Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1058-1018-2016 17 თებერვალი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „უ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ. თბილისის მერიას (შემდეგში: მოსარჩელე, მერია, აპელანტი ან კასატორი) და შპს „W“-ს (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო) შორის 2009 წლის 1 მაისს, გაფორმდა ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემის შესახებ (შემდეგში: აღნაგობის ხელშეკრულება), რომლის საფუძველზე, საწარმოს აღნაგობის უფლებით გადაეცა თბილისში, გ-ის ქუჩაზე #31-33 მდებარე 1 071 კვ.მ (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0-) მიწის ნაკვეთი. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, საწარმო ვალდებული იყო, გადაეხადა აღნაგობის საზღაური წელიწადში 1 კვ.მ.-ზე 25 ლარის ოდენობით, სულ 26 775 ლარი. აღნაგობის საზღაურის გადახდა უნდა განხორციელებულიყო 12 თვეში ერთხელ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 233-ე მუხლი).

2. აღნაგობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2009 წლის 8 ივლისს (სსკ-ის 234.1-ე მუხლი).

3. საწარმოს აღნაგობის საზღაურის გადახდა უნდა დაეწყო 2010 წლის 8 ივლისიდან (იხ. ტ.1- 2009 წლის 01 მაისის ხელშეკრულება -ს.ფ. 30-46; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს.ფ. 158-159).

4. აღნაგობის ხელშეკრულების 6.1. პუნქტის მიხედვით, საწარმოს ხელშეკრულებით ნაკისრი აღნაგობის საზღაურის გადაუხდელობის ან ვადაგადაცილების შემთხვევაში დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის აღნაგობის საზღაურის 0,1% (იხ. ხელშეკრულება - ტ. 1, ს.ფ. 30-46).

5. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 18 იანვრის #01-4/4 ბრძანებით (შემდეგში: სააგენტოს ბრძანება) ცვლილება შევიდა აღნაგობის ხელშეკრულებაში და იგი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, კერძოდ, აღნაგობის საზღაური განისაზღვრა ყოველწლიურად 33 201 ლარის ოდენობით. საზღაურის გადახდა უნდა განხორციელებულიყო 12 თვეში ერთხელ და გადახდის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ბრძანების გაცნობის დღიდან. დასახელებული ბრძანებით დამტკიცებული ხელშეკრულების პირობების 10.1. პუნქტით განისაზღვრა საწარმოს ვალდებულება - ბრძანების გაცნობიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში უზრუნველეყო ბრძანების გაცნობის დღისთვის არსებული 2009 წლის 1 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღნაგობის საზღაურის დავალიანების ან/და პირგასამტეხლოს გადახდა.

6. სააგენტოს ბრძანებას საწარმო გაეცნო 2012 წლის 25 იანვარს (იხ. სააგენტოს ბრძანება და ბრძანებით დამტკიცებული ხელშეკრულების პირობები - ტ. 1, ს.ფ. 23-29).

7. სააგენტოს ბრძანებით დამტკიცებული ხელშეკრულების პირობების 12.1. პუნქტის მიხედვით, აღნაგობის საზღაურის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განსაზღვრულია გადასახდელი თანხის 0,1%-ს, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი ლარის) ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 12.3. პუნქტის თანახმად, აღნაგობის პირობებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების (გარდა აღნაგობის ღირებულების გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულებისა) დარღვევის შემთხვევაში, აღნაგობის უფლების მქონეს ეკისრება პირგასამტეხლო სხვა ვალდებულების შეუსრულებლობის ან დაგვიანებით შესრულებული ვალდებულების ღირებულების 0,1%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

8. საწარმომ 2010 წლის 9 ივლისს გადაიხადა აღნაგობის საზღაურის ნაწილი 13 655,25 ლარის ოდენობით და გადასახდელი დარჩა 13 119,75 ლარი;

9. საწარმომ 2010 წლის 9 ივლისს გადაიხადა 2 532,16 ლარი; 2011 წლის 20 იანვარს კი - 2010 წლის 8 ივლისს გადასახდელი აღნაგობის საზღაურის დარჩენილი ნაწილი - 13 119,75 ლარი. საწარმომ 2011 წლის 26 ივლისს გადაიხადა 2011 წლის 8 ივლისს გადასახდელი აღნაგობის საზღაური - 26 775 ლარი, ხოლო 2012 წლის 6 ივლისს - 33 201 ლარი, 2012 წლის 26 ნოემბერს - 1 547,55 ლარი და 2013 წლის 28 იანვარს - 18 603,12 ლარი. ასევე, 2014 წლის 22 იანვარს საწარმომ გადაიხადა 33 201 ლარი, 2015 წლის 3 თებერვალს - 33 201 ლარი და 2016 წლის 18 იანვარს -33 201 ლარი.

10. სარჩელის მოთხოვნა

10.1. მერიამ 2014 წლის 24 ივლისს სარჩელი აღძრა საწარმოს წინააღმდეგ, ხოლო 2015 წლის 26 ნოემბრის მოსამზადებელ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაზუსტებული სარჩელი წარადგინა და მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს - 5 697, 15 ლარის დაკისრება, ასევე პირგასამტეხლოს - 1 651, 21 ლარის 0, 1 %-ის დაკისრება საწარმოსათვის 2016 წლის 16 მარტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე (იხ. ტ.1 - სარჩელი- ს.ფ. 2-9, დაზუსტებული სარჩელი- ს.ფ. 354, სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის სხდომის ოქმი- ს.ფ.253).

11. მოპასუხის შესაგებელი

11.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი იმ დასაბუთებით, რომ აღნაგობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღნაგობის საზღაური სრულად ჰქონდა გადახდილი, ასევე, არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა გადახდის ვადაგადაცილების გამო, ვინაიდან პირგასამტეხლოს დარიცხვას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და ამაზე არც მხარეები შეთანხმებულან ხელშეკრულებით.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და დასკვნები

12.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12.2. სასამართლომ უდავოდ მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე მხარეები არ დავობდნენ (იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება- ტ.1, ს.ფ. 380-382 – 3.1.3.2 პუნქტები).

12.3. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი მოტივაციისას მიუთითა სსკ-ის 316.1-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317.1-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სსკ-ის მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

12.4. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

12.5. მერია სარჩელით ითხოვდა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრებას მხარეთა შორის გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

12.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები არ დავობენ იმაზე, რომ აღნაგობის საზღაურის გადახდა მოპასუხეს უნდა დაეწყო 2010 წლის 8 ივლისიდან და ყოველი მომდევნო წლის 8 ივლისს უნდა გადაეხადა მომდევნო წლის აღნაგობის საზღაური. აღნაგობის ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება მოპასუხის მიერ აღნაგობის საზღაურის გადახდის ვადის გადაცილებისთვის აღნაგობის საზღაურის 0,1%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

12.7. სასამართლომ განმარტა: უდავოა, რომ 2010 წლის 8 ივლისს მოპასუხეს აღნაგობის საზღაური არ გადაუხდია. მოპასუხემ აღნაგობის საზღაურის ნაწილი - 13 655,25 ლარი გადაიხადა 2010 წლის 9 ივლისს და გადასახდელი დარჩა 13 119,75 ლარი. ამდენად, ვადაგადაცილებამ შეადგინა 1 დღე. შესაბამისად, მოპასუხეს დაერიცხა ერთი დღის პირგასამტეხლო - 26,78 ლარი (26 775*0,1/100*1 დღე=26,78). 2010 წლის 8 ივლისს გადასახდელი აღნაგობის საზღაურის დარჩენილი ნაწილი 13 119,75 ლარი მოპასუხემ გადაიხადა 2011 წლის 20 იანვარს, 195 დღის ვადის გადაცილებით. შესაბამისად, მოპასუხეს დაერიცხა 195 დღის პირგასამტეხლო - 5 222,1 ლარი (26 775*0,1/100*195 დღე=5 222,1 ლარი).

12.8. 2011 წლის 8 ივლისს გადასახდელი აღნაგობის საზღაური მოპასუხემ გადაიხადა 2011 წლის 26 ივლისს, 18 დღის დაგვიანებით. შესაბამისად, მოპასუხეს დაერიცხა 18 დღის პირგასამტეხლო - 482,04 ლარი (26 775*0,1/100*18დღე=482,04 ლარი).

12.9. სასამართლომ დაასკვნა, რომ 2009 წლის 1 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი აღნაგობის საზღაური მოპასუხემ გადაიხადა აღნაგობის საზღაურის გადახდის ვადის გადაცილებით. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა. 2009 წლის 1 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხულმა პირგასამტეხლომ სულ შეადგინა 5 730,92 ლარი (26,78+5222,1+482,04=5730,92).

12.10. 2010 წლის 9 ივლისს, მოპასუხემ გადაიხადა პირგასამტეხლოს ნაწილი - 2 532,16 ლარი. შესაბამისად, 2009 წლის 1 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს გადასახდელი ჰქონდა პირგასამტეხლო - 3 198,76 ლარი.

12.11. სასამართლომ მიუთითა ამ განჩინების 5-7 დასახელებულ ფაქტობრივ გარმოებებზე და განმარტა, რომ 2011 წლის 9 ივლისიდან 2012 წლის 25 იანვრამდე აღნაგობის საზღაურის სახით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 14 745 ლარი (26 775/365*201 დღე=14 745). გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღნიშნა, ამ პერიოდისთვის მოპასუხეს გადასახდელი ჰქონდა პირგასამტეხლო - 3 198,76 ლარი.

12.12. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო არ იყო ის გარემოება, რომ 2012 წლის 25 იანვრამდე დაანგარიშებული აღნაგობის საზღაური - 14 745 ლარი და პირგასამტეხლო - 3 198,76 ლარი მოპასუხეს უნდა გადაეხადა 2012 წლის 25 აპრილის ჩათვლით (ბრძანების გაცნობიდან სამი თვის განმავლობაში).

12.13. სააგენტოს ბრძანებით დამტკიცებული ხელშეკრულების პირობების 12.1. პუნქტი ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს გადახდას (იხ. ამ განჩინების მე -7 პუნქტი).

12.14. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და 2012 წლის 25 აპრილის ჩათვლით არ გადაიხადა ზემოხსენებული თანხა. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა.

12.15. 2012 წლის 6 ივლისს, მოპასუხემ გადაიხადა 33 201 ლარი ანუ ვადაგადაცილებამ შეადგინა 72 დღე (2012 წლის 26 აპრილიდან 2012 წლის 6 ივლისამდე). შესაბამისად, დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 1 061,64 ლარი (14 745*0,1/100*72 დღე=1061,64). 2012 წლის 6 ივლისს გადახდილი 33 201 ლარით დაიფარა 2012 წლის 25 იანვრის მდგომარეობით დაანგარიშებული აღნაგობის საზღაური 14 745 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო - 3 198,76 ლარი და 2012 წლის 26 აპრილიდან 2012 წლის 6 ივლისამდე დარიცხული პირგასამტეხლო - 1 061,64 ლარი. შესაბამისად, მოპასუხის მიერ ზედმეტად გადახდილმა თანხამ შეადგინა 14 195,6 ლარი. 2012 წლის 26 ნოემბერს, მოპასუხემ ასევე გადაიხადა 1 547,55 ლარი ანუ მან წინსწრებით სულ გადაიხადა 15 743,15 ლარი (14 195,6+1 547,55=15 743,15).

12.16. 2013 წლის 25 იანვარს, მოპასუხეს აღნაგობის საფასურის დარჩენილი ნაწილი არ გადაუხდია. აღნაგობის საზღაურის ანგარიშში მოპასუხემ 18 603,12 ლარი გადაიხადა 2013 წლის 28 იანვარს, სამი დღის ვადაგადაცილებით. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო დაერიცხა სამი დღის პირგასამტეხლო 44,24 ლარი (33 201*0,1/100*3 დღე=44,24). 2013 წლის 28 იანვრის მდგომარეობით. მოპასუხეს სულ გადახდილი ჰქონდა 34 346,27 ლარი (15 743,15+18 603,12=34 346,27), საიდანაც დაიფარა 2013 წლის 25 იანვრისთვის გადასახდელი აღნაგობის საზღაური 33 201 ლარი და დარიცხული პირგასამტეხლო 44,24 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს წინსწრებით გადახდილად დარჩა 1 101,03 ლარი.

12.17. 2014 წლის 25 იანვარს გადასახდელი აღნაგობის საზღაურის გადახდის ვალდებულება მოპასუხემ შეასრულა დათქმულ დროს და საზღაური გადაიხადა 2014 წლის 22 იანვარს. 2015 წლის 25 იანვარს გადასახდელი აღნაგობის საზღაური - 33 201 ლარი საწარმომ გადაიხადა 2015 წლის 3 თებერვალს, ცხრა დღის დაგვიანებით. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო დაერიცხა ცხრა დღის პირგასამტეხლო 264,09 ლარი (33 201*0,1/100*9 დღე=264,09). ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხეს მოსარჩელისთვის წინსწრებით ზედმეტად ჰქონდა გადახდილი 1 101,03 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული თანხით დაიფარა ცხრა დღის პირგასამტეხლო - 264,09 ლარი.

12.18. მხარეები არ დავობენ, რომ 2016 წლის 25 იანვარს გადასახდელი აღნაგობის საზღაური მოპასუხემ გადაიხადა 2016 წლის 18 იანვარს, ანუ ვადის გადაცილების გარეშე.

12.19. ზემოხსენებული გამოკვლევისა და მსჯელობის შედეგად სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხემ სრულად გადაიხადა სარჩელის აღძვრის დროისთვის დარიცხული პირგასამტეხლო. შესაბამისად, მას მოსარჩელის მიმართ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ გააჩნდა.

12.20. სასამართლომ სსკ-ის 427-ე მუხლზე მიუთითა, რომლის მიხედვით, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ აღნაგობის საზღაურის გადახდა ხდებოდა საამისოდ განკუთვნილ საბანკო ანგარიშზე, ხოლო პირგასამტეხლო მოპასუხეს უნდა გადაეხადა სხვა საბანკო ანგარიშზე. აღნიშნულის გამო, მოპასუხის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა მოსარჩელეს არ მიუმართავს დარიცხული პირგასამტეხლოს დასაფარად. მოსარჩელის აღნიშნული პოზიციის საწინააღმდეგოდ სასამართლომ განმარტა, რომ აღნაგობის საზღაურის და დარიცხული პირგასამტეხლოს სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვის ვალდებულება არ იყო გათვალისწინებული არც 2009 წლის 1 მაისის ხელშეკრულებით და არც სააგენტოს 2012 წლის 18 იანვრის ბრძანებით დამტკიცებული ხელშეკრულების პირობებით. ამ გარემოების შესახებ ინფორმირებულობას არც მოპასუხე ადასტურებდა, მოსარჩელეს კი არ წარუდგენია მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, მაგ., მოპასუხისადმი გაგზავნილი წერილი ზემოხსენებული ინფორმაციის მიწოდების შესახებ.

12.21. სასამართლომ იმსჯელა და შეაფასა საქმეში წარდგენილი 2011 წლის 20 იანვრისა და 2012 წლის 26 ნოემბრის საგადასახადო დავალებები, რომელთა მიხედვითაც მოპასუხემ 2 532,12 ლარი და 1 547,55 ლარი გადაიხადა სხვა საბანკო ანგარიშზე, ვიდრე აღნაგობის საზღაურის სახით გადახდილი სხვა თანხები, თუმცა, მიიჩნია, რომ აღნიშნული არ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ზოგადად პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხა მოპასუხეს უნდა გადაეხადა მითითებულ ანგარიშზე. შესაძლებელია სწორედ ამ ორ შემთხვევაში, აცნობეს წინასწარ მოპასუხეს, რომ 2 532,12 ლარი და 1 547,55 ლარი გადაეხადა სხვა საბანკო ანგარიშზე; გარდა ამისა, სასამართლომ მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა სრულად ფარავდა დავის განხილვის დროისთვის გადასახდელ აღნაგობის საზღაურს და დარიცხულ პირგასამტეხლოსაც.

12.22. პირგასამტეხლოს გადახდის ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნაზე მსჯელობისას, სასამართლომ განმარტა, რომ მერია ამ მოთხოვნას ამყარებდა 2012 წლის 18 იანვრის ხელშეკრულების 12.3 პუნქტზე. 2012 წლის 18 იანვრის ხელშეკრულების 12.1 პუნქტის მიხედვით, აღნაგობის უფლების ღირებულების გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განსაზღვრულია გადასახდელი თანხის 0,1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამავე ხელშეკრულების 12.3 პუნქტის თანახმად, აღნაგობის პირობებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების (გარდა აღნაგობის უფლების ღირებულების გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულებებისა) დარღვევის შემთხვევაში, აღნაგობის უფლების მქონეს ეკისრება პირგასამტეხლო სხვა ვალდებულების შეუსრულებლობის ან დაგვიანებით შესრულებული ვალდებულების ღირებულების 0,1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

12.23. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების 12.3 პუნქტი არ ადგენდა მოპასუხის ვალდებულებას აღნაგობის საზღაურის გადახდის ვადის გადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის ვადის გადაცილებისათვის დამატებითი პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. ამ შემთხვევაში, აღნაგობის საზღაურის გადახდის ვადის გადაცილებისათვის სახელშეკრულებო სანქცია შეთანხმებული იყო ხელშეკრულების 12.1 პუნქტით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სხვაგვარი განმარტების შემთხვევაში, ასეთი სახის შეთანხმება ბათილი იქნებოდა სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, რადგან ის ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. პირგასამტეხლო თავად წარმოადგენს სანქციას ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის და იგი მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციის მატარებელია. მისი გადახდის ვადის გადაცილებისას დამატებით კიდევ საჯარიმო სანქციის დაწესება, ცხადია, არ ემსახურება პირგასამტეხლოს მიზანს, ხელი შეუწყოს ვალდებულების შესრულებას, პირიქით, ასეთი სახის შეთანხმება ემსახურება მეორე მხარის დასჯას.

12.24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მერიის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

13. მერიის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

13.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:

13.1.1. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ პირგასამტეხლოს გადახდა მოპასუხეს სხვა საბანკო ანგარიშზე უნდა განეხორციელებინა. ის გარემოება, რომ პირგასამტეხლოს გადახდისთვის გათვალისწინებული საბანკო ანგარიშის ნომერი საწარმოსათვის (მოპასუხისათვის) ცნობილი იყო, დასტურდებოდა საქმეში არსებული პირგასამტეხლოსა და აღნაგობის საზღაურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით. კერძოდ, ერთ-ერთი ქვითრის მიხედვით, მოპასუხემ პირგასამტეხლო გადაიხადა შესაბამის საბანკო ანგარიშზე. აღნიშნული გარემოება ცხადყოფდა, რომ სწორედ ამ ანგარიშზე ჩარიცხვის შედეგად აღარ წარმოეშობოდა მას პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება; მერიის მოთხოვნა დასაბუთებული იყო მოპასუხისათვის 2016 წლის 15 მარტის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს - 5 697.15 ლარისა და 2016 წლის 16 მარტიდან 2012 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით გადასახდელი თანხის - 1 651.21 ლარის 0.1% დაკისრების შესახებ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინება და დასკვნები

14.1. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მერიის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

14.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3 -ე მუხლის „გ“ ქვეპუნტი). აღნიშნული ფაქტები არც სააპელაციო საჩივრით გაუხდია სადავოდ მოსარჩელეს.

14.3. სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტი არ დავობდა იმ ფაქტზე, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა სრულად ფარავდა როგორც აღნაგობის საზღაურს, ისე - დავის განხილვის დროისთვის დარიცხულ პირგასამტეხლოს, თუმცა, მისი მტკიცებით, პირგასამტეხლო არ უნდა მიჩნეულიყო გადახდილად, რადგან მოპასუხემ პირგასამტეხლოსათვის განკუთვნილი თანხა არ ჩარიცხა საამისოდ გათვალისწინებულ სპეციალურ ანგარიშზე, რომლის თაობაზეც საწარმო ზეპირად იყო ინფორმირებული.

14.4. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა აღნაგობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, პირგასამტეხლოს გადახდის წესის შესახებ მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების არსებობის საკითხი , რომლის მიხედვითაც აღნაგობის უფლების მქონეს (მოპასუხეს), შესაბამისი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში, პირგასამტეხლო სპეციალურ ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა.

14.5. სასამართლომ განმარტა, რომ სახელშეკრულებო უფლებები და მოვალეობები წარმოიშობა ხელშეკრულების დადების შემდეგ, ამასთან, სსკ-ის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

14.6. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მხარეთა შორის პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ შეთანხმება კანონით დადგენილი წესით - წერილობით გაფორმდა, თუმცა, სადავო არ იყო ის გარემოება, რომ აღნიშნული ხელშეკრულება პირგასამტეხლოს გადახდის განსხვავებული წესის შესახებ რაიმე დათქმას არ მოიცავდა. კერძოდ, არც 2009 წლის 1 მაისის ხელშეკრულებით და არც სააგენტოს 2012 წლის 18 იანვრის ბრძანებით დამტკიცებული ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული მოპასუხის ვალდებულება, რომ აღნაგობის საზღაური და დარიცხული პირგასამტეხლო სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულიყო.

14.7. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე უარყოფდა მხარეთა შორის პირგასამტეხლოს გადახდის სპეციალური წესის შესახებ ზეპირი შეთანხმების არსებობის ფაქტს, ასეთ ვითარებაში კი საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეზე იყო, თუმცა მტკიცების ტვირთის მატარებელმა მოსარჩელემ ვერ შეძლო აღნიშნულის დამტკიცება. კერძოდ, მოსარჩელემ ვერ წარადგინა მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება (მაგ., მოპასუხისადმი გაგზავნილი წერილი პირგასამტეხლოს გადახდის სპეციალური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე). რაც შეეხება, 2011 წლის 20 იანვრის და 2012 წლის 26 ნოემბრის საგადასახდო დავალებებს, რომელთა მიხედვითაც მოპასუხემ 2 532,12 ლარი და 1 547,55 სხვა საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა, აღნიშნული ვერ გამოდგებოდა იმ გარემოების დამადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებად, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხები ყოველთვის აღნიშნულ ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა, ვინაიდან, სასამართლოს მოსაზრებით, პირგასამტეხლოს გადახდის სპეციალური წესის შესახებ დათქმა ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენს და იგი, სსკ-ის 68-ე, 327-ე და 418-ე მუხლების თანახმად, მხარეთა შორის იმავე ფორმით (წერილობით) უნდა შეთანხმებულიყო, რა ფორმითაც ძირითადი ხელშეკრულება დაიდო.

14.8. სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს გადახდის სპეციალური წესის შესახებ მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების არსებობის ფაქტი საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რაც სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველი იყო.

14.9. პირგასამტეხლოს გადახდის ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის შეფასებისას, სასამართლომ დაასკვნა, რომ ასეთი დათქმა სადავო ხელშეკრულების 12.3 პუნქტის პირობიდან არ გამომდინარეობს. თუმცა ასეთი შეთანხმების დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც, სსკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად, ასეთი პირობა ბათილი იქნებოდა. სასამართლოს დასკვნა დაეფუძნა იმ მოსაზრებას, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას და პირგასამტეხლოს გადაუხდელობისათვის პირგასამტეხლოს დაწესება ნიშნავს, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების (პირგასამტეხლოს) უზრუნველყოფას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებით (პირგასამტეხლოთი), რაც ეწინააღმდეგებოდა ამ ინსტიტუტის არსს და კანონისმიერ მიზანს.

15. მერიის საკასაციო საჩივარი

15.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება იმავე საკასაციო პრეტენზიებზე მითითებით, რაც მის სააპელაციო საჩივარშია ასახული (იხ. ამ განჩინების მე-13 პუნქტი, ასევე, საკასაციო საჩივარი- ტ.2, ს.ფ. 72-84) და მიუთითა, რომ სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის დაუშვებლობაზე და არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ითხოვდა არა მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას, არამედ აღნაგობის საზღაურის გადახდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებასაც, კასატორი უთითებს დაზუსტებულ სარჩელზე.

16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

16.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინებით მერიის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ)სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

19. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

19.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიის ძირითად საფუძვლებს წარმოადგენს ის გარემოებები, რომ მოპასუხეს სხვადასხვა ანგარიშებზე უნდა გადაეხადა აღნაგობის საზღაური და პირგასამტეხლო, რის შესახებაც იგი ინფორმირებული იყო ზეპირსიტყვიერად, ასევე, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია აღნაგობის საზღაურის გადაუხდელობის გამო მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხი.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, მართებულად არის გადანაწილებული მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, ასევე, დასაბუთებულია აპელანტის პრეტენზიების უარყოფის სამართლებრივი შეფასება და საფუძვლები. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომელიც წინამდებარე განჩინების 14.3-14.9 ქვეპუნქტებშია ასახული და აღნიშნავს, რომ კასატორს არაკვალიფიციური შედავება აქვს წარმოდგენილი საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, ამასთან მოსარჩელე ვერ უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის რომელიმე წინაპირობაზე.

22. კასატორის პრეტენზიის საპასუხოდ საკასაციო სასამართლო იმაზეც გაამახვილებს ყურადღებას, რომ პირველი ინსტანიის სასამართლომ უდავოდ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ, ხოლო სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გამოკვეთა დავის საგანი, იმსჯელა და გამოკვლია ყველა ის მტკიცებულება, რაზედაც მხარეები ამყარებდნენ თავიანთ სარჩელსა და შესაგებელს, სააპელაციო პრეტენზიებსა და მათ საწინააღმდეგო არგუმენტებს (იხ. ამ განჩინების 12.2 და 14.2.-14.4. ქვეპუნქტები).

23. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

26. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე