საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-423-396-2017 2 ივნისი, 2017 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს "ს-ე" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "თ-ა" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სს "თ-ის" (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი შპს "ს-ის" (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 361-ე, 581-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 70-78-ე, 2321-ე მუხლები), დაკმაყოფილდა, მოპასუხის მიერ წერილობითი შესაგებლის წარუდგენლობის გამო.
2. პირველ პუნქტში დასახელებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
4. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს განჩინებასა და დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა, მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 368-ე, 374-ე, 390-ე, 59-ე, 63-ე, 73.8-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოპასუხემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
7. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის, 4072 ლარის, გადახდის დამადასტურებლი დოკუმენტის დედნის წარდგენა განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.
8. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2016 წლის 26 დეკემბერს, აპელანტმა წარადგინა განცხადება, რომლითაც ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელება ითხოვა ერთი თვით იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ მოახერხა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 იანვრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მას ხარვეზის შევსების ვადა 20 დღით გაუგრძელდა.
10. ამ განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული განჩინების ასლი 2017 წლის 20 იანვარს ჩაჰბარდა მოპასუხის ადმინისტრაციის წარმომადგენელს - კ. გ-ს (იხ. საფოსტო უკუგზავნილი, ს/ფ 121).
11. საპროცესო ვადის დენა 2017 წლის 21 იანვარს დაიწყო და 9 თებერვალს (ხუთშაბათი) ამოიწურა. დროის ამ მონაკვეთში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იყო საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ იმავე სასამართლოს 2016 წლის 13 ივლისის განჩინების გაუქმება, განუხილველად დარჩა.
13. აპელანტმა 2017 წლის 17 თებერვალს, ფოსტის მეშვეობით, შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განსაზღვრული ვადის გაგრძელება კიდევ ერთხელ, 20 დღით, ითხოვა იმ საფუძვლით, რომ მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ბაჟის გადახდა ვერ შეძლო.
14. წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტში მითითებულ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე, საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
15. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში მან ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის წარდგენა ვერ შეძლო კომპანიის დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
17. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
18. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
19. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სსსკ-ის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის შესაბამისად 2017 წლის 20 იანვარს მოპასუხის ადმინისტრაციის წარმომადგენელს - კ. გ-ს ჩაბარდა ხარვეზის შესახებ განჩინება (იხ. ს/ფ 121), რაც კერძო საჩივრის ავტორმაც დაადასტურა და სადავოდ არ გაუხდია.
20. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების 6-12 ქვეპუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით განმარტავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 20-დღიანი ვადის ათვლა 2017 წლის 21 იანვარს დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე, სსსკ-ის მე-60 მუხლი) და 2017 წლის 9 თებერვალს ამოიწურა (ხუთშაბათი, სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილი), ამ დროის განმავლობაში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.
21. რაც შეეხება, კერძო საჩივრის ავტორის 2017 წლის 17 თებერვლის შუამდგომლობას (იხ. მე-12 პუნქტი), იგი ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი სასამართლოში, რასაც თავად კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს.
22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მან ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში წარდგენა კომპანიის დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო. კერძო საჩივრის ავტორს ამის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამასთან, ამ ფაქტის მტკიცებაც უშედეგო იქნებოდა კერძო საჩივრის ავტორისათვის, რადგან მისი, როგორც შპს-ს სახელით სასამართლოსათვის შუამდგომლობის წარდგენა კომპანიის სხვა უფლებამოსილ პირსაც შეეძლო.
23. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილული იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, რის გამოც მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
24.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ს-ის" კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე