Facebook Twitter

3გ-ად-34-კ-ს-03 10 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: განჩინების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 12 თებერვლის განჩინებით განსახილველად მიიღო ნ. ი.-ის სააპელაციო საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე. სააპელაციო პალატის აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა რ. ს.-მა და მოითხოვა ნ. ი.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად მიღების შესახებ განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 მარტის განჩინებით რ. ს.-ის კერძო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის, სკ-ს 414-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 375-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაუშვებლად იქნა მიჩნეული და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად დაიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში.

სამოტივაციო ნაწილი:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენაბა სსკ-ს დებულებანი. ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ადგენს ადმინისტრაციულ დავებზე სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების განსხვავებულ წესს, სააპელაციო პალატამ სწორად იხელმძღვანელა სსკ-ს და 414-ე მუხლით.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატას, რომ სსკ-ს 414-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ვინაიდან სსკ არ ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას, ამიტომ რ. ს.-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია. სსკ-ს 404-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს, აგრეთვე, სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რ. ს.-ს უფლება აქვს სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 12 თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ს.-ის კერძო საჩივრის თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 თებერვლის ¹3 /857-03 განჩინებაზე დაუშვებლად იქნეს მიჩნეული.

2. სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.