საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-207-196-2017 7 ივლისი, 2017 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი –ლ. ფ-ა (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. შ-ე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელეს დაუწესდეს შვილის ნახვის უფლება ყოველ შაბათ-კვირა დღეს, დედის თანდასწრებით, დღის 12 საათიდან 16 საათამდე, ბავშვის სრულ გამოჯანმრთელებამდე
დავის საგანი - არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ. შ-ე (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე ან ბავშვის მამა) და ლ. ფ-ა (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე, ბავშვის დედა, აპელანტი ან კასატორი) 2011 წლის 17 ნოემბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში, წყვილს 2012 წლის 4 ოქტომბერს შეეძინა ვაჟიშვილი - ა. შ-ე (შემდეგში: ბავშვი ან მცირეწლოვანი).
2. წყვილი ერთად აღარ ცხოვრობს, მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა. არასრულწლოვანი დედასთან ცხოვრობს, მხარეებს შორის ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე დავა არ არის.
3. ძირითადი სარჩელისა და შეგებებული სარჩელის საფუძვლები
3.1. ბავშვის მამამ 2016 წლის 5 თებერვალს სარჩელი აღძრა მეუღლის წინააღმდეგ და მოითხოვა:
3.1.1. 2011 წლის 17 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;
3.1.2. ბავშვის დედის დავალდებულება, არ შეუშალოს ხელი მოსარჩელეს შვილთან ურთიერთობაში და მცირეწლოვანის ნახვის დღეები განისაზღვროს კერძოდ, მამას მიეცეს უფლება, ყოველდღე ინახულოს ბავშვი და ყოველი კვირის შაბათსა და კვირაა მოსარჩელემ შეძლოს ბავშვის თავისთან წაყვანა ღამით დარჩენის უფლებით.
3.2. მცირეწლოვანის დედამ, თავის მხრივ, 2016 წლის 6 აპრილს აღძრული შეგებებული სარჩელით მოითხოვა:
3.2.1. თავდაპირველი მოსარჩელისათვის (ბავშვის მამისათვის) ყოველთვიურად ალიმენტის - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის დაკისრება ბავშვის სრულწლოვანებამდე;
3.2.2. შეგებებული სარჩელის მოპასუხის დავალდებულება, ნატურით დაებრუნებინა შეგებებული მოსარჩელის კუთვნილი ერთი ბრილიანტის თვლიანი ოქროს ბეჭედი და მეორე ოქროს ბეჭედი - „მარიამის“ გამოსახულებით ან ამ ნივთების ღირებულების- 800 (რვაასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
4. ძირითადი სარჩელისა და შეგებებული სარჩელის მოპასუხეთა პოზიციები
4.1. თავდაპირველი სარჩელის მოპასუხემ - ბავშვის დედამ ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში ცნო სარჩელი, ხოლო მცირეწლოვან შვილთან მამის ნახვის დღეების განსაზღვრაზე თანხმობა განაცხადა მხოლოდ მისი თანდასწრებით, 14 სთ-დან 18 საათამდე, ბავშვის მამასთან წაყვანის უფლების გარეშე;
4.2. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ - ბავშვის მამამ მხოლოდ ალიმენტის დაკისრების ნაწილში ცნო სარჩელი, ოღონდ არა 250 ლარის ოდენობით.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ძირითადი მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
5.1.1. შეწყდა წყვილს შორის 2011 წლის 17 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება;
5.1.2. ბავშვის დედას დაევალა, ხელი არ შეუშალოს მოსარჩელეს მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობაში;
5.1.3. ბავშვის მამას შვილთან ურთიერთობისა და მის აღზრდაში მონაწილეობის მისაღებად განესაზღვრა, რომ შეუძლია ბავშვის წაყვანა მის საცხოვრებელ მისამართზე ყოველი თვის მეორე შაბათ დღეს, დილის 12 საათიდან, კვირას საღამოს 18 საათამდე, დედასთან დაბრუნების უფლებით.
5.2. ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი ალიმენტის დაკისრებისა და ნივთების დაბრუნების თაობაზე;
5.2.1. ბავშვის მამას არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის - 150 ლარის ყოველთვიურად გადახდა, შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2016 წლის 6 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე;
5.2.2. შეგებებული სარჩელი მოპასუხისაგან ნივთების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
5.3. სასამართლომ ამ განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1197-ე, 1199-ე, 1202-ე მუხლებზე და განმარტა: ბავშვთან ურთიერთობა და მის აღზრდაში მონაწილეობის მიღება მშობლის არა მარტო უფლება, არამედ მოვალეობაცაა, ხოლო მშობელს, რომელთანაც იზრდება ბავშვი, უფლება არა აქვს ცალკე მცხოვრებ მშობელს ხელი შეუშალოს მშობლის უფლება-მოვალეობათა განხორციელებაში. ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს ერთი მშობელი, რომ საშუალება მისცეს მეორე მშობელს, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობს, ურთიერთობა იქონიოს შვილთან. ამ მიზნით, იგი განსაზღვრავს და ადგენს მშობლის მიერ მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს.
5.4. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა განმარტებების, ასევე თავად ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა მისცემოდა შესაძლებლობა მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობისა და მის აღზრდაში მონაწილეობისათვის; მათ შორის, ბავშვის, დედასთან დაბრუნების უფლებით, მამის საცხოვრებელ სახლში წაყვანის უფლება. ამის შესაბამისად კი, მოპასუხეს ხელი არ უნდა შეეშალა მამა-შვილის ურთიერთობისათვის.
6. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
6.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცირეწლოვანის დედამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა მოსარჩელისათვის ღამისთევით ბავშვის წაყვანის უფლების მინიჭების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის უარყოფა შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:
6.1.1. საქმეში წარდგენილი სამედიცინო ცნობით დასტურდებოდა, რომ ბავშვი დაავადებულია დაუზუსტებელი ქცევითი აშლილობით DI:F 91.9. და დადგენილი აქვს ანამნეზი: ქცევითი აშლილობა აგრესიით, სოციალური ფობიები, შიშების ფონზე გაძლიერებული ისტერიული რეაქცია ხმაურზე და საჭიროებს მშვიდ გარემოში ყოფნას. საქმის განმხილველმა სასამართლომ არ იმსჯელა სამედიცინო დასკვნის მონაცემებზე და გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ მატერიალურ ნორმებზე;
6.1.2. ზემოხსენებული სამედიცინო ცნობის გათვალისწინებით, სასამართლოს უნდა ემსჯელა ამ დაავადების შესახებ, საეჭვოობის შემთხვევაში, მოეწვია ფსიქოლოგი, მიეღო მისგან განმარტება და შემდეგ, მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, ემსჯელა პატარა შვილის სახლში ღამისთევით წაყვანით ნახვისათვის მისაღებ ვარიანტზე, რაც სასამართლომ არ შეასრულა და მიიღო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, მცდარი და ბავშვისთვის შესაძლოდ საზიანო გადაწყვეტილება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 394–ე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველია.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
7.1. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ძირითადი სარჩელის მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
7.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
7.3. სასამართლომ იმსჯელა საქმეში განთავსებულ 2016 წლის 27 ივნისით დათარიღებულ ჯანმრთელობის ცნობაზე (ფორმა №100/ა), რომლითაც ირკვევა, რომ 2012 წლის 4 ოქტომბერს დაბადებულ ბავშვს აღეშნება ქცევითი აშლილობა, აგრესია, ლოკალური ფობიები, გაძლიერებული რეაქცია ხმაურზე, ისტერიები. ცნობიერება აქვს ნათელი, აღქმასა და აზროვნებაში პათოლოგიები არ აღენიშნება, მსჯელობაში პათოლოგია არ აქვს, სოციალურია. ბავშვი საჭიროებს მშვიდ გარემოში ყოფნას.
7.4. სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სპეციალისტის სახით მოწვეული ფსიქოლოგის კონსულტაციითა და მცირეწლოვანთან დაკავშირებით, აჭარის ა/რ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ფსიქოლოგის მიერ შედგენილი დასკვნით ირკვევა, რომ ბავშვს აქვს მამასთან ერთად ყოფნის დანაკლისი, მასთან ურთიერთობის სურვილი და უსაფრთხო, მშვიდი გარემოს შექმნის შემთხვევაში, ღამისთევით მამასთან დარჩენა ფსიქოლოგიურად არ გაუძნელდება.
7.5. განჩინების სამართლებრივი მოტივაციის დროს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს შვილის მიმართ მშობლის უფლება-მოვალეობებიდან. დავის გადაწყვეტისა და აპელანტის პრეტენზიის მართებულობის შესამოწმებლად, სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა გარკვეულიყო, ბავშვის ჯანმრთელობასა და მის ფსიქიკურ მდგომარეობას მიაყენებდა თუ არა ზიანს მცირეწლოვანის ყოველი თვის მეორე შაბათ დღეს, ღამისთევით მამასთან დარჩენა.
7.6. სსკ-ის 1197-1199-ე და 1202-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომაც გამოიყენა, სააპელაციო სასამართლომ შვილების აღზრდის პროცესში, უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესებზე გაამახვილა ყურადღება. სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ბავშვის ”ჭეშმარიტი ინტერესი” იყო ის, რომ მცირეწლოვანს ორივე მშობელთან ჰქონდეს ერთნაირი ურთიერთობა და ამ ურთიერთობის დროს არ დაირღვეს მისი უფლებები. დედას (მოპასუხეს), რომელიც თავად ზრდის ბავშვს, უფლება არა აქვს ცალკე მცხოვრებ მამას (მოსარჩელეს) ხელი შეუშალოს მშობლის უფლება-მოვალეობების განხორციელებაში.
7.7. საქმეში განთავსებული სამედიცინო ცნობით ირკვევა, რომ მართალია ბავშვს აღეშნება ქცევითი აშლილობა, აგრესია, ლოკალური ფობიები, გაძლიერებული რეაქცია ხმაურზე, ისტერიები, თუმცა, ცნობიერება აქვს ნათელი, აღქმასა და აზროვნებაში, ასევე, მსჯელობაში პათოლოგიები არ აღენიშნება, სოციალურია და საჭიროებს მშვიდ გარემოში ყოფნას. ვინაიდან, საქმეში წარდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მამის საცხოვრებელ სახლში ვერ იქნება ბავშვისათვის მშვიდი და უსაფრთხო გარემო, ასევე არასრულწლოვანის ჯანმრთელობასა და მის ფსიქიკურ მდგომარეობას, ყოველი თვის მეორე შაბათ დღეს, ღამისთევით მამასთან დარჩენა მიაყენებს ზიანს, სასამართლომ დაასკვნა, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში დასაბუთებული იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.
8. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
8.1. მოპასუხემ (ბავშვის დედამ) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელისათვის ნახვის უფლების განსაზღვრა ყოველ შაბათ-კვირა დღეს, მოპასუხის თანდასწრებით, დღის 12-დან 16 საათამდე, ბავშვის სრულ გამოჯანმრთელებამდე.
8.2. კასატორის მტკიცებით, საქმეში წარდგენილი ცნობით უტყუარად არის დადგენილი ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობა, ფსიქოლოგის დასკვნა მცდარია, დედის თანდასწრებით ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის შემთხვევაში, სრულ გამოჯანმრთელებამდე, ბავშვი უფრო ადვილად ადაპტირდება მამასთან ურთიერთობის პროცესში;
8.3. ღამისთევით მცირეწლოვანის მამასთან დარჩენის შემთხვევაში, არ არის გამოკვლეული, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ბავშვი დედის მონატრების, მისი გახსენების შემთხვევაში. გაურკვეველია, რა შედეგით დასრულდება ღამის საათებში ბავშვის მამასთან დატოვება;
8.4. აპელანტს არ მიეცა შესაძლებლობა, შეკითხვები დაესვა სპეციალისტისათვის (ფსიქოლოგისათვის);
8.5. დედას არასდროს შეუშლია ხელი მამა-შვილის ურთიერთობისთვის, პირიქით, თანახმაა, რომ მამამ შვილი ინტენსიურად ნახოს, ამასთან, ორივე მშობლის თანდასწრებით მცირეწლოვანის ნახვა, ამ უკანასკნელისათვის უფრო სასარგებლო იქნება მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის გათვალისწინებით;
8.6. დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბავშვის მამის საცხოვრებელში არ იქნება მშვიდი და უსაფრთხო გარემო. ეს საკითხი აპელანტს სადავოდ არც გაუხდია, იგი მხოლოდ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვდა ორივე ინსტანციის სასამართლოში, რომ მცირეწლოვანის მამასთან ღამისთევით დატოვება არ დაედგინათ ბავშვის სრულ გამოჯანმრთელებამდე. ღამისთევით მამასთან წაყვანის შემთხვევაში, არსებობს საშიშროება, რომ ღამის საათებში ბავშვი ჩავარდეს სტრესში და მის ფსიქიკურ მდგომარეობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი;
8.7. საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი სსსკ-ის 391.5-ე მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
9.საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო განაცხადი არსებითად განხილვის მიზნით დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391.5-ე მუხლის (8.02.2017 N259; ახალი რედაქცია ამოქმედდა 2017 წლის 14 მარტიდან), „ა“ - საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას და „ე“ - სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე - ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი საფუძვლიანია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორის პრეტენზიათა ნაწილი საფუძვლიანია, რის გამოც საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს (სსსკ-ის 412-ე მუხლი).
11. განსახილველ დავაში, საკასაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია მცირეწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მამა-შვილის ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, მცირეწლოვანის მამასთან ღამისთევით დატოვება წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული პრეტენზიების ფარგლებში.
12. „სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ -იხ. სუსგ # ას 967-916-2015, 15.12.2015წ.
13. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს, რომ საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებანი განსაზღვრულია სსსკ-ის XLIII თავით და განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისას, სასამართლო ინკვიზიციური სამართალწარმოების ელემენტებითაა აღჭურვილი, რაც დასადგენ გარემოებათა წრის სასამართლოს ინიციატივით განსაზღვრაში და მტკიცებულებათა გამოთხოვაში გამოიხატება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისას (ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი) სააპელაციო სასამართლოს საკუთარი ინიციატივით უნდა გამოეკვლია, თუ რამდენად შეძლებს ბავშვი, მისი ტრავმირებული ფსიქიკის გათვალისწინებით, მამასთან ღამისთევით დარჩენას და ბავშვისათვის რამდენად მშვიდი, მისი ჯანმრთელობისა და ფსიქიკისათვის უვნებელი, საიმედო გარემოა მამის საცხოვრებელ სახლში, ღამით დარჩენის თვალსაზრისით.
14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომ რადგან საქმეში არ არის წარდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მამის საცხოვრებელ სახლში ვერ იქნება ბავშვისათვის მშვიდი და უსაფრთხო გარემო, ასევე - მტკიცებულება, რომ არასრულწლოვანის ჯანმრთელობასა და მის ფსიქიკურ მდგომარეობას, ყოველი თვის მეორე შაბათ დღეს, ღამისთევით მამასთან დარჩენა მიაყენებს ზიანს (იხ. ამ განჩინების 7.7. ქვეპუნქტი) და ეთანხმება კასატორის პრეტენზიას, რომ მას აღნიშნული არც კი გაუხდია სადავოდ, რადგან საქმეში მოთავსებული სამედიცინო ცნობის საფუძველზე ითხოვდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევას.
15. განსახილველ დავაში ბავშვის საუკეთესო ინტერესის გამოკვლევის მიზნით საკასაციო სასამართლომ მოისმინა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის სხდომის ოქმი (17:39:07-17:58:08), რომელზეც კონსულტაციისათვის იყო მიწვეული ფსიქოლოგი - თამარ ქამადაძე (შემდეგში: ფსიქოლოგი). ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ მცირეწლოვანის ასაკის გათვალისწინებით არ გამოყენებულა პროექციული მეთოდები, ბავშვის ქცევაზე დაკვირვება და მისი ინტერვიურება მოხდა. მცირეწლოვანს სურს მამასთან ურთიერთობა და მზად არის საამისოდ; ღამისთევით მამასთან დარჩენის თაობაზე კი ფსიქოლოგმა განმარტა: „პოსტტრავმული სიმპტომატიკა არ ვიცი, ექიმთან კონსულტაცია იქნება საჭირო“.
16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მას არ მიეცა ფსიქოლოგისათვის კითხვების დასმის შესაძლებლობა (იხ. 8.4 ქვეპუნქტი), რადგან სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული სხდომის ოქმის მოსმენის შედეგად გაირკვა, რომ მხარეებს არ ჰქონდათ შეკითხვები ფსიქოლოგთან, ამასთან, აპელანტმა განმარტა, რომ ფსიქოლოგმა ვერ უპასუხა მთავარ კითხვას, თუ რა გავლენას მოახდენს 4 წლის ბავშვის ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე მისი მამასთან ღამისთევით დატოვება, ამდენად სხვა კითხვების დასმა არ მიიჩნია მხარემ მიზანშეწონილად (იხ. 16.11.2016წ. სააპელაციო სასმაართლოს სხდომის ოქმი 17:45:28-დან).
17. მცირეწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერსების გამოსაკვლევად, მოცემული კატეგორიის დავების განხილვისას, სასამართლოსათვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული ინკვიზიციური სამართალწარმოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს მამის საცხოვრებელი ადგილი და პირობები, რადგან აღნიშნული არ გამოკვლეულა. საქმის მასალებში წარმოდგენილია სამედიცინო ცნობა (ფორმა # 100ა) გაცემული 2016 წლის 13 აპრილს და იმავე წლის 27 ივნისს, ხოლო სამკურნალო რეკომენდაციების სახით მითითებულია, რომ ყოველღიურად ძილის წინ ბავშვმა უნდა მიიღოს კონკრეტული მედიკამენტები და იგი საჭიროებს მშვიდ გარემოში ყოფნას (იხ. ს.ფ. 90 და 175); რაც შეეხება ფსიქოლოგის შეფასებას, რომელიც წერილობითი სახითაც არის წარმოდგენილი, მასშიც ისაა მითითებული, რომ „ღამისთევით მამასთან დარჩენის შემთხვევაში, აუცილებელია ბავშვს შეუქმნან უსაფრთხო, მშვიდი გარემო, თუკი ბავშვი იქნება ჭირვეული ან გაღიზიანებული, აუცილებლად ეცნობოს დედას, რადგან ბავშვს დედასთან აქვს სანდო მიჯაჭვულობა“ (იხ. ს.ფ. 192-194).
18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ავტოავარიის შემდეგ ბავშვს განუვითარდა დაუდგენელი სახის ქცევითი აშლილობა, ხოლო ფსიქოლოგმა სასამართლოს შეკითხვის პასუხად განმარტა, რომ პოსტტრავმული სიმპტომატიკის თაობაზე მისთვის უცნობია და საჭიროა ექიმის კონსულტაცია (იხ. მე-15 პუნქტი). ამასთან, საქმის მასალებში არსად მოიპოვება მამის საცხოვრებელი ადგილის აღწერილობა (დახასიათება), თუნდაც იმ მინიმალური ინფორმაციის დასადგენად, ხომ არ არის საცხოვრებელი სახლი ისეთ ადგილას განთავსებული, სადაც ახლოსაა სარკინიგზო ლიანდაგი, პორტი და სხვ., სადაც ბუნებრივად, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ღამის საათებში მიმდინარეობს მუშაობა, რომელსაც გარკვეული ხმაური ახასიათებს, თუმცა, საკასაციო სასამართლოს ესეც არ მიაჩნია საკმარისად ბავშვის საუკეთესო ინტერესების გამოკვლევისა და შეფასებისათვის. მოცემულ შემთხვევაში 2 წლის ასაკში ბავშვმა ავტოავარიის შედეგად მიიღო ტრავმა, რის გამოც ჯერ კიდევ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რომელთა მკურნალობა, როგორც ჩანს, ხანგრძლივ დროს საჭიროებს, ხოლო საკითხის გამარტივება იმ თვალსაზრისით, რომ თუ ბავშვი ღამით გაღიზიანდება, ეცნობება დედას და შემდეგ გადაწყდება, ვინ როგორ მოიქცევა, არაგონივრულად და დაუსაბუთებლად მიაჩნია საკასაციო სასამართლოს.
19. განსახილველ დავაში სრულიად უდავოა, რომ დედა ვალდებულია ხელი შეუწყოს და არ შეუშალოს მამა-შვილის ურთიერთობას, რაც უზრუნველყოფს ბავშვის ჰარმონიულ აღზრდა-განვითარებას, ასევე, საგულისხმოა, რომ მცირეწლოვანს დადებით ემოციებს ანიჭებს მამასთან ურთიერთობა და ამას ხელშეწყობა და მოფრთხილება სჭირდება, რაც არა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ევალება კასატორს, არამედ იგი ზნეობრივადაც ვალდებულია - საკუთარი შვილის საუკეთესო ინტერესებისათვის.
20.განსახილველ დავაში განსაკუთრებით მგრძნობიარე და ფაქიზი საკითხია მცირეწლოვანის, საქმის განხილვის დროისათვის 4 წლისა 9 თვის ბავშვის ფსიქიკა. სამედიცინო ცნობის მიხედვით დადგენილია, რომ მიუხედავად გაურკვეველი ხასიათის ქცევითი აშლილობისა, ბავშვი სოციალურია, ცნობიერება ნათელი აქვს, აღქმასა და აზროვნებაში პათოლოგიები არ აღენიშნება, თუმცა, აღნიშნული არ არის საკმარისი იმ დასკვნისათვის, რომელიც გასაჩივრებულ განჩინებაშია ასახული „სააპელაციო სასამართლოში სპეციალისტის სახით მოწვეული ფსიქოლოგის კონსულტაციითა და ბავშვთან დაკავშირებით, აჭარის ა/რ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ფსიქოლოგის მიერ შედგენილი დასკვნით ირკვევა, რომ ბავშვს აქვს მამასთან ერთად ყოფნის დანაკლისი, მასთან ურთიერთობის სურვილი და უსაფრთხო, მშვიდი გარემოს შექმნის შემთხვევაში, ღამისთევით მამასთან დარჩენა ფსიქოლოგიურად არ გაუძნელდება“ (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინების 4.8 ქვეპუნქტი - ს.ფ. 211).
21. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მამის საცხოვრებელი გარემოსა და პირობების გამოკვლევის გარდა, უმნიშვნელოვანესია კონსილიუმის სახით სპეციალისტებისაგან (ექიმი, ფსიქოლოგი, პედაგოგი და სხვ.) შემდგარი კოლეგიური დასკვნის მიღება ან მათი განმარტებების მოსმენა სასამართლოსა და მხარეთა მიერ დასმულ კონკრეტულ კითხვებზე მცირეწლოვანის მამასთან ღამით დარჩენასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია შესწავლილი იქნეს, თვითონ ბავშვის მამა რამდენად ორგანიზებულია და შეუძლია, რომ მასთან ბავშვის ღამისთევით დატოვების შემთხვევაში, გარდა მშვიდი გარემოს შექმნისა, უზრუნველყოს იმ სამედიცინო დანიშნულების ბავშვისათვის მიწოდების ზედმიწევნით დაცვა და შესრულება, რაც აუცილებელია; დაუდგენელია, მამასთან ყოფნის შემთხვევაში, თუ მაინც არასასურველი გარემო შეიქმნა ბავშვისათვის, ღამის საათებში ბავშვის დედისათვის შეტყობინების გარდა, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები; სად ცხოვრობს ბავშვის დედა, რამდენად ექნება შესაძლებლობა, რომ დროულად მივიდეს ყოფილი მეუღლის სახლში ბავშვისათვის დახმარების აღმოსაჩენად. დაუდგენელია ბავშვის მიერ აგრესიის გამოვლენა რა სახით ხდება და რამდენ ხანს გრძელდება, რადგან ბავშვის დედასთან არყოფნის შემთხვევაში, რომელსაც უკვე აქვს მსგავსი კრიზისის მართვისა და დაძლევის გამოცდილება, რა გავლენას იქონიებს ასეთი სახის მდგომარეობა ბავშვზე. საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, საჭიროა სრულფასოვანი განმარტებების მოსმენა სპეციალისტებისაგან, რათა სრულ გამოჯანმრთელებამდე, დადგინდეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი მამასთან ღამით დარჩენის თვალსაზრისით,რადგან მამა-შვილის ურთიერთობის ბუნებრივობა და დედის მიერ ამის ხელშეწყობა სადავო არც არის კასატორის მხრიდან.
22. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი, შესაბამისად, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ფ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
3. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე