საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-994-957-2016 20 იანვარი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,დ- ი“ (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო ან მყიდველი) რეგისტრირებულია 2010 წლის 31 აგვისტოდან (იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან - ს.ფ. 38).
2. 25 000 კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 0..) მდებარე ქ. ბათუმში, კ-ის დასახლებაში, 2013 წლის 18 მარტამდე წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას (იხ.ამონაწერი საჯარო რეესტრიდან- ს.ფ. 17)
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2012 წლის 1 თებერვლის №25 ბრძანებით წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ერთ ლარად, პირობადებულ საკუთრებაში გადაეცა საწარმოს (იხ. №25 ბრძანება - ს.ფ.18).
4. ზემოხსნებული №25 ბრძანების შესრულების მიზნით, 2012 წლის 3 თებერვალს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა (შემდეგში: მოსარჩელე, სამინისტრო, გამყიდველი, აპელანტი ან კასატორი) და საწარმოს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ხელშეკრულება - ს.ფ.19-25; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ 477-ე მუხლი).
5. ხელშეკრულების 3.2. პუნქტით, საწარმომ იკისრა შემდეგი ვალდებულებები:
ა) ხელშეკრულების 2.2 პუნქტის შესაბამისად, მიაწოდოს გამყიდველს ნასყიდობის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ, არაუგვიანეს 2012 წლის 31 დეკემბრისა მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა და დაიწყოს არანაკლებ 4 ვარსკვლავიანი და 300 ნომრიანი სასტუმროსა და სამორინეს მშენებლობა, რომელიც ექსპლოატაციაში შევიდოდა არაუგვიანეს 2015 წლის 31 ივლისისა. ობიექტის ექსპლოატაციაში შესვლის ვადის გაგრძელება შესაძლებელი იყო გონივრული ვადით, მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი იქნებოდა;
გ) უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების დასაქმება არანაკლებ საერთო რაოდენობის 90 %-სა;
6. საწარმომ 2012 წლის 31 დეკემბრამდე მშენებლობის ნებართვა ვერ მოიპოვა და სასტუმროსა და სამორინეს მშენებლობა ვერ დაიწყო.
7. 2013 წლის 4 მარტს, სამინისტროსა და საწარმოს შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი, რომლის საფუძველზეც ცვლილება შევიდა ხელშეკრულების 3.2. პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში. ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, 3.2 პუნქტის შესაბამისად მყიდველმა აიღო შემდეგი ვალდებულებები:
ა) ხელშეკრულების 2.2 პუნქტის შესაბამისად მიაწოდოს გამყიდველს ნასყიდობის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ, არაუგვიანეს 2013 წლის 31 ოქტომბრისა მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა და დაიწყოს არანაკლებ 4 ვარსკვლავიანი, არანაკლებ 300 ნომრიანი სასტუმროსა და სამორინეს მშენებლობა; არანაკლებ 2014 წლის 31 ოქტომბრისა დაასრულოს სასტუმროს ნულოვანი ნიშნულის მშენებლობა, არაუგვიანეს 2015 წლის 30 ივნისისა დაასრულოს სასტუმროს პირველი სამი სართულის მშენებლობა და არაუგვიანეს 2016 წლის 31 მაისისა დაასრულოს მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეიყვანოს არანაკლებ 4 ვარსკვლავიანი, არანაკლებ 300 ნომრიანი სასტუმრო და სამორინე;
გ) უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების დასაქმება არანაკლებ საერთო რაოდენობის 90 %-სა (იხ. 2013 წლის 4 მარტის შეთანხმება- ს.ფ. 28-30).
8. 2013 წლის 16 ოქტომბერს საწარმოს საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ქუჩის მოწყობისა და მისი შემდგომი ექსპლოატაციის მიზნით ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ დატვირთა უსასყიდლო სერვიტუტით.
9. საწარმომ მშენებლობის ნებართვა მიიღო 2013 წლის 11 ნოემბერს (იხ. 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ - ს.ფ. 70).
10. სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების მოშლისა და პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის მიზნით. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზეზად, სამინისტრომ მიუთითა მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობაზე.
11. 2015 წლის 2 აპრილის №ს-145 ბრძანებით მოიშალა ნასყიდობის ხელშეკრულება და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მყიდველს არ აუნაზღაურდა გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები. ამავე ბრძანების მე-3 პუნქტით საწარმოს ეცნობა, რომ მას 2012 წლის 3 თებერვალს სამინისტროს მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, გადასახდელი ჰქონდა ჯარიმა - პირგასამტეხლო 133 875 (ასოცდაცამეტი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარი და თანხის გადასახდელად განესაზღვრა ვადა - 2015 წლის 17 მაისამდე.
12. საწარმოს სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში პირგასამტეხლო არ გადაუხდია (იხ. 2015 წლის 2 აპრილის № ს-145 ბრძანება - ს.ფ. 33-36).
13. სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა
13.1. სამინისტრომ 2015 წლის 21 აგვისტოს სარჩელი აღძრა საწარმოს წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის პირგასამტეხლოს - 133 875 ლარის დაკისრება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
14. მოპასუხის შესაგებელი
14.1. საწარმომ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ბრალეულად გააჭიანურეს მშენებლობის ნებართვის გაცემა, რამაც გამოიწვია მშენებლობის დაწყების ვადების დარღვევა, ამასთან, სამინისტრომ მყიდველს სერვიტუტით დაატვირთინა ის ნაკვეთი, რომელზედაც მშენებლობა უნდა ეწარმოებინა, რამაც მოპასუხეს მოუსპო შესაძლებლობა, ჯეროვნად შეესრულებინა ვალდებულება. ხელშეკრულების შეწყვეტა არ იყო მოპასუხის ბრალით განპირობებული, ამიტომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
15. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და დასკვნები
15.1. საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
15.1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 66 937.5 ლარის გადახდა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ - სახელმწიფო ბაჟის 2008.12 ლარის გადახდა.
15.2. საქალაქო სასამართლომ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ მხარეები არ დავობდნენ მე-9 და მე-10 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე, ისინი სადავოდ ხდიდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის მიზეზებს (იხ. მოსარჩელისა და მოპასუხის პოზიცია ზემოხსენებულ მე-13-14 პუნქტებში).
15.3. სასამართლომ განმარტა, რომ ორივე მხარის განმარტებას აფასებდა თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად, მაგრამ საბოლოოდ გაიზიარებდა მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებდა საკუთარ არგუმენტებს.
15.4. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ხელშეკრულების შესრულების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა. თუ მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული ჰქონდა ჯეროვნად, მაშინ ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები ან ის გარემოება, რომ შეუსრულებლობა არ იყო მისი ბრალით გამოწვეული, მას უნდა წარედგინა სასამართლოსათვის.
15.5. მოსარჩელემ, თავისი პროცესუალური ვალდებულების შესრულების მიზნით ზეპირად განმარტა, რომ მოპასუხეს ვალდებულებები არ შეუსრულებია და მიუთითა 2012 წლის 3 თებერვლის ხელშეკრულებაზე, იმავე წლის 22 თებერვლის №34 ბრძანებაზე, 2013 წლის 22 თებერვლის №46 განკარგულებაზე, 2013 წლის 4 მარტის შეთანხმებაზე, 2013 წლის 13 დეკემბრის № 233 განკარგულებაზე და 2015 წლის 2 აპრილის №ს-145 ბრძანებაზე (იხ.ს.ფ.19-20).
15.6. დასახელებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საწარმოს ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, არაუგვიანეს 2012 წლის 31 დეკემბრისა, უნდა დაეწყო არანაკლებ 4 ვარსკვლავიანი, არანაკლებ 300 ნომრიანი სასტუმროსა და სამორინეს მშენებლობა, რომელიც ექსპლოატაციაში უნდა შესულიყო არაუგვიანეს 2015 წლის 31 ივლისისა; მიუხედავად შეთანხმებისა, მოპასუხემ 2012 წლის 31 დეკემბრამდე ვერ მოახერხა მშენებლობის ნებართვის მოპოვება და სასტუმროსა და სამორინეს მშენებლობა. მან მშენებლობის ნებართვა მიიღო 2013 წლის 11 ნოემბერს; შეთანხმებულ ვადაში არ დაიწყო სასტუმროსა და სამორინეს მშენებლობა, 2015 წლის 22 იანვრისათვის მოსარჩელისათვის არ წარუდგენია აუდიტორული დასკვნა; შეთანხმებულ ვადაში მშენებლობა არ დაუსრულებია ნულოვანი ნიშნულის დონემდე.
15.7. მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის არგუმენტებს და განმარტა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული არ იყო მისი ბრალით, თუმცა, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულების გასაბათილებლად, გარდა მისი მითითებისა, საწარმოს რაიმე სახის მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის.
15.8. საქმეში წარდგენილი მასალების საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მშენებლობა უნდა განეხორციელებია მოპასუხეს, სერვიტუტით დაიტვირთა 2013 წლის 16 ოქტომბერს. ამ პერიოდისათვის, მას უკვე დარღვეული ჰქონდა სახელშეკრულებო პირობები. ვინაიდან, 2012 წლის 31 დეკემბრამდე უკვე დაწყებული უნდა ჰქონოდა სასტუმროსა და სამორინეს მშენებლობა, რაც არ განუხორციელებია. მიუხედავად ამისა, მოპასუხის ხელშეწყობის მიზნით, ამ უკანასკნელს მშენებლობის დაწყებისა და სასტუმროს ნულოვანი ნიშნულის მშენებლობის ვადა გაუგრძელდა 2014 წლის 31 ოქტომბრამდე. თუმცა, მოპასუხემ ვერც ამ ვადაში მოახერხა პირობის შესრულება.
15.9. სასამართლომ დაასკვნა, რომ 2013 წლის 16 ოქტობერს მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვა და 2013 წლის 11 ნოემბერს მშენებლობის ნებართვა ვერ გახდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს ბრალით ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შეუსრულებლობის მტკიცებულება.
15.10. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, საქალაქო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 316.1-ე, 317.1-ე, 327-ე და 477.1 მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა 2012 წლის 3 თებერვალს, სამინისტროსა და საწარმოს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, რომლითაც სამინისტრომ, მყიდველს ერთ ლარად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა 25 000 კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქ. ბათუმში, კ-ის დასახლებაში წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული პირობებით.
15.11. მოსარჩელემ, მოპასუხეს გადასცა მიწის ნაკვეთი და ამ მოქმედებით შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მოპასუხემ 3.2 მუხლის „ბ“ პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა მოსარჩელის ბრალით იყო გამოწვეული, რადგან ზეპირი მითითების გარდა, საწარმოს სასამართლოსათვის სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულება არ წარუდგენია.
15.12. სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 417- 418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლო.
15.13. განსახილველ შემთხვევაში არსებობდა მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენდა პირგასამტეხლოს. ხელშეკრულების 4.1. მუხლით, თუ მყიდველი არ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მაშინ მყიდველი გამყიდველს გადაუხდის ჯარიმას: ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0.1 % -ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქონების შემძენი ჯარიმდება ქონების ღირებულების 0.05 %-ის ოდენობით თითოეული დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
15.14. სასამართლომ მტკიცებულებათა გამოკვლევით დაადგინა, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულების 3.2 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობა იწვევდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას იმ წესის მიხედვით, რა წესითაც პირგასამტეხლოს გაანგარიშებაზე მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდენ.
15.15. დადგენილი იყო, რომ ნულოვანი ნიშნულის მშენებლობის ნაწილში ქონების ღირებულებაა 1 530 000 ლარი. მოპასუხემ დადგენილ ვადაში სასტუმროს ნულოვანი ნიშნულის მშენებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ დაასრულა. 2014 წლის 1 ნოემბრიდან - 2015 წლის 2 აპრილის ჩათვლით, ვადაგადაცილებული იყო 153 დღე. თითოეული დღის პირგასამტეხლო გაანგარიშებული უნდა ყოფილიყო ღირებულების 0.05 %-დან, რაც შეადგენს 117 045 ლარს. ამ თანხას ასევე დაემატა აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის №ს-376 ბრძანებით განსაზღვრული 16 830 ლარი, საბოლოოდ, მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხა განისაზღვრა 133 875 (ას ოცდაცამეტი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარით.
15.16. სსკ-ის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”. პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს გადახდის არიდების მიზნით, კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე, პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. კანონმა სასამართლოს მიანიჭა უფლება, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების შედეგად, შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ იყო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული და იგი უნდა შემცირებულიყო, კერძოდ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 133 875 ლარის ნაცვლად მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაჰკისრებოდა მისი ნახევარი - 66 937.5 (სამოცდაექვსი ათას ცხრაას ოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი.
16. სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
16.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამინისტრომ, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინების (16:21:15) გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება; სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სამინისტროს სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:
16.1.1. მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შედეგია ის, რომ 2012 წლის 3 თებერვლიდან - 2015 წლის 2 აპრილამდე ფაქტიურად, მიწის ნაკვეთი გაჩერებული იყო იმ მოლოდინით, რომ მყიდველი შეასრულებდა ვალდებულებას, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში, მისთვის ცნობილი იყო, რომ მას დაეკისრებოდა შეთანხმებული პირგასამტეხლო (ხელშეკრულების 4.1 ”გ” ქვეპუნქტი), რასაც მოპასუხე ნასყიდობის ხელშეკრულებაზე თავისი ხელმოწერით ადასტურებდა;
16.1.2. უდავოა, რომ მოპასუხეს, თავისი შესაგებლით სასამართლოსთვის არ მოუთხოვია პირგასამტეხლოს შემცირება. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლება და შეამცირა პირგასამტეხლო.
16.1.3. სასამართლომ, 2015 წლის 13 ნოემბერს, სასამართლო სხდომაზე არ დააკმაყოფილა სამინისტროს შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გამოტანილი განჩინებით დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესი, რაც მისი გაუქმების საფუძველია. კერძოდ: 2015 წლის 26 ოქტომბერს დანიშნულ მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა ორივე მხარე. მოსამზადებელი ეტაპის გავლის შემდგომ, სხდომა გადაიზარდა მთავარ სხდომაში და მხარეებმა წარადგინეს ახსნა-განმარტებები, რის შემდეგაც, მხარეთა მორიგების მიზნით, საქმე გადაიდო 2015 წლის 13 ნოემბრისათვის 16 საათზე. სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რის გამოც, სამინისტრომ სსსკ-ის 83-ე და 230-ე მუხლების საფუძველზე, იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, რაც არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მოსმენილი ჰქონდა მოპასუხის ახსნა-განმარტება, რასაც სამინისტრო არ ეთანხმება.
17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივლისის განჩინება და დასკვნები
17.1. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე;
17.2. ასევე, არ დაკმაყოფილდა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 390.3 „გ“ ქვეპუნქტზე.
17.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2012 წლის 3 თებერვალს სამინისტროსა და საწარმოს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე წარმოებულ დავაზე, 2015 წლის 26 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დანიშნა მოსამზადებელ სხდომა. მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა ორივე მხარე. მოსამზადებელი ეტაპის გავლის შემდეგ, სხდომა გადაიზარდა მთავარ სხდომაში და სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, ხოლო შემდეგ, მხარეთა მორიგების მიზნით, საქმე გადაიდო 2015 წლის 13 ნოემბერს 16 საათისათვის.
17.4. საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, ხოლო მოსარჩელემ, სსსკ-ის 83-ე და 230-ე მუხლებზე მითითებით იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, რაც არ დაკმაყოფილდა.
17.5. საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა, რომ მოსმენილი ჰქონდა მხარეთა ახსნა-განმარტებები.
17.6. დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს ნაწილის - 66 937,5 ლარის დაკისრების თაობაზე მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია.
17.7. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, პირგასამტეხლოს დაკისრებას საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ მოპასუხემ ვალდებულება საკუთარი ბრალეულობით არ შეასრულა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,05% პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და გაანახევრა იგი.
17.8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 382-ე მუხლის შესაბამისად, იგი სრულად იზიარებდა ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მხარეთა მიერ ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, რაც გამომდინარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკიდანაც (იხ. უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინება სამოქალაქო საქმეზე №ას-447-838-06). ამდენად, აპელანტის მოთხოვნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებელობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
17.9. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება (იხ. ამ განჩინების 15.15-15.16 ქვეპუნქტები) და ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტა: სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა.
17.10. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მხოლოდ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
17.11. სსკ-ის 420-ე მუხლით პირგასამტეხლოს შემცირება ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას სასამართლოს მხრიდან დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება.
17.12. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან და ა.შ.
17.13. განსახილველ შემთხვევაში ირკვეოდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოპასუხეს დაკისრებული აქვს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ძირითადი თანხის 0,25%-ის ოდენობით პირგასამტეხლო - 66 937.5 ლარი, რაც სასამართლოს შეფასებით უზრუნველყოფდა ხელშეკრულების მეორე მხარის (გამყიდველის) ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისრა გარკვეული საზღაურის გადახდა.
17.14. მართალია, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, იმის მიუხედავად კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორისათვის ზიანის მიყენების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის დასაბუთებულობაზე მიუთითებდა.
17.15. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც, სამინისტროს მოთხოვნაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ უარის თქმით, ასევე პირგასამტეხლოს სრულად დაკისრებაზე უარის თქმით, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებების უცვლელად დატოვების საფუძველი იყო.
18. სამინისტროს საკასაციო საჩივარი
18.1. სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება(იხ. საკასაციო საჩივარი- ს.ფ.191-202);
18.2. კასატორი სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენების გამო აკრიტიკებს ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოებს და ყურადღებას ამახვილებს ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებზე, რომლებითაც მხარეთა შეთანხმება აისახა. გამყიდველი უთითებს, რომ მყიდველს 1 530 000 ლარის ღირებულების ქონება ერთ ლარად იმიტომ გადაეცა, რომ განეხორციელებინა ინვესტიცია, აეშენებინა სასტუმრო, დაესაქმებინა საქართველოს მოქალაქეები. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ნასყიდობის ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა და არ უნდა შეემცირებინა იგი;
18.3. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, გარდა იმისა, რომ მხარეთა ორმხრივი შეთანხმების შედეგია, თანაზომიერია მოპასუხის მიერ დარღვეული ვალდებულების და სასამართლოს არ უნდა შეემცირებინა მისი ოდენობა;
18.4. კასატორი უთითებს ამ განჩინების 16.1.3. ქვეპუნქტში ასახულ პერტენზიაზე და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები; ასევე, არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 16 ოქტომბრის #ას-477-838-06 განჩინებას და მიაჩნია, რომ არსებული პრაქტიკა ამ კუთხით შესაცვლელია, რადგან ირღვევა საპროცესო ნორმები (სსსკ-ის მე-6, 83-ე, 215-ე და 230-ე მუხლები).
19. საკასაციო სამართლაწარმოების ეტაპი
19.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ნოემბრის განჩინებით სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული საფუძვლები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს.
21. სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ -ები: # ას-1560-1463-2012, 28.12.2012წ.; # ას-23-23-2014, 10.04.2014წ., #ას-943-905-204, 08.04.2015წ.; # ას-783-740-2015, 22.10.2015 წ.; #ას-1002-946-205, 13.11.2015წ.).
23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მყიდველმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რამაც მოსარჩელეს წარმოუშვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, რომლის გონივრულობა და სამართლიანობა, სსკ-ის 420-ე მუხლით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სამართლიანად შეამცირა სასამართლომ და განსაზღვრა დარღვევის სიმძიმისა და ხასიათის შესატყვისად.
26. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის მართებულობაზე, ქვემდგომმა სასამართლომ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივად მართებულად შეაფასა ისინი, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი განჩინება.
27. ასევე არ არის გასაზიარებელი კასატორის პრეტენზია, რომელიც 18.4 ქვეპუნქტშია ასახული, რადგან მხარის მიერ სასამართლო პრაქტიკის დაწუნება არ არის დასაბუთებული არგუმენტი, მით უფრო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ისეთი სპეციფიკური ინსტიტუტის გამოყენების საკითხის განხილვისას, როგორიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესო სამართლებრივი წინაპირობებია.
28. კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რაც აღნიშნული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების სამართლებრივად დასაბუთებული საფუძველია.
29. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე