№ას-241-229-2016 16 ივნისი, 2016 წელი,
ას-241-229-2016- ა...ი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი (მოპასუხე) – სს „ს...ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ა...ი“
მეორე კასატორი (მოსარჩელე) – შპს „ა...ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სს „ს...ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ს...ი“ (შემდეგში მოპასუხე, პირველი კასატორი, მზღვეველი ან მოვალე) და შპს „ა...ი“ (შემდეგში მოსარჩელე, მეორე კასატორი, სადაზღვევო მომსახურების მიმწოდებელი ან კრედიტორი) „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის #177 დადგენილებით (შემდეგში #177 დადგენილებით) განსაზღვრულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი მხარეები არიან („ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი ).
2. #177 დადგენილება განსაზღვრავდა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების (სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული შესაბამისი ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების) ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესებს და არეგულირებდა სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ შესაბამის ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სუბიექტებს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს და ამ პროგრამების ფარგლებში მიწოდებული სამედიცინო, ფარმაცევტული და სადაზღვევო მომსახურების სტანდარტებს ადგენდა.
3. ამ დადგენილების შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელმა, 2013 წლის დეკემბერში, სახელმწიფო სადაზღვევო და კორპორაციული პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურება გაუწია მზღვეველის მიერ დაზღვეულ პირებს. სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ 60 039.70 ლარი შეადგინა (#177 დადგენილების მე-3 მუხლის, მე-2 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი, სსკ-ის 799.1.-ე, 801-ე მუხლები). იმავე დადგენილების მიხედვით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდის ვადაგადაცილებისათვის ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით (#177 დადგენილების მე-3 მუხლის, მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი).
4. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N528 დადგენილებით, ცვლილება შევიდა #177 დადგენილებაში და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „მიმწოდებელი უფლებამოსილია, დაზღვეულთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე - ასანაზღაურებელი თანხის 0,02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე".
5. გაწეული სამედიცინო მომსახურების ამსახველი საანგარიშსწორებო დოკუმენტაცია მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა 2014 წლის 6 იანვარს.
6. #177-ე დადგენილების თანახმად, მოპასუხეს მომსახურების ღირებულება უნდა გადაეხადა დოკუმენტაციის წარდგენიდან 19 დღის ვადაში, ანუ 2014 წლის 31 იანვრამდე („სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის #177 დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი).
7. მოპასუხემ მოსარჩელეს მომსახურების ღირებულება არ გადაუხადა. მან ვალდებულება არც სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურის 2014 წლის 27 მარტის რეკომენდაციის შემდეგ შეასრულა, რომლითაც მოსარჩელის ფულადი მოთხოვნები დასაბუთებულად იქნა მიჩნეული (სამედიცინო მედიაციის პროცესის დებულების პირველი მუხლის მეორე ნაწილი, მე-10 და მე-12 მუხლები).
8. 2015 წლის 14 აპრილს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ ფულადი ვალდებულების, 60 039.70 ლარის, შესრულების მოთხოვნით; მან, ასევე, მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირითადი თანხის 0.1%-ის გადახდა 2014 წლის 01 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი წარადგინა იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაზღვეულ პირთათვის გაწეული მომსახურების ღირებულების ანგარიშსწორებისათვის მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის 14.05.2012 წლის №177 დადგენილებით, რომლის მიხედვითაც ანგარიშსწორების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს ორმხრივად გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რომელიც არ გაფორმებულა. მხოლოდ სამედიცინო მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული საანგარიშო დოკუმენტაციის წარდგენა ანგარიშსწორებისათვის არ არის საკმარისი. მომსახურების ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელის ანგარიშფაქტურით და თანდართული ანგარიშგების უწყისით წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, წარმოდგენილი თანხა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებისა და საქართველოს მთავრობის 14.05.2012 წლის №177 დადგენილების პირობების შესაბამისად, დაექვემდებარა კორექტირებას. რამდენადაც, მომსახურების საფასურის გადახდის საფუძველს წარმოადგენს ურთიერთშედარების აქტი, მისი არ გაფორმების შემთხვევაში ვერც პირგასამტეხლოს დარიცხვა ვერ მოხდებოდა იმ თანხაზე, რომლის გადახდის ვალდებულებაც არ დამდგარა.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების, 60 039.70 ლარის, გადახდა. ასევე, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირითადი თანხის 0.1%-ის გადახდა 2014 წლის 01 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 799-ე, 417-418-ე და 361.2-ე მუხლები გამოიყენა.
11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით: მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის არსებული ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის 14.05.2012 წლის №177 დადგენილებით, რომლის მიხედვითაც ანგარიშსწორების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს ორმხრივად გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რაც მხარეთა შორის არ გაფორმებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ვალდებულების წარმოშობის საფუძველი. გარდა ამისა, სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე მოპასუხემ დამატებით მიუთითა, რომ, თუ სასამართლო არ გაიზიარებდა არგუმენტებს თანხის დაკისრების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, მას უნდა გაეთვალისწინებინა #177 დადგენილებაში შესული ცვლილება, რომლის თანახმადაც დაკისრებული პირგასმტეხლო 2014 წლის 8 აგვისტოდან უნდა განსაზღვრულიყო ასანაზღაურებელი თანხის 0.02 %-ით.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ძირითადი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2014 წლის 1 თებერვლიდან 2014 წლის 8 აგვისტომდე. გარდა ამისა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ძირითადი თანხის 0.02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2014 წლის 8 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
13. პალატამ, პირველი ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, მიიჩნია, რომ ვინაიდან 2014 წლის 8 აგვისტომდე პირგასამტეხლო შეადგენდა ასანაზღაურებელი თანხის 0.1%-ს, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოს შემდგომ - ასანაზღაურებელი თანხის 0.02%-ს, პირგასამტეხლოს ოდენობის დადგენისას, სასამართლოს სწორედ წინამდებარე რეგულაციებით უნდა ეხელმძღვანელა.
14. პალატის დასკვნით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარეებს შორის არ გაფორმებულა „ანგარიშსწორების შესახებ ურთიერთშედარების აქტი“ (გათვალისწინებული წესების მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტით) არ ათავისუფლებდა მზღვეველს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებისაგან. მზღვეველისათვის მიწოდებული დოკუმენტაციით დადგინდა, რომ მზღვეველს ეცნობა ყველა საჭირო ინფორმაცია გაწეული მომსახურების შესახებ, როგორიცაა: მომსახურების თანხის ოდენობა, მომსახურების სახე პაციენტთა ვინაობის მითითებით, დასმული დიაგნოზების დასახელება, მომსახურების პერიოდები, მომსახურების დასახელება და კონკრეტულ პაციენტზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა. საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენიდან 19 სამუშაო დღეში მოპასუხეს წარმოეშვა მოსარჩელისათვის სადავო თანხის ანაზღაურების ვალდებულება, რაც მას არ შეუსრულებია.
15. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
15.1. პირველმა კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა წინამდებარე განჩინების პ.11-ში მითითებული ანალოგიური საფუძვლებით.
15.2. მეორე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა N177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი, კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში, დავა ეხება 2014 წლის თებერვალში გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებას, შესაბამისად, პირგასამტეხლოს გაანგარიშებისას, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა პირგასამტეხლოს 0.1%-იანი განაკვეთით. გარდა ამისა, მეორე კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მანამდე არსებულ სასამართლო გადაწყვეტილებებსა და პრაქტიკას.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 მარტისა და 4 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, ორივე საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, ისინი დაუშვებლად უნდა იქნენ მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რადგანაც მათ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების მიმართ დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზები არ წარმოუდგენიათ.
20. სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემობები და გამოიტანა სამართლებრივად დასაბუთებული დასკვნები იმის თაობაზე, რომ მზღვეველის მიერ დაზღვეულ პირებს მოსარჩელემ ნამდვილად გაუწია სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულების ანაზღაურებაზე ვალდებული პირი, სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, სწორედ მოპასუხე იყო. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება მოპასუხემ არ განახორციელა წარდგენიდან 19 დღის განმავლობაში და არაფერი მოიმოქმედა ურთიერთშედარების აქტის გასაფორმებლად, რითაც ის ფაქტიურად დაეთანხმა მოსარჩელის მხრიდან წარდგენილი ანგარიშგების დოკუმენტების საფუძველზე გაწეული მომსახურების ღირებულების სრულად ანაზღაურებას.
21. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მეორე კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა N177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი. პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმატიული აქტის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ 2014 წლის 8 აგვისტომდე დაკისრებული კანონისმიერი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა ასანაზღაურებელი თანხის 0.1%-ს, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოს შემდგომ კი, ასანაზღაურებელი თანხის 0.02%-ს.
22. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლასთან მიმართებით არსებითად სწორია.
23. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ, ას-1147-1394-05; სუსგ N3კ-1133-02; სუსგ N3კ-1155-02; სუსგ Nას-7-362-07; სუსგ Nას-819-771-2012, სუსგ 2016 წლის 29 იანვრის განჩინება #ას-1003-947-2015, 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინება #ას-942-892-2015).
24. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე,
საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორების საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს...ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „ს...ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3002.00 ლარის, საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 01.03.2016) 70% – 2101.40 ლარი;
3. შპს „ა...ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
4. კასატორ შპს „ა...ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2629.73 ლარის, მათ შორის, 876.55 ლარის, საკრედიტო საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 04.03.2016 და 1753.18 ლარის, საკრედიტო საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 31.03.2016) 70% – 1840.81 ლარი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი