№ას-404-387-2016 30 ივნისი, 2016 წელი,
ას-404-387-2016- კ-ი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ლ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. ს-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ს-ის (შემდეგში კრედიტორის) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ. კ-ს (შემდეგში - მოვალეს ან კერძო საჩივრის ავტორს), კრედიტორის სასარგებლოდ, დაეკისრა 5 508 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, აგრეთვე, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 500 ლარის, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 538.54 ლარის ანაზღაურება;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 264-ე მუხლი). 2015 წლის 20 აპრილს სააპელაციო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი (სსსკ-ის 267-ე მუხლი) და კრედიტორის განცხადების საფუძველზე დაიწყო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი.
3. 2016 წლის 24 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოვალემ და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება და დაკისრებული თანხის ერთი წლით განაწილვადება (სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილი). განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მან დაკარგა ბინა, სააღსრულებო წარმოების გამო დაყადაღებულია მისი ერთადერთი საცხოვრებელი სახლი, დედამისი არის ღრმად მოხუცებული, მძიმე ავადმყოფი, თავადაც უმუშევარია და დედა-შვილი სოციალურად დაუცველები არიან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 აპრილის განჩინებით განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება გადაიდო ერთი თვით. მითითებული განჩინების დასაბუთება ეფუძნება შემდეგ მოსაზრებებს:
4.1. მართალია, კანონი მოვალის მძიმე ქონებრივი და სხვა გარემოებების გათვალისწინებით უშვებს გადაწყვეტილების აღსრულების გადადებას, განაწილვადებას, მისი აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით უნდა გაუარესდეს კრედიტორის მდგომარეობა, კერძოდ, თუ გადაწყვეტილების აღსრულების გადადების, განაწილვადების ან აღსრულების წესის შეცვლით ზიანი მიადგება კრედიტორს, მაშინ უპირატესობა ამ უკანასკნელის ინტერესებს უნდა მიენიჭოს.
4.2. საქმის მასალებით, დადგენილია რომ მოვალის ოჯახი სოციალურად დაუცველია, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით, მოპასუხის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი - სარეიტინგო ქულა არის .... აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ერთი თვით გადადება.
5. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოვალემ. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად განმარტა სსსკ-ის 263-ე მუხლის შინაარსი. მოპასუხის ერთადერთი საცხოვრისია დაყადაღებული სახლი, რომლის რეალიზაციის შემდგომაც ის პენსიონერ დედასთან ერთად ღია ცის ქვეშ რჩება, სხვა ბინის დაქირავებას კი, მწირი შემოსავლის პირობებში ვერ შეძლებს. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს უნდა გაენაწილვადებინა თანხის გადახდა ერთ წლამდე, რითაც დაცული იქნებოდა, როგორც მოვალის, ისე - კრედიტორის ინტერესები.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 მაისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ხასიათდება მუდმივობის პრინციპით, რადგან სსსკ-ის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. სასამართლოს შემაჯამებელი აქტის ამგვარი განსაკუთრებული თვისებიდან გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობაში სპეციალური ნორმის - 263-ე მუხლის შემოღების აუცილებლობა, რომლითაც განსაზღვრულია გადაწყვეტილების აღსრულების გადადება ან განაწილვადება, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა. აღნიშნული ნორმა ემსახურება სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და ორივე მხარის კანონიერ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად, ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვისა, გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე, შეცვალოს გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება და წესი (შდრ.სუსგ.საქმე#337-322-2016, 16.06.2016).
9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ, გასახილველ შემთხვევაში, გამართლებული არ იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდის განაწილვადება. სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილი არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება კრედიტორისთვის საზიანოდ იქცეს. თუ გადაწყვეტილების აღსრულებით მძიმე ქონებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდება მოვალე, ხოლო მისი აღსრულების გადადების, განაწილვადების ან აღსრულების წესის შეცვლით ზიანი მიადგება კრედიტორს, მაშინ უპირატესობა ამ უკანასკნელის ინტერესებს უნდა მიენიჭოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრედიტორის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება გადაიქცევა არაქმედით გადაწყვეტილებად. ამდენად, აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარში ასახული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები.
10. აღნიშნულ მიდგომას განამტკიცებს ევროსასამართლოს პრაქტიკაც. შპს “იზა” და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ საქმეში სასამართლო აღნიშნავს, რომ “სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება “სასამართლო პროცესის” განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ, ჰორნსბი საბერძნეთის წინააღმდეგ - სასამართლო განაჩენებისა და გადაწყვეტილებების კრებული 1997-II, გვ. 510, §40).
11. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 419-ე, 420-ე მუხებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: პ.ქათამაძე
ე.გასიტაშვილი