ.-ისა და მ.მ.-ას უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების – ა. ბ.-ის, დ. ბ.-ის, ე. ბ.-ისა და მ.მ.-ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.ს.-ში, ე.მ-ის ქ. №..-ში მდებარე მოსარჩელი საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ ...).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ბ.-ემ, დ. ბ.-ემ, ე. ბ.-ემ, მ.მ.-ამ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინებით ა. ბ.-ის, დ. ბ.-ის, ე. ბ.-ისა და მ.მ.-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ა. ბ.-ემ, დ. ბ.-ემ, ე. ბ.-ემ, მ.მ.-ამ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მ.მ.-ას ჩაბარდა 2017 წლის 18 ივლისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
2017 წლის 26 ივლისს ა. ბ.-ემ, დ. ბ.-ემ, ე. ბ.-ემ, მ.მ.-ამ წარმოადგინეს სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ.-ის, დ. ბ.-ის, ე. ბ.-ისა და მ.მ.-ას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორ მ.მ.-ას ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2017 წლის 18 ივლისს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ.115). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 19 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 24 ივლისს, ვინაიდან 23 ივლისი იყო არასამუშაო დღე – კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორებმა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითარი ფოსტას ჩააბარეს 2017 წლის 25 ივლისს (იხ. ს.ფ.116-119), ე.ი. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, მათი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და კერძო საჩივრის ავტორებს უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ბ.-ის, დ. ბ.-ის, ე. ბ.-ისა და მ.მ.-ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. ა. ბ.-ეს (პ/ნ ...), დ. ბ.-ეს (პ/ნ ...), ე. ბ.-ესა (პ/ნ ...) და მ.მ.-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეთ ლ. ფ.-ის მიერ 2017 წლის 25 ივლისს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი