Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1107-1064-2016 14 მარტი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორია (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ს-ი" (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება (ძირითად სარჩელში) და პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს ,,ს- -სა” (შემდეგში: მოსარჩელე, საწარმო, მიმწოდებელი, მენარდე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიას (შემდეგში: მოპასუხე, ლაბორატორია, შემსყიდველი, შემკვეთი, შეგებებული სარჩელის ავტორი, აპელანტი ან კასატორი) შორის, 2015 წლის 17 აპრილს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N4/02-13 (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლითაც საწარმომ იკისრა ვალდებულება ლაბორატორიისათვის 2 თვეში მიეწოდებია და ადგილზე დაემონტაჟებინა უნივერსალური სერვო-ჰიდრავლიკური საცდელი აპარატურა, ასევე - მოეხდინა აპარატის დაკალიბრება და შესაბამისი სერთიფიკატის გაცემა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შედეგში: სსკ, 629-ე მუხლი).

2. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 91 160 (ოთხმოცდათერთმეტი ათას ას სამოცი) ლარით. ხელშეკრულების 11.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მიმწოდებელი არ შეასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,5%-ის გადახდა.

3. საწარმომ, 2015 წლის 15 ივნისს, შესყიდული აპარატურა მიაწოდა ლაბორატორიას, თუმცა, მონტაჟი ვერ განხორციელდა ტექნიკური პრობლემების გამო, კერძოდ: აპარატურის ტექნიკური პასპორტის შესაბამისად, აპარატურის მონტაჟისთვის საჭირო 70 სმ-ის სიღრმის ბეტონის საძირკველი, ხოლო სამონტაჟო ადგილზე არსებობდა 25 სმ-ის სიღრმის ბეტონის საძირკველი.

4. საწარმოსა და ლაბორატორიას შორის, 2015 წლის 26 ივნისს, შედგა უნივერსალური სერვო-ჰიდრავლიკური საცდელი აპარატურის მიწოდებისა და დამონტაჟების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი. აპარატურა დამონტაჟდა 25 სმ-ის სიღრმის საძირკველზე. საწარმოს მითითებით, აპარატურის სწორი გამოყენების შემთხვევაში, ის გამართულად იმუშავებდა.

5. საწარმოსა და ლაბორატორიას შორის, 2015 წლის 30 ივნისს, შედგა უნივერსალური სერვო-ჰიდრავლიკური საცდელი აპარატურის გამოყენების შესახებ შემსყიდველის პერსონალის ტრენინგის ჩატარების და შესაბამისი სერთიფიკატების გაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი.

6. სარჩელის საფუძვლები

6.1. საწარმომ 2015 წლის 29 ივლისს სარჩელი აღძრა ლაბორატორიის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის 8200 (რვა ათას ორასი) ლარის, ასევე, ზიანის - სახით 1394 (ათას სამას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარის დაკისრება შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:

6.1.1. 2015 წლის 26 ივნისს, მოპასუხის მოთხოვნით და თანხმობით მოსარჩელემ დაამონტაჟა აპარატი არსებულ საძირკველზე იმ პირობით, რომ არ დაირღვეოდა აპარატის სწორი ექსპლოატაციის პირობები. მხარეებს შორის იმავე დღეს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი;

6.1.2. 29.06.2015 წლის წერილის შესაბამისად, მოპასუხის თანამშრომლებს ჩაუტარდათ სწავლება („ტრეინინგი“) ჩატარება და გაიცა სერთიფიკატები, რაც დადასტურებულია იმავეწლის 30 ივნისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით;

6.1.3. მოპასუხემ 2015 წლის 1 ივლისს, მოსარჩელეს გადაურიცხა 82 960 (ოთხმოცდაორი ათას ცხრაას სამოცი) ლარი. დარჩენილი 8 200 (რვა ათას ორასი) ლარის გადარიცხვაზე მოპასუხე უარს აცხადებს იმ საფუძვლით, რომ ხსენებული თანხა წარმოადგენს პირგასამტეხლოს;

6.1.4. მიმწოდებლის მტკიცებით, მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულების საგნის ღირებულების დარჩენილი ნაწილის გადახდა.

7. მოპასუხის შესაგებელი

7.1. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ცნო ძირითადი თანხიდან 4097.80 (ოთხი ათას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხომცი თეთრი) ლარის დაკისრების ნაწილში და განმარტა, რომ აპარატის მონტაჟი 2015 წლის 15 ივნისს ვერ განხორციელდა ლაბორატორიასგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. კერძოდ: მიმწოდებელმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული აპარატურა სრულყოფილად არ მიუტანა, აკლდა კომპიუტერი და პრინტერი. გარდა ამისა, 2015 წლის 16 ივნისს, მოსარჩელემ წერილობით აცნობა მოპასუხეს, რომ მონტაჟი ვერ განხორციელდა 70 სმ-ის სიღრმის საძირკველის არარსებობის გამო, თუმცა, აპარატის მონტაჟის ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრებოდა და თუკი თვლიდა, რომ საძირკველი მოპასუხის მოსაწყობი იყო, დროულად უნდა მიეწოდებინა ამ უკანასკნელისათვის ინფორმაცია;

7.2. მოსარჩელემ, 2015 წლის 26 ივნისს, იმავე საძირკველზე დაამონტაჟა აპარატი, რაც ასევე შეიძლებოდა განეხორციელებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაშიც.

8. მოპასუხის შეგებებული სარჩელი

8.1. მოპასუხემ შგებებული სარჩელი აღძრა ძირითადი მოსარჩელის წინააღმდეგ და მოითხოვა ლაბორატორიის სასარგებლოდ საწარმოსათვის 4102.20 (ოთხი ათას ას ორი ლარი და ოცი თეთრი) ლარის დაკისრება შემდეგი არგუმენტაცით:

8.1.1. ხელშეკრულების ფარგლებში, მიმწოდებელმა შემსყიდველს 2015 წლის 15 ივნისს მიაწოდა უნივერსალური სერვო-ჰიდრავლიკური საცდელი აპარატურა, არასრული კომპლექტაციით. 26 ივნისამდე კი არ დაამონტაჟა აპარატი და არ შეავსო აპარატურის კომპლექტაცია, ასევე, არ დააკალიბრა აპარატი და არ გასცა შესაბამისი სერტიფიკატები, რითაც ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილა 10 დღით, რაც პირგასამტეხლოს - 4102,20 ლარის დაკისრების საფუძველია.

9. შეგებებულ სარჩელზე მოპასუხის პოზიცია

9.1. მიმწოდებელმა არ ცნო შეგებებული სარჩელი და განმარტა, რომ 2015 წლის 15 ივნისს ლაბორატორიას მიაწოდა აპარატურა სრული კომპლექტაციით. აპარატურის დამონტაჟება არსებულ საძირკველზე მოხდა ლაბორატორიის დაჟინებული მოთხოვნით.

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

10.1. ბათუმის საქალაქო სასმაართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით საწარმო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

10.1.1. ძირითადი მოსარჩელის სასარგებლოდ ლაბორატორიას დაეკისრა 8200 ლარის გადახდა; ასევე - მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 123.06 ლარი; მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟის თანხა - 122.94 ლარი;

10.1.2. ლაბორატორიის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10.2. საქალაქო სასამართლომ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-5 ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ არ გაიზიარა მოპასუხის (შემსყიდველის) განმარტება იმის თაობაზე, რომ აპარატურის დასამონტაჟებლად 70 სმ-ის სიღრმის საძირკვლის მოწყობა უნდა უზრუნველეყო მოსარჩელეს (მიმწოდებელს);

10.3. სასამართლომ 2015 წლის 17 აპრილს ხელშეკრულებაზე დაყრდნობით განმარტა, რომ მიმწოდებელმა იკისრა მხოლოდ უნივერსალური სერვო-ჰიდრავლიკური საცდელი აპარატურის მიწოდების, ადგილზე მონტაჟის, დაკალიბრების და სერთიფიკატის გაცემის ვალდებულება.დამონტაჟებაში კი არ იგულისხმებოდა სამონტაჟო ადგილის მოწყობის ვალდებულება;

10.4. ის ფაქტი, რომ აპარატურის დამონტაჟება განხორციელდა არსებულ 25 სმ-ის სიღრმის საძირკველზე, არ იძლეოდა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ხელშეკრულების პირობები მოსარჩელემ დაარღვია. რეალურად აპარატურის მონტაჟი განხორციელდა ტექნიკური პირობების დარღვევით.შესაბამისად, ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობა არ იყო გამოწვეული საწარმოს ბრალით, რაც გამორიცხავდა პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას.

10.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, საქალაქო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 316-317-ე, 327-ე, 477-ე, 629-ე, 649-ე, 361-ე, 408-ე, 411-412-ე, 417-418-ე მუხლები და განმარტა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა ხელშეკრულებიდან, რომლიც მოიცავდა შეთანხმებას ნასყიდობისა და ნარდობის თაობაზე. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 8200 დაკისრების ნაწილში საფუძვლიანად მიიჩნია სასამართლომ და დააკმაყოფილა.

10.6. სასამართლოს შეფასებით, საწარმოს 2015 წლის 17 აპრილის ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობის გამო ბრალი არ მიუძღვოდა. ლაბორატორიამ თვითონ ვერ უზრუნველჰყო უნივერსალური სერვო-ჰიდრავლიკური საცდელი აპარატურის დასამონტაჟებელი საძირკველის მოწყობა აპარატურის ტექნიკური პასპორტის მოთხოვნის შესაბამისად, რაც გამორიცხავდა სსკ-ის 417-418-ე მუხლების საფუძველზე შეგებებული სარჩელის მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოდ ჩაითვალა და არ დაკმაყოფილდა.

11. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

11.1 მოპასუხემ (იმავდროულად შეგებებული სარჩელის ავტორმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დაზუსტებული მოთხოვნა შემდეგნაირად ჩამოაყალიბა:

11.1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ძირითადი თანხიდან - 8200 ლარიდან 4102,20 ლარის დაკისრების, ასევე, შეგებებული სარჩელის უარყოფის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება; 4201,20 ლარის დაკისრების თაობაზე ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის მოპასუხისათვის ლაბორატორიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 4201,20 ლარის დაკისრება, მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვა.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

12.1.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

12.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანიის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

12.3. სააპელაციო სასამართლომ დამატებით დაადგინა, რომ 2015 წლის 17 აპრილს N4/02-13 ხელშეკრულების N 2 დანართით განისაზღვრა შესყიდვის საგნის-უნივერსალური სერვო-ჰიდრავლიკური საცდელი აპარატურის ზუსტი მახასიათებლები და ფასები. ამავე ხელშეკრულების 2.1. პუქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული საქონელი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და ტექნიკურ ნორმებს;

12.4. ტექნიკური ლაბორატორიის უფროსის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილ, 2016 წლის 18 ივნისის დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ორი დღით ადრე, საწარმომ (მოსარჩელემ) უნივერსალური სერვო-ჰიდრავლიკური საცდელი აპარატურა ლაბორატორიას (მოპასუხეს) მიაწოდა არასრული კომპლექტაციით. აღნიშნული დასკვნის შედგენაში მიმწოდებელს მონაწილეობა არ მიუღია და არც აქტით ყოფილა მისი ხელმოწერა გათვალისწინებული (ს.ფ.130).

12.5. საქმეში მოთავსებული სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი (მოსარჩელე) ვალდებული იყო შემსყიდველის ელექტრონულ სისტემაში ქართულ ენაზე აეტვირთა შეთავაზებული საქონლის ტექნიკური პასპორტი, ხარისხობრივი მონაცემების სრული აღწერილობა, სტანდარტების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები, პასპორტები, სამუშაო საექსპლოატაციო ინსტრუქციები (იხ. ს.ფ.169-174).

12.6. საქმეზე წარდგენილი ლაბორატორიის სატენდერო კომისიის 2015 წლის 30 მარტის სხდომის ოქმით ირკვეოდა, რომ კომისიამ საწარმოს განუსაზღვრა ვადა, არაუგვიანეს 2015 წლის 2 აპრილისა, წარედგინა ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დაზუსტებული დოკუმენტაცია, კერძოდ: დაზუსტებული საბოლოო შეფასების ცხრილი, სრული ინფორმაცია შეთავაზებული (მოდელის) აპარატურის ტექნიკურ და ხარისხობრივ მონაცემებთან დაკავშირებით და შესასყიდი საქონლის სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატები (იხ. ს.ფ.175-178).

12.7. სააპელაციო სასამართლოში აპელანტის (მოპასუხის) მიერ წარდგენილი მტკიცებულებით, ლაბორატორიის ელექტრონული ფოსტიდან ამონაწერით, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა განმარტებით ირკვეოდა, რომ 2015 წლის 2 აპრილს, სატენდერო კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, მოსარჩელის (მიმწოდებლის) მიერ გადაგზავნილ დოკუმენტაციასთან ერთად ასევე ატვირთული იყო უცხო ენაზე შედგენილი ტექნიკური პასპორტი, სადაც დაფიქსირებული იყო, რომ აპარატის დამონტაჟებისათვის საჭირო იყო 70 სმ სიღრმის ბეტონის ფუნდამენტი (იხ. ს.ფ. 256-258, 261).

12.8. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა ხელშეკრულებიდან, რომელიც მოიცავდა შეთანხმებას ნასყიდობისა და ნარდობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, ძირითადი მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს გადაუხდელი ნაწილის - 8200 ლარის ანაზღაურება, ხოლო შეგებებული სარჩელის მოთხოვნას - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებით გამოწვეული პირგასამტეხლოს - 4001,20 ლარის ანაზღაურება და მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვა. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 477-ე, 629.1-ე, 416-417-ე და 442-ე მუხლებიდან გამომდინარეობდა.

12.9. მიმწოდებლის სარჩელისა და შემსყიდველის შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად სასამართლომ გამოკვეთა დასადგენი საკითხები:

12.9.1. ვადაში მიწოდებული (შესყიდული) აპარატურა იყო თუ არა სრული კომპლექტაციის;

12.9.2. მიმწოდებელი იყო თუ არა ვალდებული, მოეწყო შესყიდვის საგნის- უნივერსალური სერვო-ჰიდრავლიკური საცდელი აპარატურის დასამონტაჟებელი საძირკველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მასზე დაემონტაჟებინა შესყიდვის საგანი;

12.10. განსახილველ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, მოპასუხის, (შეგებებული მოსარჩელის) ვალდებულება იყო, დაედასტურებინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზედაც ამყარებდა თავის მოთხოვნასა და შესაგებელს, კერძოდ: რომ მიმწოდებელმა შესყიდული აპარატურა არასრული კომპლექტაციით მიაწოდა შემსყიდველს, ამასთან, შესყიდვის საგნის-უნივერსალური სერვო-ჰიდრავლიკური საცდელი აპარატურის დასამონტაჟებელი საძირკველის მოწყობაც მიმწოდებლის ვალდებულებას წარმოადგენდა;

12.11.იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მიმწოდებელმა აპარატურა არასრული კომპლექტაციით მიაწოდა, შეგებებულმა მოსარჩელემ (მოპასუხე თავდაპირველ სარჩელში) წარადგინა ტექნიკური ლაბორატორიის უფროსის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი 2016 წლის 18 ივნისის დასკვნა, სადაც დაფიქსირებულია, რომ აპარატურა არასრული კომპლექტაციით მიეწოდა ლაბორატორიას, თუმცა, რაში გამოიხატა დანაკლისი, აქტი ინფორმაციას არ შეიცავდა, ასევე, აქტზე არ არის მიმწოდებლის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, რითაც დადასტურებული ან უარყოფილი იქნებოდა აქტში მითითებული ფაქტის სისწორე.

12.12. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული არ წარმოადგენდა სათანადო მტკიცებულებას მიმწოდებლის მიერ, შესყიდვის საგნის-აპარატურის ვადაში არასრული კომპლექტაციით მიწოდების დასადასტურებლად.

12.13. სამონტაჟო ადგილის მოწყობის ვალდებულების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ აპარატის დამონტაჟება არ გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას და რომ საძირკველის მოწყობა მიმწოდებლის ვალდებულებას არ წარმოადგენდა (იხ. ამ განჩინების 10.3-10.4 ქვეპუნქტები).

12.14. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ შემსყიდველისთვის უცნობი იყო აპარატურის მონტაჟისათვის საძირკველის პარამეტრები და ამ პარამეტრების შეტყობინება მიმწოდებლის ვალდებულებას წარმოადგენდა. სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულებით ირკვეოდა, რომ მიმწოდებლის ასეთი ვალდებულება გათვალისწინებული არ ყოფილა. ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაშიც კი, მიმწოდებლის მიერ იგი შესრულებულად ჩაითვლებოდა, ვინაიდან, 2015 წლის 2 აპრილს, სატენდერო კომისიის მოთხოვნის საფუძველზე გადაგზავნილ დოკუმენტაციასთან ერთად, ასევე ატვირთული იყო უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი-აპარატურის ტექნიკური პასპორტი, რომლის მიღებაზეც შემსყიდველს პრეტენზია არ განუცხადებია.

12.15. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა საწარმოს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს (სსკ-ის 417-ე მუხლი) დაკისრების მოთხოვნა. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი, დასაბუთებული იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.

12.16. სსკ-ის 477-ე და 629-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, მყიდველი ვალდებულია გამყიდველს გადაუხადოს ნასყიდობის საგნის საფასური, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშოსათვის შეთანხმებული საზღაური. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, მენარდემ (ძირითადმა მოსარჩელემ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად და ჯეროვნად შეასრულა, შემკვეთი (მოპასუხე) ვალდებული იყო სრულად გადაეხადა მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა- 91 160 ლარი. საქმის მასალებით დგინდებოდა, მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადახდილი ჰქონდა ხელშეკრულების ღირებულების ნაწილი-82 960 ლარი. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა დარჩენილი 8200 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი იყო, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე-დასაბუთებული, რაც გამორიცხავდა ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებას.

12.17. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც მენარდის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით და შემკვეთის შეგებებული უარყოფით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, სააპელციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძვლად მიიჩნია.

13. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

13.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე წარდგენილი დაზუსტებული მოთხოვნის, საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობითა და არსებითად განხილვის გზით, დაკმაყოფილება მოითხოვა.

13.2. კასატორის პრეტენზიები სააპელაციო საჩივარში წარდგენილი არგუმენტების იდენტურია და ეხება იმას, რომ:

13.2.1. სამონტაჟო მოედნის მოწყობაც მენარდის ვალდებულება იყო;

13.2.2. სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე იყო მოთხოვნილი და სპეციალური აპარატის დასამონტაჟებლად საჭირო პარამეტრები ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე გონივრული დროით ადრე არ იცოდა შემკვეთმა; ამ უკანასკნელს არ ევალებოდა და არც ჰქონდა შესაძლებლობა, გასცნობოდა უცხო ენაზე შედგენილ მრავალფურცლიან დოკუმენტს, რომელზეც ინფორმაციაც კი არ ჰქონდა მოპასუხეს;

13.2.3. მონტაჟი გულისხმობს იმას, რომ მენარდეს ეკისრებოდა მისი განხორციელება, ფუნდამენტის შეცვლის მიუხედავად;

13.2.4. მენარდემ ხელშეკრულებით დადგენილ ორთვიან ვადაში არ დაამონტაჟა აპარატი, ვადას 9 დღით გადააცილა და 2015 წლის 26 ივნისს, როდესაც ჩამოიყვანა თურქი სპეციალისტი და შეავსო აპარატის კომპლექტაცია, დაამონტაჟა არსებულ ფუნდამენტზე, თუმცა, აპარატი დღემდე მუშაობს და პრობლემა არ შექმნილა (იხ. საკასაციო საჩივარი - ს.ფ. 301-308).

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები #ას-32-31-2010, 12.04.2010წ., # ას- 1294-1214-2015, 27.06.2015წ.; # ას- 164-160-2016, 28.07.2016წ.; # ას-450-432-2016, 09.09.2016წ.; # ას).

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მენარდის ვალდებულება იყო სამონტაჟო მოედნის მოწყობა. კასატორმა ვერ შეძლო სამართლებრივად წონადი და ვარგისი მტკიცებულებების წარდგენა სასამართლოსათვის, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას დაედებოდა საფუძვლად. საკასაციო სასამართლო მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარ პრაქტიკაზე (იხ. სუსგ-ებები: # ას-944-894-2015, 27.11. 2015წ.; # ას-1326-1252-2012,25.03.2013 წ.;# ას-1142-1071-2012, 07.03,2013 წ.) დაყრდნობით განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ ტვირთის მატარებელია კასატორი.

21. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, ამასთან, მიაჩნია, რომ დავის გადასაწყვეტად და იურიდიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება აქვს დადგენილი სააპელაციო სასამართლოს, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე- 4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიას (ს/კ 245638029) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 410.22 ლარის (საგადახდო მოთხოვა N00676, გადახდის თარიღი 2016 წლის 28 ნოემბერი), 70% – 287.15 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე