Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-13-13-2016 3 თებერვალი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი –ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ. ბ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საყვედურის გამოცხადების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ხ. ბ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, დირექტორი ან დასაქმებული) სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ააიპ ხონის მუნიციპალიტეტის (შემდეგში: მოპასუხე, გამგეობა, აპელანტი, კასატორი ან განმცხადებელი) ცენტრალური საბავშვო ბაღის დირექტორისათვის საყვედურის გამოცხადების შესახებ გამგებლის 2015 წლის 8 ივლისის # 603-ე ბრძანება.

2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მხარეთა მიერ წარდგენილი განმარტებებისა და მტკიცებულებების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე, 105-ე მუხლების საფუძველზე ერთობლივად შეფასებით, დირექტორის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებად არ იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ იგი მისდამი დაქვემდებარებულ ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულში, კერძოდ, # 2 საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა ჩარიცხვის პროცედურების შესამოწმებლად იმყოფებოდა იმ დროს, როდესაც მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ 2015 წლის 7 ივლისის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომელთა მიერ სამუშაო პროცესის განხორციელებისა და შინაგანაწესით გათვალისწინებული სამსახურებრივი ვალდებულების დაცვის მდგომარეობის დაცვის მიზნით მიმდინარეობდა შემოწმება.

3. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი მოტივაციისას მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე (შრომის უფლება) და 42-ე (სასამართლოსათვის მიმართვის უფლება) მუხლებზე, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) პირველ და მეორე, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 115-ე მუხლებზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ დარღვეული უფლების დაცვის მიზნით მიმართა სასამართლოს.

4. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა მის მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების ობიექტური საფუძვლების არსებობა, კერძოდ, მოსარჩელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ფაქტი და იმაზეც მიუთითა, რომ დასაქმებულისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგან იგი შეფასდა მასში მითითებული გარემოებების გამოკვლევის გარეშე. სადავო ბრძანება არ ემყარებოდა სათანადო მტკიცებულებებს, ბრძანების მიმღებმა საკუთარი უფლება არამართლზომიერად გამოიყენა (სსკ-ის 115-ე მუხლი). ასეთ შემთხვევაში, უდავო იყო მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, როგორც პროცესუალური, ისე, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გამგეობის საჩივარი და უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 18 იანვრის განჩინებით გამგეობის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო (იხ. საკასაციო სასამართლოს განჩინება - ს.ფ. 323-326; სსსკ-ის 401.1, 396-ე, 397-ე, 259-ე პრიმა მუხლები).

7. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვალს განცხადებით მომართა გამგეობამ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დარღვეული ვადის საპატიოდ მიჩნევა, საქმის წარმოების განახლება და საკასაციო საჩივრის განხილვა, რადგან საკასაციო განაცხადი მხარემ დროულად, საპროცესო ვადის დაცვით - 2015 წლის 23 დეკემბერს ჩააბარა საფოსტო განყოფილებას, შესაბამისად, გამგეობის ბრალეულობა არ იკვეთებოდა გასაჩივრების უფლების გამოყენებისას (იხ. განცხადება- ს.ფ. 324).

8. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით გამგეობის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემობათა გამო საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 18 იანვრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდა, შესაბამისად, განახლდა საქმის წარმოება.

9. გამგეობის საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ დავა უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული წესით, ვინაიდან სშკ-ის 37-ე მუხლით გამოკვეთილი გარემოებები არ ყოფილა; მოსარჩელეს დისციპლინური სახდელი - საყვედური დაკისრებული ჰქონდა ადმინისტრაციული ბრძანებით, დავის საგანიც ადმინისტრაციულია და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი გამოვლენილია (იხ. საკასაციო საჩივარი - ს.ფ.289-295).

10. საკასაციო სასასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გამგეობის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის, საქმის მასალების შესწავლის, მტკიცებულებათა შეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს დამსაქმებლის საკასაციო განაცხადი და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრების ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) და ქვემოთ იმსჯელებს საკასაციო განაცხადის უარყოფის საფუძვლებზე.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემობა აქვს დადგენილი და მართებული იურიდიული კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული სადავო სამართალურთიერთობას.

13. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეხება იმას, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით უნდა განხილულიყო დავა, რადგან სადავო ბრძანება ადმინისტრაციული სამართლის მოწესრიგებას განეკუთვნება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობა ეხება დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ბრძანების გაუქმებას, რომლითც მოსარჩელეს ბრძანებით საყვედური გამოეცხადა, შესაბამისად, ამ უკანასკნელის წინააღმდეგ გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელის მიხედვით ვერ განისაზღვრება სასამართლოში საქმის განხილვის განსჯადობა.

14. კასატორის პრეტენზია არაკვალიფიციური და დაუსაბუთებელია, რადგან განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მოითხოვა სადავო ბრძანების ბათილად ცნობა იმ იურიდიული ინტერესის დასაბუთებით, რომ დამსაქმებელმა უსაფუძვლოდ გამოუცხადა საყვედური, რადგან მან საკუთარი ნებით არ დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლაზე, ხოლო დამსაქმებელი ცდილობდა მისი გათავისუფლების წინაპირობების შექმნას. ის ადრეც იყო გათავისუფლებული სამსახურიდან, თუმცა, სასარჩელო წარმოების გზით სასამართლოს მეშვეობით აღიდგინა დარღვეული უფლება, ხოლო მუნიციპალიტეტმა ორი კვირის დაგვიანებით აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო ამ პერიოდში დასაქმებულის დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურში მოასწრო ახალი შტატების დამატება, მოადგილეებისა და იურისტის დანიშვნა (იხ. სარჩელი - ს.ფ. 3).

15. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს სსსკ-ის 180-ე მუხლით მოწესრიგებულ აღიარებითი სარჩელის სამართლებრივ ბუნებაზე და განმარტავს, რომ „აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. სუსგ #ას 899-849-2015, 07.12.2015; შდრ. ასევე, ას - 125-121-2016, 21.04.2016წ.).

16. განსახილველ შემთხვევაში მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი), რადგან არამართლზომიერად გამოყენებული დისციპლინური სახდელის გაუქმებით მოსარჩელემ მიაღწია იმგვარ სამართლებრივ მდგომარეობას, რომ მას არ აქვს დარღვევა (გადაცდომა) სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, შესაბამისად, აღარ არსებობს საფუძველი რაიმე დარღვევის შემთხვევაში დასაქმებულის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ადმინისტრაციული ღონისძიების გამოყენებისათვის. დასაქმებულის თითოეული გადაცდომა კონკრეტული გარემოებების არა ფორმალურად, არამედ დასაბუთებულად გამოკვლევის საგანია და ამგვარ პროცესში იმ პირის განმარტება, რომელსაც ედავებიან დარღვევას, სამართლიან შეფასებას მოითხოვს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა მიკუთვნებითი სარჩელი აღძრული, მისი იურიდიული ინტერესი განსახილველი დავისადმი მართებულად მიიჩნია დასაბუთებულად ქვემდგომმა სასამართლომ.

17. კასატორმა სამართლებრივად ვარგისი და წონადი არგუმენტებით ვერ შეძლო საკუთარი პოზიციის დასაბუთება, რაც მისი განაცხადის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

18. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ნოემბრის განჩინება;

3. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე