საქმე №ა-3290-ა-7-2017 8 სექტემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ე. წ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, საქმეზე ე. წ-ის სარჩელის გამო, შპს „ჯ-ის“ მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა ე. წ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 420-ე მუხლისა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა, ხარვეზის გამოსწორების ვადად მხარეს განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღე და განემარტა საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგი. ამავე განჩინებით პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საქმის მასალების თანახმად, კერძო საჩივრის ავტორი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 42420, თუმცა, რადგანაც ამონაწერი ასახავდა 2016 წლის მარტის მდგომარეობას, ხოლო თავად ამონაწერით ირკვეოდა, რომ იგი ძალაში იყო მომზადებიდან ორი კვირის განმავლობაში, პალატამ კერძო საჩივრის ავტორს შესთავაზა ამავე ვადაში განახლებული ამონაწერის წარმოდგენა ნაცვლად სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრისა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ადრესატის ოჯახის ქმედუნარიან წევრს ჩაბარდა 2017 წლის 11 ივლისს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ვადის დენა დაიწყო 12 ივლისს და ამოიწურა 14 ივლისს. კერძო საჩივრის ავტორს ამ ვადაში სასამართლოსათვის არ მოუმართავს, რის გამოც, ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით საკასაციო პალატამ წარმოდგენილი კერძო საჩივარი დატოვა განუხილველად.
სასამართლოს მოგვიანებით გადმოეცა ე. წ-ის განცხადება (რომელიც წარდგენილი იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 27 ივლისს), რომლითაც მან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ კერძო საჩივრის განხილვის თავიდან არიდების მიზნით მას არასწორად დაუდგინა ხარვეზი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განცხადება დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების დასაშვებობისას ფორმალურ-პროცესუალური თვალსაზრისით მოწმდება განცხადების შესაბამისობა საპროცესო ნორმების მოთხოვნებთან. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებისათვის ამ მოთხოვნებს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას;
ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება;
გ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე;
დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე;
ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას.
გარდა ამისა, იმის მიხედვით, თუ რა უდევს საფუძვლად მხარის მოთხოვნას (გადაწყვეტილების ბათილად ცნობა თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება), მხედველობაში უნდა იქნას მიღებული გასაჩივრების ობიექტი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ამ ნორმაში ჩამოთვლილი წინაპირობების არსებობისას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვს არა სასამართლოს შემაჯამებელი აქტის გაუქმებას, არამედ, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას, რაც თავისთავად სცდება საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტს. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, თუკი არ ეთანხმებოდა მას, მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, წერილობით მოემართა სასამართლოსათვის, რაც არ განუხორციელებია (ამ კონტექსტში, ხარვეზის გამოსწორების მცდელობადაც ვერ იქნება მოჩნეული ე.წ-ის წინამდებარე განცხადება, რამეთუ იგი წარდგენილია არაუფლებამოსილ სასამართლოში საპროცესო ვადის ამოწურვის შემდეგ).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე. წ-ის განცხადება დაუშვებელია და არ არსებობის მისი განსახილველად მიღების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 429-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. წ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე