Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1081-1038-2016 17 თებერვალი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ ვ. ბ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა (შემდეგში: მოსარჩელე, სამინისტრო, აპელანტი ან კასატორი) და შპს „ს-ს“ (შემდეგში: საწარმო) შორის 2014 წლის 21 მაისს დაიდო N124 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფ. ზედა ვ-ში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა.

2. ამ სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მიზნით, 2014 წლის 27 მარტს სამინისტროსა და ი/მ ვ. ბ-ეს (შემდეგში: მოპასუხე, ტექნიკური ზედამხედველი ან მიმწოდებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულება 14 249 ლარით განისაზღვრა.

3. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს ევალებოდა სამშენებლო კონტროლის განხორციელება, მშენებლობის ცალკეული ეტაპის სამშენებლო სამუშაოთა ხარისხის შემოწმება-შეფასება და პროექტთან შესაბამისობის დადგენა. შესყიდვის ობიექტი მოპასუხეს (მიმწოდებელს) უნდა ჩაებარებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

4. ხელშეკრულების მე-10 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მიმწოდებელი არ შეასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, მაშინ მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა 0,3 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

5. სამინისტროსა და საწარმოს შორის წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულება 2015 წლის 27 ნოემბერს შეწყდა მშენებლობის გაგრძელების შეუძლებლობის გამო. შეწყვეტამდე შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით შედგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ტექნიკურმა ზედამხედველმა- მოპასუხემ დაადასტურა ფორმა N2-ით შესრულებული სამუშაო, რომლის მოცულობაც ნაკლები იყო რეალურად შესრულებული სამუშაოს მოცულობაზე.

6. სამინისტროს სარჩელის საფუძვლები

6.1. სამინისტრომ 2016 წლის 11 იანვარს სარჩელი აღძრა მიმწოდებლის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის პირგასამტეხლის სახით 9 917.30 ლარის (ცხრა ათას ცხრაას ჩვიდმეტი ლარისა და ოცდაათი თეთრის) დაკისრება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით:

6.1.1. ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფ. ზედა ვ-ში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის, 2014 წელს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი. აღნიშნული ტენდერის საფუძველზე, 2014 წლის 21 მაისს გაფორმდა ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულება განისაზღვრა 3 291 881.62 ლარით;

6.1.2. ზემოხსენებული სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მიზნით, 2014 წლის 27 მარტს სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა მოპასუხესთან, რომლის საერთო ღირებულება 14 249 ლარი იყო (იხ. 2-4 პუნქტები);

6.1.3. ტექნიკურმა ზედამხედველმა დაადასტურა ფორმა N2-ით შესრულებული სამუშაო, რომლის მოცულობაც ნაკლები იყო საწარმოს მიერ რეალურად შესრულებული სამუშაოს მოცულობაზე, რაც დადასტურებულია, ასევე, ექსპერტიზის დასკვნით;

6.1.4. 2014 წლის 27 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო 0,3 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვადაგადაცილებულია 232 დღე, შესაბამისად პირგასამტეხლოს ოდენობაა -9917.3 ლარი.

7. მოპასუხის პოზიცია

7.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო 14 24.9 ლარის დაკისრების ნაწილში, თუმცა, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მიიჩნია არაგონივრულად, ასევე განმარტა, რომ ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა გაზრდილი იყო და არ შეესაბამებოდა რეალობას.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 2314,03 (ორი ათას სამას თოთხმეტი ლარისა და სამი თეთრის) ლარის გადახდა.

8.2. საქალაქო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა და გადაწყვეტილების სამართლებრივი მოტივაციისას მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316.1-ე, 317.1-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლებზე.

8.3. სასამართლომ განმარტა, პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

8.4. განსახილველ შემთხვევაში, 2014 წლის 27 მარტის ხელშეკრულებით, მხარეთა შორის პირგასამტეხლო წერილობით იყო შეთანხმებული და შეადგენდა 0.3%-ს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

8.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს განაკვეთი 0.3% შეუსაბამოდ მაღალი იყო და ის უნდა შემცირებულიყო 0,07%-მდე, შესაბამისად, სარჩელით მოთხოვნილი 232 დღის პირგასამტეხლოს თანხა - 9917.3 ლარიდან შემცირდა 2314.03 ლარამდე და ამ ოდენობით დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად.

9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:

9.1.1. მხარეთა შორის სადავო არ იყო, რომ 2014 წლის 27 მარტს დადებული ხელშეკრულებით, მისი საერთო ღირებულება განისაზღვრა 14249 ლარით; ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელს, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,3 %-ის ოდენობით (იხ. ამ განჩინების 2-4 პუნქტები);

9.1.2. მოპასუხემ დაადასტურა მის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, გარდა ამისა, სადავო არ გამხდარა ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა, თუმცა სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩათვალა, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი 0,3%-ი შეუსაბამოდ მაღალი იყო და იგი შეამცირა 0,07%-მდე, რასაც მოსარჩელე არ ეთანხმება;

9.1.3. სსკ-ის 420-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესაძლებლობას და ამ ნორმის დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს, თუმცა სასამართლოს, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეეფასებია ისეთი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: ვალდებულების დარღვევის ხარისხი და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ისე მიეღო გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირებაზე. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფითა და მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისას ერთგვარი სანქციის ამოქმედებით შემოიფარგლება. იგი კრედიტორის გამდიდრებას არ ემსახურება და აღნიშნული მიზნით არ უნდა იქნეს გამოყენებული;

9.1.4. განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის ხარისხი მაღალი იყო, რადგან ტექნიკური ზედამხედველი აკონტროლებდა სამ მილიონზე მეტი ლარის ღირებულების პროექტის განხორციელებას და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისადმი დიდი იყო. აღნიშნული კი სათანადოდ უნდა შეეფასებინა სასამართლოს.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება და დასკვნები

10.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ 390.3- ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

10.3. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთავარ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელის განმარტებაზე, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, მოსარჩელისათვის ფაქტობრივი ზიანი არ მოჰყოლია. ასეთის არსებობის შემთხვევაში მოსარჩელე, პირგასამტეხლოსთან ერთად, ზიანის ანაზღაურებასაც მოითხოვდა.

10.4. გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მიუხედავად მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობისა, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

10.5. აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სსკ-ის 420-ე მუხლით სასამართლოსათვის მინიჭებული უფლება პირგასამტეხლოს შემცირებაზე ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

10.6. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მხოლოდ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

10.7. სსკ-ის 420-ე მუხლით პირგასამტეხლოს შემცირება ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება.

10.8. განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოსარჩელისათვის ზიანი არ მიუყენებია. ისეთ ვითარებაში, როდესაც 2014 წლის 27 მარტს, სამინისტროსა და ტექნიკურ ზედამხედველს შორის დადებული ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 14 249 ლარს, მოპასუხისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 14 249 ლარის 0,3 %-ზე გაანგარიშებით პირგასამტეხლოს სახით - 9917.3 ლარის დაკისრება არაგონივრულია და მისი დაკისრება გამოიწვევს მოსარჩელის გამდიდრებას.

10.9. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნაცვლად ძირითადი თანხის 0,3%-სა პირგასამტეხლოს ოდენობის 0,07%-მდე შემცირება გონივრული იყო, აღნიშნული კი გამორიცხავდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებასა და გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებას.

13. სამინისტროს საკასაციო საჩივრის საფუძვლები

13.1. სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც მას უარი ეთქვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით შეთანხმებული სახით დაკისრებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტლებით სარჩელის დაკმაყოფილება იმავე პრეტენზიებზე მითითებით, რაც მის სააპელაციო საჩივარშია ასახული (იხ. ამ განჩინების 9.1.1-9.1.4 ქვეპუნქტები).

14. საკასაციო სამართლაწარმოების ეტაპი

14.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინებით სამინისტროს საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სამინისტროს საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული საფუძვლები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს.

16. სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ -ები: # ას-1560-1463-2012, 28.12.2012წ.; # ას-23-23-2014, 10.04.2014წ., #ას-943-905-204, 08.04.2015წ.; # ას-783-740-2015, 22.10.2015 წ.; #ას-1002-946-205, 13.11.2015წ.).

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რამაც მოსარჩელეს წარმოუშვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, რომლის გონივრულობა და სამართლიანობა, სსკ-ის 420-ე მუხლით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სამართლიანად შეამცირა სასამართლომ და განსაზღვრა დარღვევის სიმძიმის - ვადაგადაცილებული დღეების (232) შესატყვისად.

21. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის მართებულობაზე პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნებისა და ფუნქციის გათვალისწინებით. ქვემდგომმა სასამართლომ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივად მართებულად შეაფასა ისინი, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი განჩინება.

22. კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რაც აღნიშნული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების სამართლებრივად დასაბუთებული საფუძველია.

23. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე