Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1145-1101-2016 17 მარტი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – დ. ე-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ-ა"“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ. ე-ა (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, აპელანტი ან კასატორი) შპს ,,ვ-აში'' (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო ან დამსაქმებელი) ანგარიშგებისა და მონიტორინგის ინჟინრის თანამდებობაზე მუშაობდა, მისი დარიცხული ხელფასი 563 ლარს შეადგენდა (იხ.აღმასრულებელი დირექტორის ბრძანების №1 დანართი ს.ფ.78).

2. 2015 წლის 28 ოქტომბერს, საწარმოს აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით, იმავე წლის 31 ოქტომბრიდან გაუქმდა ნავთობის მოპოვების რეპორტინგისა და მონიტორინგის ინჟინრის შტატი და 2015 წლის 31 ოქტომბრიდან ამ შტატზე დასაქმებულთან შეწყდა მიმდინარე შრომითი ხელშეკრულება.

3. სარჩელის საფუძვლები

3.1. დასაქმებულმა 2015 წლის 29 დეკემბერს სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული ბრძანების ბათილად ცნობა, პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, გათავისუფლებიდან სამუშაოზე აღდგენამდე - იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

3.1.1. მოსარჩელის მტკიცებით, იგი ანგარიშგებისა და მონიტორინგის ინჟინრის თანამდებობაზე 2011 წლიდან იყო დასაქმებული მოპასუხესთან. მიუხედავად აღნიშნულისა, 2014 წლის 1 იანვარს, მოპასუხის მოთხოვნით გააფორმა №6 შრომითი ხელშეკრულება, რომლის 4.1. და 4.2. მუხლების მიხედვითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით;

3.1.2. 2015 წლის 28 სექტემბერს მოსარჩელემ მოპასუხისგან მიიღო წერილი, რომლითაც მას მოსთხოვეს, დაეწერა განცხადება უხელფასო შვებულების მოთხოვნით, განუსაზღვრელი ვადით, რასაც დასაქმებული არ დაეთანხმა. ამის შემდეგ - იმავე წლის 5 ოქტომბერს დამსაქმებელმა შეატყობინა, რომ 31 ოქტომბერს შეწყდებოდა მასთან არსებული შრომითი ხელშეკრულება;

3.1.3. დასაქმებულმა 2015 წლის 7 ოქტომბერს წერილობითი განმარტება მოითხოვა დამსაქმებლისაგან გათავისუფლების საფუძვლების შესახებ. იმავე წლის 29 ოქტომბერს მოპასუხისაგან მიღებულ წერილში მითითებულია, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების მიზეზი მოპოვებულ ნავთობში საწარმოს წილის შემცირება იყო, რაც ხარჯების შემცირებას მოითხოვდა და 2015 წლის 31 ოქტომბრიდან გაუქმდა ნავთობის მოპოვების რეპორტინგისა და მონიტორინგის ინჟინრის შტატი, შესაბამისად, მოსარჩელესთან ხელშეკრულება შეწყდა;

3.1.4. მოსარჩელის მტკიცებით, მისი გათავისუფლება პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხდა და არა საწარმოს ფინანსური კრიზისის მიზეზით, რადგან ეს უკანასკნელი ჩვეულ რიტმში აგრძელებს მუშაობას, აჰყავს ახალი თანამშრომლები და დროულად გასცემს ხელფასებს.

4. მოპასუხის შესაგებელი

4.1. დამსაქმებელმა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა მისი შტატის შემცირება, რაც გამოწვეული იყო ბაზარზე ნავთობის ფასის დაცემით;

4.2. დამსაქმებელი ნავთობმომპოვებელი საწარმოა და ვინაიდან შემცირდა მისი წილი მოპოვებულ ნავთობში, საწარმო ჩავარდა ფინანსურ კრიზისში, ვეღარ გასცემდა ხელფასებს, შემცირდა შტატები, თანამშრომლები გავიდნენ უხელფასო შვებულებაში და ა.შ.

4.3. მოსარჩელის მითითება მისი თითქოსდა პოლიტიკური მოტივით გათავისუფლების თაობაზე დაუსაბუთებელია.

5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დასაქმებულის სარჩელი.

5.2. სასამართლომ ან განჩინების 1-2 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) მე-6, 37-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტა:

5.2.1. დასაქმებულთან დადებული იყო ვადიანი ხელშეკრულება, რომლის ვადაც სამუშაოდან მისი გათავისუფლებიდან ორ თვეში იწურებოდა. ამ პერიოდის ანაზღაურება მოსარჩელეს მიღებული აქვს.

5.2.2. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მასთან განუსაზღვრელი ვადით გაფორმდა ხელშეკრულება. სასამართლოს შეფასებით, უვადო ხელშეკრულების დადების ვალდებულება საწარმოს არ გააჩნდა. თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, დამსაქმებელი განსაზღვრავდა იმ სამუშაოს მოცულობას, რომელსაც ის განახორციელებდა გარკვეული ვადის განმავლობაში და ვადიანი ხელშეკრულების დადება არ შეიძლებოდა კანონდარღვევად ყოფილიყო მიჩნეული.

5.3. დადგენილი იყო, რომ დამსაქმებელი ნავთობმომპოვებელი საწარმოა. წარდგენილი ფასების მონაცემებით დასტურდებოდა, რომ ნავთობის ფასები მკვეთრად შემცირდა, რის გამოც მოხდა ორგანიზაციული ცვლილებები, ხელფასის შემცირება, რაც ყველა თანამშრომელს შეეხო. მოპასუხეს ჰქონდა შესაბამისი ცვლილებების განხორციელების საფუძვლები.

6. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

6.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება მოითხოვა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება

7.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7.2. ამ განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გარდა, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერითა და საწარმოს წესდების მიხედვით, საწარმო დაფუძნებულია 2011 წლის 2 დეკემბერს შპს ”ვ-ის” 100 % -იანი წილობრივი მონაწილეობით და მისი საქმიანობის საგანს წარმოადგენს საქართველოს ნავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტოსა და შპს ”ვ-ს” შორის, 2011 წლის 10 ნოემბერს გაფორმებული ”პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების” შესაბამისად, ნავთობისა და გაზის ოპერაციები მოგება-ზარალის არმქონე საწარმოს პრინციპით (იხ.ს.ფ.64-74).

7.3. პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ აქტებით ირკვეოდა, რომ მოპოვებული ნედლი ნავთობიდან შპს ”ვ-ის” წილი განისაზღვრა შემდეგი ოდეობით: 2012 წლის 27 აპრილი -186,708 ტ.; 2012 წლის 31 ივლისი-121,266 ტ.; 2012 წლის 5 ოქტომბერი-251,958 ტ.;2014 წლის 5 მარტი-0 ტ.; 2014 წლის 30 აპრილი-139,931 ტ.; 2014 წლის 03 სექტემბერი - 0.ტ.; 2014 წლის 29 ოქტომბერი-85,540 ტ.; 2014 წლის 23 დეკემბერი-0 ტ.; 2015 წლის 10 თებერვალი-98,674 ტ.; 2015 წლის 14 სექტემბერი-54,803ტ.; 2015 წლის 22 ოქტომბერი - 56,063ტ.; 2015 წლის 22 დეკემბერი-70,701ტ. (იხ. ს.ფ.125-136).

7.4. საქმეში მოთავსებული ქირავნობის ხელშეკრულებითა და მასზე დართული ქირის გადახდის გრაფიკით დგინდებოდა, რომ საწარმო 2012 წლის ოქტომბრიდან - 2015 წლის სექტემბრამდე 212 კვ.მ საოფისე ფართის დაქირავებისათვის იხდიდა თვეში 2000 აშშ დოლარს (იხ. ს.ფ.106-124), ხოლო 2015 წლის სექტემბრიდან დაიქირავა 160 კვ.მ ფართი, თვეში 600 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ (იხ. ს.ფ.102-105).

7.5. დადგენილია, რომ საწარმოს აღმასრულებელმა დირექტორმა, 2015 წლის 28 ოქტომბერს გამოსცა ბრძანება საწარმოში რესტრუქტურიზაციის გამო ხარჯების შემცირების თაობაზე, რომელშიც მითითებულია:

1. 2015 წლის 31 ოქტომბრიდან თბილისის ოფისის ადმინისტრაციული პერსონალი გადაყვანილი იქნეს ნახევარი განაკვეთის სამუშაო გრაფიკზე და შრომის ანაზღაურება შემცირდეს 50% -ის შესაბამისად.

1.1. აღმასრულებელი დირექტორის, გ. ს-ის დარიცხული ხელფასი განისაზღვროს 2100 აშშ დოლარით, ნაცვლად 4200 აშშ დოლარისა;

1.2. მონაცემთა ბაზის დამუშავება - ანალიზის სამსახურის ხელმძღვანელის, ნ. ო-ის დარიცხული ხელფასი განისაზღვროს 1250 აშშ დოლარით, ნაცვლად 2500 აშშ დოლარისა;

1.3. ლოჯისტიკის სამსახურის ხელმძღვანელის, გ. პ-ის დარიცხული ხელფასი განისაზღვროს 1063 ლარით, ნაცვლად 2125 ლარისა;

2. 2015 წლის 31 ოქტომბრიდან, ნავთობის მოპოვებისა და მომზადების სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი ლაბორატორია, ნაცვლად 2 ცვლაში მუშაობის რეჟიმისა, გადაყვანილი იქნეს 40 საათიან სამუშაო რეჟიმში. კერძოდ, შტატი განისაზღვროს ერთი პერსონალით, შრომის ანაზღაურება დარჩეს უცვლელი და განისაზღვროს 2014 წლის 1 იანვრის შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.

3. 2015 წლის 31 ოქტომბრიდან, გეოლოგიური სამსახურის და სალიცენზიო ბლოკის კვლევა-ძიების და განვითარების ხელმძღვანელებმა განახორციელონ ნავთობის ოპერატიული აღრიცხვისა და რეპორტინგთან დაკავშირებული ღონისძიებები. შრომის ანაზღაურება დარჩეს უცვლელი და განისაზღვროს 2014 წლის 1 იანვრის შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.

4. დაევალოს საწარმოს ბუღალტერიას ბრძანებაში ასახული ცვლილებების ადმინისტრირება (იხ. ს.ფ.81)

7.6. დადგენილია, რომ 2015 წლის 28 სექტემბრისა და 28 ოქტომბრის ბრძანებებით საწარმოში გაუქმდა მბურღავის ასისტენტის შტატები და იქ დასაქმებული პირები გათავისუფლდნენ სამსახურიდან, ასევე, რამდენიმე დასაქმებული გაუშვეს უხელფასო შვებულებაში (იხ. ს.ფ.92-97).

7.8. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე საწარმოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელის სამუშაო შეუთავსდა გეოლოგს, რომელსაც ამ სამუშაოს შესრულებისათვის დამატებით ანაზღაურება არ ეძლევა. ეს ცვლილება ასევე ასახულია საწარმოს აღმასრულებელი დირექტორის 2015 წლის 28 ოქტომბრის ბრძანების მეოთხე პუნქტში (იხ. ს.ფ. 81).

7.9. განჩინების სამართლებრივი მოტივაციისას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა შრომითი ხელშეკრულებიდან და ამ ურთიერთობის ფარგლებში აპელანტს მიაჩნდა, რომ სშკ-ის მე-6 მუხლის 13 და 16 პუნქტების შესაბამისად, უვადო შრომით ხელშეკრულებაში იმყოფებოდა დამსაქმებელთან.

7.10. აპელანტის აღნიშნული მტკიცების საწინააღმდეგოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ საწარმო დარეგისტრირდა 2011 წლის 2 დეკემბერს, საიდანაც 48 თვე გავიდა 2015 წლის 2 დეკემბერს. ამ დროისათვის მოსარჩელე უკვე გათავისუფლებული იყო სამუშაოდან, რაც გამორიცხავდა მის მიმართ უვადო შრომითი ხელშეკრულების არსებობის ფაქტს და შრომითი ხელშეკრულების 4.1 და 4.2. პუნქტების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

7.11. განსახილველ შემთხვევაში სადავო იყო დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის მართლზომიერება. საწარმოს აღმასრულებელი დირექტორის ბრძანების საფუძველზე, 2015 წლის 31 ოქტომბრიდან, მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან და გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია: სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი (იხ. ს.ფ. 34).

7.12. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.

7.13. სასამართლომ დაასკვნა, რომ გათავისუფლების ბრძანებით ირკვეოდა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მიერ ხარჯების შემცირების საფუძვლით, შტატის შემცირების გამო.

7.14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და განმარტა, რომ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება მხარეებს ეკისრებოდათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებდნენ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ, მოპასუხეცაა ვალდებული, დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.

7.15. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი იმგვარად ნაწილდება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამდენად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას საფუძვლად დაედო ეკონომიკური გარემოებები ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდიდა სამუშაო ძალის შემცირებას, დამსაქმებელს ეკისრებოდა.

7.16. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა საწარმოს ეკონომიკური ვითარების გაუარესება, კერძოდ, 2012 წლის შემდეგ მკვეთრად შემცირდა დამფუძნებელი პარტნიორის წილი მოპოვებულ ნედლ ნავთობში, რის გამოც განხორციელდა აუცილებელი ხარჯების, ხელფასების, სამუშაო დროისა და ძალის შემცირება. ამდენად, ეკონომიკური ვითარების გაუარესების გამო, ხარჯების დაზოგვის მიზნით, ზოგიერთი საშტატო ერთეულის, მათ შორის, აპელანტის შტატის გაუქმება და ამის გამო დასაქმებულის გათავისუფლება მართლზომიერად უნდა მიჩნეულიყო.

7.17. სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტის სამუშაოდან მოსალოდნელი გათავისუფლებისას დარღვეული არ ყოფილა გაფრთხილების წესი. საქმის მასალებით უდავოდ დგინდებოდა, რომ დასაქმებული შესაძლო გათავისუფლების შესახებ (მიზეზის მითითებით) ინფორმირებული იყო 2015 წლის 5 ოქტომბერს (იხ. ს.ფ. 26-27). ამასთან, მას სამუშაოდან გათავისუფლებისას აუნაზღაურდა ხელშეკრულებით დარჩენილი ვადის შესაბამისი თანხა. აქედან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა დასაქმებულის საშტატო ერთეულის შემცირებისა და სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე 20.10.2015 წლის ბრძანების ბათილად ცნობის, დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებელი იყო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

7.18. სასამართლომ არ გაიზიარა, ასევე, აპელანტის მტკიცება, რომ მის მიმართ გამოვლინდა დისკრიმინაცია, რადგან საწარმოში რეორგანიზაცია არ განხორციელებულა: მისი შტატი არ გაუქმებულა და სხვა დაინიშნა. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა განმარტებების, ასევე, საწარმოს აღმასრულებელი დირექტორის 2015 წლის 28 ოქტომბრის ბრძანების მე-4 პუნქტის (იხ. ს.ფ.81) საფუძველზე ირკვეოდა, რომ ყოფილი დასაქმებულის სამუშაოს შესრულება, ანაზღაურების გარეშე შეთავსებული აქვს სხვა მუშაკს-გეოლოგს.

8.დასაქმებულის საკასაციო საჩივარი

8.1. დასაქმებულმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სააპელაციო პრეტენზიების იდენტურ გარემოებებზე დაყრდნობით (იხ. საკასაციო საჩივარი და დაზუსტებული საკასაციო განაცხადი).

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 იანვარს დასაქმებულის საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დასაშვებად ეცნო საკასაციო განაცხადი.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

14. განსახილველ შემთხვევაში, შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (იხ. სუსგ # ას-98-94-2016, 26.07.2016წ.).

15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთი სწორად გადანაწილდა მხარეებს შორის (იხ. წინამდებარე განჩინების 7.14-7.16 ქვეპუნქტები) სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რაც ნიშანდობლივია შრომითსამართლებრივი ურთიერთობისათვის. განსახილველ დავაში დაცულია კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც სამართალწარმოებისას უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები) საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას.

16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დასაქმებულის პრეტენზიებს, რომ: 16.1. სადავო ბრძანების ბათილობის საფუძველი არსებობდა, რადგან დასაქმებულთან უვადო შრომითი ხელშეკრულება იყო გაფორმებული; 16.2.სასამართლომ არასწორად განმარტა სშკ-ის მე-6 მუხლის 13 და 16 პუნქტები და მითითებულ ნორმასთან ერთობლიობაში არ გამოიყენა სშკ-ის 38.8-ე, ასევე, 1.2-ე, მე-6.10 მუხლები და სსკ-ის 54-ე მუხლი;

17. კასატორის მტკიცებით, საწარმოს ეკონომიკური პრობლემების გამო შტატების შემცირების შესახებ სასამართლოსეული მსჯელობა და ინტერპრეტაცია არასწორია. დასაქმებულისათვის დამსაქმებლის მიერ „შეთავაზებიდანაც და გათავისუფლების შესახებ შეტყობინებიდანაც ჩანს და თავად მოპასუხეც აღიარებს, რომ მისი სურვილი იყო შრომითი ხელშეკრულების პირობის ცვლილება, თუმცა, ასევე, დასტურდება, რომ მას არ უცდია ამ პირობების დაზუსტება და მხარისათვის შეთანხმება, არამედ ეს იყო შეთანხმებაზე იძულების მცდელობა“, რაც კასატორის მოსაზრებით, სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე უნდა შეფასებულიყო;

18. დასაქმებულის მიმართ დისკრიმინაცია განხორციელდა, თუმცა, ეს არ არის სასარჩელო მოთხოვნის მთავარი ფაქტობრივი გარემოება, გაურკვეველია სასამართლოს მოთხოვნა მოსარჩელისადმი განხორციელებული დისკრიმინაციის შესახებ მტკიცებულებების წარდგენაზე.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და დადგენილ ფაქტებს მართებული იურიდიული კვალიფიკაცია მისცა. კასატორს არ წარუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს დასაშვებად ცნობილი წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი.

20. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობასა და დასკვნებს დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანების მართლზომიერებისა და იურიდიული დასაბუთებულობის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომის თავისუფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის კონსტიტუციური უფლება, ამასთან, მნიშვნელოვანია, კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესი, რომელიც შრომის კონსტიტუციური თავისუფლების მომწესრიგებელი ნორმის ნაწილია „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას“, საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ განჩინებაში უთითებს: “დამსაქმებლის მოთხოვნა კონკურენტულ ადამიანურ რესურსებზე სრულიად ბუნებრივია შრომითი ურთიერთობების დინამიურობისა და შრომით ბაზარზე ყოველდღიურად მზარდი მოთხოვნილებების გათვალისწინებით. სამეწარმეო გადაწყვეტილება, რომელიც მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადებას, მიღებას უკავშირდება, ექვემდებარება სასამართლოს სამართლებრივ კონტროლს, თუმცა, გასათვალისწინებელია, ასევე, საწარმოს მენეჯმენტის მიზნები და სწრაფვა, რათა გონივრულად, სამართლიანად და კანონიერად შეფასდეს საწარმოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, მათ შორის, ეკონომიკური მოთხოვნების საფუძველზე, დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოებმა ძალზედ ფრთხილად და წინდახედულად უნდა იმსჯელონ სასამართლო კონტროლის ფარგლებში, კონკრეტული საწარმოს ბიზნეს გადაწყვეტილებასა და სამეწარმეო პოლიტიკაზე, რათა კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვალდებულების - თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების - ხელშეწყობა მოხდეს“ (იხ. სუსგ # ას-941-891=2015, 29.01.2016წ.).

21. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დასაბუთებულობა ყოველმხრივ და ობიექტიურად გამოიკვლია, შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ ( იხ. სუსგ # ას-941-891-2015, 29.01.2016წ; შდრ. საქმე # 1124-1080-2016, 10.03.2017წ.).

23. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სამართლიანობის, კანონიერებისა და მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპების, შრომითი დავის განხილვისას მხარეთა შორის თანაზომიერი ბალანსის დაცვის, გათვალისწინებით, დასაბუთებულია და კანონიერი.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, ყოფილი დასაქმებულის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს საპროცესო კოდექსით დადგენილ წინაპირობებს, რათა არსებითად განსახილველად იქნეს დაშვებული.

25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე- 4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ე-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. დ. ე-ას (პ/ნ 2..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს. ს-ის (პ/ნ 0..) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება N1, გადახდის თარიღი 2016 წლის 30 დეკემბერი), 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე