საქმე №ას-1170-1125-2016 13 ივნისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ. ჯ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ქ-ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებად აღიარება, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა და უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ვ. ქ-იამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ჯ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან შემძენი) მიმართ და მოითხოვა 2009 წლის 18 ივნისს მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, 2009 წლის 18 ივნისის ხელშეკრულების სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებად აღიარება, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა და მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული ს/კ #01.16.06.029.0-- უძრავი ქონების 1/9-ის მოსარჩელის საკუთრებაში დაბრუნება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობივ გარემოებებს: მოსარჩელე არის ხანდაზმული, მარტოხელა პენსიონერი, საკუთრებაში გააჩნდა ქ.თბილისში, ა-ის #24-ში მდებარე უძრავი ქონება. 2009 წელს მოპასუხემ, რომელიც მოსარჩელის ნათესავია, შესთავაზა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაფორმება და მასზე ზრუნვა, ხოლო, თუ იგი ამას ვერ შეასრულებლდა, მაშინ ბინას დაუბრუნებდა მესაკუთრეს. აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელე წაიყვანეს ნოტარიუსთან, სადაც გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ყველა ეგზემპლარი წაიღო მოპასუხემ. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოსარჩელე ცხოვრობდა ხსენებულ ბინაში, იხდიდა საკუთარ სახელზე მოსულ კომუნალურ გადასახადებს, ასევე, რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა შემწეობას, რაც იმას მოწმობს, რომ მარჩენალი მას ნაკლებად აქცევდა ყურადღებას. ბოლო დროს მოპასუხე საერთოდ აღარ იჩენდა მზრუნველობას და მოსთხოვა მოსარჩელეს საცხოვრებლის დატოვება. ურთიერთობის დაძაბვის გამო, მოსარჩელემ გადაწყვიტა ხელშეკრულების შეწყვეტა და მიმართა საჯარო რეესტრს მის გამოსათხოვად, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ მხარეთა შორის არა სამისდღეშიო რჩენის, არამედ _ ნასყიდობის ხელშეკრულება ყოფილა გაფორმებული. მოპასუხე ნებაყოფლობით ბინის დაბრუნებაზე აცხადებს უარს. საჯარო რეესტრის მონაცემებით საკუთრების უფლება მოპასუხეზე გადასულია 2009 წლის 18 ივნისს, რის სანაცვლოდაც მას უნდა გადაეხადა 22 000 ლარი, რაც არ გადაუხდია, ამასთანავე, მოსარჩელეს არანაირი საფუძველი არ გააჩნდა ბინის გაყიდვისა. სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ, საკუთარი ასაკისა და ავადმყოფობის გამო ვერ გაარკვია ხელშეკრულების ზუსტი შინაარსი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას მოსარჩელე იყო სრულ გონებაზე, მას არ ჰქონია სმენა დაქვეითებული, სარჩელზე დართული სამედიცინო დოკუმენტაცია ასახავს არა ხელშეკრულების გაფორმების, არამედ, 2015 წლის მდგომარეობას. მოსარჩელეს სურდა და გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შინაარსიც მხარეებს წაუკითხა ნოტარიუსმა. გამყიდველმა, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, რომლის ერთი ეგზემპლარიც გადასცა ნოტარიუსმა, მიიღო ნასყიდობის საფასური _ 22 000 ლარი, რაც ასევე მოწმობს, რომ მან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება. რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, აღნიშნული წინამდებარე დავაში ვერაფერს ადასტურებს, რადგანაც მესაკუთრედ რეგისტრირებულია მოპასუხე. შესაგებლის თანახმად, შემძენი ცხოვრობს სამტრედიაში და ის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაფორმებას მოსარჩელეს ვერ შესთავაზებდა, რადგანაც მასზე ზრუნვას ფიზიკურად ვერ შეძლებდა. ბინის შეძენა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მოპასუხის შვილს სურდა საცხოვრებლად თბილისში გადასვლა, ხოლო თავად მოსარჩელე აპირებდა სოფელ ჯიხაიში ძმისშვილთან ერთად ცხოვრებას, რადგანაც სოფლის სახლი მოუწესრიგებელი იყო, მოპასუხისაგან მიღებული თანხის ნაწილით მოსარჩელეს სურდა მისი გარემონტება, თუმცა საბოლოოდ დავა წარმოშვა შემძენის მოთხოვნამ საცხოვრებელი სახლის გადაცემის თაობაზე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 18 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ქონება დაუბრუნდა აპელანტს, ხოლო სადავო ხელშეკრულების სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებად აღიარების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემძენმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განსაზღვრულია თუ რა ჩაითვლება სამართლის ნორმის დარღვევად, კერძოდ, სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი; დ) დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა. საკასაცო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს ზემოხსენებული საფუძვლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
1.2. მოცემული დავის საგანს მხარეთა შორის დადებული საკუთრების განკარგვითი ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების დადგენა _ მხარეთა ნამდვილი ნების განსაზღვრა, ამ ხელშეკრულების შეწყვეტა და ქონების თავდაპირველი მესაკუთრისათვის დაბრუნება წარმოადგენს. საკუთარ პოზიციას კი, მოსარჩელე ამყარებს შემდეგ ძირითად საფუძვლებზე:
ა) მხარეს სურდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო ასაკის, ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მან ვერ გამოარკვია გარიგების შინაარსი;
ბ) მხარეთა ურთიერთობა დაიძაბა, მოპასუხე არ იჩენს მზრუნველობას, რის გამოც სურს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა და ქონების საკუთრებაში დაბრუნება.
1.3. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ:
1.3.1. 2009 წლის 18 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს მიყიდა მისი კუთვნილი, ქ.თბილისში, ა-ის ქუჩა #24-ში მდებარე უძრავი ქონების 1/9 წილი. ნასყიდობის საგანი გაიყიდა 22 000 ლარად, ამასთან, ხელშეკრულებით განსაზღვრული მხარეთა უფლებამოვალეობების თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო, ნასყიდობის ფასი გამყიდველისათვის სრულად გადაეხადა ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე, ხოლო გამყიდველი ვალდებული იყო, მიეღო ნასყიდობის ფასი. გამყიდველს ნასყიდობის საგანი მყიდველისათვის 2009 წლის 20 ივნისამდე უნდა გადაეცა;
1.3.2. 2009 წლის 18 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა შემძენი;
1.3.3. მოსარჩელე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ და საქმის განხილვის პერიოდშიც ცხოვრობდა და ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში და მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. გამყიდველი არის ხანდაზმული და საჭიროებს განსაკუთრებულ მზრუნველობას;
1.3.4. საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ცნობის თანახმად, გამყიდველს 2015 წლის 2 ივნისისათვის უვადოდ, შესაძლებლობის მნიშვნელოვანი შეზღუდვის სტატუსი დაუდგინა (შრომის საქმიანობის უნარისა და გადაადგილების შეზღუდვა მეორე ხარისხით);
1.3.5. საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი „კათარზისის“ 2016 წლის 10 ივნისის ცნობის თანახმად, მოსარჩელე ასოციაცია „კათარზისში“ აღრიცხვაზე იმყოფება 1999 წლის 29 სექტემბრიდან. ამ დროიდან, გარდა ზაფხულის თვეებისა, რომელსაც ატარებდა სოფელში, არ შეუწყვეტია სამადლო სასადილოთი სარგებლობა. 2015 წლის აპრილში სააღდგომოდ წავიდა სოფელში და გამოცხადდა 2016 წლის იანვარში.
1.4. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, შემძენმა ისარგებლა გამყიდველის მდგომარეობით, დაარღვია სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით განმტკიცებული სამოქალაქო ბრუნვის მონაწილის მიერ მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების სტანდარტი და გააფორმა გარიგება, რომელიც ფორმალურად მართლსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა არღვევს საზოგადოებრივ მართლწესრიგს (სკ-ის 54-ე მუხლი).
1.5. საკასაციო პალატა არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზემოხსენებულ დასკვნას და მიიჩნევს, რომ იგი ემყარება, როგორც მატერიალური, ისე _ საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევას. ამ თვალსაზრისით პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე საკითხზე:
1.5.1. სამოქალაქო სამართალწარმოება ემყარება რა შეჯიბრებითობის პრინციპს (სსსკ-ის მე-4 მუხლი), კანონი ადგენს მხარის ვალდებულებას, თვითონვე განსაზღვროს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპის გამოხატულებაა თავად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დათქმა, სარჩელში ფაქტობრივი გარემოებების მითითების, ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენისა და მოთხოვნის ფორმირების თაობაზე.
1.5.2. საკითხის სიცხადის მიზნით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დამატებით განმარტებას მოთხოვს სარჩელის საგნისა და ფაქტობრივი საფუძვლის ცნება: სარჩელის საგანი არის განმცხადებლის მატერიალურ-სამართლბრივი მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისადმი, რომელიც უნდა განიხილოს სასამართლომ და რომლის ფარგლებშიც უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება (განჩინება), უფრო კონკრეტულად დავის საგანი არის მოთხოვნის შინაარსი და არა მისი მატერიალური ობიექტი; რაც შეეხება სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს, ეს არის გარემოებები, რომელზეც მხარე ამყარებს საკუთარ მოთხოვნებს და რომელთა დადასტურებაც სწორედ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ემსახურება მიზნად. სარჩელის საგნისა და ფაქტობრივი საფუძვლის შეცვლა მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და სასამართლო, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს მასში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლი (მე-2 და მე-3 ნაწილები) იმის მიხედვით, თუ საქმე განხილვის რა ეტაპზეა, ადგენს მოსარჩელის მიერ სარჩელის საგნისა და/ან საფუძვლის შეცვლის წესს, თუმცა, უდავოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ამ უფლებით არ უსარგებლია, უფრო მეტიც, სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ საფუძვლად უთითებდა იმავე გარემოებებზე, რაც სარჩელში იყო მითითებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
1.5.3. მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლებისაგან განსხვავებულია მიდგომა სამართლებრივ საფუძველთან მიმართებით, მართალია, მის სარჩელში მითითების ვალდებულებას ასევე ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი, თუმცა, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ეს არ არის შემზღუდავი სასამართლოსათვის და არც გავლენას ახდენს დავის შედეგზე, ანუ მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებულ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს. სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას (იხ. სუსგ Nას-877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი).
1.6. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის უცილოდ ბათილი გარიგების დადების ფაქტი არ დასტურდება, კერძოდ, სახეზე არ არის სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობა (გარიგების მხარეთა ნება, არ დადგეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი, ასევე, არ დასტურდება მათი სურვილი, ნასყიდობის ხელშეკრულებით დაეფარათ სხვა გარიგება) და მიიჩნევს, რომ ამ მხრივ, სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად იხელმძღვანელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკით (სუსგ Nას-457-439-2016), ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი (სკ-ის 477-ე მუხლი), რომლის ნამდვილობასაც სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი საფუძვლების საპირისპიროდ, პალატამ დაუპირისპირა ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ერთადერთი საცხოვრებლის გასხვისება, გამყიდველის ხანდაზმულობა, მისთვის სპეციალური მზრუნველობის აუცილებლობა, სარსებო წყაროს მოსპობა და სხვა.
1.7. საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონტექსტში მიიჩნევს, რომ შეფასებას საჭიროებს გამყიდველის პოზიცია, კერძოდ, იგი გარიგების ბათილად ცნობასა და ქონების საკუთრებაში დაბრუნებას შეცდომის თუ მოტყუების საფუძველზე მოითხოვს. სამოქალაქო კოდექსის 72-ე მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება შეცილების ადრესატის მიერ სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევის, ასევე, შეცდომის არსებითობის (სკ-ის 73-ე მუხლის ფარგლებში მხარე ხომ არ შეცდა გარიგების ტიპის არჩევაში error in negotio) მტკიცების ტვირთი, ამ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს ასევე, ხომ არ ამტკიცებს მოსარჩელე გარიგების მოტყუებით დადების ფაქტს (სკ-ის 81-ე (1) მუხლი) და ამ საფუძვლით ხომ არ ეცილება ხელშეკრულებას, ასევე, უნდა შემოწმდეს გარიგების კონკრეტული საფუძვლით შეცილების ნამდვილობა, რამეთუ საცილო გარიგების მიმართ არანამდვილი შეცილების განხორციელება ამ გარიგებას იურიდიული ძალმოსილებით აღჭურავს.
1.8. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევით, რის თაობაზეც კასატორმა დასაბუთებული შედავება წარმოადგინა, ამასთანავე, დასადგენია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის (1) „ა“ ქვეპუნტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც საპროცესო სამართლის წესების დაცვით უნდა დაადგინოს სადავო ფაქტები და ამის შემდგომ გადაწყვიტოს უფლების საკითხი.
2. სასამართლო ხარჯები:
ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით საქმის წარმოება არ სრულდება, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიმღებმა სასამართლომ პროცესის ხარჯების საკითხი უნდა გადაწყვიტოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. ვ. ქ-იას სარჩელის დაკმაყოფილებისა და პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური