Facebook Twitter

28 ივლისი, 2016 წელი,

№ას-424-407-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – ბმა „ბბ...“ (თავმჯდომარე - მ. ჟ-ა), ვ. მ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ბ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით: შპს „ბ-ის“ (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკეთრეთა ამხანაგობა „ბ...-ის“ (შემდეგში პირველი მოპასუხის) წევრთა 2013 წლის 11 და 12 სექტემბრის №3 და №4 საერთო კრების ოქმები; სარჩელი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების №1 ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა მოპასუხემ და ვ. მ-ამ (შემდეგში მეორე მოპასუხემ), რომლებმაც მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

3. სააპელაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა 2016 წლის 25 იანვარს, 13:00 საათზე.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დანიშნულ მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები და მათი წარმომადგენელი, რომლებიც სასამართლო სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე გაფრთხილებულ იქნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70ე-78-ე მუხლების შესაბამისად. აპელანტებმა სხდომის დღეს სასამართლოს გაუგზავნეს დეპეშა, რომლითაც აცნობეს, რომ, ავდრის გამო ვერ ესწრებოდნენ სხდომას და ითხოვდნენ მის გადადებას.

5. სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად იმაზე მითითებით, რომ აპელანტებმა სათანადოდ ვერ დაასაბუთეს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა და, აქედან გამომდინარე, არ არსებობდა სხდომის სხვა დროისათვის გადადების საფუძველი. პალატამ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი მოიშველია, რომლის მიხედვითაც ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამავე კოდექსის 102-103-ე მუხლების თანახმად, გარემოება, რაც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით, ამასთან, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მიერ წარმოდგენილი იქნა დეპეშა სხდომის გადადების შესახებ, მაგრამ დეპეშაში მითითებული გარემოება (უამინდობა), პალატამ არ მიიჩნია მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი (შესაბამისი სპეციალური მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობა იმის შესახებ, რომ 2016 წლის 25 იანვარს თბილისიდან ქუთაისში (დეპეშა თბილისიდან იყო გაგზავნილი) გადაადგილება იყო შეუძლებელი ან შეფერხებული).

6. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელემ უარი განაცხადა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, ასევე - საქმის განხილვის გადადებაზე და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს აპელანტებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ სასამართლო პროცესზე მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო უამინდობით, რის თაობაზეც სასამართლოს ეცნობა კანონით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს შეტყობინებად უნდა მიეღო მხარის შუამდგომლობა და სხდომა უნდა გადაედო გონივრული ვადით.

9. კერძო საჩივრის ავტორმა საჩივარს დაურთო გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც დგინდება, რომ 2016 წლის 25 იანვარს, ინტენსიური ნალექის, თოვლის გამო, ბათუმი - ქობულეთის მიმართულებით გადაადგილება შეუძლებელი იყო.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

13. ზემოაღნიშნულ ნორმებზე მითითებით, 2016 წლის 25 იანვრის სხდომაზე, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტთა შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ და დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. სააპელაციო პლატამ საპატიო მიზეზად არ მიიჩნია აპელანტების მითითება უამინდობის გამო, გადაადგილების შეუძლებლობის თაობაზე, ვინაიდან მათ არ წარმოუდგენიათ ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).

14. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობის გასაქარწყლებლად, კერძო საჩივრის ავტორმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა გარემოს ეროვნული სააგენტოს 28.01.2016 წლის ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ 2016 წლის 25 იანვარს, დღის საათებში, ბათუმში ძლიერი თოვლი იყო. საჩივრის ავტორმა წარმოადგინა, ასევე, შპს „ზიმოს“ 04.02.2016 წლის წერილი, რომლის მიხედვით, 2016 წლის 25 იანვარს კომპანია თოვლის საფარის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდა ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე. მითითებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, კერძო საჩივრის ავტორები მოითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, სსსკ-ის 215-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, უამინდობა შეიძლება ჩაითვალოს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, მაგრამ ამავე მუხლის მესამე ნაწილით (ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე) დადგენილია, რომ გამოუცხადებლობის გარემოება დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე მხარის გამოცხადების შეუძლებლობაზე. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 26 იანვარს აპელანტები იმყოფებოდნენ ქ.თბილისში, საიდანაც მათ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გაუგზავნეს დეპეშა და აცნობეს, რომ სასამართლოს სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო რთული მეტეოროლოგიური პირობებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 263). საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრის ავტორებმა წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ 2016 წლის 25 იანვარს თოვდა ბათუმში, ხოლო, თოვლის მაღალი საფარის გამო, ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე მიმდინარეობდა გზის გამწმენდი სამუშაოები, ანუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ადასტურებს გადაადგილების შეუძლებლობას არა თბილისი-ქუთაისის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, არამედ ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით. საყურადღებოა, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა გადაადგილების შეუძლებლობის ფაქტის დაუდასტურებლობას სწორედ თბილისი-ქუთაისის მიმართულებით, ვინაიდან დეპეშა თბილისიდან იყო გაგზავნილი და ივარაუდებოდა, რომ ამ დეპეშის ავტორები მას თბილისიდან აგზავნიდნენ. სწორედ მითითებული გარემოებები უნდა გაექარწყლებინათ აპელანტებს, რაც მათ ვერ შეძლეს. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, შინაარსიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

16. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსსკ-ის 229-ე და 387-ე მუხლების დანაწესი და სწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი.

17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

18. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბმა „ბბ...-ისა“ და ვ. მ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი