Facebook Twitter

საქმე №ა-3937-ბ-15-2013 13 მაისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებლები - ვ. გ-ია, ნ. ც-ე

მოწინააღმდეგე მხარე – „ო-ი“, „ო-ი“, სს „ო-“

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 თებერვლის განჩინება

განმცხადებლების მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობა

დავის საგანი – უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის სამეფო სასამართლოს განყოფილების კომერციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის ბრძანებით მოსარჩელეების: „ო-ის“, „ო-ისა“ და სს „ო-ის“ (მოსარჩელეების) განცხადების საფუძველზე მიღებულ იქნა განკარგულება მოპასუხე ვ. გ-იას წინააღმდეგ ქონების დაყადაღების შესახებ.

2. მოსარჩელეების: „ო-ის“, „ო-ისა“ და სს „ო-ის“ წარმომადგენელმა გ. გ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული ბრძანების (განკარგულების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით „ო-ის“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანია), „ო-ისა“ და სს „ო-ის“ (რუსეთის ფედერაციაში დაფუძნებული კომპანია) წარმომადგენელ გ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და მიექცა აღსასრულებლად დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის სამეფო სასამართლოს განყოფილების კომერციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება მოპასუხე ვ. გ-იას ქონების დაყადაღების შესახებ.

4. 2013 წლის 20 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს ვ. გ-იამ და ნ. ც-ემ და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლებმა მიუთითეს შემდეგ გარემოებებზე:

4.1. ვ. გ-ია წინამდებარე დავაზე წარმოადგენდა მოწინააღმდეგე მხარეს, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიუხედავად იმისა, საკასაციო სასამართლო იხილავდა არსებითი განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებისა თუ სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევას, ვ.გ-იას უფლება ჰქონდა, ინფორმირებული ყოფილიყო საქმის განხილვის თაობაზე. გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ამავე კანონით გათვალისწინებული პროცედურაა და ნორმატიული აქტი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების შინაარსობრივ განსხვავებას არ ითვალისწინებს.

4.2. მართალია, დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის სამეფო სასამართლოს განყოფილების კომერციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის ბრძანების საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე 2013 წლის 11 თებერვლის განჩინების მე-6 პარაგრაფში აღნიშნულია ვ. გ-იას ვალდებულებაზე, არ გაასხვისოს აქტივები, მათ შორის ისეთი, რომელიც, შესაძლოა, მის სახელზე არ იყოს რეგისტრირებული, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული დათქმა მიუთითებს მხოლოდ იმგვარ აქტივებზე, რაც ვ.გ-იას საკუთრებას წარმოადგენს და არა სხვა პირთა ქონებაზე.

4.3. საქართველოს კანონმდებლობა აღიარებს რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფციას, რაც იმას ნიშნავს, რომ მესაკუთრეა პირი, რომელიც მარეგისტრირებელ ორგანოში ასეთადაა აღრიცხული. განჩინებაში მითითებული ქონება - საქართველო, ქ.თბილისი, 0179, ფ-ის 32, ბინა N27, რომლის თაობაზეც გაცემულია დაყადაღების განკარგულება, 2006 წლიდან ეკუთვნის და უწყვეტადაა რეგისტრირებული ნ. ც-ის საკუთრებად. ის გარემოება, რომ ნ.ც-ე წარმოადგენს უძრავი ქონების ერთადერთ მესაკუთრეს, ამასთან, რაიმე ვალდებულება წინამდებარე დავის თაობაზე განმცხადებლებს შორის არ არსებობს, მიუხედავად უცხო ქვეყნის მიერ გადაწყვეტილებაში ზემოაღნიშნული ქონების მითითებისა, ამ ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის სამართლებრივ პრინციპებს, ამდენად, საკასაციო სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, განმცხადებელთა განმარტებით, ვინაიდან საქმის განხილვის თაობაზე არ იყო ინფორმირებული ნ. ც-ე, რომლის უფლებებსაც ასევე შეეხო გადაწყვეტილება, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. განმცხადებლებმა მიუთითეს იმ გარემოებაზეც, რომ საკასაციო პალატის განჩინება აღსრულებული არ არის, ნ.ც-ის ქონებას არ ადევს ყადაღა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, ვ. გ-იასა და ნ. ც-ის განცხადების საფუძვლიანობა და თვლის, რომ განმცხადებელთა მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების მოქმედ სამართალთან შესაბამისობის კვლევის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე მიღებული განჩინების ბათილად ცნობის საკითხი, რის გამოც, ზემოაღნიშნული ნორმების დანაწესებიდან გამომდინარე, საკითხის გადაწყვეტისათვის გამოყენებულ უნდა იქნას ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესები.

3. საქმის მასალებით დასტურდება, რომ:

ა) დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის სამეფო სასამართლოს განყოფილების კომერციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის ბრძანებით მოსარჩელეების: „ო-ის“, „ო-ისა“ და სს „ო-ის“ განცხადების საფუძველზე მიღებულ იქნა განკარგულება მოპასუხე ვ. გ-იას წინააღმდეგ ქონების დაყადაღების შესახებ;

ბ) „ო-ის“, „ო-ისა“ და სს „ო-ის“ წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება;

გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით „ო-ის“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანია), „ო-ისა“ და სს „ო-ის“ (რუსეთის ფედერაციაში დაფუძნებული კომპანია) შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის სამეფო სასამართლოს განყოფილების კომერციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და მიექცა აღსასრულებლად დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის სამეფო სასამართლოს განყოფილების კომერციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება მოპასუხე ვ. გ-იას ქონების დაყადაღების შესახებ;

დ) უზრუნველყოფის ღონისძიების ერთ-ერთ ობიექტს ასევე წარმოადგენს ქონება, მდებარე საქართველოში, თბილისი, 0179, ფ-ის 32, ბინა №27;

ე) უდავოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში მისი მიღებიდან - 2013 წლის 11 თებერვლიდან.

4. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართეს მოწინააღმდეგე მხარე ვ. გ-იამ, ასევე ნ. ც-ემ და მოითხოვეს ზემოაღნიშნული განჩინების ბათილად ცნობა, იმ საფუძვლით, რომ ისინი საქმის განხილვაზე მოწვეული არ ყოფილან, ამასთანავე, საქართველოში, ქ.თბილისში, ფ-ის 32-ში მდებარე №27 ბინა არ წარმოადგენს ვ. გ-იას საკუთრებას და მიუხედავად უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით ამ ქონებაზე უზრუნველყოფის მიქცევისა, სხვისი საკუთრების უზრუნველყოფის ღონისძიების ობიექტად გამოყენებით და ამ ნაწილში უცხო ქვეყნის გადაწვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობით დაირღვა კანონის მოთხოვნა. იმ ფაქტის მტკიცების მიზნით, რომ სადავო ქონება წარმოადგენს განმცხადებელ ნ. ც-ის და არა ვ. გ-იას საკუთრებას, განცხადებას ერთვის საჯარო რეესტრის ამონაწერი, ასევე ამ ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დადასტურებულია, რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე ქონება 2006 წლის 18 მაისიდან რეგისტრირებულია სწორედ ნ.ც-ის საკუთრებად და ქონებაზე სხვა პირის უფლება რეგისტრირებული არ ყოფილა.

5. საქმის მასალებით დასტურდება გარემოება იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის განხილვაზე ინფორმირებული იყო მხოლოდ შუამდგომლობის ავტორთა წარმომადგენელი გ. გ-ი.

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. ნორმის მე-2 ნაწილით კი, კანონმდებელმა განსაზღვრა, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დაუშვებელია, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას. ნორმის ამკრძალავი ეს დებულება საქმის მასალებით დადასტურებული არ არის.

7. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმადაც ეს კანონი განსაზღვრავს, თუ რომელი სამართლებრივი წესრიგი გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას. ამავე კანონის 68-ე და მომდევნო მუხლებით კი, რეგულირებულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხი და დადგენილია, რომ საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს (71.3 მუხლი). კანონის არც ერთი დანაწესით არ არის გამიჯნული ერთმანეთისაგან უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებათა შინაარსობრივი დიფერენციაცია, რაც, პალატის შეფასებით, საკითხის განხილვის თაობაზე შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარის უპირობო ინფორმირების აუცილებლობაზე მიუთითებს. ამ გარემოების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს განმცხადებელ ვ. გ-იას არგუმენტს მისი საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირების აუცილებლობის შესახებ და თვლის, რომ მის მიმართ არსებობს მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

8. რაც შეეხება ნ. ც-ის მოთხოვნასა და მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას, რომლითაც უტყუარად დასტურდება ქ.თბილისში, ფ-ის 32-ში მდებარე №27 ბინაზე განმცხადებლის საკუთრების უფლება, საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: მიუხედავად იმისა, რომ საქმის განხილვის ეტაპზე საკასაციო სასამართლოსათვის უცნობი იყო ზემოაღნიშნული გარემოება, ამასთან ის არც მოწინააღმდეგე მხარედ ყოფილა მითითებული და არც თავად უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება შეიცავს დათქმას განმცხადებლის უფლების თაობაზე, მაინც არსებობს მისი მოთხოვნის ნაწილში განცხადების დაკმაყოფილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 431-ე მუხლის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 თებერვლის განჩინება ბათილად უნდა იქნას ცნობილი და განახლდეს საქმის წარმოება, შესაბამისად, როგორც თანმდევი შედეგი, უნდა გაუქმდეს ამავე განჩინების აღსრულების მიზნით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2013 წლის 15 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

10. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებას ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, რომელთა თანახმადაც, განმცხადებლებმა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხის განხილვისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადეს 600 ლარი (300-300 ლარი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. ამდენად, თითოეული განმცხადებლის მიერ ზედმეტად გადახდილია 250-250 ლარი, სულ 500 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლისა და 42-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატა თვლის, რომ განმცხადებლებს უნდა დაუბრუნდეთ ვ. რ-ის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 42-ე, 422-ე, 430-ე, 431-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. გ-იასა და ნ. ც-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 თებერვლის Nა-4678-შ-88-2012 განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 თებერვლის Nა-4678-შ-88-2012 განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება.

3. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 15 მარტს Nა-4678-შ-88-2012 განჩინების იძულებით აღსრულების მიზნით გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

4. საქმის საერთო წესით განხილვის მიზნით, შუამდგომლობა და თანდართული მასალები გაეგზავნოს ვ. გ-იას.

5. მასვე განემარტოს, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა.

6. თუ მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობის მხარეთა დასწრებით განხილვას არ მოითხოვს საქმის განხილვა დაინიშნება ზეპირი მოსმენის გარეშე.

7. ვ. გ-იასა და ნ. ც-ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ 2013 წლის 20 დეკემბერს ვ. რ-ის მიერ N8 და N9 საგადახდო დავალებებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი 250-250, სულ 500 ლარი.

8. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე