№ას-584-559-2016 25 აგვისტო, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – მ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ბ...ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – სესხის დაბრუნება, სესხის სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ბ...მა“ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ბ-ის (შემდეგში პირველი მოპასუხის) და მ. ბ-ის (შემდეგში მეორე მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის 12 317 აშშ დოლარის დაკისრება.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 12 317 აშშ დოლარის გადახდა.
3. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა პირველმა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
5. დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აპრილის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა, ფორმის დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 493 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა, რისთვისაც განესაზღვრა 10 -დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. საქმის მასალების თანახმად, განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა აპელანტს და ჩაჰბარდა 2016 წლის 12 აპრილს.
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 368-ე, 373-ე, 374-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ. მისი განმარტებით, იგი სასამართლოში საქმეს აწარმოებდა წარმომადგენლის მეშვეობით, რომელმაც ყველა საპროცესო მოქმედება დაგვიანებით შეასრულა, ამიტომ ხარვეზის შევსების ვადის გაშვება საპატიოდ უნდა ჩასთვლოდა. გარდა ამისა, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. ამდენად, ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მხარისათვის აშკარად უარყოფითი საპროცესო შედეგი დგება, ამიტომ სასამართლო ვალდებულია, ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად განსაზღვროს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების შემთხვევაში ხარვეზი შევსებულად ჩაითვლება, ხოლო მხარემ – სათანადოდ შეასრულოს ყველა ეს მოქმედება, რათა თავიდან აიცილოს მისთვის არასასურველი პროცესუალური შედეგი.
12. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აპრილის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა შესაბამისი ფორმის დაცვით შედგენილი სათანადო რაოდენობის სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 493 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში. ხარვეზის განჩინება პირადად ჩაჰბარდა აპელანტს 2016 წლის 12 აპრილს. ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო და არც სხვა სახის შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
15. ამდენად, არსებულ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და, დაკისრებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, კანონის შესაბამისად, განუხილველად დატოვა.
16. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი), ვინაიდან წარმომადგენლის მიერ ხარვეზის განჩინებით დავალებული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ნიშნავს, ასევე, მხარის მიერ ამ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობას, რასაც ამ უკანასკნელისათვის აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი უარყოფითი საპროცესო შედეგი. აქედან გამომდინარე, წარმომადგენლის მიერ თავის მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მხარისათვის საპატიო მიზეზს არ წარმოადგენს, შესაბამისად, ეს უკანასკნელი ვერ დაეყრდნობა სსსკ-ის 64-ე და 65-ე მუხლების დანაწესს, რომელიც, საპატიო მიზეზის არსებობისას, საპროცესო ვადის გაგრძელების ან აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
17. კერძო საჩივრის ავტორის ერთ-ერთი პრეტენზია ისაა, რომ, ვინაიდან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა. ზემოხსენებულ პრეტენზიაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან ეს შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ სააპელაციო სასამართლო არსებითად განიხილავდა სააპელაციო საჩივარს და უცვლელად დატოვებდა გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, შეამოწმოს მხოლოდ ამ განჩინების და არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერება.
18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
19. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი