Facebook Twitter

№ას-588-556-2015 30 ივლისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ხ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ს. ხ-მა (შემდეგში მოსარჩელემ) ფ. რ-ის, მ. დ-ისა და ვ. ხ-ის (შემდეგში მოპასუხეების) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 47737 ლარის დაკისრება სოლიდარულად.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით:

- სარჩელი დაკმაყოფილდა;

- მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრათ 47737 ლარის გადახდა;

- მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის – 1482.11 ლარის გადახდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის გამო.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ. კერძო საჩივრის საფუძვლები:

- მოპასუხეს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ გაუშვია, კერძოდ, ვალების გამო მას კრედიტორები ავიწროებენ, ამიტომ ტელეფონი გამორთული აქვს, ხოლო სახლში პერიოდულად მიდის და თანაც ღამის საათებში. სახლში ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს, მას მეუღლემ გადასცა სასამართლო გზავნილი. გზავნილის გადაცემიდან კანონით დადგენილ ვადაში მან წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო მოპასუხის ოჯახის წევრის - მეუღლისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების (2015 წლის 24 მარტი) მომდევნო დღეს, 2015 წლის 25 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 7 აპრილს. საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2015 წლის 14 აპრილს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

7. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია, კერძოდ, მოპასუხის სახლში არყოფნის გამო, სასამართლო გზავნილი მისმა მეუღლემ ჩაიბარა. მეუღლის მიერ მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარებიდან, ამ უკანასკნელმა სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა.

8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ზემოხსენებულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს და ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი და ადრესატთან დამოკიდებულება. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

9. ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს იმის შესაძლებლობას, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, უწყება ჩაბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, რაც ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად.

10. საქმის მასალების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების ასლი, 16.03.2015 წელს, გაეგზავნა მოპასუხეს მის მიერ მითითებულ მისამართზე – ქ.თბილისი, წ. ნ-ის ქ.№... (იხ. ტომი 1, ს.ფ. 125) და 2015 წლის 24 მარტს, ამავე მისამართზე ჩაბარდა მოპასუხის ოჯახის წევრს - მეუღლეს, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ამ უკანასკნელის ხელმოწერით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 127).

11. კერძო საჩივრის ავტორი, თავადაც არ უარყოფს სასამართლო გზავნილის მისი მეუღლის მიერ ჩაბარების ფაქტს, მაგრამ მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მას გზავნილი მოგვიანებით გადაეცა, სახლში არყოფნის გამო, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს უშუალოდ მოპასუხისათვის, და არა მისი ოჯახის წევრისათვის, გზავნილის ჩაბარების მომენტიდან.

12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის ზემოხსენებულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული პირისათვის უწყების ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად. ამ ნორმის შესაბამისად, სასამართლო არკვევს მხოლოდ იმას, ჩაბარდა თუ არა უწყება ადრესატთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ასეთი ცნობის არსებობის შემთხვევაში, უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა და სასამართლოს შეუძლია განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება. უწყების მიმღების მიერ ადრესატისათვის უწყების გადაუცემლობა, ისევე როგორც, დაგვიანებით გადაცემა, შესაძლებელია, უწყების მიმღების პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს, მაგრამ გავლენას ვერ მოახდენს კანონის იმპერატიულ დათქმაზე, რომლის მიხედვით, ოჯახის წევრისათვის უწყების ჩაბარება ადრესატისათვის ჩაბარებად ითვლება სწორედ იმ მომენტიდან, როცა უწყება ოჯახის წევრს ჩაბარდა.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 369.1-ე და 374-ე მუხლები და მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი.

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი