საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1010-971-2016 3 თებერვალი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „სადაზღვევო კომპანია ა-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის №177 დადგენილების (შემდეგში: მთავრობის № 177 დადგენილება) შესაბამისად, შპს „მ. ზ-ი“ (ყოფ. შპს „ჰ-ა“; შემდეგში: მოსარჩელე ან ჰემატოლოგიური ცენტრი) შპს „სადაზღვევო კომპანია ა-ის“ მიერ (შემდეგში: მოპასუხე, სადაზღვევო კომპანია, მზღვეველი, აპელანტი ან კასატორი) დაზღვეულ პირებს სამედიცინო მომსახურებას უწევდა (იხ.მიღება-ჩაბარების აქტი - ტ.1, ს.ფ. 108-113).
2. სსიპ „სამედიცინო მედიაციის სამსახურის“ 06.08.2013წ. რეკომენდაციის თანახმად, სადაზღვევო კომპანიას ჰემატოლოგიური ცენტრის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 5706 ლარის და მოსარჩელის მიერ გადახდილი მომსახურების საფასური - 500 ლარის გადახდა (იხ. მედიაციის სამსახურის 06.08.2016წ. რეკომენდაცია - ტ.1, ს.ფ. 24-30).
3. სადაზღვევო კომპანიის დავალიანება ჰემატოლოგიური ცენტრის მიმართ შეადგენს 6019.84 (ექვსი ათას ცხრამეტი ლარი და ოთხმოცდა ოთხი თეთრი) ლარს (იხ. ტ.1 - შედარების აქტი #32/14 - ს.ფ.111; საგადახდო დავალება №16198 - ს.ფ.167; ანგარიშფაქტურები - ს.ფ.139-152).
4. საქმის მასალებშია 2014 წლის 4 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი # 32/14, რომლის მიხედვითაც 2012 წლის 1 აგვისტოდან 2013 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდში მზღვევლის მიერ ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 6 019.54 ლარი.
5. საქმეზე მოპასუხის მიერ წარდგენილია 1000 ლარიანი გადახდის ქვითარი, სადაც გადამხდელად მითითებულია სს „ჩ-ა“.
6. ჰემატოლოგიური ცენტრის სასარჩელო მოთხოვნა
6.1. შპს „ჰ-მ“ (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) 2014 წლის 21 ოქტომბერს სარჩელი აღძრა მზღვეველის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის დავალიანების - 6 019.48 ლარისა და 3 402.40 ლარის, ასევე, მედიაციის სამსახურში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 500 ლარის დაკისრება.
6.2. სარჩელი ამ განჩინების მე-4 პუნქტში მითითებულ შედარების აქტს ეფუძნება.
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1. მოპასუხემ არ ცნო მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი მისი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, კერძოდ:
7.1.1. სარჩელით მოთხოვნილი პერიოდის ნაწილზე არ არის შედარების აქტი, ასევე, მთავრობის # 177-ე დადგენილების შესაბამისად, მზღვეველის მიერ სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების წინაპირობას წარმოადგენს ურთიერთშედარების აქტის გაფორმება, რაც ამ შემთხვევაში არ არის გაფორმებული მოთხოვნილი პერიოდის ნაწილზე, რომლის ნაწილიც ურთიერთშედარების აქტის გაფორმების შემდეგ გადახდილია.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ჰემატოლოგიური ცენტრის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
8.1.1. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 6019.84 ლარისა და მოსარჩელის მიერ სამედიცინო მედიაციის სამსახურში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 500 ლარის გადახდა;
8.1.2. სასარჩელო მოთხოვნა სადაზღვევო კომპანიისათვის 3 402.4 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
8.2. საქალაქო სასამართლომ ამ განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უდავოდ მიიჩნია, ხოლო 3-5 პუნქტებში მითითებული სადავო გარემოებების კვლევისას აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
8.3. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია მოპასუხისათვის 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის დეკემბრის პერიოდზე გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის 3 402. 40 ლარის დაკისრების შესახებ და განმარტა: მოსარჩელეს 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის შედგენილი შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი არ წარუდგენია; სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება - ანგარიშფაქტურები ამ პერიოდზე გაწეული მომსახურების დაკისრებისათვის, რადგან 14 ანგარიშფაქტურიდან კომპანიის ბეჭდით დადასტურებული იყო მხოლოდ 7 ანგარიშფაქტურა: #3; #326; #226; #117; #82; #41 და #493. მითითებული ანგარიშფაქტურები არ იძლეოდა სრულყოფილ ინფორმაციას არც პაციენტის ვინაობის და არც გაწეული სამედიცინო მომსახურების აღწერილობის შესახებ; ხოლო ზოგიერთ მათგანში არც ერთი არ იყო მითითებული, შესაბამისად ამგვარი მტკიცებულებით სასამართლომ არ მიიჩნია დადასტურებულად მოსარჩელის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისა და ვალდებულების წარმოშობის ფაქტი.
8.4. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულების შეფასებისას, სასამართლომ არ მიიჩნია დადგენილად მოპასუხის მტკიცება იმის შესახებ, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ მოსარჩელის წინაშე არსებული ფულადი ვალდებულება შესრულებული იყო 1000 ლარის ნაწილში. მოპასუხეს სხვა რაიმე მტკიცებულება დავალიანების დაფარვისა და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
8.5. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სსკ-ის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო 629-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
8.6. მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვეულ პირთათვის მომსახურების ღირებულების ანგარიშსწორებისას მხარეთა შორის სპეციფიკური ურთიერთობა წესრიგდება მთავრობის # 177-ე დადგენილებით.
8.7. აღნიშნული დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: მზღვეველი ვალდებულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში განახორციელოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი, რომელსაც თან ერთვის რეესტრი შემთხვევების მიხედვით. რეესტრი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თითოეულ შემთხვევაზე აღიარებული და კორექტირებული თანხების შესახებ. მზღვეველმა ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხის გადარიცხვა უნდა მოახდინოს არაუგვიანეს ამ პერიოდის დამთავრებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
8.8. სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ 2014 წლის 4 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა ურთიერთშედარების აქტი, 2012 წლის 1 აგვისტოდან 2013 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდზე, მზღვეველის მიერ ასანაზღაურებელმა თანხამ კი 6 019.54 ლარი შეადგინა.
8.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეთა შორის წარმოშობილი მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულება მოსარჩელემ შეასრულა, შესრულების დამადასტურებელი ანგარიშ-ფაქტურები წარუდგინა საამისოდ უფლებამოსილ პირებს, მოპასუხემ კი ვერ დაადასტურა ამ კონკრეტული ვალდებულების (ანგარიშფაქტურების მიხედვით) შესრულების სანაცვლოდ თანხის გადახდის ფაქტი, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ არ არსებობდა მისთვის საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით გათვალისწინებული ნორმებიდან და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამედიცინო დაწესებულების მიერ ბენეფიციარებისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ჰემატოლოგიური ცენტრის მოთხოვნა 6 019.84 ლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანი ოყო.
8.10. სსკ-ის 394-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
8.11. სასამართლომ განმარტა: დადგენილი იყო, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელემ მიმართა სამედიცინო მედიაციის სამსახურს. ჰემატოლოგიურმა ცენტრმა მედიაციის სამსახურში სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 500 ლარი. მოპასუხეს არ წარუდგენია აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამდენად, სადაზღვევო კომპანიას უნდა დაჰკისრებოდა 500 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
8.12. სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილზე მსჯელობისას, რომელიც ეხებოდა მოპასუხისათვის 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის 3 402. 40 ლარის დაკისრებას, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურსამართლებრივი საფუძვლები.
9. სადაზღვევო კომპანიის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
9.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ჰემატოლოგიური ცენტრის სარჩელის უარყოფა შემდეგი არგუმენტაციით:
9.1.1. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აპელანტსა და სს „ჩ-ას“ შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნულმა სამედიცინო დაწესებულებამ განახორციელა სადავო პერიოდში თანხების ნაწილის ანგარიშსწორება (მომსახურების შესაბამისი ხელშეკრულება, ასევე თანხების გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალებები საქმეშია), ხოლო გადახდის დანიშნულებაში მითითებული იყო, რომ ხორციელდებოდა „აისის" მიერ დაზღვეულთათვის გაწეული მომსახურების საფასურის/დავალიანების დაფარვა;
9.1.2. სასამართლომ ასევე, არ გაითვალისწინა აპელანტსა და თანხის გადამხდელ სამედიცინო დაწესებულებას შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის სპეციფიკური წესი, რომლის თანახმადაც, 2013 წლის 1 მარტიდან მზღვეველის მიერ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ პირთა ცალკეული კონტიგენტის (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონსა და აფხაზეთში დადგენილების ფარგლებში დაზღვეული პირების) სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას, ასევე, აღნიშნულ პირებზე გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე ინფორმაციის და დოკუმენტაციის დამუშავებას, მზღვეველისათვის მიწოდებას და რეგულირების შედეგად გადასახდელი თანხების ანგარიშსწორებას სრულად სს „ჩ-ა“ უზრუნველყოფდა;
9.1.3. სასამართლომ უგულებელყო სსკ-ის 371-ე მუხლით განსაზღვრული შესაძლებლობა, რომლის მიხედვითაც, აპელანტსა და ზემოაღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას შორის რომც არ ყოფილიყო სახელშეკრულებო პირობებზე შეთანხმება, მოწინააღმდეგე მხარის მიმართ შესრულება შესაძლოა, განხორციელებულიყო სს „ჩ-ის“ მიერ, რასაც სწორედ ზემოაღნიშნული ნორმა ითვალისწინებს.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინება და დასკვნები
10.1. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
10.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
10.3. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის პრეტენზიების კვლევისას განმარტა: ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სადაზღვევო კომპანიასა და სს „ჩ-ას “ შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, სადავო პერიოდში (2012 წლის 1 აგვისტოდან 2013 წლის 1 ნოემბრამდე) თანხების ნაწილის ანგარიშსწორება სს „ჩემი ოჯახის კლინიკამ“ განახორციელა, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. აპელანტი სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებდა მასსა და სს „ჩ-ას“ შორის არსებულ სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებასა და 26/08/2013 წლის #12402 საგადასახადო დავალებაზე და განმარტავდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა შპს „ჩ-ის“ მიერ, სადაზღვევო ურთიერთობის ფარგლებში, ჰემატოლოგიური ცენტრისათვის 1000 ლარის გადახდის ფაქტი.
10.4. აპელანტის აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ მთავრობის #177-ე დადგენილების შესაბამისად, სადავო თანხის მოსარჩელისთვის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს მხოლოდ მოპასუხე წარმოადგენდა. ის გარემოება, რომ საქმეში წარდგენილი სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, გარკვეული კონტიგენტის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის ვალდებულება სს „ჩ-ას“ ეკისრებოდა, ვერ გახდებოდა მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ცვლილების საფუძველი, ვინაიდან ასეთ შესაძლებლობას არც ზემოხსენებული # 177-ე დადგენილება ითვალისწინებდა და არც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება.
10.5. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი შეთანხმების ზეპირი ფორმით არსებობის დადასტურებულად მიჩნევის პირობებშიც, აპელანტის პოზიცია სს „ჩ-ის“ მიერ მზღვეველისათვის სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში 1000 ლარის გადახდის შესახებ დაუსაბუთებელი იყო, რადგან საქმეში წარდგენილი #12402 საგადასახადო დავალების საფუძველზე დგინდებოდა, რომ სს „ჩ-ას“ მიერ ჰემატოლოგიური ცენტრისათვის სადავო თანხა (1000 ლარი) გადახდილი იყო 2013 წლის 26 აგვისტოს. მოსარჩელის მიერ წარდგენილი, მხარეთა შორის 2014 წლის 4 თებერვალს გაფორმებული ურთიერთშედარების აქტის შესაბამისად, სადავო თანხა მოიცავდა 2012 წლის 1 აგვისტოდან 2013 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდს.
10.6. 2014 წლის 4 თებერვლის ურთიერთშედარების აქტის სამართლებრივი მნიშვნელობის განმარტების მიზნით, სასამართლომ მიუთითა მთავრობის # 177-ე დადგენილების მე-6 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს ანგარიშგების და ანგარიშსწორების პირობებს. ეს ნორმა ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მიმწოდებლის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მზღვეველისათვის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიწოდების დროს მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი წერილობითი ან ელექტრონული მიღება-ჩაბარების აქტი, რაც ადასტურებს იმას, რომ მიმწოდებელმა მზღვეველს დროულად წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო მზღვეველმა ჩაიბარა იგი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი, რომელსაც თან ერთვის რეესტრი შემთხვევების მიხედვით. რეესტრი მოიცავს ინფორმაციას თითოეული შემთხვევის თაობაზე აღიარებული და კორექტირებული თანხების შესახებ. მზღვეველმა ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხის გადარიცხვა უნდა მოახდინოს არა უგვიანეს ამ პერიოდის დამთავრებიდან 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში.
10.7. სასამართლოს შეფასებით, მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ საანგარიშგებო დოკუმენტების ინსპექტირებისა და ურთიერთშედარების აქტის გაფორმებით/დადასტურებით მზღვეველი სრულად აღიარებს აქტში მითითებული თანხის გადახდის ვალდებულებას შესაბამის საანგარიშო პერიოდზე.
10.8. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ იყო გარემოება, რომ 2014 წლის 4 თებერვლის ურთიერთშედარების აქტი 2012 წლის 1 აგვისტოდან 2013 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდს მოიცავს, სადავო თანხა (1000 ლარი) კი 2013 წლის 26 აგვისტოს არის გადახდილი, რაც საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ აღნიშნული გადახდა ურთიერთშედარების აქტის გაფორმების მომენტისათვის გათვალისწინებული იქნა. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა, რასაც მან ვერ გაართვა თავი.
10.9. სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა მთავრობის #177 დადგენილების შესაბამისად ჩამოყალიბებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.
10.10. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. დადგენილია, რომ მოპასუხეს სამედიცინო მომსახურების ღირებულება ანაზღაურებული არა აქვს. სსკ-ის 629-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხე ვალდებულია, მოსარჩელეს აუნაზღაუროს გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება.
10.11. საქმეში მოთავსებული 2014 წლის 4 თებერვლის ორმხრივად გაფორმებული ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გარემოება, რომ 2012 წლის 1 აგვისტოდან 2013 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდში მზღვეველის მიერ ასანაზღაურებელი თანხა 6 019.54 ლარს შეადგენდა, რაც მოპასუხეს არ აუნაზღაურებია, შესაბამისად, გამოვლენილი იყო სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
11. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
11.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ჰემატოლოგიური ცენტრის სარჩელის უარყოფა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რაც მის სააპელაციო საჩივარშია მითითებული (იხ. ამ განჩინების მე-9 პუნქტი; საკასაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ.- 39-46).
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ)სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
15. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
15.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიის საფუძვლებს წარმოადგენს ის გარემოებები, რომ # 32/14 შედარების აქტით განსაზღვრული თანხების ნაწილი უკვე გადახდილია, რისი დამადასტურებელი საგადახდო დავალებები, გადახდის დანიშნულების მითითებით საქმეში წარდგენილია, ასევე, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულება 1000 ლარის გადახდის თაობაზე (იხ. მე-5 პუნქტი).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, დადგენილი სტანდარტითაა მხარეთა შორის გადანაწილებული მტკიცების ტვირთი, ასევე, მართებულია სამართლებრივი შეფასება. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ # 177-ე დადგენილების თანახმად, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიიღოს სადაზღვევო შემთხვევის დროული და სრული ანაზღაურება აღნიშნული დადგენილების საფუძველზე. დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მზღვეველი ვალდებულია, საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში ჩაატაროს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი, რომელსაც თან ერთვის რეესტრი შემთხვევების მიხედვით. რეესტრი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თითოეული შემთხვევის თაობაზე აღიარებული და კორექტირებული თანხების შესახებ. მზღვეველმა, ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხა უნდა გადარიცხოს არა უგვიანეს ამ პერიოდის დამთავრებიდან 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში.
18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება მოპასუხის პოზიცია, ამასთან, მას არ მიუთითებია არც ერთ საპროცესოსამართლებრივ საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც საკასაციო განაცხადი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს იმ ნაწილშიც, რომ მოცემულ შემთხვევაში, რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ 1000 ლარი გადახდილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, მოპასუხეს არ წარუდგენია.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგები - # 1284-1226-2013, 24.03.2014წ; # ას-859-809-2015, 19.11.2015 წ.; # ას-1171-1116-2014, 02.02.2015წ; ას-942-892-2015, 04.12.2015წ.; # ას-1003-947-2015, 29.01.2015წ.; # ას-1277-1198-2015, 15.03.2016 წ; #ას-408-391-2016, 15.07.2016წ.).
21. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, კასატორს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „სადაზღვევო კომპანია ა-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „სადაზღვევო კომპანია ა-ს“ (ს/კ 2..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 301 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2016 წლის 26 ოქტომბერი), 70% – 210.7 (ორას ათი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე