Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-1335-შ-34-2017 12 სექტემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ. მ-ი, ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის, ბორისოვის რაიონის სასამართლო

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. მ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ბელარუსის რესპუბლიკის, ბორისოვის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებაN2-963/16

დავის საგანი – ალიმენტის და სახელმწიფო ბაჟის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2017 წლის 3 აპრილს # 1820 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა (შემდეგში - მინსკის კონვენცია) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, შემდგომი მსვლელობისათვის გადმოგზავნა მოქალაქე მ. მ-ისა (შემდეგში: მოსარჩელე, შუამდგომლობის ავტორი, ან ბავშვის დედა) და ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის კომპეტენტური სასამართლოს მოსამართლის შუამდგომლობა საქართველოს მოქალაქის ბ. მ-ისათვის (შემდეგში: მოპასუხე ან ბავშვის მამა) ალიმენტისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების შესახებ, ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის ოლქის, ბორისოვის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის # 2-963/16 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.

2. საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ მოსარჩელე და მოპასუხე 2013 წლის 7 მაისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან, მათ იმავე წლის 26 ივნისს შეეძინათ შვილი - დ. ბ-ს ძე მ–ი (შემდეგში: ბავშვი ან მცირეწლოვანი).

3. ქორწინებისა და ოჯახის შესახებ ბელარუსის რესპუბლიკის კოდექსის 91-ე მუხლის თანახმად, მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. იმავე კოდექსის 92-ე მუხლით კი, არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ, მის მშობლებს ეკისრებათ ალიმენტის გადახდა.

4. მინსკის ოლქის ბორისოვის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს (ბავშვის მამას, დაბადებულს 1971 წლის 3 სექტემბერს, უმუშევარს, მცხოვრებს საქართველოში, ქ. თბილისი, წ-ის ქ., ბინა 103 ა) დაეკისრა ალიმენტი ხელფასის ან სხვა შემოსავლის 25 %-ის ოდენობით, რაც არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმის ბიუჯეტის 50 %-ზე ნაკლები მოსახლეობის საშუალო სულადობის მიხედვით. ალიმენტის გადახდა მოპასუხეს დაეკისრა 2016 წლის 2 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ბორისოვის რაიონის სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი - 94.34 (ოთხმოცდათოთხმეტი რუბლი და ოცდათოთხმეტი კაპიკი) რუბლი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

5. საქმის მასალებშია ცნობა, რომლის მიხედვით მინსკის ოლქის ბორისოვის რაიონის 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი) კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 23 დეკემბერს, არ აღსრულებულა ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და ექვემდებარება აღსრულებას.

6. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობებში ბავშვის დედა ითხოვს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის, ხოლო ბორისოვის რაიონის სასამართლო - მოპასუხისათვის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილში.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 13 პრილის განჩინებით მოსარჩელისა და სასამართლოს შუამდგომლობა ბორისოვის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე განსახილველად მიიღო.

8. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული შუამდგომლობა თანდართული მასალებით შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა მოპასუხეს 2017 წლის 24 აპრილს, შემდეგ - 5 მაისს, 23 მაისს, რომელსაც ვერ ჩაჰბარდა გზავნილები იმ მითითებით, რომ მისამართი არ იყო ზუსტი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 9 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოს დაევალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინების ასლისა და წარმოდგენილი შუამდგომლობის (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) მოპასუხისათვის ჩაბარება მის საცხოვრებელ მისამართზე.

10. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს 2017 წლის 24 ივნისის წერილითა და თანდართული ოქმით დასტურდება, რომ მოპასუხის მისამართი ვერ მოიძებნა, რის გამოც ვერ მოხერხდა სასამართლოს გზავნილის მხარისათვის ჩაბარება.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინებით, საჯარო შეტყობინებით გავრცელდა მე-7 პუნქტში მითითებული განჩინება და მოპასუხეს განემარტა უფლება, წარმოადგინოს მოსაზრება შუამდგომლობის თაობაზე შეტყობინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში, ასევე, განემარტა უფლება, რომ შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი აღნიშნულს არ მოითხოვს, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე (წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული სპეციალური კანონის 71-ე მუხლი).

12. საქმის მასალებში მოთავსებული აქტის მიხედვით დგინდება, რომ მე-11 პუნქტში მითითებული საჯარო შტყობინება 2017 წლის 10 ივლისს განთავსდა უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე. საჯარო შეტყობინების გავრცელებიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 78-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, შვიდდღიან ვადაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება. საპროცესო კანონით განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს რაიმე მოსაზრება ან შუამდგომლობა არ წარმოუდგენია საკასაციო სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობებს, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ მ. მ-ისა და ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის ოლქის, ბორისოვის რაიონის სასამართლოს შუამდგომლობები ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის ოლქის, ბორისოვის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და აღსრულების შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

13. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი და აღსასრულებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და არ აღსრულებულა ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის არ არის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების თაობაზე და ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას დაეყრდნობა „მინსკის კონვენციის“ მოწესრიგებას.

15. „მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.

16. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.

17. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილია ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის ოლქის, ბორისოვის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარება და აღსრულება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ - სახელმწიფო ბაჟის გადახდა (იხ. 1, 4-6 პუნქტები).

18. საქმის მასალებში წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების მიხედვით დგინდება, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იქნა ინფორმირებული ბორისოვის რაიონის სასამართლოში სხდომის დანიშვნის თაობაზე, რითაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა მხარისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების შესახებ.

19. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული სპეციალური კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს. ამ მიზნით საკასაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი საპროცესო შესაძლებლობა, რათა მოპასუხისათვის ჩაებარებინა განსახილველი შუამდგომლობა, თანდართულ მასალებთან ერთად (იხ. წინამდებარე განჩინების 8-12 პუნქტები). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო შეტყობინების გავრცელებამდე მოპასუხეს გაეგზავნა უწყება საქმის მასალებში დაფიქსირებულ ორ სხვადასხვა მისამართზე. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლოს უწყება (სსსკ-ის 78.2-ე მუხლი). მოპასუხეს არ მოუმართავს შუამდგომლობით ან რაიმე სახის მოთხოვნით საკასაციო სასამართლოსათვის, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული სპეციალური კანონის 68-ე და 70-ე მუხლების წინაპირობები დაცულია და დასაბუთებულია შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების შესახებ, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

20. სპეციალური კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

21. ზემოხსენებულ პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი და არც შუამდგომლობაში მითითებულ მოწინააღმდეგე მხარეს - მოპასუხეს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მიერ საჯარო შეტყობინების გზით გავრცელებული განჩინების შესახებ.

22. სპეციალური კანონის 70-ე მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, ხოლო 71-ე მუხლის თანახმად, შუამდგომლობის ავტორს საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისათვის, წარმოდგენილი აქვს კანონით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი და ცნობა.

23. „მინსკის კონვენციის“ 54.2 მუხლით, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილ შუამდგომლობას განიხილავს კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში და მიაჩნია, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და იძულებითი აღსრულების შესახებ. ამავე კონვენციის 54.3 - ე მუხლით დადგენილია, რომ “იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება“ .

24. ზემოხსენებული სამართლებრივი საფუძვლები წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-ისა და ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის ოლქის, ბორისოვის რაიონის სასამართლოს შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსრულდეს ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის ოლქის, ბორისოვის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე ბ. მ-ს (დაბადებულს 1971 წლის 3 სექტემბერს, უმუშევარს, მცხოვრებს საქართველოში, ქ. თბილისი, წ-ის ქ. 103 ა) არასრულწლოვანი შვილის - დ. მ-ის (დაბადებული 2013 წლის 29 ივნისს) სასარგებლოდ, 2016 წლის 2 თებერვლიდან ამ უკანასკნელის სრულწლოვანი ასაკის შესრულებამდე, ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტი ხელფასის ან სხვა შემოსავლის 25 %-ის ოდენობით, რაც არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმის ბიუჯეტის 50 %-ზე ნაკლები მოსახლეობის საშუალო სულადობის მიხედვით; ასევე, მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი - 94.34 (ოთხმოცდათოთხმეტი რუბლი და ოცდათოთხმეტი კაპიკი) რუბლი ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე