Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-342-320-2017 2 მაისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ. გ-ე, შ. გ-ე, თ. გ-ე, ლ. გ-ე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ს-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ. ბათუმში, ა-ის ქუჩაზე № 6ა-ში მდებარე №19 ბინა (ს/კ №0..; შემდეგში: უძრავი ქონება) საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლ. ს-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) სახელზე (საჯარო რეესტრის შესახებ „საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ 15-16, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 183-ე, 311-312-ე მუხლები).

2. მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას ფლობენ გ., შ., თ. და ლ. გ-ეები (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები - იხ. სარჩელი და შესაგებელი, ს.ფ. 1-12; 37-44).

3. სარჩელის საფუძვლები

3.1 მესაკუთრემ 2016 წლის 25 თებერვალს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, მოითხოვა ამ უკანასკნელთა გამოსახლება და მესაკუთრისათვის სადავო უძრავი ქონების გადაცემა თავისუფალ მდგომარეობაში.

3.2 მოსარჩელემ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.

4. მოპასუხეების შესაგებელი

4.1 მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი იმ დასაბუთებით, რომ:

4.1.1 მოსარჩელემ უძრავი ქონება შეიძინა თაღლითური გზით;

4.1.2 მოპასუხეები ცხოვრობენ აღნიშნულ ბინაში, არიან სოციალურად დაუცველები და, სადავო ბინის გარდა, სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა;

5.1.1 მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. ასევე, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ, მოსარჩელის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -120 ლარის გადახდა.

5.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 160-162-ე, 170-ე, 172-ე, 311-ე, 312-ე მუხლებით და განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

5.3 საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა და ამ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები.

5.4 ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 26 აგვისტოს გასცა სააღსრულებო ფურცელი.

6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

6.1 მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა, ასევე იშუამდგომლეს წინამდებარე განჩინების 5.4. ქვეპუნქტში მითითებული სააღსრულებო ფურცლის შეჩერება.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

7.2. ამავე განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტთა შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებაზე იმავე წლის 26 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების შესახებ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

7.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო მოსარჩელის სახელზე და მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდნენ მას.

7.3. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მტკიცება, რომ ისინი უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელები იყვნენ და სსკ-ის 159-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მართლზომიერია ის, ვინც ნივთს ნამდვილი სამართლებრივი საფუძვლით ფლობს.

7.4. სასამართლოს შეფასებით, მოპასუხეებს არ მიუთითებიათ, რომ ისინი უძრავ ქონებას მესაკუთრის ნებით ფლობდნენ, მათ არ გააჩნდათ უძრავი ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, ისინი არამართლზომიერი მფლობელები იყვნენ.

7.5. სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეების მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს და დაადასტურებდა მფლობელობის მართლზომიერი საფუძვლის არსებობას, თუმცა მოპასუხეებმა ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინეს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეები ვალდებული იყვნენ, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცათ მესაკუთრისათვის უძრავი ქონება.

7.6. სააღსრულებო ფურცლის შეჩერების შესახებ აპელანტთა შუამდგომლობის (იხ. წინამდებარე განჩინების 5.4. ქვეპუნქტი) დაკმაყოფილებისას, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 5 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული სახით არ გადაუგზავნა გასაჩივრების უფლების მქონე პირებს სსსკ-ის 46-ე მუხლის თანახმად, რაც სასამართლოს ვალდებულება იყო. დადგენილი იყო, რომ მოპასუხეები ირიცხებოდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და ღებულობდენ საარსებო შემწეობას, აღნიშნული ფაქტები ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, რადგან მოპასუხეებს წარდგენილი ჰქონდათ შესაბამისი ამონაწერი (იხ. ს.ფ. 45).

7.7. ბათუმის საქალაქო სასმაართლომ გადაწყვეტილების გამოცხადების 30-ე დღიდან მე-14 დღის (სააპელაციო გასაჩივრების ვადის) გასვლის შემდეგ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული და გასცა სააღსრულებო ფურცელი, რაც დაუსაბუთებელი იყო სსსკ-ის 268-ე, 369-ე, 70-78-ე, 2591-ე, 46-ე მუხლების საფუძველზე.

8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

8.1.სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.

8.2. კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ კანონის დარღვევით გამოიტანა გადაწყვეტილება. სასამართლოს არ უმსჯელია ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობაზე; სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია, რეალურად გააჩნდათ თუ არა აპელანტებს სადავო უძრავი ქონების ფლობისა და სარგებლობის უფლება.

8.3. კასატორების განმარტებით, მათ სხდომაზე არაერთხელ განაცხადეს, რომ მოსარჩელისადმი არაფერი მართებდათ და რომ მათი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი მოსარჩელის საკუთრებაში უკანონოდ აღმოჩნდა.

8.4. კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ უგულებელჰყო მათი განმარტება, რომლითაც ამტკიცებდნენ, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის, მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის მიუხედავად, მაინც აქვთ ნივთის ფლობის უფლება.

8.5. სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მოსარჩელემ უსაფუძვლოდ მოიპოვა. ამ უკანასკნელსა და მოპასუხეებს შორის ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა მოქ. მ. ქ-ისგან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 10 000 აშშ დოლარი ისესხეს. მათ ეს თანხა უნდა გადაეხადათ შუამავლის ანუ მაკლერის მეშვეობით, რომელმაც მათი ფული მიითვისა და საზღვარგარეთ გაიქცა. შედეგად, მ. ქ-ემ მათი ბინა მოსარჩელეს მიჰყიდა. კასატორები აღნიშნავენ, რომ მათი ოჯახი უსახლკაროდ რჩება იმის გამო, რომ მაკლერმა ითაღლითა და არა იმიტომ, რომ ნასესხები ფული არ დააბრუნეს.

8.6. კასატორები პრეტენზიას აცხადებენ, რომ საქმეზე სადავოა არა ფაქტობრივი გარემოებები, არამედ მათი სამართლებრივი შეფასება.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. მოპასუხეების საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

15.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

15.2. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

15.3 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუერობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. მათ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: №ას-1043-1004-2016, 12.12. 2016 წ; №ას-901-867-2016, 09.12.2016 წ; №ას-3-3-2016, 09.03. 2016 წ: №ას-1082-1039-2016, 14.02.2017 წ;).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

18. კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულები არიან;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. გ-ის, შ. გ-ის, თ. გ-ისა და ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულები არიან;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე