Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1041-1002-2016 17 თებერვალი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს ,,ს -ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ს-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების ძალაში დატოვება გადაწყვეტილების აღსრულებამდე

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ს-ს“ (შემდეგში: მოსარჩელე, ბანკი, აპელანტი ან კასატორი) და შპს „ა-ს“ (შემდეგში საწარმო, მეიჯარე ან მოთხოვნის უფლების დამთმობი) შორის 2007 წლის 20 დეკემბერს, გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება ხუთი წლით. საიჯარო ქირა განისაზღვრა 3715 აშშ დოლარით; 2009 წლის 1 აპრილს მხარეები შეთანხმდნენ საიჯარო ქირის შემცირებაზე 3000 აშშ დოლარამდე. შეთანხმების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2010 წლის 1 აპრილამდე, 2011 წლის 1 მაისს მხარეებმა შეწყვიტეს ხელშეკრულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 581-ე მუხლი).

2. ბანკმა საწარმოს ანგარიშზე 2011 წლის 5 მაისს, ანუ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, შეცდომით ჩარიცხა 5029.80 ლარი საიჯარო ქირის სახით, რაც 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო.

3. 2013 წლის 17 დეკემბერს სანოტარო წესით გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ საწარმომ ბანკს იჯარით გადასცა ქ. ქუთაისში რ-ის გამზირსა და წ-ის ქ. N1/2-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი 106 კვ.მ. მოიჯარემ (ბანკმა) არ გადაიხადა ძირითადი თანხა სრულად, რის გამოც მან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა გადაიხადოს 0.5%, ბანკმა მეიჯარეს უნდა გადაუხადოს 71 517 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის მოთხოვნის უფლება საწარმომ დაუთმო ი. ს-ეს (შემდეგში: მოპასუხე და მოთხოვნის მიმღები; სსკ-ის 199-ე მუხლი).

4. მოთხოვნის დამთმობმა მოთხოვნის მიმღებს გადასცა მის მფლობელობაში არსებული ყველა უფლება და საბუთი, რომელიც ეხება ამ მოთხოვნას და ყველა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ამ მოთხოვნისა და მასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების გამოყენებისა და განხორციელებისათვის (სსკ-ის 198.2-ე მუხლი). ხოლო მოთხოვნის მიმღებმა შეიძინა უფლებამოსილება, მოეთხოვა ბანკისათვის დავალიანება 71 517 აშშ დოლარის ოდენობით. მოთხოვნის უფლება იმ მოცულობით გადაეცა მოთხოვნის მიმღებს, რა მოცულობითაც ამ უკანასკნელის წინამორბედს ეკუთვნოდა ის (სსკ-ის 198.1-ე მუხლი).

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განჩინებით ბანკს მოთხოვნის მიმღების სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის 2860 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და პირგასამტეხლოს - 1304.16 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. აღნიშნული დავა ეხებოდა 2010 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 1 მაისამდე გადასახდელ საიჯარო ქირას, რომელიც ბანკის მოსაზრებით შეადგენდა 3000 აშშ დოლარს, ხოლო მოთხოვნის მიმღები ითხოვდა თვეში 3715 აშშ დოლარს, თავდაპირველი შეთანხმების შესაბამისად.

6. სარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1. ბანკმა 2015 წლის 20 მარტს განცხადება წარადგინა სასამართლოში წინასასარჩელო უზრუნველყოფის შესახებ, ხოლო იმავე წლის 30 მარტს სარჩელი აღძრა მოთხოვნის მიმღების წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ასევე, ზიანის სახით - 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით:

6.1.1. ბანკსა და საწარმოს შორის 2007 წლის 20 დეკემბერს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული პირობებით, ხოლო 2009 წლის 1 აპრილის შეთანხმებით მხარეებმა შეამცირეს საიჯარო ქირა, 2011 წლის 1 მაისს კი შეწყვიტეს ხელშეკრულება;

6.1.2. ბანკმა 2011 წლის 5 მაისს შეცდომით გადაურიცხა ერთი თვის ქირა 3000 აშშ დოლარი საწარმოს, რომელმაც მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, არ დააბრუნა თანხა;

6.1.3. 2013 წლის 17 დეკემბერს საწარმომ მოთხოვნის უფლება დაუთმო მოპასუხეს.

7. მოპასუხის შესაგებელი

7.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელეს მისთვის ზედმეტად არ გადაუხდია თანხა, შესაბამისად, იგი არასათანადო მოპასუხე იყო, ამასთან, მან სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც მიუთითა.

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით ბანკის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოპასუხისათვის ბანკის მიერ ჩარიცხული თანხის 4164.16 აშშ დოლარის გადაცემის აკრძალვის შესახებ.

8.2. საქალაქო სასამართლომ მიუთითა მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებშია ასახული და დაადგინა მხარეთა შორის სადავო გარემოებები, რომლებიც 3-5 პუნქტებშია დასახელებული. ბანკის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 198-ე, 201-ე, 581-ე მუხლები.

8.3. სასამართლომ განმარტა, რომ საწარმომ მოპასუხეს დაუთმო საიჯარო ქირის დავალიანებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ბანკის (მოსარჩელის) მიმართ. მოთხოვნა მოიცავდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდს 2010 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 1 მაისამდე, შესაბამისად, მოპასუხეს არ შეიძლება მოეთხოვოს აღნიშნული პერიოდის შემდეგ, უფლების დამთმობსა და მოვალეს (ბანკს) შორის წარმოშობილი ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება.

8.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 85-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

8.5. იმის გათვალისწინებით, რომ ბანკმა, რომელიც მოსარჩელეა განსახილველ დავაში, უარი განაცხადა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლომ უარყო ბანკის სარჩელი, ხოლო არასათანადო მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ დააკმაყოფილა.

8.6. მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელ ფაქტობრივ გარემოებაზე - ხანდაზმულობაზე სასამართლომ ვერ იმსჯელა, რადგან გამოკვლეული არ ყოფილა და სასამართლოს არ შუფასებია სათანადო მოპასუხის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.

9. ბანკის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ სააპელაციო პრეტენზიებზე მითითებით:

9.1.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არაწორი გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ, საწარმომ მოპასუხეს დაუთმო ბანკსა და მოთხოვნის დამთმობს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება. ზოგადად მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება, თავისი არსით, არ გულისხმობს მხოლოდ მოთხოვნის მიღებას და ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმას. კრედიტორს უფლება აქვს წაუყენოს ახალ მფლობელს ყველა ის შესაგებელი, რაც მას ჰქონდა თავდაპირველი მფლობელის მიმართ მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობის მიღების დროისათვის;

9.1.2. მოცემულ შემთხვევაში შეცდომით ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა არ წარმოადგენს სხვა სამართლებრივ დავას, არამედ გამომდინარეობს სწორედ მხარეთა შორის გაფორმებული საიჯარო ურთიერთობიდან, ვინაიდან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის ჩარიცხვა მოხდა შეცდომით, ზედმეტად და ბანკი ითხოვდა ამ თანხის დაბრუნებას.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინება და დასკვნები

10.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა ბანკის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.2. სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებისას მიუთითა საქმეში, ს.ფ.13-18-ზე (ტ.2) განთავსებული იჯარის ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულების თანახმად დადგენილია, რომ 2007 წლის 20 დეკემბერს, ბანკსა და საწარმოს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება ხუთი წლით. საიჯარო ქირა განისაზღვრა 3715 აშშ დოლარით. ს.ფ. 21-ზე განთავსებული შეთანხმებით დადგენილია, რომ 2009 წლის 1 აპრილს მხარეები შეთანხმდნენ საიჯარო ქირის შემცირებაზე 3000 აშშ დოლარამდე. შეთანხმების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2010 წლის 1 აპრილამდე. ს.ფ. 22-ზე მოთავსებული შეთანხმებით კი დადგენილია, რომ საიჯარო ურთიერთობა - 2011 წლის 1 მაისს შეწყვიტეს მხარეებმა.

10.3. დადგინდა, რომ ბანკმა საწარმოს ანგარიშზე 2011 წლის 5 მაისს, ანუ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, შეცდომით ჩარიცხა 5029.80 ლარი საიჯარო ქირის სახით, რაც წარმოადგენდა 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტს.

10.4. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების თანახმად (იხ. ტ.2, ს.ფ.27) საწარმომ ბანკს იჯარით გადასცა ქ. ქუთაისში რ-ის გამზ. და წ-ის ქ. N1/2-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი 106 კვ.მ; მოიჯარემ არ გადაიხადა ძირითადი თანხა სრულად, რის გამოც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა გადაიხადოს 0.5%, სულ ბანკმა საწარმოს უნდა გადაუხადოს 71 517 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის მოთხოვნის უფლება საწარმომ დაუთმო მოპასუხეს (იხ. ამ განჩინების 3-4 პუნქტები) .

10.5. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ბანკს მოპასუხის (მოთხოვნის მიმღების) სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის 2860 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და პირგასამტეხლოს -1304.16 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. აღნიშნული დავა ეხებოდა 2010 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 1 მაისამდე გადასახდელ საიჯარო ქირას, რომელიც ბანკის მოსაზრებით შეადგენდა 3000 აშშ დოლარს, ხოლო მოთხოვნის მიმღები ითხოვდა თვეში 3715 აშშ დოლარს, თავდაპირველი შეთანხმების შესაბამისად.

10.6. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნის მიმღები არასათანადო მოპასუხედ მიიჩნია და შესთავაზა მოსარჩელეს მისი სათანადო მოპასუხით შეცვლა, თუმცა მოსარჩელემ ამაზე უარი განაცხადა.

10.7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმის თაობაზე, რომ მოთხოვნის მიმღები არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს და მის წინააღმდეგ ბანკის მიერ აღძრული სარჩელი კანონიერად არ დაკმაყოფილდა.

10.8. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას, სააპელაციო სასამართლომ განმარტა და სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა მოთხოვნის მიმღებსა და მოთხოვნის დამთმობს შორის 2013 წლის 17 დეკემბერს სანოტარო წესით გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება.

10.9. სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. გამოვლენილი ნების განმარტებასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნების განმარტებისას განმსაზღვრელია მნიშვნელობა, რომელიც შეიძლებოდა მიენიჭებინა წარმოსახვით გონიერ ადამიანს, ჩაყენებულს აღნიშნული ნების ადრესატის მდგომარეობაში, გადაწყვეტილების მიღებისას ხელშეკრულების შინაარსის თაობაზე წერილობით დაფიქსირებული ტექსტის საფუძველზე საქმესთან დაკავშირებული ყველა სხვა მნიშვნელოვანი და ცნობილი გარემოების გათვალისწინებით. ამდენად, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნების განმარტებისას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ განმარტავდა გამოვლენილ ნებას ნებისმიერი გონიერი ადამიანი ანალოგიურ გარემოებებში მოქმედებისას.

10.10. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება თავისი სიტყვა-სიტყვითი, შინაარსობრივი და ლოგიკური ახსნა-განმარტების შედეგად მოთხოვნის დათმობის გარიგებას წარმოადგენს.

10.11. უდავოა, რომ სამოქალაქო კოდექსი სამოქალაქო ბრუნვის ობიექტებად მიიჩნევს არა მხოლოდ ნივთებს, არამედ არამატერიალურ ობიექტებსაც - უფლებებსა და მოთხოვნებს. ეს ორივე სახის ობიექტი ერთიანდება ზოგად ცნებაში - „ქონება“. თავის მხრივ, უფლებებისა და მოთხოვნების საფუძველს წარმოადგენს ვალდებულება. ვალდებულება არის სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ძალითაც ურთიერთობის ერთ-ერთ მონაწილეს უფლება აქვს, მოსთხოვოს ურთიერთობის მეორე მონაწილეს ვალდებულების საგნის შესრულება: ქონების გადაცემა, რაიმე მოქმედების შესრულება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება. კრედიტორის მოთხოვნას ყოველთვის შეესაბამება მოვალის შესრულების ვალდებულება და ამდენად, კრედიტორის მოთხოვნის უფლება რელატიურია. ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე კრედიტორს მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ მოვალის მიმართ. რადგანაც ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნის უფლება წარმოადგენს ქონებრივ უფლებას, შესაბამისად, მისი გადაცემაც (გასხვისება) თავისუფლად შეიძლება. ეს გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნორმიდან: „მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს“ (სსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება)“; 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, „მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა)”. მოხმობილი ნორმებით დადგენილია მოთხოვნის დათმობის თავისუფლების ზოგადი პრინციპი.

10.12. ზოგადად ქართული სამართალი იცნობს არა მხოლოდ მოთხოვნის დათმობას, არამედ ვალის გადაკისრებას (სსკ-ის 204-ე მუხლი).

10.13. მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით დადასტურებული არ არის, რომ საწარმოსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზე ამ უკანასკნელმა იკისრა საწარმოს ვალდებულება და ამგვარად, ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში დაიკავა თავდაპირველი მოვალის ადგილი, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა სსკ-ის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გვემსჯელა ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივ შედეგებზე მოთხოვნის მიმღების მიმართ. არც ის გარემოებაა დადასტურებული, რომ შეთანხმება არსებობდა უშუალოდ საწარმოსა და ბანკს შორის (სსკ-ის 204-ე მუხლი), რაც კრედიტორის თანხმობის ან შემდგომი მოწონების პირობებში, წარმოშობდა მოპასუხის ვალდებულებას არასწორად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ.

10.14. დადგენილია, რომ საიჯარო ურთიერთობის მხარეებს წარმოადგენენ საწარმო (მოთხოვნის დამთმობი) და ბანკი. აღნიშნული საიჯარო ურთიერთობისას დამატებით გადახდილი თანხის დაბრუნებას ითხოვს ბანკი, მაგრამ იგი აღნიშნულ თანხას ითხოვს არა ხელშემკვრელი მხარისაგან - საწარმოსაგან, არამედ იმ პირისაგან, რომელსაც საწარმომ დაუთმო მასსა და ბანკს შორის საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე კრედიტორული მოთხოვნა. საწარმოსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაში ცალსახად არის მითითებული, რომ მოთხოვნის დამთმობმა მოთხოვნის მიმღებს (მოპასუხეს) გადასცა მის მფლობელობაში არსებული ყველა უფლება (და არა ვალდებულება) და საბუთი, რომელიც ეხება ამ მოთხოვნას და ყველა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ამ მოთხოვნის და მასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების გამოყენების და განხორციელებისათვის. ხოლო მოთხოვნის მიმღებმა შეიძინა უფლებამოსილება, მოეთხოვა ბანკისათვის დავალიანება 71 517 აშშ დოლარი.

10.15. სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 201-ე მუხლის მეორე ნაწილით, მოვალეს უფლება აქვს წაუყენოს ახალ მფლობელს ყველა ის შესაგებელი, რაც მას ჰქონდა თავდაპირველი მფლობელის მიმართ მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობის მიღების დროისათვის. შესაგებელში იგულისხმება ისეთი გარემოებები, რაც გამორიცხავს ახალი მფლობელის მოთხოვნის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებას. შესაგებელში, ცხადია, არ იგულისხმება შეგებებული მოთხოვნა, რადგან მოთხოვნის დათმობა არამც და არამც არ მოიცავს ვალის გადაკისრებას და უფლებასთან ერთად ვალდებულების გადასვლას.

10.16. სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დასრულების შემდეგ შეცდომით გადარიცხულ თანხის დაბრუნების მოთხოვნა არ გამომდინარეობდა მოთხოვნის დათმობის შესახებ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, შესაბამისად მოსარჩელეს სარჩელი უნდა აღეძრა არა მოთხოვნის მიმღების, არამედ მოთხოვნის დამთმობის წინააღმდეგ.

10.17. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა სსსკ-ის 85-ე მუხლის თაობაზე (იხ. ამ განჩინების 8.4-8.5 ქვეპუნქტები).

11. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1. ბანკმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; ასევე - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის განჩინების ძალაში დატოვება გადაწყვეტილების აღსრულებამდე შემდეგ საკასაციო პრეტენზიებზე მითითებით:

11.1.1 სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 201-ე მუხლი, ასევე, არასწორი იყო სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის სსსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლის შეთავაზება, რადგან მოპასუხემ, როგორც მოთხოვნის მიმღებმა, მიიღო მოთხოვნის უფლება და მანვე იკისრა ვალებულებები. სწორედ ეს იყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი (იხ. საკასაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ. 164-170).

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ბანკის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, ბანკის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: #ას-528-501-04.11.2015წ; #ას440-416-2014, 24.06.2015წ; ასევე, ქვემოთ მე-19 პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილებები/განჩინებები).

16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოსარჩელეს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება გამოიკვლია და მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია კვალიფიციური შედავება სათანადო მოპასუხის წინააღმდეგ, ხოლო არასათანადო მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილება დაუშვებელია სსსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად.

19. განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ მართებულად შესთავაზა მოსარჩელეს არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლა, რაც ეფუძნებოდა სსსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნას, თუმცა, საპროცესო კოდექსით დადგენილი დანაწესის გათვალისწინებით, სათანადო მოპასუხის სტატუსით სამართალწარმოების პროცესში მხარის შემოსაყვანად საჭიროა მოსარჩელის თანხმობა (იხ. სუსგები: # ას-1169-1099-2015, 20.11.2016წ; # ას1189-669-2016, 04.11.2016წ; ას-585-561-2016, 29.07.2016წ; #ას-777-744-2016, 27.01.2017; #ას-761-729-2016, 31.01.2017წ). მოცემულ დავაში კი, მოსარჩელემ უარი განაცხადა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, რადგან მას მიაჩნია, რომ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მიიღო არა მხოლოდ მოთხოვნის უფლება, არამედ იკისრა ვალდებულებებიც, რაც არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან. კასატორს არაკვალიფიციური შედავება აქვს წარმოდგენილი, მხოლოდ საკუთარ მოსაზრებაზე დაყრდნობით მიაჩნია, რომ სწორედაც სათანადო მოპასუხის წინააღმდეგ აღძრა სასარჩელო მოთხოვნა. მისი საკასაციო პრეტენზია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომელიც წინამდებარე განჩინების 10.7-10.16 ქვეპუნქტებშია ასახული.

20. კასატორის მტკიცება საპროცესო კოდექსის მოთხოვნას ეწინააღმდეგება და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ არ მოინდომა არასათანადო მოპასუხის შეცვლა სათანადო მოპასუხით, სასამართლოს სამართლებრივად ერთადერთი გადაწყვეტილების მიღება შეეძლო - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, როგორც ეს დადგენილია სსსკ-ის 85-ე მუხლით.

21. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები სსსკ-ის 85-ე მუხლით მოწესრიგებულ დანაწესთან დაკავშირებით და განსახილველ დავაზე კანონით დადგენილი იურიდიული კვალიფიკაცია მისცა მოსარჩელის უარს სათანადო მოპასუხის ჩართვაზე სამართალწარმების პროცესში. ამ მოტივაციის გათვალისწინებით, არ არსებობს საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობისათვის საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი არცერთი წინაპირობა, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების სამართლებრივი საფუძველია.

22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს "ს-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს "ს-ის" (ს/კ …) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 548.35 ლარის (საგადასახადო დავალება N1, გადახდის თარიღი 2016 წლის 4 ნოემბერი), 70% – 383.85 (სამასოთხმოცდასამი ლარი და ოთხმოცდასამი თეთრი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე