საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-2863-შ-76-2017 12 სექტემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ. მ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება N38/2015
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საბერძნეთის, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 9 იანვრის # 38/2015 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. მ-ისა (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი ან განმცხადებელი) და ა. ე-ს ერთობლივი განცხადება მათ შორის საქართველოში 2006 წლის 5 დეკემბერს რეგისტრირებული (E 44/2006) ქორწინების შეწყვეტის შესახებ.
2. ათენის სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მხარეები სასამართლოში წარმოდგენილი იყვნენ ადვოკატით.
3. საკასაციო სასამართლოში განმცხადებლის მიერ 2017 წლის 5 ივლისს წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილია ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, რათა განმცხადებელს მიეცეს შესაძლებლობა განქორწინების იურიდიული ფაქტი კანონით დადგენილი წესით დარეგისტრირდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში (სამოქალაქო რეესტრში).
4. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებულია საბერძნეთში.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2017 წლის 17 ივლისის განჩინებით, წარმოდგენილი შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, განსახილველად მიიღო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა საბერძნეთის, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 9 იანვრის # 38/2015 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. ზემოხსენებულ პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის გამოვლენილი.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილი იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 9 იანვრის # 38/2015 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა თ. მ-სა და ა. ე-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ზ. ძლიერიშვილი