საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-935-875-2017 4 სექტემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. დ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ლ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ. ლ-ის სარჩელი, ა. დ-ის, მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ა. დ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის წარმოების განახლება.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, ამავე სასამართლოს, 2017 წლის 16 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
აღნიშნულ განჩინებასა და დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ა. დ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის ხელახლა განხილვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა. დ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ხარვეზის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ ლ. თ-ლს ჩაბარდა 2017 წლის 8 აგვისტოს.
2017 წლის 16 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ა. დ-მა და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. დ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით ა. დ-ს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2017 წლის 8 აგვისტოს, ფოსტის საშუალებით ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ ლ. თ-ლს.
დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს ვადის დარღვევით, 2017 წლის 16 აგვისტოს, მომართა შუამდგომლობთ ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ა. დ-ისთვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 9 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 14 აგვისტოს (ორშაბათი). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2017 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია. მან მაშინ მომართა სასამართლოს, როცა ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადა უკვე გასული იყო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. დ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი