Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1102-1059-2016 14 მარტი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს "თ-ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. დ-ე, ა. დ-ე, ა. ტ-ი, მ. მ-ე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გაადწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. და ა. დ-ეებმა, ა. ტ-მა და მ. მ-ემ (შემდეგში: მოსარჩელეები, მოგზაურები, ტურისტები) შპს „თ-ისგან“ (შემდეგში: მოპასუხე, მოგზაურობის მომწყობი, ტურისტული საწარმო, აპელანტი ან კასატორი) იყიდეს ტურისტული მომსახურების პაკეტი, რომელიც მოიცავდა 2014 წლის 27 სექტემბრიდან (ჩაფრენა 28 სექტემბერს) 4 ოქტომბრამდე ეგვიპტეში, კერძოდ, ჰურგადაში დასვენებას, ფრენას, ტრანსფერს და დაზღვევას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 657-ე მუხლი).

2. მოგზაურებმა მომსახურების პაკეტში გადაიხადეს 3156 ლარი (იხ. შეთანხმება და ინვოისები - ს.ფ. 29-30)

3.ტურისტები ჰურგადაში სასტუმროში განთავსდნენ ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე დაბალი კლასის ნომერში, მომდევნო დღეს შეიცვალეს ნომერი და გადავიდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კლასის ნომერში (იხ. მხარეთა ელექტრონული მიმოწერა, რომლის ავთენტურობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, ს.ფ. 32-35);

4. მოგზაურთათვის ეგვიპტეში ტურისტული მოგზაურობის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო სინას მთის მონახულება. მოგზაურობის მომწყობმა ტურისტები დაარწუნა, რომ შერჩეული ადგილიდან მარტივად და მცირე დანახარჯებით (თითოეული 80 აშშ დოლარად) მოახერხებდნენ სინას მთის მონახულებას (იხ. მხარეთა ელექტრონული მიმოწერა, რომლის ავთენტურობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, ს.ფ. 32-35).

5. მოგზაურთა ეგვიპტეში ყოფნის პერიოდში, 2014 წლის 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე ჰურგადიდან სინას მთის მონახულება იყო რთულად დასაორგანიზებელი, მოთხოვდა გადაფრენას და შემდეგ სხვა ტრანსპორტით მგზავრობას, სასტუმროში ღამის გათევას და ჯგუფის ხარჯი სავარაუდოდ იქნებოდა არანაკლებ 2000 აშშ დოლარი (იხ. შპს „პ-ას“ წერილი - ს.ფ. 128; მოსარჩელეების მიმოწერა ეგვიპტეში ექსკურსიების გიდთან ს. ბ-ასთან; ელექტრონული წერილების ავთენტურობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, ს.ფ. 108-110; მხარეთა ელექტრონული მიმოწერა, რომლის ავთენტურობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, ს.ფ. 32-35).

6. სარჩელის საფუძვლები

6.1. მოგზაურებმა 2014 წლის 27 ნოემბერს სარჩელი აღძრებს ტურისტული საწარმოს წინააღმდეგ ზიანის, 3156 (სამი ათას ას ორმოცდათექვსმეტი) ლარის, დაკისრების მოთხოვნით.

7. მოპასუხის შესაგებელი

7.1. მოგზაურობის მომწყობმა არ ცნო მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი იმ დასაბუთებით, რომ მოგზაურებმა სრულად ისარგებლეს ტურისტული მომსახურების პაკეტით, რომელშიც შედიოდა: ავიაბილეთები, სასტუმრო, დაზღვევა და ტრანსფერი. პაკეტში არ შედიოდა სინას მთის მონახულება, შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების ხარვეზად არ უნდა მიჩნეულიყო, რაც შეეხებოდა სასტუმროს ნომრის საკითხს, ჩაფრენის დღესვე აღმოიფხვრა ხარვეზი.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

8.1.1 ტურისტულ საწარმოს მოსარჩელეთა სასარგებლოდ 1578 (ათას ხუთას სამოცდათვრამეტი ლარი) ლარის გადახდა დაეკისრა.

8.2. სასამართლომ უდავოდ მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინა 3-5 პუნქტებში ასახული გარემოებები.

8.3. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 მუხლზე მიუთითა, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელი:

8.3.1. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ _ დაკისრებული აქვს მოპასუხეს;

8.3.2. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. ფაქტები, რომლებიც ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავისუფალია ამ ფაქტების დამტკიცებისაგან.

8.3.3. მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტების შეაფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოგზაურობის ხარვეზიანობის ფაქტი, რომელიც მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.

8.4. გადაწყვეტილების სამართლებრივი მოტივაციისას სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მოთხოვნას აფუძნებდა ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტზე, შესაბამისად, სასამართლომ სსკ-ის 657-ე მუხლის პირველ ნაწილზე მიუთითა, რომლის თანახმად, ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება. ტურისტი მოვალეა მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებული ანაზღაურება გაწეული მომსახურებისათვის. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად - ტურისტული მომსახურების პაკეტი (შემდგომში – პაკეტი) ტურისტული მომსახურების ორი ან ორზე მეტი კომპონენტისაგან (კვება, ღამის თევა, სატრანსპორტო მომსახურება და სხვა) შემდგარი კომპლექსია, რომელთა ღირებულება შედის პაკეტის ფასში.

8.5. ტურისტული მოგზაურობისას ტურისტისთვის მნიშვნელოვანია სასტუმროსა და კონკრეტული ნომრის კლასი, ტიპი და სხვა დეტალები, რაზე შეთანხმებაც უნდა ჩაითვალოს ხელშეკრულების არსებით პირობად. სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. დადგენილია, რომ მოსარჩელეები ჰურგადაში სასტუმროში განთავსდნენ ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე დაბალი კლასის ნომერში და მომდევნო დღეს გადავიდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კლასის ნომერში. სასამართლომ აღნიშნული ტურისტული მოგზაურობის მომწყობის მხრიდან არაჯეროვან შესრულებად მიიჩნია.

8.6. სსკ-ის 6571-ე მუხლის თანახმად, მოგზაურობასთან (პაკეტთან) დაკავშირებული ნებისმიერი აღწერილობითი ფორმა, ღირებულება და ხელშეკრულების სხვა პირობები, რომლებითაც ტურისტი უზრუნველყოფილია მოგზაურობის მომწყობის მიერ, არ უნდა შეიცავდეს ყალბ, არასათანადო და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას. ხოლო 6572-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ქვეპუნქტის თანახმად, ტურისტს, მოგზაურობასთან (პაკეტთან) დაკავშირებით, ხელშეკრულების დადებამდე, წერილობით ან ტურისტისათვის მისაღები სხვა ფორმით, უნდა მიეწოდოს დაწვრილებითი ინფორმაცია: დანიშნულების ადგილისა და მიზნების, გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მახასიათებლების შესახებ.

8.7. სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 4-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებდა მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ უნდა დაჰკისრებოდა პასუხისმგებლობა დასახელებული გარემოების გამო, რადგანაც სინას მთის მონახულება არ შედიოდა ტურისტული მომსახურების პაკეტში. სასამართლომ სსკ-ის 659-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოგზაურობის მომწყობი მოვალეა იმგვარად მოაწყოს მოგზაურობა, რომ მას არ ჰქონდეს ისეთი ხარვეზები, რომლებსაც შეუძლიათ გააუფასურონ ან შეამცირონ მოგზაურობის მნიშვნელობა ჩვეულებრივი ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის. ტურისტული მოგზაურობის მომწყობი არის პირი, რომელსაც გააჩნია საკმარისი ცოდნა, ინფორმაცია და გამოცდილება ტურების ორგანიზების მხრივ. ტურისტი, თავის მხრივ, ენდობა მოგზაურობის მომწყობის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და ითვალისწინებს მის რეკომენდაციას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა ხელშეკრულების დადებამდე აცნობეს მოპასუხეს ტურისტული მოგზაურობის მთავარი მიზანი - სინას მთის მონახულება. მხარეთა კეთილსინდისიერების ვალდებულება და, ასევე, კონკრეტულად სსკ-ის 6571-ე, 6572-ე და 659-ე მუხლების ჩანაწერი ავალდებულებდა ტურისტული მოგზაურობის მომწყობს, მიეწოდებინა საკმარისი ინფორმაცია და ტურისტების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით დაეგეგმა ტური. ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება გარკვეული შინაარსით წარმოადგენს ე.წ. „კაუზალურ“ გარიგებას, რომლის შინაარსშიც შედის ტურისტული მოგზაურობის მიზანი. მიზნის (მოცემულ შემთხვევაში სინას მთის მონახულების) მიუღწევლობა შესაძლოა ტურისტისთვის სუბიექტურად მნიშვნელოვნად ამცირებდეს ტურის ღირებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა პასუხისგებლობა ტურის არასწორად და ტურისტის მიზნებთან შეუსაბამოდ დაგეგმვისათვის, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება.

8.8. სსკ-ის 560-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოგზაურობა ხარვეზიანია, მაშინ მისი ღირებულება მცირდება იმ დროის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც არსებობდა ხარვეზები. სასამართლომ დაასკვნა რომ მოსარჩელეებს უნდა შემცირებოდათ ტურის ღირებულება 3 დღის საფასურის ოდენობით, რადგან მათ ერთი დღე გაატარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულთან შედარებით დაბალი კლასის ნომერში, ხოლო დაგეგმილი 2 დღე - ვერ წავიდნენ სინას მთის მოსანახულებლად. ერთიანობაში ექვსდღიანი ტურის ღირებულება იყო 3159 ლარი, შესაბამისად, სამი (ხარვეზიანი) დღის ღირებულების - 1578 ლარის დაბრუნება უნდა დაჰკისრებოდა მოპასუხეს.

9. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასმაართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

9.1.1.სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელეები სასტუმროში განთავსდნენ ტურისტული მომსახურეობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე დაბალი კლასის ნომერში, ხოლო მომდევნო დღეს შეიცვალეს ნომერი და გადავიდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კლასის ნომერში;

9.1.2. არასწორია, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მხარეთა შორის ელექტრონული მიმოწერა, მტკიცებულებების შეფასებისას წარდგენილი იყო მოსაზრება ელექტრონული მიმოწერის შინაარსთან დაკავშირებით და ასევე მოპასუხის პოზიცია, რომ სასტუმრო, რომელშიც განთავსდნენ ტურისტები იყო 5 ვარსკვლავიანი, მისი ყველა ნომერი აკმაყოფილებდა უმაღლეს სტანდარტებს, რის გამოც გაუგებარი იყო მოსარჩელეთა პრეტენზიები სასტუმროს ნომერთან დაკავშირებით; მიუხედავად ამისა,მოგზაურობის მომწყობის ჩარევით იმავე დღეს მოხდა ნომრების შეცვლა უფრო მაღალი კლასის ე.წ. დელუქს - ტიპის ოთახებით, ზღვის ხედით. სასამართლომ არ იმსჯელა აღნიშნულ მოსაზრებებზე და არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეთა მხრიდან არ იყო წარდგენილი აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება;

9.1.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელეებისთვის ეგვიპტეში ტურისტული მოგზაურობის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო სინას მთის მონახულება. არასწორია ისიც, რომ თითქოს მოპასუხე ტურისტულმა საწარმომ დაარწმუნა მოსარჩელეები, რომ შერჩეული ადგილიდან მარტივად და მცირე დანახარჯებით (თითოეული 80 აშშ დოლარად) მოახერხებდნენ სინას მთის მონახულებას;

9.1.4. წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში ასახულ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, აპელანტი ამტკიცებდა, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელეებმა დაადასტურეს მომსახურების პაკეტით გათვალისწინებული მომსახურების სრულად და ხარისხიანად მიღება; რაც შეეხება ჰურგადიდან სინას მთის მონახულებას, აღნიშნულ საკითხზე მოგზაურობის მომწყობი მოპასუხის წარმომადგენლებისგან მოგზაურებს გაეცათ დადებითი პასუხი, თუმცა, მგზავრობის ღირებულება მოპასუხისათვის უცნობი იყო, ვინაიდან შიდა სატრანსპორტო ხარჯებს არეგულირებს შიდა ბაზარი, რის შესახებაც აცნობეს კიდეც მოსარჩელეებს.ასეთივე პასუხი გაეცათ მოსარჩელეებს მათ მიერ მეილით მოპასუხისათვის გაგზავნილ უსაფუძლო პრეტენზიებთან დაკავშირებით, სადაც ისინი ისევე, როგორც სასამართლოში წარდგენილი სარჩელით აღნიშნავენ, რომ ჰურგადიდან სინას მთის მიმართულებით ტური საერთოდ არ კეთდებოდა. არც ელექტრონული მიმოწერის ტექსტითა და არც საქმეში წარდგენილი სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ ტურისტულმა საწარმომ დაარწმუნა მოსარჩელეები, თითქოსდა ისინი შეძლებდნენ, თითოეული 80 აშშ დოლარად, ჰურგადიდან სინას მთის მიმართულებით გამგზავრებას;

9.1.5. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორადაა განმარტებული, რომ მოსარჩელეთა ეგვიპტეში ყოფნის პერიოდში - 2014 წლის 28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე, ჰურგადიდან სინას მთის მონახულება იყო რთულად დასაორგანიზებელი, მოითხოვდა გადაფრენას და შემდეგ სხვა ტრანსპორტით მგზავრობას, სასტუმროში ღამის გათევას და ჯგუფის ხარჯი სავარაუდოთ იქნებოდა არანაკლებ 2000 აშშ დოლარი. საქმეში წარდგენილი შპს „პ-ას" წერილით დასტურდება, რომ 2014 წლის 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე ჰურგადიდან სინას მთის მიმართულებით შესაძლებელი იყო ინდივიდუალური ტურის ორგანიზება, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეებს ტურისტულმა საწარმომ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნული მტკიცებულება იმასაც ადასტურებს, რომ მოსარჩელეების მიერ სარჩელში მოყვანილი და სასარჩელო მოთხოვნის ერთ- ერთი ძირითადი საფუძველი - მათი ჰურგადაში ყოფნის პერიოდში სინას მთის მიმართულებით გადაადგილება შეუძლებელი იყო - გაქარწყლდა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ტურისტული საწარმოს სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

10.3. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისას, სასამართლომ აღნიშნა, რომ დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებას, რომლითაც უდავოდ დგინდებოდა, რომ მოსარჩელეები მათ მიერ გამოხატული პრეტენზიების შედეგად გადაიყვანეს სხვა ნომერში, რაც მოპასუხის განმარტებით, სწორედ მათი მცდელობითა და ჩარევის შედეგად მოხდა. ასეთ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ გარემოების დამტკიცების ვალდებულება, რომ მოსარჩელეებისათვის თავდაპირველად შეთავაზებული ნომერი შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული კატეგორიის ნომერს და მისი შეცვლა მოხდა არა მოსარჩელეთა პრეტენზიის საფუძვლიანობის, არამედ მხოლოდ მოპასუხის კეთილი ნების საფუძვლეზე, მოპასუხეს ეკისრებოდა. ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება კი მას არ წარუდგენია. ამიტომაც, სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მოგზაურობის ხარვეზიანობის თაობაზე, რაც გულისხმობდა მოსარჩელეების ხელშეკრულებით გათვალისწინებული კატეგორიის ნომერში განთავსებას.

10.4. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარდგენილ ელექტრონულ მიმოწერას (მიმოწერის ავთენტურობა ე.ი. მისი ნამდვილობა, სანდოობა, შესაბამისობა დედანთან სადავო არ გამხდარა) ასევე - ,,პ-ას” მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას 2014 წლის 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე ჰურგადიდან სინას მთის ინდივიდუალური ტურის ორგანიზების და ღირებულების შესახებ (იხ. - ს.ფ.128); ის გარემოება. რომ ტურისტებისათვის ეგვიპტეში მოგზაურობის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა სინას მთის მონახულება დგინდებოდა მოპასუხის 2014 წლის 9 სექტემბრის ელექტრონული წერილით. სასამართლომ არ გაიზიარა ამ უკანასკნელის მტკიცება, რომ რამდენადაც სინას მთის მონახულება არ შედიოდა მომსახურების პაკეტში, მოსარჩელეებს მოგზაურობის მომწყობმა მიაწოდა მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია, რომ ასეთი ტურის მოწყობა შესაძლებელი იყო, დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

10.4.1. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული არ გამომდინარეობდა არც 2014 წლის 9 სექტემბრის წერილის შინაარსიდან, რომლითაც მოპასუხე მოსარჩელეებს ატყობინებდა, რომ სინას მთის მონახულებას ისინი შეძლებდნენ, როგორც ჰურგადიდან, ასევე - შარმიდან და იმავდრულად უთითებდა, რომ უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიდა ოფისში; აღნიშნული არც 2014 წლის 30 სექტემბრის წერილით დასტურდებოდა, რომელშიც მოპასუხე განმარტავს, რომ ექსკურსიასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ იყო გადამოწმებული, იქვე მითითებულია, რომ ტურისტული საწარმოსათვის ცნობილი იყო, რომ ექსკურსიის მოწყობა შესაძლებელი იყო ბორნით. სასამართლოს შეფასებით, ამ წერილის შინაარსიდან ცხადად გამომდინარეობდა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეებს მიაწოდა ინფორმაცია სინას მთის მონახულების შესაძლებლობაზე ჰურგადიდან დაგეგმილ ექსკურსიებში მონაწილობის გზით, ბორნის მეშვეობით და არა ინდივიდუალური ტურის მოწყობის შესაძლებლობის თაობაზე. მოსარჩელეების ეგვიპტეში მოგზაურობის პერიოდში კი ექსკურსიები ბორნით არ ეწყობოდა.

10.4.2. რაც შეეხება ინდივიდუალურ ტურს, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ მისი ორგანიზება რთული იყო. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია საქმეში წარდგენილი შპს „პ-ას“ წერილით (ს.ფ. 188), რომლითაც ირკვეოდა, რომ 2014 წლის 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე ჰურგადიდან სინას მთის მიმართულებით შესაძლებელი იყო ინდივიდუალური ტურის ორგანიზება. ტურის ღირებულების განსაზღვრა დამოკიდებული იყო რიგ ფაქტორებზე, თუმცა, აღნიშნულ პერიოდში ფასი მერყეობდა ერთ ტურისტზე 600-700 აშშ დოლარის ფარგლებში (3 ტურისტიანი ჯგუფისთვის ტურის ღირებულება იქნებობა 1800-2000 აშშ დოლარი) და მოიცავდა ავია - გადაფრენას შარმ-ელ-შეიხში ქაიროს გავლით, ექსკურისიის მოსაკრებელს და შარმ - ელ - შეიხის სასტუმროში განთავსებას ერთი ღამით და ინდივიდუალურ ტრანსფერებს;

10.4.3. საერთაშორისო კომპანია „პ-ის“ გიდის ს. ბ-ას წერილზე (ს.ფ. 108) მსჯელობისას, სასამართლომ განმარტა: მოსარჩელეებს არ წარუდგენიათ იმის დადასტურება, რომ მითითებული პიროვნება იყო კომპანის გიდი, თუმცა, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არსებითად ემთხვეოდა, შპს „პ-ას“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და თავად მოპასუხის მიერ მოსარჩელეთათვის მიწოდებულ ინფორმაციას ინდივიდუალური ტურის მოწყობის შესახებ. 30.09.2014 წლის ელექტრონული წერილში მოპასუხე აღნიშნავს, რომ საჭირო იქნება ავიაგადაფრენა (ჰურგადა-ქაირო-შარმი) და ვინაიდან ტურისტებს ქაიროში მოუწევთ ერთი ღამით გაჩერება, რთული იქნება ავიარეისების ზუსტი დროის დამთხვევა. ბუდინოვა ასევე აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ექსკურსია მონასტერში სრულდება კვირაში მხოლოდ სამი დღე, რეგულარული რეისის დამთხვევა საკმაოდ რთული იქნებოდა და 90%-იანი ალბათობით ვერ მოახერხებდნენ ჰურგადაში დაბრუნებას.

10.5. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ინდივიდული ტურის მოწყობა ეგვიპტეში ყოფნის განმავლობაში მოსარჩელეთათვის შეუძლებელი იქნებოდა საამისოდ აუცილებელი ხარჯების გაღების შემთხვევაშიც კი.

10.6. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი მოტივაცია და სსკ-ის 659-ე მუხლის პირველი ნაწილზე მიუთითა, რომლის თანახმად, მოგზაურობის მომწყობი მოვალეა იმგვარად მოაწყოს მოგზაურობა, რომ მას არ ჰქონდეს ისეთი ხარვეზები, რომლებსაც შეუძლიათ გააუფასურონ ან შეამცირონ მოგზაურობის მნიშვნელობა ჩვეულებრივი ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის.განსახილველ შემთხვევაში, სწორედ მოპასუხეს, როგორც მოგზაურობის მომწყობს, ეკისრებოდა ვალდებულება ტურისტებისათვის მიეწოდებინა საკმარისი ინფორმაცია და მათი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით დაეგეგმა ტური, რაც მოცემულ შემთხვევაში დაარღვია მოპასუხემ. სსკ-ის 560-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოგზაურობა ხარვეზიანია, მაშინ მისი ღირებულება მცირდება იმ დროის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც არსებობდა ხარვეზები. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ტურის არასწორად და ტურისტების მიზნებთან შეუსაბამოდ დაგეგმვისათვის, ტურისტულ საწარმოს მართებულად დაეკისრა პასუხისმგებლობა და შესაბამისად, დასაბუთებული იყო ტურის ღირებულების შემცირება.

11. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

11.1. სააპელაციო სასმაართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიების იდენტურ გარემოებებზე დაყრდნობით (იხ. ამ განჩინების 9.1.1- 9.1.4 ქვეპუნქტები).

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები # ას-510-484-2013, 04.12.2013წ.; # ას- 1191-1121-2015, 22.01.2016წ).

16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მან, როგორც მოგზაურობის მომწყობმა შეასრულა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა საკუთარი ვალდებულება, კერძოდ, ტურისტებისათვის სამოგზაურო ტური იმ აუცილებელი კომპონენტების გათვალისწინებით დაგეგმა, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას მიეჩნია, რომ ტურისტული მოგზაურობის ღირებულების შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

19. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, ამასთან, მიაჩნია, რომ დავის გადასაწყვეტად და იურიდიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება აქვს დადგენილი სააპელაციო სასამართლოს, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე- 4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "თ-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "თ-ს" (ს/კ 4..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი. დ-ას (პ/ნ 3..) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2016 წლის 25 ნოემბერი), 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე