Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-961-926-2016 17 თებერვალი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „სკოლა-ლიცეუმი მ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ. კ-ი, ჯ. კ-ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების და 17 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, განჩინების ძალაში დატოვება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. კ. და ჯ. კ-ებმა (შემდეგში: მოსარჩელეები ან აპელანტები) 2015 წლის 18 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრეს შპს „სკოლა-ლიცეუმი მ-ის“ (შემდეგში: მოპასუხე, სკოლა-ლიცეუმი ან კასატორი) წინააღმდეგ და მოითხოვეს ამ უკანასკნელისათვის 45 დღის საიჯარო ქირის - 9072,58 აშშ დოლარის, ასევე მოძრავი ნივთების ღირებულების - 2109,2 ლარის გადახდის დაკისრება.

2. სარჩელის განხილვა დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე 2016 წლის 12 იანვარს 12:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, მოსარჩელეთა წარმომადგენელს - გ. ღ-ეს მოსამზადებელი სხდომის თარიღი ეცნობა სასამართლო უწყებით, რომელიც მას 2015 წლის 2 დეკემბერს პირადად ჩაბარდა.

3. მოსარჩელეები, ასევე, მათი წარმომადგენელი 2016 წლის 12 იანვარს, 12:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადებულან და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსათვის.

4. მოსარჩელეებისა და მათი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა სასამართლომ არასაპატიოდ მიიჩნია და 2016 წლის 12 იანვარს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო და უარყო სარჩელი (იხ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება - ს.ფ. 156-158).

5. 2012 წლის 23 მაისს, მოსარჩელეთა წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა (იხ. საჩივარი - ს.ფ. 162-174).

6. საჩივარში მოსარჩელეთა წარმომადგენელმა მიუთითა, რომ 2016 წლის 12 იანვრის სასამართლო სხდომაზე მიწვევის თაობაზე უწყება ჩაბარდა მას, თუმცა, ვერ მოახერხა მისი მარწმუნებლებისათვის გადაცემა, გარდა ამისა, რომც ჩაებარებინა მარწმუნებელთათვის უწყება, თავად წარმომადგენელი მაინც ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე დასწრებას, რადგან ავად იყო და წოლითი რეჟიმი ჰქონდა დანიშნული უბნის ექიმის მიერ.

7. მოსარჩელეთა წარმომადგენელმა საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასტურად სასამართლოს წარუდგინა ჯანმრთლობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა №100, გაცემული 2016 წლის 12 იანვარს მახუნცეთის ამბულატორიის სახელით, რომელიც ხელმოწერილი და ბეჭედდასმულია ამბულატორიის ექიმის მიერ (იხ. ცნობა- ს.ფ. 223).

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად და 2016 წლის 17 თებერვალს დაინიშნა სხდომა საჩივრის განხილვის მიზნით.

9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

9.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა საჩივარი და ამავე სასამართლოს 2016 წლის 12 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა (იხ. განჩინება- ს.ფ.196-200).

9.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე განმარტა, რომ მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა;

9.3. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

9.4. სსსკ-ის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

9.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2016 წლის 12 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელი მოიწვიეს სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით, ხოლო საქმის მასალებით არ დგინდებოდა მოსარჩელის გამოუცხადებლობის სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზები. შესაბამისად, არ არსებობდა მოსარჩელეთა წარმომადგენლის საჩივრის დაკმაყოფილების, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების სამართლებრივი საფუძვლები.

9.6. სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს - ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას, თუმცა ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

9.7. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენელმა სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით ვერ დაადასტურა, ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის – სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზის არსებობა. მხარემ ვერ წარადგინა მისი წარმომადგენლის ავადმყოფობის დამადასტურებელი სათანადოდ შედგენილი ცნობა და ვერ მიუთითა ისეთ მტკიცებულებაზე, რომელიც ასახავდა მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სასამართლოსათვის საქმის განხილვის დაწყებამდე გამოუცხადებლობის მიზეზის შეტყობინების ფაქტს.

10. მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი

10.1. მოსარჩელეებმა სააპელაციო საჩივარი წარადგინეს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებაზე, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით:

10.1.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დაუსაბუთებული საჩივარი წარადგინა. კანონის თანახმად, მხარეს რომელსაც არ ჩაჰბარებია სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არაა ვალდებული ამტკიცოს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი.

10.1.2. სასამართლომ, ზემოხსენებული ნორმებით დადგენილი წესით არ ჩააბარა მხარეს უწყება, რაც გამოიხატა შემდეგში: 1) სასამართლომ ვერ უზრუნველყო სასამართლო უწყების ჩაბარება მოსარჩელეზე კანონით დადგენილი წესით; 2) უწყებაზე მითითებული არ იყო მისამართი სრულყოფილად, შესაბამისად კურიერი ზუსტი მისამართის არ ცოდნის შემთხვევაში, ვერ ჩააბარებდა სასამართლო უწყებას მოსარჩელეს, 3) უწყებაზე ხელმოწერა არ ეკუთვნის მოსარჩელის წარმომადგენელს, 4) უწყებაზე მითითება არ არის იმის თაობაზე, რომ წარმომადგენელი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მხარეს, რომლის წარმომადგენელიც არის; 5) მეორე ეგზემპლარზე არ არის უწყების მიმღების ხელმოწერა, სადაც უწყებაზე ხელმომწერი პირი ვალდებულია განმეორებით ხელწერილით დაადასტუროს უწყების მიღება; 6) უწყება საერთოდ კანონდარღვევითაა შედგენილი და ფორმალურად გაუმართავია;

10.1.3. სასამართლომ არასწორად შეაფასა სამედიცინო ფორმა № 100, რადგან 2016 წლის 12 იანვარს მოსარჩელეთა წარმომადგენელი იმყოფებოდა ექიმთან მაღალი სიცხით, თავის ტკივილითა და ასევე სხვა ჩივილებით, მას ამ დღეს ექიმის მიერ გამოწერილი ჰქონდა ამბულატორიული მკურნალობა წოლითი რეჟიმით, რაც ფორმა №100-ში ნათლადაა მითითებული. სასამართლოს დასკვნა, რომ თითქოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მითითებული არ იყო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რადგან ცნობაში აღნიშნულია, რომ მხარის წარმომადგენელი გადიოდა ამბულატორიულ მკურნალობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ პირობებში პაციენტი ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას; ამასთან, სამედიცინო ცნობა დამოწმებულია სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით, რაც ობიექტურადაც და სამართლებრივადაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, სასამართლოს რომც ეცნობებინა რაიმე გზით წარმომადგენლისათვის სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ, წარმომადგენელი ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, რადგან სასამართლო სხდომის დღეს, მას დაუდგინდა წოლითი რეჟიმი, რაც თავისთავად გამორიცხავდა სხდომაზე გამოცხადებას მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის (ავადმყოფობის) გამო. 40 გრადუსი სიცხის პირობებში ძნელია ადამიანმა იფიქროს სხვა ვალდებულებებზე, გარდა საკუთარი ჯანმრთელობისა;

10.1.4. ამდენად, მოსარჩელის გამოუცხადებლობას ორი საპატიო მიზეზი ჰქონდა, ერთი ის, რომ მას არ ჩაჰბარებია სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით სასამართლო უწყება, ხოლო მეორე - მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მხარის წარმომადგენელი ავად იყო და ვერ შეძლებდა სხდომაზე გამოცხადებას; სასამართლომ ცალმხრივად იმსჯელა ფორმაზე №100, ისე, რომ მასში მითითებული ექიმის წერილობითი პოზიცია არც წაუკითხავს, რადგან ექიმის მიერ გაცემული ცნობით დასტურდებოდა, რომ მასში მითითებული დიაგნოზით პაციენტი ვერ შეძლებდა გადაადგილებას და სასამართლოში გამოცხადებას მისი მძიმე მდგომარეობის გამო; სასამართლომ უგულებელჰყო სსსკ-ის 215-ე მუხლი, გამოიყენა ამავე კოდექსის 233-ე მუხლი, თუმცა, არასწორად განმარტა იგი, რაც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველია;

10.1.5. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად სრულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას. მიუხედავად ასეთი მტკიცებულებისა, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მხოლოდ მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეუსწავლელად და მათი უგულებელყოფით.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივნისის განჩინება და დასკვნები

11.1. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი და გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე, ამავე სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ; შესაბამისად სამოქალაქო საქმე # 2/3298-15 არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

11.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე და დამატებით აღნიშნა, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე 2016 წლის 12 იანვარს, 12:00 საათზე, სარჩელის განხილვის შესახებ 2015 წლის 2 დეკემბერს, ეცნობა მოსარჩელეთა წარმომადგენელს, კერძოდ, უწყებაზე გარკვევით იყო დაფიქსირებული გ. ღ-ის სახელი და გვარი (იხ. - ს.ფ.149).

11.3. სასამართლომ მოსარჩელეთა წარმომადგენლის მიერ წარდგენილ მტკიცებულებაზე - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმაზე №100 ა მსჯელობისას განმარტა, რომ ცნობაში მითითებული იყო, რომ მხარის წარმომადგენელმა 2016 წლის 12 იანვარს მიმართა მახუნცეთის ამბულატორიას, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი მწვავე რესპირატორული ინფექცია. მოკლე ანამნეზში მითითებულია, რომ პაციენტმა მიმართა ამბულატორიას ჩივილებით: სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველება, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, სხეულის ტემპერატურა 39,2 გრადუსი. ავადმყოფს დაენიშნა წოლითი რეჟიმი (წ/რ), სითხეები, პარაცეტამოლი 0.5, ცნობა ბეჭედდასმულია და ხელმოწერილია ამბულატორიის ექიმის მიერ;

11.4. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმის №100ა შემდგენელი და ხელმომწერი ექიმის, მ. ძ-ის მიერ, მოსარჩელეთა წარმომადგენლის სახელზე გაგზავნილ წერილში დაფიქსირებულია, რომ მახუნცეთის ამბულატორიას უშუალო დაწესებულების ხელმძღვანელი არ ჰყავს; მას, როგორც ექიმს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება გასცეს ფორმა №100 და დაამოწმოს ექიმის ბეჭდით. 2016 წლის 12 იანვარს, მხარის წარმომადგენელი იმყოფებოდა მასთან დაბა მახუნცეთის ამბულატორიაში ვიზიტზე მაღალი სიცხით, რისთვისაც დაენიშნა მკურნალობა წოლითი რეჟიმით. შესაბამისად, გასცა კიდევაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100ა.

11.5. სამართლებრივი დასაბუთებისას სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.

11.6. სასამართლომ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარი სანქციაა გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ჩაჰბარდა უწყება სასამართლო სხდომაზე მოწვევის თაობაზე და ეცნობა გამოუცხადებლობის შედეგები სათანადო წესით, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. არის თუ არა მხარის გამოუცხადებლობა საპატიო, კონკრეტული მტკიცებულებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე უნდა გადაწყდეს;

11.7. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

11.8. საჩივარზე დართული მახუნცეთის ამბულატორიის სახელით გაცემული სამედიცინო დოკუმენტი ფორმაში №100ა დაფიქსირებული ჩანაწერის, ასევე ცნობის გამცემი ექიმის, მ. ძ-ის წერილის ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ 2016 წლის 12 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობა საპატიოდ უნდა მიჩნეულიყო, ვინაიდან სწორედ ამ დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსარჩელის წარმომადგენელი იმყოფებოდა წოლით რეჟიმზე, რამაც მას ხელი შეუშალა საპროცესო მოქმედების განხორციელებაში;

11.9. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად საჩივარში მითითებული სხვა მოტივები სასამართლომ არ გაიზიარა, კერძოდ, რომ სასამართლო სხდომაზე მოწვევის თაობაზე უწყებაზე ხელი მოსარჩელის წარმომადგენელს არ მოუწერია, ვინაიდან ამ გარემოების (უწყებაზე სხვა პირის მიერ ხელმოწერის) დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ საფუძვლით დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მოსარჩელე არ შედავებია, რაც გამორიცხავდა სააპელაციო სასამართლოში მისი გაზიარების შესაძლელობას;

11.10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სამედიცინო დოკუმენტის (ფორმა №100 ა) არასათანადო მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე და აღნიშნა, რომ კანონის ფორმალური კრიტერიუმების ზედმიწევნითი დაუცველობა მტკიცებულების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდებოდა, კერძოდ, სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

11.11. მითითებული ნორმით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად მტკიცებულების შეფასებისას, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენელმა, საჩივრის განხილვის ეტაპზე უზრუნველყო მისი საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დადასტურება. ფორმაში №100ა ნათლად იყო ასახული, როგორც ავადმყოფობის ფაქტი, ისე სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა (დანიშნული ჰქონდა წოლითი რეჟიმი) და მხოლოდ ის გარემოება, რომ ცნობა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ არ იყო ხელმოწერილი (მით უფრო როდესაც ხელმოწერილია მკურნალი ექიმის მიერ და დადასტურებულია ბეჭდით) არ შეიძლებოდა მასში მოცემული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გამხდარიყო.

11.12. სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულება აკმაყოფილებდა სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამასთან, დამატებით აღნიშნა, რომ მართალია, საქმეზე წარდგენილი იყო მხოლოდ მოსარჩელეთა წარმომადგენლის (გ. ღ-ის) ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო თავად მარწმუნებელთა სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე რაიმე სახის მტკიცებულება არ ყოფილა წარდგენილი, სსსკ-ის 93.2-ე მუხლის განმარტების საფუძველზე თავად მხარე (მარწმუნებელი) აღჭურვილია, მხოლოდ უფლებით თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი და იმპერატიულად მისი მონაწილეობა სავალდებულო არ არის. მხარისა და წარმომადგენლის ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, მათ შორის არსებული ურთიერთობის განსაკუთრებული ნდობის გათვალისწინებით, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე.

11.13. იმის გათვალისწინებით, რომ დასტურდებოდა 2016 წლის 12 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის (წარმომადგენლის) გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობა, ამასთან, არ იკვეთებოდა დავის მიმართ ინტერესის დაკარგვის გარემოება, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის არსებითად განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების თაობაზე დასაბუთებული იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

12. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

12.1. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვება შემდეგ საკასაციო პრეტენზიებზე დაყრდნობით (იხ. საკასაციო საჩივარი - ს.ფ. 329-337);

12.1.1. აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით - ფორმა # 100 ა არ დასტურდება, თუ დროის რომელ მონაკვეთში გახდა მოსარჩელეთა წარმომადგენელი შეუძლოდ - დილით თუ საღამოს, ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან 2016 წლის 12 იანვრის სხდომა 12 საათზე იყო დანიშნული;

12.1.2. ცნობის ავთენტურობა საეჭვოა, რადგან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს 338/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით „სამედიცინო დაწესებულება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების აღრიცხვას სოციალურ ჟურნალში, რიგითი ნომრის მინიჭებით“, მხარეს არ წარუდგენია აღნიშნული სარეგისტრაციო ჟურნალი, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმისათვის;

12.1.3. ასევე, არ არის წარმოდგენილი ამბულატორიული პაციენტის ვიზიტებისა და ბინაზე/ადგილზე გამოძახების ჟურნალი, ერთგვერდიანი ფურცლით შეუძლებელია დადგინდეს მხარის ადვოკატი კანონის მოთხოვნათა მიხედვით იყო თუ არა აღრიცხული ექიმთან. კასატორი ამ კონტექსტში უთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს ბრძანების კონკრეტულ ნორმაზე, რომელიც ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესს ადგენს;

12.1.4. კასატორი აკრიტიკებს ექიმის განცხადებას (იხ. ამ განჩინების 11.4. ქვეპუნქტი).

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და მტკიცებულებების გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია, შემდეგი მოტივაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ # ას-955-917-2014, 24.07.2015; #ას-846-796-2015, 04.12.2015წ; # ას-526-499-2015, 10.02.2016წ; #ას-156-152-2016, 08.04.2016; # ას-187-179-2016, 06.05.2016წ.).

17. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

19. კასატორის პრეტენზია ძირითადად იმას ეხება, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენლის მიერ წარდგენილი სამედიცინო ცნობა საეჭვოა ავთენტურობის თვალსაზრისით, რადგან სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების მომწესრიგებელი ნორმების მიხედვით სააღრიცხვო სპეციალური ჟურნალი არ წარუდგენია მხარეს, ასევე, არასანდოა მკურნალი ექიმის განცხადება.

20. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომელიც ეხება მოსარჩელის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შეფასებას, რადგან მართებულია სასამართლოს მიერ როგორც სამედიცინო ცნობის შეფასება, ისე, გარიგებით წარმომადგენელსა და მისი მარწმუნებლების (მოსარჩელეებს) შორის არსებული ურთიერთობის შესახებ მსჯელობა (იხ. ამ განჩინების 11.10-11.13 ქვეპუნქტები). ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ წარმომადგენლის გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე, რომელსაც უშუალოდ მხარეც არ ესწრებოდა, მიიჩნია საპატიოდ და განმარტა: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მხარისა და წარმომადგენლის ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, მათ შორის არსებული ურთიერთობის განსაკუთრებული ნდობის გათვალისწინებით, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე“ (იხ. სუსგ Nას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი).

21. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როდესაც საკითხი ეხება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ ადგილი ჰქონდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრულ კონსტრუქციას, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR).

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ზემოხსენებული ნორმით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა: მხოლოდ ის გარემოება, რომ სამედიცინო ცნობა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ არაა ხელმოწერილი (მით უფრო, როდესაც ხელმოწერილია მკურნალი ექიმის მიერ და დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით), არ შეიძლება მასში მოცემული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს, რაც შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. სუსგე-ბი # ას-955-917-2014, 24.07.2015 წ; #ას-187-179-2016, 06.05.2016წ.).

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ეფუძნება სწორედ იმას, რომ პროცედურული ნორმები განიმარტოს არა ხისტად და იმდენად მკაცრად, რომ ხელყოფილი იქნეს მხარისათვის კონსტიტუციით გარანტირებული გასაჩივრების უფლება, რაც სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ამდენად, საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული პრეცედენტებით სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული „საპატიო მიზეზი“ იმგვარად განიმარტება, რომ მხარეს საპროცესო მოქმედების შესრულება საპატიოდ ჩაეთვალოს, როდესაც მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ადასტურებს მისგან დამოუკიდებელი ფაქტორების ზემოქმედებით სადავო საპროცესო მოქმედების შესრულების ობიექტური ხელშეშლით გამოწვეულ შეუძლებლობას. ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ყოველი კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგებისას სასამართლომ ზედმიწევნით გამოიკვლიოს და დაადგინოს დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც, ცხადია, თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია. სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგიც გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებების შეფასებიდან.

24. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ შეძლო სარწმუნო და დამაჯერებელი შედავება წარმოედგინა გასაჩივრებული განჩინების გასაბათილებლად; კასატორის მითითება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე ვერ დაედება საფუძვლად მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი მტკიცებულების გაბათილების მიზნით საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას, რადგან მოპასუხემ არაკვალიფიციური შედავება წარმოადგინა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც მისი არსებითად განხილვისათვის დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "სკოლა-ლიცეუმი მ-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "სკოლა-ლიცეუმ მ-ს" (ს/კ 2..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1200 ლარის (საგადახდო დავალება N5, გადახდის თარიღი 2016 წლის 17 ნოემბერი), 70% – 840 (რვაასორმოცი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე