საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-799-748-2017 7 ივლისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ო–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით, მ. გ-ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ნ. ო–ისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და დ. დ-ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მეორე აპელანტი) წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 160-ე, 162-ე, 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლები), დაკმაყოფილდა.
2. პირველ პუნქტში დასახელებულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივრები წარადგინეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.
4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 368-ე, 374-ე, 390-ე, 59-ე, 63-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორეს, რის გამოც სააპელაციო საჩივრები განუხილველად დარჩა.
5. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრების ავტორებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის გადახდის დამადასტურებლი დოკუმენტის დედნის წარდგენა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში.
6. ამ განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული განჩინების ასლი 2017 წლის 4 მაისს ჩაჰბარდა მეორე აპელანტს, როგორც პირადად, ასევე, როგორც პირველი მოპასუხის მეუღლეს (იხ. საფოსტო უკუგზავნილები, ს/ფ 99-100).
7. საპროცესო ვადის დენა 2017 წლის 5 მაისს დაიწყო და 11 მაისს (ხუთშაბათი) ამოიწურა. დროის ამ მონაკვეთში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
8. აპელანტებმა 2017 წლის 15 მაისს განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განსაზღვრული ვადის გაგრძელება 7 დღით ითხოვეს იმ საფუძვლით, რომ ფინანსური მდგომარეობის გამო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ბაჟის გადახდა ვერ შეძლეს.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განჩინებით მოპასუხეთა განცხადება (ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე) და სააპელაციო საჩივრები (საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე), განუხილველად დარჩა.
10. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განჩინებაზე (იხ. მე-9 პუნქტი), საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
11. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა 2016 წლის 10 ნოემბრიდან. აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ბ. გ-მა დაირეგისტრირა 2014 წლის 4 თებერვალს.
12. 2014 წლის 4 თებერვლამდე 20 წელზე მეტი დროის განმავლობაში უძრავ ქონებას კერძო საჩივრის ავტორი ოჯახთან ერთად ფლობდა; მას უდიდესი ხარჯი აქვს გაწეული ქონების მოვლა-პატრონობისათვის; მან საცხოვრებელ სახლში შეიყვანა ყველა კომუნიკაცია; განახორციელა შიდა და გარე სამუშაოები.
13. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა, თუმცა კერძო საჩივრის წარდგენის დროისათვის ის მზად არის გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და განახლდეს საქმის განხილვა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
15. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
17. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სსსკ-ის 70-ე და 74-ე მუხლების შესაბამისად 2017 წლის 4 მაისს ჩაჰბარდა მეორე აპელანტს, როგორც პირადად, ასევე როგორც პირველი მოპასუხის მეუღლეს (იხ. საფოსტო უკუგზავნილები, ს/ფ 99-100), რაც კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია.
18. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების 4-9 ქვეპუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით განმარტავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტებისათვის ხარვეზის გამოსწორების 7-დღიანი ვადის ათვლა 2017 წლის 5 მაისს დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე, სსსკ-ის მე-60 მუხლი) და 2017 წლის 11 მაისს ამოიწურა (ხუთშაბათი, სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილი), ამ დროის განმავლობაში აპელანტებს არც ხარვეზი გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის, რამაც სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.
19. რაც შეეხება, აპელანტების 2017 წლის 15 მაისის განცხადებას (იხ. მე-12 პუნქტი), იგი ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი სასამართლოში და განუხილველად დარჩა.
20. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილული იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, რის გამოც მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
21. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომლებიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას შეეხება, საკასაციო სასამართლო მხარეს მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ფარგლებში მოწმდება მხოლოდ პროცესუალური საკითხი - მართებულია თუ არა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. ამ განჩინების 11-12 პუნქტებში მითითებულ პრეტენზიებს საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ფარგლებში, არსებითად ვერ განიხილავს.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ო-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე