საქართველოს უზენაესი სასმართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1031-992-2016 23 მაისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ-ი XXI“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ. თბილისის თვითმმართველობის ერთეულის (შემდეგში: მოსარჩელე, მერია, კრედიტორი, აპელანტი ან კასატორი) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „კ-ი“ (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო ან მოვალე), რომელსაც სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, ელექტრონული აუქციონის წესით, გადაეცა მერიის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება:
1.1. 2012 წლის 25 იანვრის №89 აუქციონის №17 ლოტზე, იჯარით 5 წლის ვადით, მდებარე ქ. თბილისში, გ-ნ, გ, I მ/რ, კორპუსი №38-ის მიმდებარედ 6 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №0.. (იხ. ტ. І, ს.ფ 41-44);
1.2. 2012 წლის 12 მარტის №102 აუქციონის №100 ლოტზე, იჯარით 5 წლის ვადით, მდებარე ქ. თბილისში, ისანი-სამგორი, ქ. წ-ის გამზირი, კორპუსი №91-ის მიმდებარედ 6 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №0.. (ტ.І, ს.ფ 33-36);
1.3. 2012 წლის 4 იანვრის №81 აუქციონის №50 ლოტზე, იჯარით 5 წლის ვადით, მდებარე ქ. თბილისში, ძველი თბილისი, ბ-ის ქუჩა №4-ის მიმდებარედ 6 კვ.მ უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი №0.. (ტ. І, ს.ფ 23-28);
1.4. 2012 წლის 12 მარტის №102 აუქციონის, №92 ლოტზე, იჯარით 5 წლის ვადით, მდებარე ქ. თბილისში, დიდუბე - ჩუღურეთი, გ. რ-ის გამზირი №31ა-ს მიმდებარედ 6 კვ.მ უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი №0.. (ტ. І, ს.ფ 17-21).
2. მერიის სარჩელის საფუძვლები
2.1. მერიამ 2013 წლის 2 დეკემბერს სარჩელი აღძრა საწარმოს წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, კერძოდ:
2.1.1. წინამდებარე გადაწყვეტილების 1.1 ქვეპუნქტში მითითებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სააგენტოს გადაწყვეტილება # E-89-17-4355) - 1360.68 ლარის (ქირა) და 494.55 ლარის (პირგასამტეხლოს); ასევე პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 20 ივნისიდან საიჯარო ქირის გადახდამდე 1050 ლარის 0,1%-ის;
2.1.2. წინამდებარე გადაწყვეტილების 1.2 ქვეპუნქტში მითითებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სააგენტოს გადაწყვეტილება # E-102-100-4770) – 12 116.58 ლარის (ქირა) და 2 702.15 ლარის (პირგასამტეხლოს); ასევე პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 20 ივნისიდან საიჯარო ქირის გადახდამდე 9350 ლარის 0,1%-ის;
2.1.3. წინამდებარე გადაწყვეტილების 1.3 ქვეპუნქტში მითითებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სააგენტოს გადაწყვეტილება # E-81-50-4072) - 1913.70 ლარის (ქირა) და 297 ლარის (პირგასამტეხლოს); ასევე პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 20 ივნისიდან საიჯარო ქირის გადახდამდე 2 200 ლარის 0,1%-ის;
2.1.4. წინამდებარე გადაწყვეტილების 1.4 ქვეპუნქტში მითითებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სააგენტოს გადაწყვეტილება # E-102-92-4762) – 5 442.74 ლარის (ქირა) და 1 213.80 ლარის (პირგასამტეხლოს); ასევე პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 20 ივნისიდან საიჯარო ქირის გადახდამდე 4 200 ლარის 0,1%-ის.
2.2. სარჩელის ფაქტობრივი დასაბუთებისას მერიამ მიუთითა, რომ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა მოსარჩელემ დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულება, უძრავი ქონებით სარგებლობის ქირა გადაეხადა 6 თვეში ერთხელ. მოპასუხეს სრულად არ გადაუხდია ქირა, რაც მას უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოსთან ერთად, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.
3. საწარმოს შესაგებელი
3.1. მოპასუხემ მხოლოდ ქირის დაკისრების ნაწილში ცნო მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნის თაობაზე მიუთითა, რომ საწარმოს მძიმე ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით მას პირგასამტეხლო არ უნდა დაკისრებოდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა:
4.1.1. 2012 წლის 25 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირა - 1 360.68 (ერთი ათას სამას სამოცი ლარი და 68 თეთრი) ლარი; პირგასამტეხლო - 494.55 (ოთხას ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და 55 თეთრი) ლარი;
4.1.2. 2012 წლის 12 მარტის №E-102-100-4770 იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირა - 12 116.58 (თორმეტი ათას ას თექვსმეტი ლარი და 58 თეთრი); პირგასამტეხლო - 2 702.15 (ორი ათას შვიდას ორი ლარი და 15 თეთრი) ლარი;
4.1.3. 2012 წლის 4 იანვრის № E-81-50-4072 იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირა - 1 913.70 (ერთი ათას ცხრაას ცამეტი ლარი და 70 თეთრი) ლარი; პირგასამტეხლო - 297 (ორას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარი;
4.1.4. 2012 წლის 12 მარტის №E-102-92-4762 იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირა - 5 442.74 (ხუთი ათას ოთხას ორმოცდაორი ლარი და 74 თეთრი) ლარი; პირგასამტეხლო - 1 213.80 (ერთი ათას ორას ცამეტი ლარი და 80 თეთრი) ლარი.
4.2. დანარჩენ ნაწილში მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.3. საქალაქო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტსა და 1.1-1.4 ქვეპუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილების სამართლებრივი მოტივაციისას აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სსკ-ის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
4.4. მოპასუხემ ცნო საიჯარო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის მოთხოვნის კანონიერება და საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი. სარჩელის ცნობა სრულად შეესაბამება სსსკ-ით განმტკიცებულ დისპოზიციურობის პრინციპს. ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთ გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სსსკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
4.5. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ იყო, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ საწარმოს მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა ფულადი ვალდებულება. მოპასუხემ სადავოდ მიიჩნია მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა, როგორც შეუსაბამოდ მაღალი და მისი შემცირება მოითხოვა.
4.6. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა.
4.7. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
4.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მსესხებლის/მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა მომხდარიყო პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით გადასახდელად უნდა დაჰკისრებოდა: 2012 წლის 25 იანვრის № E-89-17-4355 იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 494,55 ლარი, 2012 წლის 12 მარტის № E-102-100-4770 იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2 702,15 ლარი, 2012 წლის 04 იანვრის № E-81-50-4072 იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 297 ლარი, 2012 წლის 12 მარტის E-102-92-4762 იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1213,80 ლარი.
5. მერიის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ სააპელაციო პრეტენზიებზე დაყრდნობით:
5.1.1. სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სამოქალქო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ მათი შინაარსი; ხელშეკრულების მხარეთა თავისუფლება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში გარანტირებულია მოქმედი კანონმდებლობით და სასამართლოს არ დაუსაბუთებია მოვალის მიერ ვალდებულებების შესრულების დარღვევის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რატომ ჩაითვალა 0.1 % შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და რატომ შეამცირა იგი;
5.1.2. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. არ არსებობდა სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძველი და აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას უპირობოდ შეამციროს პირგასამტეხლო.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება და დასკვნები
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა:
6.1.1. 2012 წლის 25 იანვრის (სააგენტოს გადაწყვეტილება №E-89-17-4355) იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლო 2013 წლის 20 ივნისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის გადახდამდე 1 050 ლარის 0.02%-ის გადახდა;
6.1.2. 2012 წლის 12 მარტის (სააგენტოსგადაწყვეტილება №E-102-100-4770) იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლო 2013 წლის 20 ივნისიდან ყოველვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის გადახდამდე 9350 ლარის 0.02%-ის გადახდა;
6.1.3. 2012 წლის 4 იანვრის (სააგენტოს გადაწყვეტილება №E-81-50-4072) იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 2012 წლის 16 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის გადახდამდე - 2200 ლარის 0.02%-ის გადახდა;
6.1.4. 2012 წლის 12 მარტის (სააგენტოს გადაწყვეტილება №E-102-92-4762) იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 2013 წლის 20 ივნისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის გადახდამდე - 4200 ლარის 0.02%-ის გადახდა;
6.1.5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
6.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთებისას სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იყო საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი მოპასუხისათვის: ა) 2012 წლის 25 იანვრის (სააგენტოს გადაწყვეტილება №E-89-17-4355) იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 20 ივნისიდან საიჯარო ქირის გადახდამდე 1 050 ლარის 0,1% დაკისრების მოთხოვნით; ბ) 2012 წლის 12 მარტის (სააგენტოს გადაწყვეტილება №E-102-100-4770) იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 20 ივნისიდან საიჯარო ქირის გადახდამდე 9350 ლარის 0,1% დაკისრების მოთხოვნით; გ) 2012 წლის 4 იანვრის (სააგენტოს გადაწყვეტილება № E-81-50-4072) იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2012 წლის 16 ნოემბრიდან საიჯარო ქირის გადახდამდე - 2 200 ლარის 0,1% დაკისრების მოთხოვნით და დ) 2012 წლის 12 მარტის (სააგენტოს გადაწყვეტილება № E-102-92-4762) იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 20 ივნისიდან საიჯარო ქირის გადახდამდე - 4200 ლარის 0,1% დაკისრების მოთხოვნით.
6.3. საქალაქო სასამართლომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, თუმცა, მოპასუხეს უცვლელად დააკისრა გარკვეულ ვადამდე დაანგარიშებული (მოჭრილი) პირგასამტეხლო, ხოლო საიჯარო ქირის გადახდამდე მზარდი პირგასამტეხლოს დაკისრებაზე, მოსარჩელეს მთლიანად უთხრა უარი. სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს ინტიტუტის დანიშნულებიდან და მიზნიდან გამომდინარე, მზარდი პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნია და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს სსკ-ის 416-ე-417-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
6.4. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
6.5. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
6.6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უგულებელყოფილი იქნა პირგასამტეხლოს პრევენციული დანიშნულება. ძირითადი ვალდებულების შესრულებამდე მზარდი პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებული პირისთვის, სწორედაც რომ ვალდებულების მოკლე ვადაში შესრულების მასტიმულირებელი საშუალებაა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - ძირითადი დავალიანების 0.1%, პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობაა. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
6.7. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
6.8. განსახილველ შემთხვევაში იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სარჩელი დაანგარიშებული (მოჭრილი) პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მზარდი პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის გადახდამდე, წარმოადგენს ძირითად დავალიანებასთან მიმართებით და ვალდებულების დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და ექვემდებარება შემცირებას გონივრულ და სამართლიან ოდენობამდე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მოსაზრებით წარმოადგენს თითოეულ შემთხვევაში გადასახდელი საიჯარო ქირის 0.02%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საიჯარო ქირის გადახდამდე.
7. მერიის საკასაციო საჩივარი
7.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
7.1.1. მოვალეს ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია, რაც შეეხება სსკ-ის 319-ე მუხლით დადგენილ სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპს, სწორედ ამ ფარგლებში და სსკ-ის 418-ე მუხლის საფუძველზე ხელშემკვრელი მხარეები უფლებამოსილი არიან თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო;
7.1.2. მიუხედავად იმისა, რომ სსკ-ის 420-ე მუხლი სასამართლოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, შეამციროს შუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, ამასთან სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მერიის არგუმენტაცია პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ, თუმცა, გადაწყვეტილების მიღებისას პირგასამტეხლოს 0.1%-ის შემცირება 0.02 %-მდე ზოგადი განმარტებით დაასაბუთა;
7.1.3. ამავე კონტექსტში კასატორი უთითებს პირგასამტეხლოს არსისა და ფუნქციის შესახებ დოქტრინაში გამოთქმულ მოსაზრებებზე და ყურადღებას ამახვილებს, რომ მეწარმე სუბიექტის სასარგებლოდ გერმანიის სავაჭრო კოდექსის საფუძველზე არ ხდება პირგასამტეხლოს შემცირება. მოცემულ შემთხვევაშიც, საკითხი არ ეხება ე.წ. „სუსტი“ ხელშემკვრელი მხარის ინტერესებს, მოპასუხე იურიდიული პირია, რომელსაც სრულად უნდა ჰქონოდა გაცნობიერებული ვალდებულების დარღვევისას მოსალოდნელი შედეგი (იხ. ტ.2 - საკასაციო საჩივარი - ს.ფ. 153-163).
8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
8.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი მერიის საკასაციო განაცხადი სსსკ-ის 391-ე მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, მერიის საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი საფუძვლიანია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორის პრეტენზიათა ნაწილი საფუძვლიანია, რის გამოც საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
10. განსახილველ დავაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია კასატორის პრეტენზია, მზარდი პირგასამტეხლოს სახით, თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილის ნაცვლად, საიჯარო ქირის 0.02%-ის მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის დაუსაბუთებულობა, კერძოდ, მისი სიმცირე დარღვევის ხასიათსა და სიმძიმესთან შეუსაბამობის გამო. მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის თითოეული ხელშეკრულების დარღვევის გამო, 2013 წლის 20 ივნისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის 0.1%-ის დაკისრებას ქირის გადახდამდე.
11. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე გადაწყვეტილების 6.4 -.6.5 ქვეპუნქტებშია ასახული, თუმცა, სწორედ პირგასამტეხლოს ძირითადი არსის გათვალისწინებით, რომ უზრუნველყოს მოვალის მიერ შესასრულებელი ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულება, ასევე, ამ თვალსაზრისით პრევენციული ფუნქციის განხორციელების მიზნით, ხოლო დარღვევის შემთხვევაში - კრედიტორს მისცეს შესაძლებლობა, მტკიცების გარეშე, დარღვევის ფაქტიდან გამომდინარე, მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს დარღვევის ხასიათი და სიმძიმე. სასამართლოსათვის სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მოითხოვს იმგვარ დასაბუთებას, რომ კრედიტორს სიმბოლურად კი არ მიეკუთვნოს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტის გამო განცდილი ზიანის ანაზღაურება, არამედ - როგორც კონკრეტულ, ისე განზოგადებულ შემთხვევაში, მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა რეალურად - ფინანსური სახით შეუსრულებელი ვალდებულების გამო.
12. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესის გამოყენებისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს კონტრაჰენტთა, როგორც ხელშემკვრელ პირთა, სტატუსი და როდესაც საკითხი მეწარმე სუბიექტის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებას ეხება, მას ფიზიკური პირისაგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით უნდა მოეთხოვოს შეუსრულებელი ვალდებულების გამო მხარისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების მოვალე მხარე მეწარმე სუბიექტია, რომელმაც ცნო მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი, აქედან გამომდინარე, კრედიტორის სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის დაკმაყოფილება ნაწილობრივ დასაბუთებულად მიაჩნია საკასაციო სასამართლოს.
13. მხარეთა შორის სადავო არ არის წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოზე (სსკ-ის 417-418-ე მუხლები), ხოლო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დეკისროს:
13.1. 2012 წლის 25 იანვრის (სააგენტოს გადაწყვეტილება #E-89-17-4355) იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლო 2013 წლის 20 ივნისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის გადახდამდე 1 050 ლარის 0.05 %-ის გადახდა;
13.2. 2012 წლის 12 მარტის (სააგენტოს გადაწყვეტილება #E-102-100-4770) იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლო 2013 წლის 20 ივნისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის გადახდამდე 9 350 ლარის 0.05 %-ის გადახდა;
13.3. 2012 წლის 4 იანვრის (სააგენტოს გადაწყვეტილება #E-81-50-4072) იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 2012 წლის 16 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის გადახდამდე - 2 200 ლარის 0.05 %-ის გადახდა;
13.4. 2012 წლის 12 მარტის (სააგენტოს გადაწყვეტილება #E-102-92-4762) იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 2013 წლის 20 ივნისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის გადახდამდე - 4 200 ლარის 0.05 %-ის გადახდა;
13.5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
14. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განახევრება სრულად ემსახურება მოვალის მიერ დარღვეული ვალდებულების ხასიათს, სიმძიმესა და ხანგრძლივობას, შესაბამისად, პირგასამტეხლოს მიზნისა და ფუნქციის გათვალისწინებით, დასაბუთებულია საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
16. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი, მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის - 1 103.75 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს "კ-ი XXI-ს" ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს:
4.1. 2012 წლის 25 იანვრის (ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება #E-89-17-4355) იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლო 2013 წლის 20 ივნისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის გადახდამდე 1 050 ლარის 0.05 %-ის გადახდა;
4.2. 2012 წლის 12 მარტის (ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება #E-102-100-4770) იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლო 2013 წლის 20 ივნისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის გადახდამდე 9 350 ლარის 0.05 %-ის გადახდა;
4.3. 2012 წლის 4 იანვრის (ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილება #E-81-50-4072) იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 2012 წლის 16 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის გადახდამდე - 2 200 ლარის 0.05 %-ის გადახდა;
4.4. 2012 წლის 12 მარტის (ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილება #E-102-92-4762) იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 2013 წლის 20 ივნისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის გადახდამდე - 4 200 ლარის 0.05 %-ის გადახდა;
5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
6. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
7. შპს "კ-ი XXI-ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს პირველი, მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის - 1 103.75 ლარის გადახდა;
8. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;
9. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე