Facebook Twitter

14 ივლისი, 2016 წელი,

№ას-352-337-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/ მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „თ...ო“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა. ი-ი (შემდეგში - მოსარჩელე, დასაქმებული ან კასატორი) 2005 წლის 14 ივლისიდან მუშაობდა შპს „ბ-ს“ (შემდეგში - დამსაქმებელი, კლინიკა ან მოპასუხე) ექიმ-ინფექციონისტად (საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის, 6.1. მუხლი).

2. 2014 წლის 2 სექტემბერს კლინიკის სამედიცინო საბჭომ განიხილა დაკავებულ თანამდებობასთან მოსარჩელის შესაფერისობის საკითხი, კლინიკის დირექტორის თაოსნობით. ამ უკანასკნელმა საბჭოს წარუდგინა შესაბამისი მასალები და აღნიშნა, რომ დასაქმებული 2005 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა განყოფილებაში, 2007 წლიდან კი - ვირუსული ინფექციების განყოფილებაში საქმიანობდა. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, განყოფილების გამგე მუდმივად, წერილობით თუ ზეპირად, მიმართავდა კლინიკის ადმინისტრაციას და მიუთითებდა, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა შესაბამისი კვალიფიკაცია, მას არ შეეძლო დამოუკიდებლად მორიგეობა და პაციენტთა სათანადო მკურნალობა; კოლეგებთან, პაციენტებსა და მათ მშობლებთან მისი ურთიერთობა დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო რთულდებოდა, რითაც პაციენტთა სიცოცხლეს საფრთხე ექმნებოდა და კლინიკის პრესტიჟი ეცემოდა. კლინიკის სამედიცინო საბჭომ გაითვალისწინა ჩამოთვლილი ფაქტები და კლინიკის ადმინისტრაციის წინაშე დააყენა მოსარჩელის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხი.

3. 2014 წლის 3 სექტემბერს კლინიკის დირექტორმა გამოსცა ბრძანება №36/01, რომლითაც მოსარჩელე გაათავისუფლა სამსახურიდან ექიმ-ინფექციონისტის თანამდებობასთან კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების შეუსაბამობის გამო (სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი).

4. 2014 წლის 10 ოქტომბერს დასაქმებულმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ კლინიკის დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობისა და თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ შეეფერებოდა დაკავებულ თანამდებობას, ანუ სათანადო კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები გააჩნდა. ამასთან, კლინიკის ადმინისტრაციას არასოდეს არ გამუთქვამს რაიმე სახის პრეტენზია და მისთვის შენიშვნაც კი არ მიუცია.

5. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მან წინამდებარე განჩინების მეორე პუნქტში მითითებულ ფაქტებზე (გარემოებებზე) მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელის განთავისუფლება კანონიერი იყო, რადგანაც ის თავს ვერ ართმევდა დაკისრებულ მოვალეობებს, რისკის ქვეშ აყენებდა პაციენტთა სიცოცხლესა და დაწესებულების პრესტიჟს.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით: ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2014 წლის 03 სექტემბრის №…1 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი კომპენსაცია 12 თვის ხელფასის ოდენობით; თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნა უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, სშკ-ის 37-ე და 38.8-ე მუხლებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამედიცინო საბჭომ სათანადოდ არ გამოიკვლია მოსარჩელის პროფესიული შესაბამისობა, კერძოდ, სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლების მითითება მოსარჩელის არაკომპეტენტურობაზე არადამაჯერებელი იყო, რადგანაც ისინი კონკრეტულ ფაქტებზე არ აპელირებდნენ, არამედ ზოგადი ხასიათის მსჯელობით შემოიფარგლებოდნენ. სასამართლოს მოსაზრებით, დასაქმებულს საპირისპიროს მტკიცებისა და საკუთარი პოზიციის დასაბუთების საშუალება არ მიეცა. გარდა ამისა, მოსარჩელის წინააღმდეგ ადმინისტრაციას არ გამოუყენებია გაფრთხილება ან დისციპლინური ხასიათის რაიმე სახის სხვა ღონისძიება, რაც მომავალში შესაძლო დათხოვნის ვარაუდისათვის მას საკმარის საფუძველს შეუქმნიდა.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით: მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ იკვეთებოდა მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სამედიცინო საბჭოს სხდომის მასალები და საავადმყოფოს პერსონალის ახსნა-განმარტებები ადასტურებდა, რომ დასაქმებულის კვალიფიკაცია და პროფესიული უნარ-ჩვევები არ იყო ექიმი-ინფექციონისტის თანამდებობის შესაბამისი, ხოლო მოსარჩელის განათლებისა და სპეციალობის დამადასტურებელი დოკუმენტები კი არ იძლეოდა ცალსახა დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ მოსარჩელე სათანადოდ ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობებს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან არ არსებობდა მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ საავადმყოფოს დირექტორის 2014 წლის 3 სექტემბრის №36/01 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად, მოსარჩელის სასარგებლოდ არც მოპასუხისათვის არსებობდა სშკ-ის 38.8-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. მოსარჩელის მტკიცებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის არაკომპეტენტურობასა და არაკვალიფიციურობას. მისი მოსაზრებით, სამსახურიდან კლინიკის ხელმძღვანელის პირადი ინტერესით გაათავისუფლეს.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და, აქედან გამომდინარე, დაუშვებელია.

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა, შესაბამისად, სწორია სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ.

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

17. საკასაციო პალატა არ ეთანხმება წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტში მითითებულ საკასაციო პრეტენზიას, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ დეტალურად შეისწავლა და შეაფასა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერების საკითხი მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის გათვალისწინებით. სამართლიანი ბალანსის დაცვა კი გულისხმობს იმას, რომ, ერთი მხრივ, დასაქმებულს უსაფუძვლოდ არ უნდა შეუწყდეს შრომითი ხელშეკრულება და ამით არ მოესპოს საარსებო საშუალება, ხოლო, მეორე მხრივ, დამსაქმებელს არ უნდა შეეზღუდოს შრომითი მოვალეობების დამრღვევი მუშაკის სამუშაოდან განთავისუფლების უფლება და მისთვის მიუღებელი მუშაკის სამუშაოზე დატოვებით არ უნდა შეექმნას გარკვეული რისკები.

18. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ მტკიცებულებებზე, რომელთა შინაარსიც მას სადავოდ არ გაუხდია და რომელთა სათანადოდ გამოკვლევის შემდეგ სასამართლომ უარყო სარჩელი. სახელდობრ, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, მოწმეთა ახსნა-განმარტებები, სამედიცინო საბჭოს შესაბამისი დასკვნა ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდნენ, რომ კასატორი ვერ ართმევდა თავს დაკისრებულ პროფესიულ მოვალეობას. მოსარჩელემ კი, რომელიც სამედიცინო დარგის წარმომადგენელია და მისთვის კარგად უნდა იყოს ცნობილი ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო სტანდარტები და ეთიკური ნორმები, ჩამოთვლილ მტკიცებულებებს მხოლოდ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) დაუპირისპირა, რაც, მოცემულ შემთხვევაში, ვერ აბათილებს ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს. ამრიგად, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი (დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან) დამსაქმებელს კასატორის განთავისუფლების უფლებას ანიჭებდა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაშვების წინაპირობა მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენების ან/და განმარტების საფუძვლით.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მოსარჩელის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

22. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300.00 ლარის (გადახდის თარიღი – 27 აპრილი, 2016 წელი, საგადახდო დავალება №10019307) 70% – 210.00 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ი-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ა. ი-ს დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე გ. ი-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება #10019307, გადახდის თარიღი 27.04.2016) 70% - 210.00 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი