Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-236-224-2017 19 მაისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – გ. შ-ე (პ/ნ 1..), გ. შ-ე (პ/ნ 1..) (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „სადაზღვევო კომპანია ჯ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – რეგრესის წესით თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სს „სადაზღვევო კომპანია ჯ-ის“ (შემდეგში: მოსარჩელე ან სადაზღვევო კომპანია) სარჩელი გ. შ-ისა (პ/ნ 1..; შემდეგში: პირველი მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) და გ. შ-ის (პ/ნ 1..; შემდეგში: მეორე მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, რეგრესის წესით თანხის ანაზღაურების თაობაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 992-ე, 999-ე, 832-ე, 317-ე, 316-ე, 361-ე მუხლები), დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 2 078 (ორი ათას სამოცდათვრამეტი) ლარის გადახდა დაეკისრათ.

2. პირველ პუნქტში დასახელებულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს სააპელაციო საჩივრები, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრები განუხილველად იქნა დატოვებული, დაუშვებლობის გამო.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა პირველი მოპასუხის წარმომადგენელი გ. კ-ი (იხ. მინდობილობა - ს.ფ. 158) და მეორე მოპასუხე (იხ. სხდომის ოქმი -ს.ფ. 152-156).

5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 364-ე, 369-ე, 2591-ე, მე-60, 61-ე, 59-ე, 63-ე, 374-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეთა წარმომადგენელმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით 2016 წლის 22 ნოემბერს მიმართა (იხ. განცხადება - ს.ფ. 168), გადაწყვეტილების გამოცხადებიდან (2016 წლის 11 ოქტომბრიდან) 42-ე დღეს. ვინაიდან გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე, 2016 წლის 10 ნოემბერი ხუთშაბათი, ანუ სამუშაო დღე იყო, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეს გადაწყვეტილების ჩაბარების რეალური შესაძლებლობა იმავე დღეს, 2016 წლის 10 ნოემბერს ჰქონდა.

6. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეთა წარმომადგენელი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღის ვადაში (2016 წლის 31 ოქტომბერი - 2016 წლის 10 ნოემბერი) სასამართლოში არ გამოცხადებულა. იგი დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად საქალაქო სასამართლოში 2016 წლის 22 ნოემბერს გამოცხადდა და იმავე დღესვე ჩაიბარა გადაწყვეტილების ასლი.

7. განსახილველ შემთხვევაში ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღეს 2016 წლის 11 ნოემბერს და 2016 წლის 24 ნოემბერს (ხუთშაბათი) ამოიწურა. შესაბამისად, მოპასუხეებს სააპელაციო საჩივარი არაუგვიანეს 2016 წლის 24 ნოემბრისა სასამართლოში უნდა წარედგინათ. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი, 12 დღის დაგვიანებით, 2016 წლის 6 დეკემბერს იქნა წარდგენილი.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინეს მოპასუხეებმა და მისი გაუქმება მოითხოვეს.

9. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით 2016 წლის 11 ოქტომბრის დასაბუთებული გადაწყვეტილება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20-დან 30 დღემდე ვადაში არ მომზადებულა, რის გამოც გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა მისი ჩაბარების მეორე დღიდან, 2016 წლის 23 ნოემბრიდან უნდა დაიწყოს.

10. კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, ამ განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული გარემოების გამო სააპელაციო საჩივარი ვადის დაცვით წარდგენილად უნდა მიიჩნიოს საკასაციო სასამართლომ, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 27 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

13. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენიათ.

14. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ პირველი მოპასუხის წარმომადგენელი და მეორე მოპასუხე (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი).

15. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, რაც ამ განჩინების 4-7 ქვეპუნქტებშია ასახული.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხეთათვის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა 2016 წლის 24 ნოემბერს ამოიწურა, ხოლო სააპელაციო საჩივარი 2016 წლის 6 დეკემბერს იქნა წარდგენილი, რამაც სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად მისი განუხილველად დატოვება განაპირობა.

17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებას, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან უნდა დაიწყოს, რადგან გასაჩივრების ვადის გამოთვლის წესს საპროცესო კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს (იხ. ამ განჩინების 5-7 ქვეპუნქტები). მხარის მარტოოდენ ზეპირი განმარტების გარდა, არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მხარემ მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, პირიქით, ს.ფ.-ზე 168 მოთავსებული პირველი მოპასუხის წარმომადგენლის - გ. კ-ის 22.11.2016 წ. დათარიღებული განცხადება საქალაქო სასამართლოსადმი დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით და წარმომადგენლის მიერ იმავე დღეს ხელმოწერით დადასტურება, რომ მიიღო სასამართლო აქტი, სწორედ იმ პრეზუმფციას ამყარებს, რომ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მომზადებული ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება და მხარეს პირველივე მოთხოვნისთანავე ჩააბარა. საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომ მოპასუხეთაგან რომელიმემ (ან მხარის წარმომადგენელმა) 2016 წლის 22 ნოემბრამდე მიმართა სასამართლოს და ვერ მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, საქმის მასალებში არ მოიპოვება, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზია დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

18.ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინება კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. შ-ისა (პ/ნ 1..) და გ. შ-ის (პ/ნ 1..) კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე