Facebook Twitter

საქმე #ას-510-477-2017 14 სექტემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთას პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე რ. ხ-ის უფლებამონაცვლედ დავაში მისი პირველი რიგის მემკვიდრის ჩაბმისა და უფლებამონაცვლის მიერ კერძო საჩივარზე უარის თქმის კანონიერების საკითხი და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საკასაციო სასამართლოს განსახილველად გადმოეცა რ. ხ-ის სახელით მისი წარმომადგენლის _ ხ. ლ-ას მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინებაზე, საქმეზე _ რ. ხ-ის სარჩელის გამო, ნ.ნ-ის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ვინაიდან კერძო საჩივრის წარმოდგენის დროისათვის გარდაცვლილი იყო რ.ხ-ე, ხოლო დავალების ხელშეკრულებაში, რომლის საფუძველზეც მოქმედებდა კერძო საჩივრის შემომტანი პირი, მითითებული იყო მისი უვადოდ გაცემის თაობაზე (იხ. მინდობილობის გაცემის დროს მოქმედი რედაქციის სკ-ის 109-ე მუხლი), პალატამ შეაჩერა საქმის წარმოება კერძო საჩივრის ავტორის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა რ. ხ-ის მეუღლემ, მ. ხ-ემ, წარმოადგინა სამკვიდრო მოწმობა და განმარტა, რომ უარს აცხადებდა კერძო საჩივარზე.

საკასაციო პალატა წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობის შესწავლის შედეგად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ განმცხადებელი მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეა (მეუღლე), რომელმაც სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნოტარიუსისათვის მიმართვით მიიღო სამკვიდრო, ამავე მოწმობით ირკვევა, რომ რ.ხ-ის პირველი რიგის მეორე მემკვიდრემ _ შვილმა, თ. ხ-ემ, სამოქალაქო კოდექსის 1439-ე მუხლის შესაბამისად, დედის _ მ. ხ-ის სასარგებლოდ უარი განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე. მოხმობილი ფაქტების ანალიზის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მ. ხ-ე მიჩნეულ უნდა იქნას რ. ხ-ის უფლებამონაცვლედ და განახლდეს საქმის წარმოება, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის თანახმად, საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება. წარმოების განახლების შემდეგ საქმის განხილვა ხდება საერთო წესით.

მოცემულ შემთხვევაში, რ. ხ-ის უფლებამონაცვლე მ. ხ-ემ უარი განაცხადა კერძო საჩივრის განხილვაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე და 420-ე მუხლების დისპოზიციიდან გამომდინარე ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რ. ხ-ის უფლებამონაცვლე მ. ხ-ის კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 283-ე, 378-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განახლდეს საქმის წარმოება რ. ხ-ის კერძო საჩივარზე ნ.ნ-ის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინებაზე.

2. რ. ხ-ის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნას მისი პირველი რიგის მემკვიდრე _ მეუღლე მ. ხ-ე.

3. რ. ხ-ის უფლებამონაცვლე მ. ხ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

4. შეწყდეს საქმის წარმოება რობიზინ ხ-ის უფლებამონაცვლე მ. ხ-ის კერძო საჩივარზე ნ.ნ-ის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინებაზე.

5. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე